უბედურება ონლაინ - "საქართველოში 350 000 ადამიანი თამაშდამოკიდებულია! - კვირის პალიტრა

უბედურება ონლაინ - "საქართველოში 350 000 ადამიანი თამაშდამოკიდებულია!

2022 წლის 1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ 25 წლამდე ახალგაზრდებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდება ამ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. მართალია,\ აკრძალულ პირთა სიაში დაახლოებით მილიონ-ნახევარი პირია, მაგრამ უმრავლესობა მაინც ახერხებს თამაშს.

დღეს დაახლოებით 350 000 კაცია თამაშდამოკიდებული. აზარტული თამაშების­ გამო არაერთმა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ბევრმა ქონება­ დაკარგა. კანონით აკრძალვის მიუხედავად, როგორ ახერხებენ მაინც თამაშს, ამ და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება აზარტული თამაშების კვლევისა­ და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, თამაშდამოკიდებულების საერთაშორისო ექსპერტი, სარეაბილიტაციო ცენტრ "დღე პირველის" დირექტორი და დამფუძნებელი გუგა ბესელია:

- კანონი მეტ-ნაკლებად მოქმედებს, რეკლამაც შეიზღუდა, მაგრამ მან ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, ინტერნეტი სავსეა­ სათამაშო ბიზნესის რეკლამით. შემდეგი ცვლილება შეეხო შავ სიას, ანუ თამაშდამოკი­დებულებს შეუძლიათ შემოსავლების სამსახურში საკუთარი თავი "გაიშავონ". ეს ნამდვილად პოზიტიური ამბავია, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა­ ამ სერვისის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ამითაც არ გვარდება პრობლემა. შეიძლება­ ვიყო სიაში, ექაუნთებთან წვდომა ამეკრძალოს, მაგრამ სხვისი ექაუნთით ვითამაშებ.

ასაკი 25 წლამდე ავწიეთ, მაგრამ ეს პრობლემას პირიქით ამწვავებს. მაგალითად,­ სარეაბილიტაციო ცენტრებში მიმართვიანობის მიხედვით, პაციენტებისა და ბენეფიციარების უმრავლესობა 25 წლამდეა. ეს ნიშნავს, რომ სანამ ეს ცვლილება ჩაეშვებოდა კანონში, მანამდე ყველა 18 წელს ზემოთ პირისთვის თამაში ხელმისაწვდომი იყო. ნებისმიერს შეეძლო თამაში, განურჩევლად ასაკისა. თერთმეტნიშნა ნებისმიერი რიცხვების­ კომბინაციით შეგეძლოთ შეგექმნათ ექაუნთი და გეთამაშათ. უბრალოდ, უნდა მოგეტყუებინათ საიტი, რომ 18 წელს ზემოთ ხართ. მაგალითად, 2019 წელს თბილისში მოზარდების 48%-ს ჰქონდა შემხებლობა აზარტულ თამაშებთან. ეს არ ნიშნავს,­ რომ ყველა თამაშდამოკიდებულია­ - ზოგს თამაშის­ გამოცდილება არა აქვს, ზოგი თამაშდამოკიდებულია. იმის განსაზღვრა, ვინ არის თამაშდამოკიდებული და ვინ არა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაშინ თითოეულს ფსიქოლოგიური ტესტი უნდა ჩაუტარდეს. ეს 48% მოიცავდა თბილისს, ჩვენი და გაეროს ბავშვთა ფონდის 2022 წლის ერთობლივი კვლევის მიხედვით კი საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს. კვლევამ გვაჩვენა ამ სფეროში მოქალაქეთა დაბალი ცნობიერებაც. მაგალითად, ბევრ ოჯახში თვითონ მშობელი აძლევს შესაძლებლობას შვილს, რომ ითამაშოს, რადგან მათი აღქმით, შინ, კომპიუტერთან თამაში უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მისი შვილის ქუჩაში ყოფნა. ბევრი თამაშდამოკიდებული მოზარდი­ იშვიათად მიმართავს სარეაბილიტაციო ცენტრებს, ან იმ ორგანიზაციებს, ვინც მუშაობს ამ საკითხზე. ასეთივე­ ცნობიერებაა მშობლებშიც.

ამხელა შესავალი ასაკის 25 წლამდე გაზრდაზე იქიდან გამომდინარე გავაკეთე, რომ 25 წლამდე პირების მომართვიანობა­ მაღალია, ეს კი ნიშნავს, რომ თამაშდამო­კიდებულად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა სტაჟი - ანუ მათ თამაში დაწყებული აქვთ ბევრად დაბალ ასაკში, მათ რეაბილიტაციაზე არავინ ზრუნავს, მხოლოდ კანონით აუკრძალეს თამაში.

ახლა უმრავლესობა თამაშობს სხვისი ექაუნთებით, ან სახლიდან ონლაინ საზღვარგარეთ. უპრობლემოდ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, არავინ ითხოვს ასაკს. თუნდაც არ იყოს 25 წლის, მაგალითად, თავის 26 წლის მეგობარს სთხოვს და მის სახელზე გააკეთებს ექაუნთს, ან ბებია-ბაბუის სახელზე, ან სხვა ოჯახის წევრის. მეტიც - არსებობენ კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ საკუთარ ექაუნთებს. ასე რომ, აწეული ასაკი მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს. სხვათა შორის, ერთი ექაუნთის უკან შეიძლება სამი კაცი იყოს, ან დიდი ნაწილი საერთოდ საზღვარგარეთ თამაშობდეს. 2000-2022 წლების კვლევით, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩატარებული, საკმაოდ მძიმე შედეგები დაფიქსირდა. კერძოდ, გააქტიურდა ხელზე თამაში. იმ 31%-დან, რომელიც ზემოთ ვახსენე, 22%-ს აქვს ხელზე თამაშის გამოცდილება.

- ხელზე თამაში სად ხდება, ქუჩაში თუ აქვთ შეკრების ადგილები?

- ხელზე თამაშს, როგორც წესი, ქუჩის კრიმინალები აკონტროლებენ. ე.წ. თავნის ჩაბარება ქუჩის კანონებით რეგულირდება. თბილისში დიდი მაჩვენებელი არ არის, სამაგიეროდ, ეს ხდება რეგიონებში.

ამ რეგულაციებით, რომელიც ასაკს შეეხება, პირიქით, ხელს ვუწყობთ ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას. ზოგიერთი მოზარდი, რომელსაც აკრძალული აქვს თამაში, მაგრამ მაინც უნდა, იმის ნაცვლად, მისი რეაბილიტირება მოვახდინოთ, ხელს ვუწყობთ, რომ ან ითამაშოს სხვისი ექაუნთით, ან ხელზე, ან ითამაშოს უცხოეთში. ხელზე თამაშსაც ხშირად მოსდევს უფრო მძიმე შედეგები. ეს უბრალოდ ფულის წაგება არ არის, გაცილებით სასტიკი კანონი მოქმედებს. ამიტომ არის საჭირო გონივრული რეგულაცია, კვლევაზე დაფუძნებული. კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მინიმუმ, გვქონდეს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი თამაშობს საქართველოში, რამდენია იქიდან 25 წლამდე პირი, როგორ იქცევა თამაშდამოკიდებული აკრძალვის შემდეგ.

- როგორ ახერხებენ შავ სიაში შეტანილი პირები კაზინოებში შესვლას?

- ჩვენი ინფორმაციით, შედარებით მცირე სათამაშო დაწესებულებები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ასაკს. რაც შეეხება დიდ სამორინეებს, მათ არ უღირთ რეპუტაციულ რისკზე წასვლა. ამიტომ დარღვევები იქ ბევრად ნაკლებია.

- ყოველ წელს რეკორდულად იზრდება­ სათამაშო ბიზნესის მოგება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი თამაშდამოკიდებულია?

- ბევრი ამბობს, დახურეთ კაზინოები, სათამაშო ბიზნესებიო. კაზინოს, სათამაშო ბიზნესის დახურვით სერიოზულ პრობლემას შევქმნით. იგივე სცენარი განვითარდება, ოღონდ ბევრად დიდი მასშტაბით. ჩვენ 25 წლამდე ასაკის ადამიანებს წავართვით თამაშის საშუალება და დაიწყეს შემოვლითი გზების ძიება, რომ მიეღოთ ეს აზარტი. 2024 წელს კოლოსალური, 76 მილიარდი ლარი იყო მოგება. თუკი სათამაშო ბიზნესს გავაუქმებთ, ამ თანხის ნაწილი­ საზღვარგარეთ წავა, ნაწილი კი კრიმინალში, რადგან ხელზე თამაშს დაიწყებენ. ახლაც არის რამდენიმე სახლი, მაგალითად, წყნეთში, სადაც იატაკქვეშა კაზინოებია გახსნილი. ეს გაგრძელდება უფრო დიდი მასშტაბით, რა თქმა უნდა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ხარჯზე. ნაკლებად მჯერა, რომ გაუქმების შემდეგ ის უამრავი ადამიანი, რომლებიც თამაშდამოკიდებულები არიან, ყოველგვარი რეაბილიტაციის გარეშე გადაწყვეტენ, რომ აღარ ჰქონდეთ შემხებლობა თამაშთან. 300-350 000 თამაშდამოკიდებულია. მათ უკან დგას ოჯახები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში­ არიან. აქედან გამომდინარე, გამოსავალი კომპლექსური მუშაობაა. უპირველესად უნდა შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ამ საკითხის მოგვარებაზე სრულად აიღებს პასუხისმგებლობას. მაგალითად, ამჟამად საკითხის ნაწილი ეხება ფინანსთა, ნაწილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაწილი - განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს. მაგალითად, ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია ლიცენზირებაზე, ფინანსებზე, რეგულაციებზე და ასე შემდეგ, განათლების სამინისტრო - სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ინფორმირებულობაზე. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს პრევენციული ზომები, იმიტომ, რომ ეს არის ფსიქიკური დაავადება. შს სამინისტრო ამ ყველაფრის აღმასრულებელი ორგანოა. ამ სამინისტროებთან ერთად კიდევ ბევრი უწყებაა ჩართული. მაგალითად, ეროვნული­ ბანკი ტრანზაქციებს ფილტრავს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ სამინისტროებისთვის ეს საკითხი რიგითია სხვა საკითხებთან ერთად და ვერასდროს მოახერხებენ ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, ამას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი, მუდმივი მუშაობა, რისი რესურსიც ამ ოთხ სამინისტროს ერთდროულად არ გააჩნია. ვერც ერთი ვერ იქნება სრულად პასუხისმგებელი =პრობლემაზე. არ არსებობს უწყება, რომელიც სრულად აიღებს პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას. ამიტომ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო, რომ სათამაშო ბიზნესს ჰყავდეს ოპონენტი, რომელიც კონცენტრირებული იქნება ამ პრობლემის მოგვარებაზე. მან უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა, უნდა ჰქონდეს ერთიანი პოლიტიკა, უნდა გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება, აიყვანოს ექსპერტები, იმუშაოს ამ საკითხზე და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ორგანო, რომელიც დაუპირისპირდება სათამაშო ბიზნესს. ამ ორგანოს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური კადრები, ვერ ვიტყვი, რომ სამ კაცზე მეტი იყოს ქვეყანაში, რომლებიც ამ საკითხის ექსპერტად შეიძლება ჩავთვალო. ამიტომ საჭიროა გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო გამოცდილების მიღება. თუმცა არ უნდა გვქონდეს ილუზია, თუ მარეგულირებელ ორგანოს შევქმნით, ერთ წელიწადში ეს საკითხი აღარ იქნება­ აქტუალური, იქნება, მაგრამ შეჩერდება პროგრესი, ნელ-ნელა დაიწყება დარეგულირება და საბოლოოდ მივალთ იმ ნიშნულზე, რომ აღარ იქნება სოციალური პრობლემა. კი, ისევ იქნებიან თამაშზე დამოკიდებული ადამიანები, მაგრამ მათი რიცხვი არ იქნება იმდენი, რომ ეს ეპიდემია იყოს. უნდა გადამზადდეს სკოლის პერსონალიც. დავუშვათ, გაიგეს, რომ მოზარდი თამაშობს, რას ვაკეთებთ ამ დროს? შესაქმნელია გაიდლაინები, გადასამზადებელია სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალი, რათა მათ წარმოდგენა ჰქონდეთ, როგორ უნდა იმოქმედონ ასეთი პრობლემის დროს. იმავდროულად, უნდა ხდებოდეს ახალი კანონპროექტების ინიციირება, უნდა ვატარებდეთ კვლევებს, რომ ახალი­ საკანონმდებლო ცვლილებებით პრობლემა აღმოიფხვრას. საბოლოო ჯამში, ეს ნახევარმილიონიანი აუდიტორია ნელ-ნელა შემცირდება, ზოგიერთი გამოჯანმრთელდება, აღარ მიემატება ახალი თაობა და ეს პრობლემა დარეგულირდება.

2024 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 76.155 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12.161 მლრდ ლარით მეტია 2023 წელთან შედარებით. "საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 63.994 მლრდ ლარს შეადგენდა, 2022 წელს - 52.647 მლრდ ლარს, 2021 წელს - 47.938 მლრდ ლარს, ხოლო 2020 წელს 32.091 მლრდ ლარს. გასულ წელს სათამაშო ბიზნესის წილი ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 32.3% იყო. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს.