ნასოფლარის მცველები - კვირის პალიტრა

ნასოფლარის მცველები

პ ირიქითა ხევსურეთის ბოლო სოფელი არჭილო ანდაქისწყლის ხეობაში მდებარეობს. სოფელი 2010 წლიდან ნასოფლარად იქცა, რასაც წინ ბოლო მოსახლის, ამირან ზვიადაურის ოჯახის ტრაგედია უძღოდა - როცა ერთ-ერთი ძმა ცხენიანად ანდაქისწყალში გადავარდა და დაიღუპა, მის ცხედარს კი თვეების განმავლობაში ეძებდნენ...

2012 წლიდან გაზაფხულიდან დაზამთრებამდე ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი ამირან ზვიადაური ანდაქში მეუღლესა და შვილთან ერთად ნათესავის სახლში ცხოვრობდა, რადგან არჭილოში არც ერთ სახლში აღარ იცხოვრებოდა. 5 წლის წინ ბიძაშვილებს - ამირან და მამუკა ზვიადაურებს გულმა მთისკენ, მშობლიური ადგილებისკენ გაუწიათ და მნიშვნელოვანი არჩევანიც გააკეთეს - წავიდნენ და მკვდარ სოფელში სიცოცხლის პულსიც გაჩნდა... "ამათ სახლები აღარ ერქვათ, წვიმის დროს თავს თუ შეაფარებდი და ისიც, ნახევრად გადარჩებოდი დასველებას. ჯერ ბოლოში ვერ გავედით, ქვა-ქვაზე საკუთარი ხელით დავდეთ, თან ვცდილობთ, სახლებს ტრადიციული ხევსურული იერი შევუნარჩუნოთ. ძნელია, მაგრამ მაინც სიამოვნებას გვანიჭებს ეს პროცესი... კაცმა თუ მოინდომა, მთებს გადადგამსო, ასე დაგვემართა მე და ამირანს. მთავარი მონდომებაა, რომც არ იცოდე, გულწრფელი და საქმის ერთგული თუ ხარ, ყველაფერი გამოგივა, ამაში გარე ძალა გეხმარება და ეს ძალა ღმერთია", - მეუბნება მამუკა.

ნასახლარების აღსადგენად საჭირო მასალა ბიძაშვილებმა არდოტიდან ცხენებითა და ზურგით მოზიდეს, ნელ-ნელა ოთახს ოთახი დაემატა, სახლი სახლს დაემსგავსა, სოფელი გაცოცხლდა და არემარეც ახმაურდა.

amirani-1-1759676637.jpg

ამირან ზვიადაური:

- დაზამთრებამდე აქა ვარ, თუმცა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი ვარ და ზამთარშიც მიწევს გადმოსვლა. როგორც ყველგან, გასაკეთებელი ბევრია. გზა მესამე წელია გვაქვს, ასე თუ ისე, მისვლა-მოსვლა შეიძლება. შუქის პრობლემა გვქონდა და "მთის ამბებმა" მოგვიგვარა. დანარჩენი ჩვენზეა, მესაქონლეობას მივდევ. არჭილოში ორი ოჯახი ვართ, მე და მამუკა 300 მეტრის დაშორებით ვცხოვრობთ.

სოფელში ბევრი ნასახლარია, დიდი ხანია აქ არავინ ყოფილა.

4 წელია, რაც არჭილოში დავსახლდით, მანამდე ანდაქში ვიყავი ზაფხულობით. აქ დამკვიდრებაში უგზოობა და უშუქობა გვიშლიდა ხელს, ჩემი ბანიანი სახლი კი იმ მდგომარეობაში იყო, არ იცხოვრებოდა, თავს თუ შეაფარებდი, როგორც კლდის ქვეშ, წყალი რომ არ ჩამოგსვლოდა. ჩემით და სხვების დახმარებით, მასალა არდოტიდან ზურგით და ცხენებით ვზიდეთ... დილით ვიწყებდით შრომას და შუაღამით ვამთავრებდით, ძალიან ვიწვალეთ, ჯერ მარტო მდინარეში თხუთმეტ ადგილას იყო გასასვლელი, უნდა გაგეტოპა... მდინარეზე დღემდე არაა ხიდები, 4 წლის წინ გზაც არ იყო. ხიდები საჭიროა, მდინარე დიდია, მანქანაც ვერ გამოდის (არდოტის აქეთ სამანქანე ხიდი არ არის, საცალფეხოებიც ახლა გაკეთდა).

2010 წელს ძმა დამეღუპა (ადრეც მომხდარა არაერთი ასეთი შემთხვევა). როგორც ყველა აქ მცხოვრებს, ბადრის არდოტიდან ცხენით მოჰქონდა ფქვილი და პროდუქტები, მაშინ ანდაქისწყალი დიდი იყო, ბადრის ჩემი მეორე ძმაც ახლდა, კლდეზე გაჭრილ ბილიკზე წინ მიდიოდა, უკან მიიხედა და ძმა ცხენიანად წყალში გადავარდნილი დაინახა. ეტყობა, ცხენმა ტვირთი კლდეს მიარტყა, გადავარდა და ბადრიც გადაიყოლა. 32 წლის იყო... იმ დღიდან ცხედარს 4 თვეს ვეძებდით, მისი თავის ქალის, კეფის ნაწილი და მაისური ვიპოვეთ მხოლოდ...

მას მერე არჭილოში აღარავის უცხოვრია, მასთან ერთად არჭილოც მოკვდა და ნასოფლარად იქცა, სულ ჩამოიშალა სახლები.

ბავშვობა მთაში გვაქვს გატარებული, ალბათ, ამიტომ გვეძვირფასება აქაურობა, თან ისეთ ასაკში ვართ, ვიაზრებთ ყველაფერს, ჩვენი წინაპრების და მშობლების განვლილ ცხოვრებას, ტრადიციებს... მთაში სილამაზეს ვხედავ და ეს მეხმარება აქ ყოფნაში. რომ გითხრათ, გვეიოლება-მეთქი, არ ვიქნები მართალი, წვალება მიწევს და ამითაც რატომღაც სიამოვნებას ვიღებ, ჩემს შექმნილს და ნაწვალებს რომ ვუყურებ, მიხარია. მე ცოლ-შვილი და შვილიშვილებიც მყავს, მამუკა კი მოიკოჭლებს ოჯახის ამბავში.

ჩვენ გარდა, დანარჩენი ნასახლარებია, არავის არაფერი დაუწყია, ლაპარაკით კი ლაპარაკობენ, მაგრამ... სახელმწიფოსგან უნდა იყოს რამე დახმარება, ადამიანებს აქ ყოფნა რომ მოანდომონ. აქ რომ ამოხვალ, ნულიდან უნდა დაიწყო ყველაფერი. 32 სული საქონელი მყავს და ეს მიმარტივებს აქ ყოფნას. ბოსტნეული მოგვყავს, ტრანსპორტირება იმდენი ჯდება, არ ღირს ბევრის მოყვანა, რომ გაყიდო. ყველს და ერბოს ვაგროვებთ, მერე ბარში ჩამომაქვს და ვყიდი.

7d990602-ef3c-42c6-8e42-0227d3fca279-1759676637.jpg

არჭილოში 2002 წლამდე ვიყავი, აქ დავოჯახდი, ხახაბოელი ქალი მყავს ცოლად, პაატა ხახიაურის და. მეორე წლისთვის ახლავე უნდა მოვიმარაგოთ გაზაფხულისთვის საჭირო პროდუქტი, გზა რომ არ იყოს, ხომ გვინდა... ბრაკონიერობა აქ არ ხდება, ბილიკითაც არავინ მოძრაობს. არჭილო არდოტიდან 10 კილომეტრზეა, ხევსურეთის ბოლო სოფელია, თუშეთსა და ფშავს ესაზღვრება. ადრე შატილის მხარეს რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარი გადმოსწიეს და ერთი სოფლისოდენა ტერიტორია დაიკავეს, ეს ჩეჩნეთის ომის პერიოდში, 2000-იან წლებში მოხდა. ახლა რუსი ოკუპანტები ანატორის მისადგომებთან დგანან, შატილიდან 2 კილომეტრში, სადაც შატილიონები ზამთარში აღარ რჩებოდნენ. ჩვენვე უნდა მივხედოთ ჩვენს მიწა-წყალს, გადამთიელი რომ არ დაეპატრონოს...

"კარს თუ გამოვიკეტავთ, დარჩება უჩვენოდ სოფელი"

მამუკა ზვიადაური:

- აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. 2003 წელს მამაჩემი არჭილოდან წავიდა და მას მერე ჩვენი ძველი სახლი მთლიანად განადგურდა. მეც საზღვარგარეთ ვიყავი წასული, დავბრუნდი თუ არა, აქ წამოვედი. სახლი დანგრეული დამხვდა. იმავე ადგილას ვაშენებ ახალ სახლს. ჯერ გადაწყვეტილი არა მაქვს, შეიძლება საოჯახო სასტუმროც გავაკეთო, ვნახოთ.

ჩვენთან სტუმრობით ყველა ნასიამოვნები რჩება, მოსწონთ გარემო, ხეობა და მიაჩნიათ, რომ ღირს აქ მეორედ ამოსვლა.

ჩვენი მხარე ტურისტულ რუკაზე არ არის დატანილი (აქედან გზა თუშეთში გადადის და ის არის დატანილი), ამდენად, ტურისტებისთვის უცხოა. ვინმე ექსტრემალი ტურისტი თუ მოხვდება აქეთ, დამოუკიდებლად ვინც მოგზაურობს. უცხოელის ნახვით ჩვენც გავიხარებთ ხოლმე და ისინიც ხარობენ, ადამიანებს რომ ხვდებიან, ხან არაყს დავალევინებთ, ხან ყავას და ასე ვერთობით.

ცხოვრების ბოლომდე აქ ყოფნას ვაპირებთ. პატარა წყვეტებს ვაკეთებ ზაფხულში, შემოდგომაზეც, ბარში ჩავდივარ, რაღაც საქმეს გავაკეთებ, პატარა გასამრჯელოს ავიღებ, ვიყიდი რაც მჭირდება, სარემონტო, სამშენებლო მასალას, პროდუქტს და ისევ ამოვდივარ და ასე მეორდება.

b5ea1622-131a-4acb-afa1-0b1f1a60cd43-1759676637.jpg

მთის დაცლა იმის ბრალია, რომ ადამიანი თვლის, რომ მთაში არანაირი პერსპექტივა არა აქვს. თუნდაც პირუტყვი რომ იყოლიოს, ძროხების შენახვის თავი არა აქვს, წელში უნდა გაწყდეს, მთელი ზაფხული იმუშაოს. პირუტყვისთვის შრომობდნენ ჩემი მშობლებიც, რომ შეენახათ, ის იყო მთელი ოჯახის დაზღვევა. თანდათან ადამიანს მოსწყინდა მარტო პირუტყვზე ზრუნვა და კეთილდღეობისთვის გაიქცა, ვის რაში სჭირდება ცარიელა მთა? ენთუზიასტი ადამიანი კი შეიძლება ათასში ერთი იყოს... ინტერნეტში გვეხმაურებიან, ჩამოდით, მანდ რა გინდათ, მოგცლიაო, შე საბრალოო, ცინიკურად წერს ბევრი კომენტარს. მე კი მეცინება, დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, ასეთები ვერ გაიგებენ, აქ რა ძალა მაძლებინებს.

ტყუილად ჰგონია ხალხს, რომ აქ არაა პერსპექტივა, ოდესმე მოვა ეროვნული ხელისუფლება და მიხედავს მთას, ამაში დარწმუნებული ვარ. საერთაშორისო დაფინანსება იყო და შეწყდა, ეს ჩემზეც აისახა - მზის პანელები უნდა დაეყენებინათ და ზუსტად მაშინ გამოუშვეს ის ჩრდილოური კანონი. არასამთავრობო იყო ამოსული, ევროპული დაფინანსებით, და მშვენიერ პროექტებს დაგვპირდა. ჩეხებიც აქტიურები იყვნენ აღდგენით სამუშაოებზე, მაგრამ ახლა მათ აგენტებად თვლიან, რაღას ამოვლენ...

შემეძლო ბარში არხეინად მეცხოვრა, დუშეთშიც მაქვს სახლი, რომ ჩავიდე, სამსახურიც მექნება, ამდენი წვალებაც არ დამჭირდება, მაგრამ აქ მირჩევნია. მე უფრო სამშენებლო საქმეებით ვარ დაკავებული. ამირანიც, მაგრამ პირუტყვს და მეურნეობას იმდენი დრო სჭირდება, რომ აქაურობის მოწესრიგება-რემონტისთვის მას ცოტა დრო რჩება. თითო-ოროლა ოთახი გვაქვს და უკვე ახლობლებს და მეგობრებსაც ვეპატიჟებით. ბარში მაშინ ჩავალ, როცა აქ ყოფნა აუტანელი გახდება - ზამთარში მიწა იმ დონეზე იყინება, რომ ვერ იმუშავებ, ქვას ვერ დადებ, რამე რომ ააშენო, მდინარეც გაყინულია, საციგურაო მოედანს ემსგავსება. ისე სასტიკად ცივა, ადამიანი უმოქმედო ხდება, ამდენად, აქ გაჩერება უაზრობაა. არადა, კარს თუ გამოვიკეტავთ, დარჩება უჩვენოდ სოფელი.

სამანქანე გზა არდოტამდე გვაქვს. ყველა სოფელს 10 ათასამდე ლარი აქვს გამოყოფილი, ერთი დღე შემოვისეირნებთ ტრაქტორით, გზას გავწმენდთ და ის 10 ათასი ლარი ჩვენი იყოსო, ასე გამოგვიცხადეს. გაზაფხულზე როცა მოვდივართ არდოტამდე, ტვირთს იქ ვტოვებთ და ისე ამოვდივართ. ივნისის ბოლოს, ივლისში, როცა მოესურვილებათ, გამოგზავნიან ტრაქტორს, გზას გაწმენდენ და მერე სახლამდე მოვდივართ მანქანით.

იცით, აქ რამხელა რესურსი სჭირდება, რამის შენება რომ დაიწყო? უამრავი ინსტრუმენტი გინდა, საშენი მასალა, ჯერ მოსამზადებელი სამუშაოები, მერე აშენება... 5 წელია ვაკეთებ და ჯერ ვერ გავედი ბოლოში. არდოტიდან მხრით და ცხენებით ვზიდეთ მასალა. თავიდან გვიჭირდა, ცხენებს ავკიდებდით და ისინი მოათრევდნენ, მერე ცოტა შევეჩვიეთ და უკვე სახალისოც იყო.

სახლის აღდგენა რომ გადავწყვიტე, არც ფული მქონდა, არც ინსტრუმენტები, არც გამოცდილება, ქვა-ქვაზე რომ დამედო, ამას ცოდნა ხომ სჭირდება? თან ვცდილობ ხევსურულ სახლებს ტრადიციული იერი შევუნარჩუნო. აქ რომ მოვედი, მარტო ვიყავი, იძულებული გავხდი ოთახი ამეშენებინა, თავშესაფარი უნდა მქონოდა, წვიმაში ზედ მაწვიმდა, ღუმელიც არ მქონდა, ჩაი მაინც რომ ამედუღებინა. ახლა გაზის ბალონიც მაქვს და ღუმელიც - ამ 5 წლის განმავლობაში "გავმდიდრდი". ხმელა პურზე გადავივლი, ჩემთვის მეორეხარისხოვანია იმაზე ვიფიქრო, სადილად რა მექნება.

არდოტი ზვიადაურებისა და მურღუევების (ახლა ისინი არდოტელებად დაიწერნენ) სოფელი იყო. რადგან ბევრნი იყვნენ, სახნავ-სათესი არ ჰყოფნიდათ, არც საძოვრები, მერე ზვიადაურები ამოიწივნენ ანდაქში, შემდგომში კი რამდენიმე კომლი არჭილომდე ამოვიდა.

ხომ გაგიგონიათ, კაცმა თუ მოინდომა, მთებს გადადგამსო, ასე დაგვემართა მე და ამირანს. მთავარი მონდომებაა, ყველაფერი გამოგივა, ამაში ღმერთი გეხმარება. მთაში დიდი თავისუფლება, შვება და სიჯანსაღეა. გული მწყდება და საწყენია, რომ დანარჩენები არ ამოდიან, მაგრამ რას ვიზამთ...