"მიხეილ თუმანიშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, სახეზე ორი ნაიარევიც კი ჰქონდა. გვითხრა, ტყვიამ გამიარაო... გვიამბო, ომში ტანკი პირველად რომ დავინახე, პატარა ბიჭი ვიყავი, ჩავჯექი და ტირილი დავიწყეო, მაგრამ მერე მკერდდამშვენებული ჩამოვიდა" - რა ამბებს იხსენებს დავით კვირცხალია?
რა ამბებს იხსენებს დავით კვირცხალია?
"უფლისგან საჩუქრად დიდებულ ხალხთან ურთიერთობის ბედი დამყვა. ბევრ ღირსეულ ადამიანთან შეხვედრის და ზოგიერთთან დამეგობრების შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ დღეს თქვენთან მათ შორის გამორჩეულებს გავიხსენებ", - ამბობს მსახიობი დავით კვირცხალია.
მიხეილ თუმანიშვილი
- მიხეილ თუმანიშვილის აღზრდილი ვარ, მისი მოწაფეობა პატარა ამბავი არ გახლდათ. ის თავის პროფესიას შეწირული კაცი იყო, ყველაზე დიდი მასწავლებელი. თეატრალურში რომ ჩავაბარე, პირველად დავინახე, დერეფანში მიდიოდა და მოვინუსხე - შესახედადაც რეჟისორი იყო, დიდი შთაბეჭდილების მომხდენი.

მოგეხსენებათ, თეატრალურში ჯგუფის აყვანა 4 წელიწადში ერთხელ ხდებოდა და ბევრი იმ წელს ელოდებოდა, როდესაც ჯგუფს მიხეილ თუმანიშვილი უხელმძღვანელებდა. ჩემს დროს ექსპერიმენტული გაერთიანებული ჯგუფი შეიქმნა, რეჟისორები და მსახიობები ლექციებს ერთად გავდიოდით. ძალიან გამიმართლა, ამ ჯგუფში რომ მოვხვდი. მაშინ ბატონი მიშა რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. უკვე დადგმულ სპექტაკლში შემიყვანა, სადაც მე გოგი ქავთარაძე შევცვალე, ჩემმა ჯგუფელმა ნანი ჩიქვინიძემ - ბელა მირიანაშვილი. კარგი ტანდემი გამოგვივიდა. ეს სპექტაკლი რობერტ სტურუას დადგმული იყო და იმ დღის შემდეგ რუსთაველის თეატრის დასში ვირიცხები, 55 წელია რობერტ სტურუას დადგმულ სპექტაკლებში ვთამაშობ.
მიხეილ თუმანიშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, სახეზე ორი ნაიარევიც კი ჰქონდა. როდესაც ვკითხეთ, გვითხრა, ტყვიამ გამიარაო... ერთხელ გვიამბო, ომში ტანკი პირველად რომ დავინახე, პატარა ბიჭი ვიყავი, ჩავჯექი და ტირილი დავიწყეო, მაგრამ მერე ომიდან მკერდდამშვენებული ჩამოვიდა. მაისში ყოველთვის ფრონტის მეგობრებს ეპატიჟებოდა. ეს იყო მოკრძალებული შეხვედრა, თავად დიდად მოქეიფე და სადღეგრძელოების მოყვარული კაცი ნაკლებად იყო. ის ჩემთვის დღემდე რჩება ჭეშმარიტი ინტელიგენტის სახედ.

- მისი დარიგებებიდან რა გახსენდებათ?
- როდესაც ახალგაზრდა პროფესიად მსახიობის ხელოვნებას ირჩევს, კარგად იცის, რომ ეკონომიური თვალსაზრისით მიმზიდველი არ არის, ამ საქმეში მხოლოდ სიყვარულით უნდა იყო. მიხეილ თუმანიშვილმა თეატრის სიყვარული ჩაგვინერგა სტუდენტებს. რომ ამბობენ, რეპეტიციაზე კარის შეღებას ვერავინ უბედავდაო, მე მსგავსი რამ არ მინახავს, თუმცა მინახავს იმის გამო აღელვებული, რომ მსახიობისგან სცენიდან ემოცია ვერ მიიღო, ის რაც მას სჭირდებოდა და ითხოვდა. მაგრამ სტუდენტის დამცირება მისგან გამორიცხული იყო. მასთან ურთიერთობის ყოველი დღე აღმოჩენებით იყო სავსე, არ ელეოდა ჩვენზე შთაბეჭდილების მომხდენი ქცევები თუ ამბები. პირადი ცხოვრებიდან ამბებს კი გვიყვებოდა, მაგრამ ამაზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა... ჩვენს კომპლექსებს "მკურნალობდა", პროფესიაში ხელის შემშლელი რომ არ გამხდარიყო. მსჯელობას გვასწავლიდა, ჩვენს აზრებს ისმენდა, გვეკითხებოდა, რას როგორ გავაკეთებდით. შენიშვნას თუ მოგვცემდა, მერე ისე გვიხსნიდა, ვრწმუნდებოდით, რომ მართალი იყო, სტუდენტის დასჯა მისი სტილი არ გახლდათ. ზოგიერთი უკმაყოფილო იყო, რომ სპექტაკლებში ყველას ვერ აკავებდა, არადა, ყველას მიხეილ თუმანიშვილთან თამაში უნდოდა. მერე რუსთაველის თეატრში ეს ესტაფეტა რობერტ სტურუამ გადაიბარა და ამ რეჟისორთან მოხვედრა და თამაში ბევრი მსახიობის ოცნება გახდა. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ საქმის 50% პროფესიის დაუფლებაა, დანარჩენი 50% კი გამართლება. გამართლებაა, აბა რა არის, როცა პატარა ბიჭს რუსთაველის თეატრში პარტნიორებად დაგხვდებიან ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, სალომე ყანჩელი, ზინა კვერენჩხილაძე... ამ ადამიანებისთვის ძალიან ახლობელი გავხდი, ისინი ჩემთვის თეატრალური მშობლებივით იყვნენ.
ტკბობას ვიყავი მიცემული, ბატონი ეროსი რომ გეტყვის - ბიჭები დავპატიჟე, შენ სოსო ლაღიძეს გამოყევი და ჩემთან ამოდიო, როგორია? ინსტიტუტი არც მქონდა დამთავრებული და უცბად ეროსი მანჯგალაძე მეპატიჟება თავისთან, ეროსი, ადამიანო, ეროსი!!! გესმით, ეს რამდენად ამაღელვებელი ამბავი იყო? ეროსი ბიბლიური კაცი იყო, საქართველოში მისი დარი ერთეული კაცები თუ არსებობდნენ. როგორი ტემბრი ჰქონდა, ჩურჩული არ შეეძლო, იმდენად ბოხი ხმა ჰქონდა... რამაზ ჩხიკვაძესთან მეგობრობა რად ღირდა, მის პარტნიორობაზე რომ აღარაფერი ვთქვა. რეპლიკას გაძლევდა და თავის თავთან გათანაბრებდა, სხვა სიმაღლეზე აჰყავდი.
იცით, გამორჩეულად კიდევ რა მახსოვს? სპექტაკლზე მუშაობის დროს, საათს არც ერთი არ დახედავდა, მე მაიძულებდნენ, მივსულიყავი იმ კონდიციამდე, რაც საქმეს სჭირდებოდა. მხარში მედგნენ, რჩევებს მაძლევდნენ...

ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა კარგი რატომ არის, იცით? ისინი ძალიან უბრალოები არიან, გაბღენძილი ადამიანის გვერდით დაიტანჯები კაცი. სესილია თაყაიშვილის, დოდო აბაშიძის პარტნიორი ვიყავი, მთელი ცხოვრება ამ გენიოსებთან ერთად გავიარე.
- დღესაც მოდიან რუსთაველის თეატრში ახალგაზრდა მსახიობები და მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენ გვერდით თამაში, როგორც ერთ დროს თქვენთვის იყო ამ გენიოსებისთვის გაწეული პარტნიორობა.
- ყველას ჩემი თავი შემოევლოს! ახალი მსახიობი რომ მოდის, სულ ჩემი თავი მახსენდება, ვცდილობ გავუღიმო, სითბო დავახვედრო, ახალგაზრდები ძალიან მიყავრს, უფრო თავისუფლები არიან, კომპლექსები დიდად არ აწუხებთ, თამამად ლაპარაკობენ და ეს ძალიან კარგია.
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი
- პეტრე გრუზინსკი გახლდათ ვაჟკაცობის, მამობის, ძმაკაცობის, პროფესიონალიზმის მაგალითი. მე და მისი შვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ერთად ვსწავლობდით, მეგობრები ვიყავით. სამწუხაროდ, ნუგზარი წელს გარდაიცვალა.
მიხეილ თუმანიშვილი რუსთაველის თეატრიდან რომ წავიდა, ტელეთეატრი ჩამოაყალიბა. მაშინ ტელევიზიაში დაიდგა სერიალი "გზაჯვარედინზე", რომელშიც მე, მურმან ჯინორია, ნუგზარი, ნანი ჩიქვინიძე, მარინა ჯანაშია, მარინა გამცემლიძე ვთამაშობდით. წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, ბიჭები დავძმაკაცდით, მე ნუგზარის მეჯვარე ვიყავი, ჩემი მეჯვარე მურმან ჯინორიაა... სტუდენტობის დროსაც სულ ერთად ვიყავით. ერთხელ ბატონმა პეტრემ მითხრა, შენ და ნუგზარი მაინც სულ ერთად ხართ და წამოდი ჩვენთან, დიდი ბინა მაქვს, შენ შენი ოთახი გექნება, ერთად იცხოვრეთო. თბილისში ბინის პრობლემა არ მქონდა, ჩემი სამი დეიდა ამ ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ ეს მომხიბვლელი წინადადება აღმოჩნდა, საცხოვრებლად ნუგზართან გადავედი, ეს ფაქტი მეც და მასაც თანაბრად გვახარებდა. ამ ოჯახში ყოფნისას ბატონი პეტრეს ცხოვრების წესს რომ ვუყურებდი, ამ ადამიანით უფრო და უფრო აღფრთოვანებული ვრჩებოდი. ის თავის ოთახში განმარტოვდებოდა და ქმნიდა გენიალურ ტექსტებს, რომლებზეც შემდეგ მუსიკას დიდი კომპოზიტორები წერდნენ. ის სიმღერებია დღესაც რომ გვესმის. იმ პერიოდის ყველა სახელოვანი კომპოზიტორი მასთან მოდიოდა, ასე გავიცანი რეზო ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე კი მისი ძმაკაცი იყო.
ძია პეტრე ძალიან ხელგაშლილი კაცი იყო. ის არც ერთ დროს, არანაირ სტრუქტურაში არ მუშაობდა, მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით ქმნიდა დოვლათს. მცხეთაში აგარაკი ჰქონდა, ზოგჯერ გავყვებოდით ხოლმე, რაღაც საქმეებში ვეხმარებოდით. ნუგზარს მამა ძალიან უყვარდა, პატარა ბიჭები სულ ვცდილობდით მისთვის მიგვებაძა... ნიჭიერი კაცი იყო, თავმდაბალზე თავმდაბალი, არსად არაფერი რომ არ ეშლებოდა. პატარა ბიჭი ამ კაცს შევხაროდი.
თამუნა კვინიკაძე