"ფინალის ბოლო წამებიდან აღარაფერი მახსოვს“ - კვირის პალიტრა

"ფინალის ბოლო წამებიდან აღარაფერი მახსოვს“

ვახტანგ ლოლუა ქართველებს შორის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია (ოლიმპიურ სახეობებში ნამდვილად ასეა)! ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 18 წლის ჭაბუკმა ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ორთაბრძოლა მოიგო და ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ოქროს მედალი მშობლიურ ხობში დააბრუნა. მსოფლიო ჩემპიონის წოდება, ქართველ "კლასიკოსთაგან", ბოლოს, 2019 წელს მოიგო ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ). იმავე სახეობასა და წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ლოლუამაც, ოქროს მედალი შარშან გარდაცვლილ (27 წლის ნუგზარ წურწუმია 2024 წლის ივლისში ხობში, თავის სახლში ნახეს გარდაცვლილი) მეგობარს მიუძღვნა და საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემპიონის ქამარი წურწუმიას საფლავზე მიიტანა...

ვახო ლოლუას წელს კარიერის ყველაზე უხვი სეზონი აქვს: ასაკობრივ ტურნირებზეც წარმატებით იჭიდავა, უფროსებში ევროპის მისთვის სადებიუტო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიგო და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მედალოსანი გახდა, რამდენიმე დღის წინ კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც შესწვდა. თუმცა მთავარ გამარჯვებას ვახომ მანამდე მიაღწია - სამშობლოში მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი - ემიგრანტი დედა დააბრუნა! დედასთან ერთად, ვახტანგ ლოლუამ ხობში ოქროს მედალიც დააბრუნა და ისიც შეგვახსენა, რომ ქართული სპორტი მთავარ შევსებას სწორედ რეგიონებიდან იღებს... საყოველთაო ყურადღების ქვეშ მყოფ ჩემპიონს რამდენიმე წუთი "კვირის პალიტრამაც" წაართვა:

- ...ზაგრების დარბაზიდან ყველაზე მძაფრად რა ემოცია მახსოვს? გამარჯვებით გამოწვეული პირველი წუთები, ემოციები, რასაც ტრიბუნებზე მყოფი ქართველებისგან ვგრძნობდი, მწვრთნელების ბედნიერი სახეები, ზარი დედასთან... ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავახარე - ოჯახი, მწვრთნელები, გულშემატკივრები, მთელი საქართველო... ბედნიერი ვარ! სპორტსმენი გამარჯვებაზე თუ არ ფიქრობს, ტურნირზე არაფერი ესაქმება. ცხადია, ჩემპიონობაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია და ზაგრებშიც ჩემი შანსის გამოსაყენებლად ჩავედი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, ოცნება ასე სწრაფად თუ ამისრულდებოდა.

- ვახო, რუმინელ და თურქ მეტოქეებთან ბეწვის ხიდზე გაიარე და გამარჯვება მხოლოდ ბოლო წამებზე მოახერხე... ყველაზე მეტად რომელ შეხვედრაში გაგიჭირდა?

- ალბათ, მაინც რუმინელთან: 0:2 ჩამოვრჩი, წრიდან შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე გადავიყვანე და ანგარიში გავათანაბრე. არადა, ის ბრძოლა რომ წამეგო, ცხადია, არათუ ოქროს, ვერც ერთი სინჯის მედლისთვის ვერ ვიბრძოლებდი. მძიმე ბრძოლა გადავიტანე ნახევარფინალშიც - ჩემზე გაცილებით გამოცდილ თურქ ჩაქირთან, რომელიც უხეშობასაც არ ერიდებოდა, იგებდა კიდეც, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება იმ შეხვედრაშიც მოვახერხე და ბოლოს აღებული ქულის წყალობით ფინალში გავედი. რაც შეეხება გადამწყვეტ ორთაბრძოლას, ირანელი ბალოოტაკი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია, აზიის მრავალგზის ჩემპიონი, ძლიერი მოწინააღმდეგე, თუმცა უფლის წყალობით ისიც დავამარცხე და ჩემი სამშობლო გავახარე.

- ფინალში, როცა ანგარიში ჯერ გაათანაბრე, მერე კი ირანელი წრიდანაც გაიყვანე და დაწინაურდი, ორთაბრძოლის დასრულებამდე რამდენიმე წამი იყო დარჩენილი... გახსოვს ეს ეპიზოდი?

- ბოლო 30 წამიდან არაფერი მახსოვს: მოწინააღმდეგეს კი ვხედავდი, მაგრამ არც მწვრთნელის ხმა მესმოდა, არც დარბაზის ხმაური... როცა ბოლო წამების ათვლა დაიწყო - ათი, ცხრა, რვა... კონცენტრაცია მაშინღა დამიბრუნდა და როცა მწვრთნელი ტატამზე შემოვარდა და ძირს ტრადიციული ილეთით "დამაგდო", გავაცნობიერე, რომ მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი! საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქუჩაში მაჩერებენ, მილოცავენ, ავტოგრაფს მთხოვენ, სამახსოვრო ფოტოს იღებენ... ეს ყველაფერი დიდ სტიმულს მაძლევს, დიდი სიხარული და პატივია, როცა დამწყები მოჭიდავეები მაგალითს იღებენ შენგან, შენს გამოცდილებას იზიარებენ.

- მსოფლიო ჩემპიონი ხარ, თორემ ასაკით ბევრად არც აღემატები იმ ბავშვებს, ავტოგრაფს და ფოტოს რომ გთხოვენ... როგორ ფიქრობ, ხომ არ არის საშიშროება, 18 წლის ასაკში მიღწეულმა დიდმა წარმატებამ "დათვური სამსახური" გაგიწიოს, განვითარებაში ხელი შეგიშალოს?

- ამიერიდან მეტი სტიმული და პასუხისმგებლობა მაქვს, რასაც აქამდე ვაკეთებდი, იმაზე მეტი უნდა შევძლო, თითოეულ ტურნირს გაორმაგებული მოტივაციით შევხვდე, გაცილებით მეტი ვიშრომო... მოდუნების შესაძლებლობა არც აქამდე მქონია, მაგრამ ახლა უფრო მეტი მომეთხოვება! მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მონდომებით იბრძვის, მაგრამ არ მეშინია - ყველაფერი კარგად იქნება. რაც მთავარია, ყოველმხრივი ხელშეწყობა გვაქვს სპორტის სამინისტროდან, ჭიდაობის ფედერაციიდან, სამწვრთნელო შტაბიდან, საზღვარგარეთაც ხშირი შეკრებები გვაქვს...

- ცალკე უნდა გკითხო ჩოქბჯენზე, რომელიც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მნიშვნელოვანი კომპონენტია: ასპარეზობის პირველ დღეს თავს ამ პოზიციაშიც უშეცდომოდ იცავდი, მაგრამ როცა მეტოქე იყო ჩოქბჯენში, გიჭირდა უპირატესობის მოპოვება... როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტი სამუშაო ამ კუთხით გაქვს?

- სამუშაო ბევრი მაქვს და მომავალი ტურნირებისთვის სუსტ წერტილებს აუცილებლად გამოვასწორებ (მით უმეტეს, ოლიმპიადისთვის მზადება აქედანვე იწყება), მინუსების გამოსწორება კი, პირველ რიგში, სწორედ ჩოქბჯენის გაუმჯობესებიდან უნდა დავიწყო.

- აუცილებლად, რადგან უკვე გაცილებით გამოცდილ და ტიტულოვან ფალავნებთან მოგიწევს ჭიდილი. მერე კიდევ, მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული მოტივაციით იჭიდავებს... რაც შეეხება პლუსებს - რა არის შენი მთავარი უპირატესობა?

- მოკლედ რომ ვთქვა, ალბათ, ხასიათი! ჭიდაობა ისეთი სახეობაა, თუ მებრძოლი ხასიათი არა გაქვს, "ჟილკა" გაკლია, გამორიცხულია, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიო. გადამწყვეტი უპირატესობა, ალბათ, სწორედ ხასიათმა მომცა, თორემ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეებს ჩემზე ნაკლები მონაცემები ან ჯან-ღონე ჰქონდათ... ამ დონის ტურნირებზე მთელი მსოფლიოდან არიან თავმოყრილი უძლიერესი მოჭიდავეები, ოსტატობასთან ერთად, გამარჯვების ჟინი, ხასიათი გჭირდება და, ალბათ, ამის წყალობით გავიმარჯვე. ყოველი ტურნირის წინ უფალს იმას ვთხოვ ხოლმე, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაკეთება შემაძლებინოს, რათა ტატამიდან გამოსულს ეჭვის ნატამალიც არ მქონდეს, რამე ხომ არ დავაკელი-მეთქი?!

- 9:1 მოგებულ პირველ ორთაბრძოლას თუ არ ჩავთვლით, მომდევნო მატჩებში უმეტესწილად მდევრის როლში იყავი - ჩამორჩენა გამარჯვების განსაკუთრებული წყურვილით გავსებს ხოლმე?

- ორთაბრძოლა გეგმის მიხედვითაც რომ არ მიდიოდეს, მთავარია, არ "აიჭრა", ხასიათი არ გაიფუჭო და ბოლომდე იბრძოლო, "შენს დროს" დაელოდო და... აუცილებლად მოვა. აკი მოვიდა კიდეც -ბოლო წამებზე ზედიზედ ორი შეხვედრა გადავარჩინე! რაც მთავარია, მწვრთნელის მითითებები უნდა გაითვალისწინო - ის "გარედან" უფრო კარგად ხედავს, რისი შეცვლაა აუცილებელი, როდის არის საჭირო გააქტიურება თუ ტაქტიკური უკან დახევა... ჩვენი მწვრთნელები ძალიან ბევრს მუშაობენ, ტაქტიკასთან ერთად, იმასაც გასწავლიან, რომ ორთაბრძოლისას მოგება-წაგებაზე არ იფიქრო, წნეხის გარეშე, თავისუფლად იჭიდაო, ბოლომდე დაიხარჯო და შედეგი თავისით მოვა!

- ლაშა ბექაურმა 20 წლის ასაკში მოგებული ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ თქვა, ოლიმპიადა კიდევ სამჯერ უნდა მოვიგო და ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი გავხდეო... ლაშას საქმის ნახევარი უკვე გაკეთებულიც აქვს - მსგავსი კონკრეტული მიზანი შენც ხომ არა გაქვს?

- ლაშას წარმატებას ვუსურვებ! ოლიმპიური ჩემპიონობა ყველა სპორტსმენის ოცნებაა. ცხადია, გამონაკლისი არა ვარ და ჩემი უმთავრესი მიზანიც ეს არის. ძალ-ღონეს არც მე დავიშურებ და არც ჩემი მწვრთნელები, ყველაფერს გავაკეთებთ, ოლიმპიურ თამაშებს საუკეთესო კონდიციაში რომ შევხვდე.

- ვისი დამსახურებაა, ჭიდაობა რომ აირჩიე, თანაც ბერძნულ-რომაული სტილი?

- პატარაობისას ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, თუმცა... 9 წლის ასაკში მამამ და ნათლიამ მიმიყვანეს ჭიდაობის სექციაში. იქაურობა ძალიან მომეწონა და აგერ, ცხრა წელიწადია, ჭიდაობის სამყაროს წევრი ვარ. პირველი ოქრო 13 წლის ასაკში, საქართველოს ჩემპიონატში მოვიგე, მერე საერთაშორისო ტურნირშიც გავიმარჯვე, ასაკობრივი ნაკრებების წევრი გავხდი და აგერ, მსოფლიო ჩემპიონიც ვარ.

- დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვი, საქართველოში ჩასვლისთანავე ჩემპიონის ქამარს ნუგზარ წურწუმიას საფლავზე მივიტანო. იყავი?

- ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონობაც და ყველა მედალი, რომელსაც მოვიგებ, ჩემი მეგობრის, ნუგზარ წურწუმიას ხსოვნას ეძღვნება! მეც და ყველა ხობელი სპორტსმენი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი სული გავახაროთ! ჩემს წარმატებაში მისი დიდი დამსახურებაც არის: როცა დარბაზში მოდიოდა, თან მიხაროდა, რადგან მისგან ბევრს ვსწავლობდით, მაგრამ ისეთი აზარტული იყო, პატარებსაც "მთელი ძალით" გვეჭიდავებოდა ხოლმე... მეგობრები ვიყავით, ერთი ქალაქის შვილები, იმავე სახეობაში, იმავე წონით კატეგორიაში ვასპარეზობ, რომელშიც ნუგო გახდა მსოფლიო ჩემპიონი... ასე რომ, სანამ შემიძლია, ბოლომდე უნდა დავიხარჯო და კიდევ ბევრი მედალი მოვიგო!

- მართალია, რომ ემიგრაციაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ დედა საქართველოში დააბრუნე?

- ოთხი წლის განმავლობაში იტალიაში მუშაობდა... უცხო ქვეყანაში სწორედ ჩვენ გამო იყო წასული, მაგრამ მის გარეშე ძალიან გვიჭირდა... ამიტომ, როგორც კი პირველი ანაზღაურება მივიღე, დედა სახლში დავაბრუნე და ახლა ჩემ გვერდით არის, "ახლოდან" მქომაგობს, ჩემს წარმატებაში მშობლების როლი და მხარდაჭერა განუზომელია. მიხარია, რომ მათი იმედი გავამართლე და მსოფლიო ჩემპიონი გავხდი! დედა ძალიან ემოციურია, ვიცოდი, რა მდგომარეობაშიც იქნებოდა და პირველ რიგში, სწორედ მას დავურეკე - აღარ ინერვიულო, კარგად ვარ-მეთქი!

- როგორი გრძნობაა, "ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი" გერქვას ქვეყანაში, რომელსაც უამრავი ლეგენდარული სპორტსმენი ჰყავს?

- პირველ რიგში, ის მიხარია, რომ საქართველოდან ვარ, ჩემი საამაყო სამშობლოს წარმოვადგენ! იმის გააზრება კი, რამდენი ლეგენდარული ფალავანი გვყავდა, დიდ სტიმულს მაძლევს. ვაცნობიერებ, რამხელა პატივი და პასუხისმგებლობაა, ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონის წოდებას ატარებდე.

- 55 კილოგრამი ოლიმპიური კატეგორია არ არის. აპირებ ზედა წონაში (60 კგ) "ასვლას"?

- ნაკრების მწვრთნელების გადასაწყვეტია, მსოფლიო ჩემპიონატზე ვინ რომელ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. თუმცა გიდასტურებთ, რომ დიდია ალბათობა, წონა შევიცვალო და ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ახალ წონით კატეგორიაში ვიასპარეზო.

- იმის გათვალისწინებით, რომ ყველა და ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლების გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ხოლმე, რადგან ეს ნიშნავს ტრადიციების გაგრძელებას, ამა თუ იმ სახეობის პოპულარობისა და ხელშეწყობის გაზრდასაც...

- მაგალითად, მე მზადების პროცესის ნახევარს მშობლიურ ხობში ვატარებ, დარჩენილ დროს - ბათუმში. აჭარის რეგიონი განთქმულია ძლიერი საჭიდაო სკოლით და ჩემი ქალაქისგან განსხვავებით, იქ გაცილებით ადვილია სპარინგ-პარტნიორების მოძებნა. დიდი პატივია, მშობლიური ქალაქის სახელს რომ წარმოვადგენ და იმედია, კიდევ არაერთხელ შევძლებ გულშემატკივრების გახარებას... თავს არ დავზოგავ, რომ ხობის, საქართველოს სახელი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს.