„მე პროფესიონალი შემდუღებელი ვარ!“
იყოფა თუ არა პროფესიები სქესის მიხედვით? - უკვე აღარ გვიკვირს ავტობუსის მძღოლი ქალი, ტაქსისტი, მეზღვაური, რასაც ათწლეულების წინ ძნელად დავიჯერებდით. ჩვენს რუბრიკაში პირველი სერტიფიცირებული შემდუღებელი მარიამ კარბაია უნდა გაგაცნოთ.
2 კვირის წინ მარიამს ქორწილი ჰქონდა. ამ დღისთვის ყველა პატარძალი განსაკუთრებულად ემზადება, მარიამმა კი საპატარძლო მზადების პარალელურად, კიდევ ერთი საქმე იტვირთა, მთელ ტერიტორიაზე, სადაც საქორწილო ღონისძიება იმართებოდა, კონსტრუქციები შეადუღა.
- მარიამ, როდის დაინტერესდით შემდუღებლის პროფესიით?
- პანდემიის დროს, როდესაც აგარაკზე გადავედით საცხოვრებლად, მამას აივნის რიკულების შედუღებაში დავეხმარე და ეს საქმე ისე მომეწონა, გადავწყვიტე შემდუღებლის პროფესია შემესწავლა. კოლეჯიც მოვიძიე და სერტიფიცირებაც გავიარე. უსაყვარლესი პედაგოგი მყავდა, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ.
ჯგუფში ერთადერთი გოგო ვიყავი, ყველა მანებივრებდა, უკვირდათ, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. მარტივი პროფესია მართლაც არ არის, ქალისთვის უჩვეულო ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, მაგრამ იმდენად მომწონს, ამისთვისაც მზად ვარ...
გამოცდილების მისაღებად ჯერ სახლში, მამასთან ერთად ვმუშაობდი, მერე დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიძიე თანხა და გავხსენი საკუთარი საწარმო, რომელიც ნახევარ წელიწადში გავაფართოვე. დიდი პრაქტიკა მივიღე, როგორც პროფესიული, ისე მომხმარებელთან კომუნიკაციის. უკვე წელიწად-ნახევარია ამ საწარმოში მამასთან ერთად ვმუშაობ. მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი.
- როგორი რეაქცია ჰქონდა მამას, როდესაც უთხარით, რომ შედუღების შესწავლა გსურდათ?
- გაუკვირდა და გაუხარდა. არ ელოდა, რომ ასე ძირფესვიანად მოვკიდებდი ხელს მის, დღეს კი უკვე ჩემს საყვარელ საქმესაც. ახლა ამაყობს ჩემით.
- ეს პროფესია მამაკაცთან ასოცირდება, თქვენ კი ამ სტერეოტიპს ამსხვრევთ. რა უნარები უნდა ჰქონდეს კარგ შემდუღებელს?
- უპირველესად, თეორიული ცოდნა აუცილებელია, ასევე უსაფრთხოების, თვალების, სხეულის დაცვა. მოითხოვს სიზუსტეს, კონსტრუქციულად, ტექნიკურად. ამ საქმეს სიჩქარე არ უხდება. ყოფილა პროექტები, სადაც ქალის ნაზი ხელით გაკეთებული ნაკერის დადება ბევრად ზუსტია, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროექტის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში.
21-ე საუკუნე სტერეოტიპების დამსხვრევის ეპოქაა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ჩემი თაობის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად უამრავ გამოწვევას ებრძვიან, მეც მივიღე ეს გამოწვევა და ახლა პროფესიონალი შემდუღებელი ვარ.
რთულია ისეთ ბიზნესში გახდე წარმატებული, სადაც მამრობითი სქესი დომინირებს, მაგრამ არა შეუძლებელი, ამიტომ არ შეუშინდეთ სირთულეებს და ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის.
- კიდევ რა პროფესია გაქვთ?
- ამერიკისმცოდნეობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადამიანური რესურსების მართვის კურსებიც მაქვს გავლილი.
- მოთხოვნა მაღალია შემდუღებლის პროფესიაში?
- კი, და სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ბევრი კომპანია ითხოვს სერტიფიცირების დამადასტურებელ მოწმობას, იმიტომ, რომ ბაზარზე პროფესიონალების დეფიციტია. თუმცა სერტიფიკატის ქონა ყოველთვის არ უდრის მაღალპროფესიონალიზმს.
- რა რეაქცია აქვთ, როდესაც დამკვეთს ქალი ხვდება აპარატთან?
- თავიდან უჭირთ დაჯერება, რომ მე ვარ ის, ვინც დაკვეთა უნდა შეასრულოს, მაგრამ როდესაც პროფესიულად ვიწყებ მათთან საუბარს, იჯერებენ. უხარიათ და უმარტივდებათ ჩემთან მუშაობა. სხვათა შორის, რეკომენდაციასაც მიწევენ.
- როგორია მამასთან პროფესიული ურთიერთობა?
- მე და მამას ბავშვობიდან შეხმატკბილებული ურთიერთობა გვქონდა. როდესაც საქმიანობა დავიწყეთ, ისევ დიდი მეგობრები ვართ, მაგრამ ხშირადაც ვკამათობთ. თუმცა, როცა ძველი და ახალი თაობის ხედვა ერთიანდება, კარგ შედეგს ვიღებთ, მანამდე კი დიდი ომის გადატანა გვიხდება.
- როგორია თქვენი ცხოვრება პროფესიის მიღმა?
- მიყვარს მოგზაურობა, ვარჯიში, მუსიკა, ფოტო-ვიდეოს გადაღება.
- რას ურჩევთ მას, ვინც ახლა აპირებს პროფესიის არჩევას?
- არასდროს დანებდნენ და აუცილებლად მიაღწევენ მიზანს. მთავარია ირწმუნონ საკუთარი თავის და შედეგი უსათუოდ იქნება.
- დღეს ქალების დაინტერესება შემდუღებლის პროფესიით რამდენად ხშირია?
- რამდენიმე დაინტერესდა, დამიკავშირდა და ვგეგმავ პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას, როდესაც უსაფრთხოების ყველა ნორმას მოვაწესრიგებ. სიამოვნებით დავეხმარები, რატომაც არა.