"ტვინის ნისლი", ქოშინი, გულისრევა, ზეწოლა გულმკერდში, დაბნეულობა - COVID-19-ის დღევანდელი ამბები: რა ცვლილებები განიცადა ვირუსმა?
COVID-19 პანდემიის გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და ამის მიუხედავად, ვირუსი – SARS-CoV-2 კვლავ აქტიურად ცირკულირებს მთელ მსოფლიოში. ის განიცდის მუტაციას, ჩნდება ახალი შტამები და პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევების ზრდა სხვადასხვა რეგიონში. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი გადატანილია ვირუსის მონიტორინგზე, დაცვის ზომების შენარჩუნებასა და ჰოსპიტალიზაციის მართვაზე.
რა შტამი ვრცელდება ახლა?
ბოლო თვეების განმავლობაში მთელ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, გავრცელებულ ვარიანტად ითვლება XFG, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Stratus. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის მონიტორინგის ქვეშ მყოფ ვარიანტად განსაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ მასზე დაკვირვება მიმდინარეობს იმის გამო, რომ იგი განიცდის მუტაციებს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ვირუსის თვისებებზე (მაგალითად, გადამდებობაზე ან იმუნური სისტემისგან თავის დაღწევის უნარზე).
გავრცელებული ინფორმაციით, შტრატუს ვარიანტს აქვს მუტაციის ისეთი ვარიანტი, რომ მას შეუძლია უკეთ აარიდოს თავი იმუნურ სისტემას და უფრო ეფექტურად შეუტიოს მას, ვიდრე წინა დომინანტურ შტამებს შეეძლო. ის, როგორც სხვა ახალი ვარიანტები, "ომიკრონის" შთამომავალი ხაზია.
არის თუ არა ახალი შტამი საშიში?
მათთვის, ვისაც უკვე გადატანილი აქვს COVID-19, ასევე ვაქცინირებული პირებისთვის ინფექციის მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში მსუბუქი ან ზომიერია. თუმცა, ნებისმიერ ვარიანტს, მათ შორის Stratus-საც, შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დაავადება, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში, ესენი არიან:
60 წელზე უფროსი ასაკის პირები;
ადამიანები ქრონიკული დაავადებებით (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, იმუნოდეფიციტი და სხვა);
ორსული ქალები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში გააუქმა COVID-19-ის გლობალური საგანგებო მდგომარეობა, რადგან მოსახლეობის იმუნიტეტის მაჩვენებელმა მოიმატა, თუმცა ვირუსის ცირკულაცია არ შეწყვეტილა.
რა სიმპტომები აქვს?
შტრატუს ვარიანტის სიმპტომები ძირითადად ემთხვევა ჩOVID-19-ის ზოგად სიმპტომებს, თუმცა მათი გამოხატულება და სიხშირე შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს წინა შტამებისგან.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
დაღლილობა, საერთო სისუსტე;
ცხელება, შემცივნება;
ხველა (ხშირად მშრალი);
ყელის ტკივილი ან ჩახეხვის შეგრძნება;
თავის ტკივილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
გაციების მსგავსი სიმპტომები (სურდო, ცხვირის შეგუბება).
სხვა შესაძლო სიმპტომები:
გემოს ან ყნოსვის დაკარგვა (აღინიშნება ნაკლებად, ვიდრე ადრეულ ვარიანტებში);
ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა;
გულისრევა, ღებინება, დიარეა;
"ტვინის ნისლი" (კონცენტრაციის პრობლემები).
ძალიან იშვიათია საგანგაშო ნიშნები, როდესაც აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტი. ესენია: სუნთქვის გაძნელება, ტუჩების ან ფრჩხილების გაფერმკრთალება/გალურჯება, მუდმივი ტკივილი ან ზეწოლა გულმკერდში, დაბნეულობა, გაღვიძების ან გამოფხიზლების პრობლემა.
როგორ გავფრთხილდეთ?
ვირუსის გავრცელების რისკის შემცირებისა და საკუთარი თავის და სხვების დაცვისთვის, რეკომენდებულია შემდეგი ზომების დაცვა:
ვაქცინაცია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რჩება მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება.
ნიღბის ტარება: გამოიყენეთ ნიღაბი ხალხმრავალ, დახურულ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში.
ვენტილაცია: უზრუნველყავით შენობების კარგი ვენტილაცია - გააღეთ ფანჯრები ან გამოიყენეთ ჰაერის ფილტრები.
ავადმყოფისგან დისტანცია: მოერიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვინც ავად არის ან აქვს სიმპტომები.
ტესტირება: თუ სიმპტომები გაქვთ ან კონტაქტში იყავით ინფიცირებულთან, ჩაიტარეთ ტესტირება.
ბოლოდროინდელი სტატისტიკა
ბოლო 28 დღის განმავლობაში (2025 წლის სექტემბრის დასაწყისის მონაცემები) მსოფლიოში დაფიქსირებულია შემთხვევების გარკვეული ზრდა (დაახლოებით 47,752-ით მეტი, ჯამში 114,882 შემთხვევა 69 ქვეყანაში), მაგრამ ეს რიცხვები ნაკლებად ასახავს რეალურ სურათს, რადგან ტესტირება ბევრ ქვეყანაში შემცირებულია.
ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, აშშ) სექტემბრის შუა რიცხვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი (100,000 მოსახლეზე) გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ აქტიური მონიტორინგი გრძელდება.
ამერიკის კონტინენტზე, მაგალითად, ტესტირების დადებითობის პროცენტი კვლავ ცვალებადობს, რაც ვირუსის აქტიურ ცირკულაციაზე მიუთითებს.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ჩOVID-19-ის გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, ვირუსი რჩება მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად. უახლესი შტამები, როგორიცაა XFG (შტრატუს), ავლენს იმუნური სისტემისგან თავის დაღწევის უნარს, რაც პრევენციული ზომების დაცვას კვლავ პრიორიტეტულს ხდის.
თამარ მამაცაშვილი