რა ხდებოდა სტადიონის ტრიბუნებზე და მათ მიღმა ესპანეთთან თამაშის დროს - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა სტადიონის ტრიბუნებზე და მათ მიღმა ესპანეთთან თამაშის დროს

დიდი ხანია არ მიბუზღუნია. თემა, რომელზეც ახლა მინდა ვილაპარაკო, ბევრის ბუზღუნ-ჯაჯღან-გინებას იწვევს.

მოკლედ, საქართველო-ესპანეთის თამაშზე მინდა, ჩემი ორიოდე მოსაზრება რომ დავწერო.

ნუ დამიწყებთ ახლა, ფეხბურთი რა შენი საქმეაო. ფეხბურთს საერთოდ არ შევეხები. რაც შეძლო საქართველოს ნაკრებმა ეს ყველამ ვნახეთ. ზოგი კმაყოფილია, ზოგი უკმაყოფილო... სხვათა შორის, ყველას აქვს არგუმენტები...

მე უფრო სტადიონის, ტრიბუნების, ქომაგებისა და თამაშის ორგანიზატორების შესახებ მინდა ვილაპარაკო.

დავიწყოთ იმით, რომ ბილეთებზე მატჩის დაწყების არასწორი დრო ეწერა. არ ვიცი, რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი შეცდომები, ვის არაპროფესიონალიზმს დავაბრალო... ალბათ მარტივი უყურადღებობა და "ფეხებზემკიდიობაა".

ყველამ ვიცით, რომ ორგანიზატორებმა ქომაგებს სთხოვეს, კარებთან ტრადიციული ჭყლეტვა რომ ავიცილოთ, მატჩის დაწყებამდე 1-2 საათით ადრე მოდითო. სხვისი არ ვიცი, მაგრამ საათნახევრით ადრე მისული, წერეთლის გამზირის მხრიდან, ჩრდილოდასავლეთის კუთხის ჭიშკარში შესვლას დაახლოებით 40 წუთს მოვუნდი. თან 12 წლის შვილი და მისი მეგობარი სერიოზულ საფრთხეში ჩავაგდე. ისეთი ჭყლეტვა, გინება და გაწევ-გამოწევა იყო, როგორც ადრეც სჩვეოდა პოპულარულ თამაშებზე შესვლის პროცესს.

ხალხიც, ტრადიციულად, დაცვის პოლიციას აგინებდა (თითქოს მათი გადაწყვეტილებით იღება ან იკეტება კარი), გამოჩდნენ ისეთებიც, ვინც პრეზიდენტი სააკაშვილი გაიხსენა და არსებული ჭყლეტვა პრეზიდენტის ბოროტ განზრახვას მიაწერა...

ცუდი განათების მიუხედავდ, ფოტოზე კარგად ჩანს ნახევრად დახურული ჭიშკარი, რომელშიც ბრძოლა-ბრძოლით მოგვიწია შესვლა

40-წუთიანი ჯიკაობის შემდეგ, როგორც იქნა, ეზოში აღმოვჩნდით და ჩვენ სექტორს მივაშურეთ. ჩემ სკამამდე მისვლისას, გზაზე საბუზღუნო არაფერი დამხვედრია, უბრალოდ, ერთმა კადრმა გამოიწვია ღიმილი: რა თქმა უნდა, ეს წარწერა განსაკუთრებულ ტუალეტს არ ნიშნავს, მაგრამ რატომღაც, გარემონტებული სტადიონისთვის სიმბოლურად მივიჩნიე და ტელეფონით ჩავაჩხაკუნე კიდეც.

თუმცა 1 საათის მერე იმ ადგილზე სულ სხვა სიტუაცია დამხვდა... მაგრამ ამაზე მოგვიანებით...

ბილეთი გვიან ვიყიდე და ძალიან მაღალი რიგი შემხვდა. ჩვენ რიგში სკამსა და იატაკს შორის იმხელა მანძილი იყო, ჩემი 12 წლის შვილი კი არა, 181 სმ სიმაღლის კაცი ვერ ვწვდებოდი ჯდომისას იატაკს. ვისაც ასეთი პოზა გამოუცდია, აუცილებლად მიხვდება საათნახევრიანი მატჩის ყურება როგორი გასაძლებია, როდესაც ფეხებს საყრდენი არ აქვს და ჰაერშია ჩამოკიდებული. ამ დროს ფეხი ძალაუნებრურად წინ მჯდომის სკამის საზურგისკენ გაგირბის, რომ ცოტა მაინც დაასვენო. ამ დროს შენს წინაც და უკანაც იგივე სიტუაციაა და, მოკლედ, გაჩაღდა ფეხსაცმლის მაისურებზე და პერანგებზე შეწმენდის პროცესი...

თამაში როგორც წესია, ჰიმნებით დაიწყო და... კარგა ხნით დამავიწყდა, რომ უხერხულ სკამზე ვიჯექი. ფეხბურთის ხარისხზე არ ვილაპარაკებ. ხშირად უფრო ტრიბუნებს ვუყურებდი, ვუსმენდი და შევიგრძნობდი... ასეთი სიამოვნება მართლა დიდი ხანია არ მიმიღია. ორი ტაიმი ქომაგი არ გაჩერებულა... ორწამიანი ელდის გარდა, რაც გოლს მოყვა. რა მაგარი გრძნობა იყო, როცა სტვენისა და ლანძღვის მაგიერ, გაშვებული გოლის წყენით გაჩუმებულმა სტადიონმა - საქართველო! საქართველო! დასჭექა...

მატჩამდე ზოგიერთები გულისწყრომით ამბობდნენ, სხვა თამაშებზე არ მოდის ხალხი და ესპანეთზე "ბარსა"-"რეალის" ფანობით გაივსება სტადიონიო... ძალიან ბევრი ფანი იყო რეალისაც და ბარსასიც. მაისურებიც ეცვა ბევრს, მაგრამ მთელი სტადიონი ხომ "საქართველო-საქართველოს" გუგუნებდა...

ძალიან ბევრ ასეთ პოპულარული გუნდების მატჩზე (გრანდებთან თამაშებს ვგულისხმობ) ვარ ნამყოფი, მაგრამ პირველად ვნახე, რომ შეხვედრის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 10 წუთი "დინამო-არენა" ხალხისგან არ იცლებოდა... ქომაგი იდგა და საქართველოს ნაკრებს პატივისცემას უმჟღავნებდა. ეს პატივისცემა თამაშის ხარისხის და შემთხვევითი "შტანგის" გამო კი არ მოდის. ყველამ დაინახა, რომ 11-ვე ფეხბურთელი მინდორზე თავგამეტებით იბრძოდა. სწორედ ეს შეაქო ქომაგმა, თორემ ყოველ აუტზე მოგერიებულ ბურთს სიხარულის ყიჟინა რომ მოსდევდა, ეს იმის ბრალი კი არ არის, ვინმე ფეხბურთში ვერ ერკვევა და არ ვიცით რა არის მოსაწონი და რა არა...

ეხლა ისევ ორგანიზატორებს მოვუბრუნდები.

არ ვიცი, სტადიონს ეკუთვნის, თუ ფეხბურთის ფედერაციას, მაგრამ რა გახდა, ხალხო, წელიწადში 4-5 დროშის შეკერვა, ყიდვა ან რა ვიცი კიდევ რა... აგერ ფოტოზეა გამოსახული როგორი დროშები ფრიალებდა სტადიონის თავზე.

ესპანეთის დროშა 5-ჯერ მაინც ჩამოუვარდება ზომით სხვა დანარჩენებს. არ მითხრათ ეხლა ამით მოწინააღმდეგის დემორალიზაციას ვაპირებდითო... ასეთი რამე ესპანეთში რომ გაგვიკეთოს ვინმემ, მე პირადად ძალიან მეწყინება და დარწმუნებული ვარ ჩემი მკითხველიც დამეთანხმება... არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ სადღაც კანადაში ჩვენებურმა სპორტსმენმა შეჯიბრი მოიგო და ორგანიზატორებს ქართული ჰიმნი არ აღმოაჩნდათ. ჰოდა მაშინ, პედესტალზე ასვლისას და დროშის აღმართვისას, თურმე შალახო დაუკრავთ, რომლის ჩანაწერიც ერთ-ერთი მწვრთნელის ფლეშკიდან გადაიწერეს...

დროშები მართლა არ ვიცი, ვისი მიზეზია, მაგრამ ყბადაღებული ტუალეტების თემა ხომ უშუალოდ სატადიონისაა. აგერ ფოტოზე ნახეთ რა ხდებოდა ერთ-ერთ საპირფარეშოსთან...

მართლა არ ვიცი რამდენი ტუალეტი დაამატეს. ვიცი, რომ რამდენიც არ უნდა იყოს - ისევ ცოტაა. რომ ითხოვთ, მოდით საქომაგოდო, პირობები ვინ უნდა შექმნას? ნათელაშვილის "დაწყებას" ელოდებით? მოკლედ ან ამდენმა ხალხმა არ უნდა იაროს თამაშებზე, ან ისევ კიბის ქვეშ მოშარდავს უმრავლესობა...

კიდევ ერთი ცუდი ფატის შესახებ დავწერ: სამხრეთის ტრიბუნიდან ორჯერ ისროლეს ბოთლი მინდვრისკენ. პირველ შემთხვევაში, ბევრს არ დაუნახავს, როგორ მოხვდა პლასტმასის ბოთლი ერთ-ერთ ოპერატორს.

მერე კი, როცა ესპანელები კუთხურს აწოდებდნენ, სავსე ნახევარლიტრიანი 2-3 მეტრით ასცდა ფეხბურთელს.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ცუდი ის კი არ არის, რომ მსროლელი ბანძია და მიზანს ააცდინა. ცუდია, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უმიზეზო აგრესიას ამჟღავნებენ და ამას გარდა, დაუფიქრებლად და სპონტანურად ისეთ ქმედებებს სჩადიან, რომლითაც ხალხის, ქვეყნის სახელის გატეხვა შეუძლიათ. საბედნიეროდ, ტრიბუნის ის ნაწილი, რომელიც ესაზღვრებოდა ინციდენტის მიდამოს საშინელი გინებითა და გულისწყრომით შეხვდა ამ ამბავს და ეს იმის მანიშნებელია, რომ ზემოხსენებული ტიპის მსგავსი გამო...ბი უმცირესობაში არიან.

და ბოლოს... თამაშზე შვილთან და მამასთან ერთად ვიყავი. მატჩის შემდეგ, სანამ შორს გაჩერებული ავტომობილისკენ მივდიოდით, გარშემო ხალხის ნაკადს ვაკვირდებოდით, და მასის ხასიათზე ვმსჯელობდით. დამარცხების გამო არავინ ჩანდა გულგატეხილი, ეტყობა ყველა რეალურად აღიქვამდა ჩვენსა და ჩემპიონთა ძალთა არათანაფარდობას, მაგრამ მამაჩემი უკმაყოფილო სხვა რამის გამო იყო: 25-35 წლის წინ, ასე ნაკადებად რომ ვბრუნდებოდით სტადიონიდან ("დინამოს" ყველა თამაშზე ივსებოდა სტადიონიო), სულ მატჩის გარჩევაში ვიყავით, - ყიფიანმა რა ფინტი გააკეთა, შენგელიამ როგორ შეაგდო და ასე შემდეგო...

სამწუხაროდ საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ, სათამაშო მომენტების გარჩევის თემა მხოლოდ სტადიონის ჭიშკრამდე მიგვყვა. ყველას გისურვებთ, რომ მალე ჩვენმა ნაკრებმა ისე ითამაშოს, რომ აღტაცებით სალაპარაკო და გასარჩევი არ მთავრდებოდეს...

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge