"არ შეიძინოთ მკვლელი ნივთები და სათამაშოები!“
ჩვენს ქვეყანაში ათეული წლებია ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაერთი პროდუქცია იყიდება. ლაპარაკია მასობრივი მოხმარების ნივთებზე, მათ შორის პროდუქტზე. ამჟამად საბავშვო პროდუქციაზე ვისაუბრებთ - ევროკავშირმა ბაზრიდან ამოიღო ჩინეთში ნაწარმოები და იმპორტირებული გასაბერი ბუშტები, პოპულარული სათამაშოების რამდენიმე ნაკრები და ბავშვთა ორთოპედიული სანდლები. ამ იაფი ნივთების შეძენა ძირითადად, ონლაინგამოწერებით ხდება. თუმცა ამ ნივთებს შეხვდებით სავაჭრო ობიექტებშიც. ამ თემაზე ექიმ-ენდოკრინოლოგ ლალა ხომაზურაშვილს ვესაუბრეთ:
- მასობრივი მოხმარების საგნებში ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების აღმოჩენა ყოველთვის აღმაშფოთებელია, განსაკუთრებით ბავშვთა სათამაშოებში, რომლებსაც ბავშვები განუწყვეტლივ ეხებიან და პირშიც იდებენ. ამჯერად რომელ საგნებსა და საზიანო ნივთიერებებზეა ლაპარაკი?
- საქმე ეხება რამდენიმე კონკრეტულ საბავშვო საგანს, რომელიც ევროკავშირმა ბოლო დღეებში ამოიღო ხმარებიდან. ეს არის რამდენიმე პოპულარული საბავშვო ნაკრები და აუზები. სასურველია ჩამონათვალი ხშირად ნახონ მშობლებმა მომხმარებელთა უფლებების ცენტრის გვერდზე, რათა დაიცვან შვილები. ნებისმიერ რამეს, რასაც ევროკავშირი ბაზრიდან იღებს, აქვს კოდი და ფოტო. რაც მთავარია, თავად ნივთზეა დატანილი და ჩამოთვლილი ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომელთა გამო ამოიღეს სათამაშო ხმარებიდან. ამჯერად ეს არის ჩინური სათამაშოების ნაკრები, ფერადი ბუშტების შეფუთვა (50-ცალიანი), საბავშვო სანდლები და ა.შ. ფაქტის სიმძიმე მდგომარეობს იმაშიც, რომ ეს არც პირველია და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ამიტომაც უნდა გაფრთხილდეს ჩვენი მომხმარებელი. რომ არა ევროკავშირი, შესაძლოა მსგავს პროცესებზე ყურადღება არც იყოს გამახვილებული, მათ შორის, არც ჩვენს ქვეყანაში, სადაც ბავშვთა დაავადებების პიკია. ევროკავშირი იკვლევს და ტეხს განგაშს ჯანმრთელობისთვის ისეთ საშიშ ნივთიერებებზე, რომელთაც მასობრივი მოხმარების საგნები შეიცავენ. როგორც წესი, ასეთი საქონელი იაფია და ამიტომაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს.
- დარწმუნებული ვარ, უმრავლესობამ არც იცის, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მსგავსმა საფრთხის შემცველმა ნივთებმა. მაგალითად, მოზარდებს წარმოდგენაც არა აქვთ, რომ საშრობი, რომელიც დასხივებით აშრობს ლაქს მათ ფრჩხილებზე, მელანომას იწვევს.
- მართალია, თუმცა მათ ონლაინგამოწერით მიღებული პროდუქტის სიიაფე და მრავალფერეოვნება უბიძგებთ.
- საინტერესოა, ამჯერად აკრძალული კონკრეტული სათამაშოები ჯანმრთელობისთვის რომელ საზიანო ნივთიერებას შეიცავს? მაგალითად, ფერადი ბუშტები რატომ არის მავნე?
- ამოღებულ ბუშტებში შედის ე.წ. ნიტროზამინები. ეს ის ტოქსიკური ქიმიური ნაერთია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიბოს უჯრედის ფორმირებაში კუჭსა და ნაწლავებში მოხვედრისას. ნიტროზამინი მარტივად გამოიყოფა ბუშტიდან იმ დროს, როდესაც მათ ბავშვი პირში იდებს ან უბრალოდ, თამაშობს.
თანამედროვე ინდუსტრია არაერთ ტოქსიკურ ნაერთს იყენებს წარმოებაში. თუმცა ამგვარი ნივთების მოხმარების დოზებსაც მნიშვნელობა აქვს. პატარებს ბუშტები მუდამ ხელში აქვთ, გაბერვისას ხშირად ღეჭავენ კიდეც. ამ დროს რეზინიდან ტოქსიკური ნაერთები გამოიყოფა და კუჭ-ნაწლავში ხვდება.
- ამის მოსმენისას აღარ გიკვირს რატომ გახშირდა ბავშვებში სიმსივნური დაავადებები.
- სამწუხაროდ, ასეა. რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ სათამაშოების გამო ხდება. მასობრივი მოხმარების სასურსათო პროდუქტებშიც პრობლემა გვაქვს, თუ სათამაშოებით წარმოქმნილ რისკებს დავურთავთ, ცხადია, უკეთესად ვერ ვიქნებით.
ევროკავშირმა ჩინეთიდან იმპორტირებული თოჯინების ნაკრებიც ტოქსიკური შემცველობის გამო აკრძალა. ის ტოქსიკურ ნივთიერება ფტალატს შეიცავს.
- ეს რა არის?
- ტოქსიკური ქიმიკატია, რომელიც არაერთ პროდუქტშია, კოსმეტიკური ნაწარმით დაწყებული, პლასტიკური კონტეინერების ჩათვლით. ფტალატი არც ისე დიდი ხნის შესწავლილია. მეცნიერებმა მას ჰორმონებთან მებრძოლი ქიმიკატი დაარქვეს, რადგან ჭარბი რაოდენობით კონტაქტისას ენდოკრინულ სისტემაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას.
ჩინეთიდან იმპორტირებული საბავშვო სანდლები ჩვენში უამრავ პატარას აცვია, არადა, მათ წარმოებაში გამოყენებულია ქიმიური ნივთიერება `ქრომ VI~ ანუ ექვსვალენტიანი ქრომი, ალერგიის გამომწვევი ნივთიერება და არა მხოლოდ კანზე, შესუნთქვისას სასუნთქ სისტემას აზიანებს.
- სავარაუდოდ, მომავალში გლობალური ინდუსტრია ვეღარ იარსებობს ამ ტოქსიკური ქიმიკატების გარეშე. გამოსავალი სად არის?
- ჯანსაღი ნაწარმი შედარებით ძვირად ღირებულია. ისევე, როგორც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები. გამოსავალი ძლიერი, წელში გამართული სახელმწიფოა, რაც, სამწუხაროდ, ვერ გვაქვს. თუმცა ჩვენი სახელმწიფო ჯერჯერობით მაინც იძულებულია მიჰყვეს ევროკავშირის დირექტივებს.
რამდენიმე დღის წინ ზედამხედველობის სააგენტომ ბაზარზე აკრძალა რიგი კოსმეტიკური ნაწარმისა და ჩინური თოჯინების ნაკრების გაყიდვა. თუმცა, როგორ შესრულდება ეს, საკითხავია.
გამოსავალი ჩვენი გონიერებაა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყალობით, არა მგონია ძნელი იყოს თვალი მივადევნოთ, რას აცხადებს ევროკავშირი საშიშად და ავარიდოთ საკუთარ თავსა და შვილებს. ყველა იმ ტოქსიკური ნივთიერების დასახელება, რომელთაც მასობრივი მოხმარების საგნები შეიცავს, ეტიკეტზეა აღნიშნული. იმედია, მშობლები წაიკითხავენ და შვილებს მკვლელ ნივთებსა და სათამაშოებს არ შეუძენენ.