"არ მესმის იმ ქართველების, ვისაც საქართველოში ჭერი აქვს და შვილებს მაინც ქუჩაში აცხოვრებს. ერთ-ერთ მშობელს შვილი ცხრა თვეა ჩამორთმეული ჰყავს და სასამართლოს საშუალებითაც ვერ იბრუნებს" - რას ჰყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი?
"საქართველო იცლება, თუკი ასე გაგრძელდა, გავქრებით!" - ამ სიტყვებს ხშირად გაიგონებთ მედიაში. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში სიმართლეა: ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მატერიალური პიროებები (არა მხოლოდ) ხალხს ქვეყნის მიტოვებას აიძულებს, რასაც ვერავის აუკრძალავ - ადამიანი ერთხელ იბადება, მატერიალური კეთილდღეობა მისი არჩევანია. ამიტომაც ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილმა საცხოვრებლად ემიგრაცია აირჩია. თუმცა, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს: იმის მიუხედავად, სად ცხოვრობენ შვილები, ისინი შვილებად რჩებიან და მშობელს მათი ბედი აფიქრებს. ასე გახდა ჩვენი ქვეყნის საფიქრალი ის უამრავი ემიგრანტი, რომელთაც ემიგრაცია აირჩიეს, მაგრამ უკეთესად ვერ აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, უფრო პირიქით. ამ დროს ბევრმა ჩვენგანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ევროპის არაერთმა ქვეყანამ ემიგრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაამკაცრა, რის გამოც ემიგრანტთა არცთუ მცირე ნაწილი ქუჩაში აღმოჩნდა, მათ შორის საფრანგეთში. სწორედ საფრანგეთია ის ქვეყანა, რომელიც მხსნელად ევლინებოდა მძიმედ დაავადებულ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, სამწუხაროდ, კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც არის შეცვლილი, რის შესახებაც
საფრანგეთში მცხოვრებ თარჯიმანს მანო თავართქილაძეს ვესაუბრეთ:
- ალბათ, უსათუოდ დაიწერება გამოკვლევა ქართული ემიგრაციის სხვადასხვა თაობაზე, რომელთაც ემიგრაციაში სხვადასხვა გზა გაიარეს. უმძიმესი იყო ემიგრაციის პირველი თაობის ხვედრი, თუმცა არც ბოლო თაობისაა უკეთესი, მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში ცხოვრების წესები მათ კარგად იციან.
- დღევანდელი ემიგრაცია უფრო გაცნობიერებულია, თუ როგორ უნდა იცხოვროს ემიგრაციაში, მაგრამ, ალბათ, ვინც ახლა საფრანგეთში ჩამოდის, ფსიქოლოგიურად უფრო მოუმზადებელია სტრესების გადასატანად, ვიდრე ემიგრანტების პირველი თაობა. ძირითადად, ქალები, რომელთაც მეტი მოთმინება და ნებისყოფა აღმოაჩნდათ. ერთიც არის - ევროპა იმდენად შეავიწროვა მოზღვავებულმა ემიგრაციამ, უკვე ძალიან გაუჭირდათ. შესაძლოა ეს მთავარი მიზეზი სულაც არ არის, მაგრამ საფრანგეთის მთავრობას ერთ წელიწადში ექვსჯერ ჩამოეშალა მთავრობა და რა გასაკვირია, რომ ევროპა იძულებული შეიქნა ემიგრანტული ქაოსის წინააღმდეგ კანონები გაემკაცრებინა. პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომია და ევროპა უპირველესად უკრაინელებს ეხმარება. ასე რომ, ქართულ ემიგრაციასაც უკვე ძალიან უჭირს აქ დამკვიდრება, რასაც ყოველთვის ახლავს მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმები. გამოგიტყდებით და, ტელეფონის ზარის მეშინია, რომ ქართული ემიგრაციის შესახებ რაიმე ცუდი არ მითხრან. სწორედ თქვენთან საუბრის წინ დამიკავშირდნენ და შემატყობინეს სამი ქართველი ახალგაზრდის დაღუპვის ამბავი. მათ შორის ორი სიმსივნით, ერთი კი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო გარდაიცვალა. არ ვიცი, საიდან ჩნდება საქართველოში ასეთი შოკური პროგრესიით სიმსივნე, მაგრამ ფაქტია, საფრანგეთში ამ დაავადებით უამრავი ბავშვი ჩამოდის. ცხადია, ამაში ჩვენი სახელმწიფოს დიდი "დამსახურებაა" - როდესაც ვერ აკონტროლებ, რას ჭამენ შენი მოქალაქეები, რომელი ტოქსიკური ნივთიერებებით არის გაჟღენთილი სივრცე, ცხადია, ასეთი უბედურება ბევრი იქნება. რაც შეეხება ნარკოტიკებს, ნარკოტიკი ევროპაში იოლად ხელმისაწვდომია და ბევრი ვერ უძლებს ცდუნებას, მით უფრო, რომ ემიგრანტობა სტრესია. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სტრესია, როდესაც ქუჩაში მცხოვრებ ქართველებს ხედავ.

სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, არ იყო ასე. სახელმწიფო ცდილობდა ადამიანებისთვის თავშესაფარი ზამთარში მაინც მიეცა, მაგრამ უკრაინის ომმა ეს მდგომარეობა შეცვალა, ბინადრობის უფლების მოპოვება ძალიან გართულდა, ავადმყოფებისთვისაც კი. არადა, საფრანგეთი იყო სახელმწიფო, რომელიც დაავადებულებს უყოყმანოდ იღებდა და დაზღვევასაც მაშინვე აძლევდა.
სწორედ ორი წლის წინ მიიღეს კანონი, რითაც მძიმე ავადმყოფებსაც შეუზღუდეს დაზღვევა, ვიდრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის სამი თვე არ შეუსრულდებათ. ამ კანონს დიდი გაფიცვები მოჰყვა, რადგან კლინიკებს მძიმე პაციენტების ქუჩაში გამოყრა უწევდათ, რის გამოც თავად ექიმები გაიფიცნენ. სახელმწიფოც იძულებული შეიქნა უკან დაეხია და მძიმედ დაავადებულები მიეღო სამკურნალოდ, თუმცა დაზღვევას მაინც არ აძლევს, შესაბამისად, არც ბინადრობის უფლებას.
ამიტომ მძიმედ დაავადებული ადამიანი ქუჩაში რჩება. რას აღარ ვცდილობთ, რომ ბავშვები მაინც სამკურნალო პროცედურების შემდეგ ქუჩაში არ იყვნენ, მაგრამ არ გამოგვდის. ქართველებსაც ვემუდარებით, რომ დროებით შეიფარონ. თუმცა არც ქართველთა უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ისე, რომ შეფარება შეეძლოს. ბოლო დღეებში 7 წლის მძიმედ დაავადებული გოგონა გვყავდა ქუჩაში. მხოლოდ დედამისი კი არა, ლამის ექიმიც ტიროდა, ამ ბავშვს ასე ვერ მოვარჩენო. ბოლო მომენტში შემთხვევით გამოჩნდა თავშესაფარი, თორემ ბავშვი მოგვიკვდებოდა. დაავადება ერთადერთი მიზეზია, რისთვისაც მგონია, რომ ადამიანმა აქ ქუჩაში ცხოვრებისთვის უნდა გაწიროს თავი. სხვა მხრივ კი
არ მესმის იმ ქართველების, ვისაც საქართველოში ჭერი აქვს და შვილებს მაინც ქუჩაში აცხოვრებს. ამ დღეებში ერთი ფრანგი მასწავლებელი დამიკავშირდა ქართველი ბავშვის შესახებ, რაც სკოლაში მივიღეთ, 439 დღე აქვს გაცდენილი და შეატყობინეთ მის მშობელს, რომ საქმეს სოციალურ სამსახურს გადავცემო. როცა ბავშვის დედა ძლივს ვიპოვე, აგრესიულად შემხვდა, აბა, ბავშვი სკოლაში როგორ ვატარო, ხან სად ვცხოვრობ, ხან სადო! თუ ასე გააგრძელა, ბავშვს სოციალური სამსახური ჩამოართმევს და სახელმწიფოს გადასცემს. ბევრია ასეთი შემთხვევა. ერთ-ერთ მშობელს შვილი ცხრა თვეა ჩამორთმეული ჰყავს და სასამართლოს საშუალებითაც ვერ იბრუნებს. სასამართლო ეუბნება, წარმოადგინე დოკუმენტები, რომ თუ ბავშვს დაიბრუნებ, შესაბამის პირობებში აცხოვრებო, მშობელს კი ეს პირობები არა აქვს და საიდან უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია?!
- თავად რა არგუმენტები მოჰყავთ იმის სასარგებლოდ, რომ ქუჩაში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე სამშობლოში თუნდაც ხელმოკლედ, მაგრამ საკუთარ ჭერქვეშ?
- ამაზე საუბარი აღიზიანებთ. რამდენჯერმე მითხრეს, აქ ცხოვრება გვაცალე, შენ თუ გაქვს აქ სამსახური, ჩვენც გვექნებაო. არადა, უმეტესობას მხოლოდ სახელმწიფოს დახმარება სურს. ასე გადის წლები. უბედურება ის არის, რომ საქართველოში მათმა ახლობლებმაც არ იციან მათი ამ მდგომარეობის შესახებ, თორემ, ალბათ, შეეცდებოდნენ, რომ სამშობლოში დაებრუნებინათ. მათ ატყუებენ, რომ კარგად არიან. ამ დღეებში ერთი ჩვენი თანამემამულის საუბარს შევესწარი ტელეფონით, მეგობარს ეუბნებოდა, აქ მშვენივრად ვართ, მეც ვმუშაობ, მეუღლეც, ბავშვებიც კარგად არიანო. არადა, ქუჩაში ცხოვრობენ. საუბარი რომ დაამთავრა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, რატომ ატყუებ, ხომ შეიძლება დაიჯეროს და თავადაც წამოვიდეს-მეთქი. მხოლოდ მხრები აიჩეჩა - აი, ეს არის პასუხი.
უკეთესი სათქმელი არც საქართველოს სახელმწიფოს აქვს, სწორედ მისი დამსახურებით მოდიან გაჭირვებით თავგზააბნეული ადამიანები არა უკეთეს, არამედ უარეს მდგომარეობაში ჩასაგდებად.