ტრამპი ნადირაძის „ტოპოლებზე“ სანადიროდ შექმნილი ამერიკული „სულებით“ დღეს ირანს ბომბავს... - კვირის პალიტრა

ტრამპი ნადირაძის „ტოპოლებზე“ სანადიროდ შექმნილი ამერიკული „სულებით“ დღეს ირანს ბომბავს...

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა ის, რაც ვერ გაბედა აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, როდესაც 1979 წელს ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ თეირანში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მძევლებად აიყვანეს ამერიკელი დიპლომატები.

მაშინ, 1980 წლის 24 აპრილს, ამერიკული "დელტას" მონაწილეობით და მძიმე შვეულმფრენების გამოყენებით დაწყებული სპეცოპერაცია "არწივის კლანჭები" 53 ამერიკელი მძევლის გასათავისუფლებლად დასაწყისშივე სამარცხვინოდ ჩაფლავდა - ამერიკული შვეულმფრენი თვითმფრინავს შეეჯახა და ორივე აფეთქდა, რის შემდეგად პრეზიდენტ კარტერის ადმინისტრაციამ უარი თქვა ირანის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.

მისმა შორეულმა მემკვიდრემ, პრეზიდენტმა ტრამპმა კი პირიქით, 2025 წლის 22 ივნისს 14 მძიმე ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი დააყარა ირანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიწისქვეშა ბირთვულ ქარხანას. ტრამპი დღემდე ტრაბახობს, რომ ამ საჰაერო ოპერაციის ჩატარება მსოფლიოში საუკეთესო B-2 შპირიტ-ის "უჩინმაჩინი" "სულების" ბომბდამშენებით შეძლო. მაგრამ ტრამპს ნამდვილად არ ეცოდინება, რომ ამერიკული "სულების" შექმნის გადაწყვეტილება სწორედ კარტერის პრეზიდენტობის დროს, 1979 წელს მიიღეს და უკვე აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მმართველობისას შეასხეს ხორცი - ყოველივე ეს კი დაკავშირებული იყო ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძის სახელთან.

1970-იანი წლების მიწურულს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის "ცივმა ომმა" აპოგეას მიაღწია და მსოფლიო ბირთვული დაპირისპირების წინაშე რეალურად დადგა - ამ ორ ზესახელმწიფოს ერთმანეთისთვის ათასობით ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა დამიზნებული, რომელთაც მოწინააღმდეგის ტერიტორიამდე მისაღწევად 20-30 წუთი თუ სჭირდებოდათ. მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებოდა პირველი ბირთვული დარტყმის დასწრებას, რათა მოწინააღმდეგე მხარეს შემხვედრი საპასუხო ბირთვული შეტევებით არანაკლები სასტიკი შურისმაძიებელი დარტყმები არ მიეყენებინა ომის დამწყებისთვის.

2-top-1759696446.jpg
ალექსანდრე ნადირაძის ბირთვულქობინიანი "ტოპოლი" და მისი მოდერნიზებული ვარიანტები "ტოპოლ-მ"-ები და "იარსები"

ამისთვის საჭირო გახლდათ მოწინააღმდეგე მხარის საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების მიწისქვეშა სასტარტო შახტების ზუსტი კოორდინატების დადგენა და პირველი ბირთვული დარტყმის ზუსტად მათთვის მიყენება, რათა მოწინააღმდეგეს აღარ დარჩენოდა საპასუხო ქმედებებისთვის გამართული ბირთვულქობინიანი რაკეტები.

ამ პერიოდისთვის კოსმოსური დაზვერვა ფეხს იკიდებდა და უკვე შეეძლო ავტომობილის ზომის საგნების გარჩევა ხმელეთზე (განსაკუთრებით კი ტექნიკურად უფრო სრულყოფილ ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრებს). შესაბამისად, ამერიკელებს ჰქონდათ თითქმის ყველა საბჭოთა სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტის შახტის ფოტოები და ზუსტი კოორდინატები მათთან ბირთვული ქობინების "სტუმრობისთვის", ისევე როგორც საბჭოთა დაზვერვაც ფლობდა ამერიკული სარაკეტო ბაზების "მისამართებს".

თუმცა იყო ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსი - უფრო თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურით აღჭურვილი ამერიკული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები მეტი სიზუსტით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ანალოგიური დანიშნულების საბჭოთა რაკეტები, რის გამოც კრემლში არცთუ ტყუილად ნერვიულობდნენ, რომ პირველი ბირთვული დარტყმის შემთხვევაში ამერიკელებს შეიძლება მწყობრიდან გამოეყვანათ ყველა საბჭოთა სახმელეთო ბაზირების საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის მიწისქვეშა შახტი, რაც იქიდან მათ სტარტს და შესაბამისად, შურისმაძიებელ დარტყმას ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე შეუძლებელს გახდიდა. მოსკოვი მხოლოდ ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების იმედზე თუ იქნებოდა, თუმცა ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეში მოცურავე საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავები ისეთ ხმაურს გამოსცემდნენ, რომ მათი აღმოჩენა ამერიკული მრავალდანიშნულების ატომური წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებს არ უჭირდათ და მათ უჩუმრად კუდში დაჰყვებოდნენ, საჭიროების შემთხვევაში სატორპედო იერიშის მისატანად, რათა საბჭოთა მეზღვაურებს ვერ მოესწროთ მოსკოვიდან მიღებული ბრძანების შესრულება და ჩრდილოეთ ამერიკისკენ ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების გაშვება.

რჩებოდა კიდევ ერთი გამოსავალი - ბალისტიკური რაკეტების ხშირი გადაადგილება ხმელეთზე, რათა ამერიკულ თანამგზავრულ და აგენტურულ დაზვერვას ვერ მოესწრო მათი ახალი სასტარტო პოზიციების დადგენა. ამისთვის კი საჭირო გახლდათ ისეთი მობილური სარაკეტო დანადგარები, რომლებიც რამდენიმე ათეულტონიან რაკეტას უპრობლემოდ წაიღებდნენ ჩვეულებრივ ასფალტირებულ გზაზე, ასევე გრუნტზეც და საჭიროების შემთხვევაში სწრაფადაც გაუშვებდნენ სხვა კონტინენტისკენ.

ასეთი მობილური სარაკეტო კომპლექსების შექმნა საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაწყებული ჰქონდა ჩვენს თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძეს, რომელიც მაშინ "საბჭოთა კოსმოსის მამაზე", სერგეი კოროლიოვზე არანაკლებ გასაიდუმლოებული კონსტრუქტორი გახლდათ და მის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება კატეგორიულად იკრძალებოდა.

1965 წელს საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Темп-С ტიპის მობილური სარაკეტო კომპლექსი, რომლის მთავარი კონსტრუქტორი ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ. რვაბორბლიანი მაღალი გამავლობის მანქანიდან სტარტაღებულ 9,3 ტ მასის ორსაფეხურიან მყარსაწვავიან რაკეტას 900 კმ სიშორეზე 300 კილოტონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი სიმძლავრის ერთი ბირთვული ქობინი მიჰქონდა, რაც დიდ საბრძოლო უპირატესობას მისცემდა საბჭოთა გენერალიტეტს, ოღონდ არა ჩრდილოეთ ამერიკის დასაბომბად. ამისთვის უფრო შორს მფრენი სარაკეტო სისტემა იყო საჭირო (ისე კი ნადირაძის Темп-С ტიპის 12 მობილური სარაკეტო დანადგარით შეიარაღებული 119-ე სარაკეტო ბრიგადა საქართველოში, საგარეჯოს რაიონის გომბორის დასახლებაში 1983 წლამდე იყო განთავსებული და კახეთიდან ეს ბირთვულქობინიანი რაკეტები ნატოს წევრი თურქეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ჰქონდა დამიზნებული).

ამიტომაც კრემლის დავალებით ნადირაძის საკონსტრუქტორო ბიურომ 1965-76 წლებში შექმნა მსოფლიოში პირველი სერიული წარმოების საკონტინეტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი მობილური სარაკეტო კომპლექსი Темп-2С, რომლის 41 ტ-იან რაკეტას მაქსიმალურ 10 500 კმ-ზე 1,5 მეგატონის სიმძლავრის ბირთვული ქობინის მიტანა შეეძლო ანუ ნადირაძის ამ რაკეტით აშშ-ზე ბირთვული შეტევა ისე შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის უკიდეგანო ტერიტორიის რომელიმე უღრანი ტყიდან, რომ ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრები მათ ადრეულად ვერ აღმოაჩენდნენ.

Темп-2С-ს ბაზაზე ნადირაძის საკონსტრუქტორო ბიურომ მალევე შექმნა 5 500 კმ საბრძოლო რადიუსის მქონე საშუალო სიშორის მობილური სარაკეტო კომპლექსი Пионер-ი, რომელიც კრემლმა აღმოსავლეთ ევროპაში განალაგა და მას ნატოში "ევროპის რისხვა" შეარქვეს, რადგან ნატოს წევრი ევროპის ნებისმიერი ქვეყნის დედაქალაქამდე შეეძლო მიეტანა 150 კილოტონა სიმძლავრის სამი ბირთვული ქობინი.

ალექსანდრე ნადირაძის საკონსტრუქტორო ტრიუმფად კი იქცა სტრატეგიული დანიშნულების სამსაფეხურიანი მობილური სარაკეტო კომპლექს РТ-2ПМ «Тополь»-ის შექმნა - აშშ-ს დაემუქრა 11 ათას კმ-ზე მფრენი და 800 კილოტონა ტროტილის სიმძლავრის ბირთვული ქობინის გადამტანი 45-ტონიანი რაკეტა, რომელიც ტყე-ღრეში მალულად გადაჰქონდა 12-ბორბლიან მაღალი გამავლობის მანქანას და რაკეტის გაშვება ჩრდილოეთ ამერიკისკენ ნებისმიერ მომენტში შეეძლო ისე, რომ ამერიკული თანამგზავრები უძლურები იყვნენ ნადირაძის "ტოპოლები" აღმოეჩინათ.

და თუნდაც აღმოეჩინათ რუსეთის სადმე შუაგულში ვაშინგტონზე დამიზნებული ნადირაძის "ტოპოლი", რითი უნდა გაენადგურებინა ის პენტაგონს? ამერიკული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების სამიზნის "გასწორება" იმდენ დროს მოითხოვდა, რომ ნადირაძის "ბორბლებიანი" რაკეტები უკვე ათეული კილომეტრით დაშორებული იქნებოდნენ იმ ადგილიდან. და ამხელა, უზარმაზარი შესავლის შემდეგ მივადექით მთავარს - თუ რატომ შექმნეს ამერიკელებმა "უჩინმაჩინი" B-2 შპირიტ-ი.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიის შუაგულში, საიდანაც მოსალოდნელი იყო ნადირაძის მობილური "ტოპოლების" სტარტი, ჩვეულებრივი ამერიკული ბომბდამშენები ვერ მიაღწევდნენ, რადგან საბჭოთა ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა მათ აუცილებლად ჩამოაგდებდა. საჭირო იყო ისეთი საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის აღმოჩენაც საბჭოთა რადიოლოკაციურ სადგურებს ძალიან გაუჭირდებოდათ.

და სწორედ ამიტომაც 1980-იან წლებში აშშ-მა კოლოსალური თანხა, 45 მლრდ დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ აეგო 21 ერთეული "სტელსის" ტექნოლოგიით შექმნილი სტრატეგიული დანიშნულების "უჩინმაჩინი" B-2 Spirit-ი, რომელთა მთავარი საბრძოლო ამოცანა გახლდათ საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცის სიღრმეში ფარულად შეღწევა და თავისი, იმ დროისთვის ულტრათანამედროვე რადიოლექტრონული აპარატურის გამოყენებით აშშ-ზე დამიზნებული ალექსანდრე ნადირაძის მობილური სარაკეტო "ტოპოლების" აღმოჩენა და განადგურება, სანამ ნადირაძის ბირთვულქობინიანი რაკეტები ვაშინგტონისა თუ ნიუ-იორკისკენ აიღებდნენ სტარტს.

საბედნიეროდ, პირველი "ცივი ომი" არ გადაიზარდა მესამე მსოფლიო ომში, რასაც საბჭოთა კაშირის დაშლამაც შეუწყო ხელი, მაგრამ საბჭოთა იმპერიის ადგილზე დარჩენილმა რუსეთმა თავად დაიწყო "ბრჭყალების" გამოჩენა - რუსეთის იმპერიის აღდგენის ოცნებით, შესაბამისად, ამერიკული "სულების", B-2 Spirit-ების პირველადი საბრძოლო ამოცანაც, რუსეთის ტყეებში მობილური სარაკეტო დანადგარების აღმოჩენა-განადგურება, ძალაშია, თუნდაც იმიტომ, რომ პუტინის არმიის არსენალში არის ჯერ კიდევ ალექსანდრე ნადირაძის სიცოცხლის პერიოდში შექმნილი "ტოპოლები" და ასევე მათი მოდერნიზებული ვარიანტები - "იარსები", რომლებიც პუტინს ტრამპის ამერიკაზე აქვს დამიზნებული.