"თურქეთში უნდა ჩავიდეთ მოსაგებად!“
"თურქეთში არის აუცილებლად მოსაგები თამაში, მე ველი, რომ იქნება თამამი ტაქტიკა და შემტევი ფეხბურთი" - ამბობს სპორტული ჟურნალისტი და ტელეკომენტატორი ლევან სალუქვაძე და საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის ტაქტიკასა და საქართველოს ნაკრების თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების შანსებს აფასებს...

- როგორ შეაფასებთ სანიოლის პირველ ორ მატჩს თურქეთსა და ბულგარეთთან და ასევე მის ტაქტიკურ სიახლეებს იმ ორ თამაშში?
- დასაწყისი იყო ცუდი ანუ პირველ მატჩში თურქეთთან იყო მომენტი, როდესაც ყველას გვეგონა, რომ თამაში უკვე მსაჯის სასტვენამდე დასრულებული იყო ჩვენთვის არასასურველი ანგარიშიდან გამომდინარე, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო მაყურებლისთვის მოგების იმედის დაბრუნება. ჩვენს გუნდს 0-3-ითაც შესძლებია ბოლომდე ბრძოლა და ოდნავ რომ გაგვმართლებოდა, ბოლო წამებზე რაღაც შანსი გვქონდა, რომ არ წაგვეგო, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ.
თუმცა, მხოლოდ "არ წაგვეგო" არ იყო ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, თანაც ასეთ რთულ ჯგუფში მეტოქესთან სახლში წაგება არ იყო სასიხარულო. რაც შეეხება ტაქტიკური ცვლილებების შეფასებას, თურქეთის მხარის მატჩისწინა შეფასებებში ნათქვამი იყო, ნელი დაცვა ჰყავთ და ამით უნდა ვისარგებლოთო... საბოლოოდ, ვნახეთ, რომ ასეც მოხდა. ჩვენც რომ შესაბამისად მოვმზადებულიყავით მათი შემუშავებული გეგმის წინააღმდეგ, ალბათ უკეთესი იქნებოდა, მით უმეტეს, მეტოქემ თუ ეს უკვე იცოდა. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებული იყო და ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ არანაკლები დანაკლისი იყო გიორგი კიტეიშვილიც.
მეორე თამაშზე ბულგარეთთან ჩვენმა ნაკრებმა მოინდომა და დაგვანახა, რომ აუცილებლად მოსაგები თამაშის ცოდნაც მაღალი დონის გუნდის თვისებაა - გამოვიდნენ წყნარად, მშვიდად და მოიგეს, როგორც საჭირო იყო, დამაჯერებელი ანგარიშით და ეს, რა თქმა უნდა, მახარებს, რადგან ყოფილა შემთხვევა, როდესაც მსგავსი მნიშვნელობის მატჩებში ან გვიწვალია და ისე მოგვიგია, ან საერთოდ ვერა და ასეთი მატჩის ასე მოგება უკვე მიუთითებს, რომ დღეს ჩვენ უკვე რაღაცას წარმოვადგენთ სანაკრებო დონეზე და ეს ძალიან მიხარია.

- წინ ძალიან რთული ორი მატჩი გველის - 11 ოქტომბერს ესპანეთთან, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან. როგორ შეაფასებთ ჩვენს შანსებს?
- ვნახეთ, ესპანელებმა როგორც დაამარცხეს თურქეთის ნაკრები, თანაც თურქეთში და ცოტა შევშინდით კიდეც. ჩვენც ახლო წარსულში გვქონდა ეს საკუთარ თავზეც გამოცდილი, როცა ესპანეთმა დაგვამარცხა "დინამო არენაზე". ასე რომ, დიდად გასაკვირი ეს არ ყოფილა. ესპანეთის ნაკრები, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერია.
- რეალურად ამ ორ თამაშში უნდა გადაწყდეს, ვიმსახურებთ თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს. გვაქვს შანსი?
- გამიმართლა, რომ ესპანეთის მატჩს დავესწრები როგორც გულშემატკივარი. გულშემატკივრობა ასე მესმის - უნდა მიხვიდე გუნდის გვერდში დგომისთვის და გამარჯვების აღსანიშნავად, ამჯერად კი შანსი იმისა, რომ გავიმარჯვოთ, პატარაა. ვფიქრობ, მთავარი მატჩი იქნება თურქეთთან, რომელიც სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის, ტალანტებითაა დაკომპლექტებული, თანაც საკუთარ კედლებში თამაშიც ბევრ თავდაჯერებას გმატებს ფეხბურთელს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ უშანსოდ არ ვიქნებით. გავბედავ და ვიტყვი, რომ დიდი სენსაცია არ იქნება, რომ ჩვენ მოვიგოთ. თურქეთში უნდა ჩავიდეთ მოსაგებად და არ უნდა ვიყოთ ჩვენი ჯგუფის სხვა ქვეყნებსა და მათ შედეგებზე დამოკიდებული. ეს უნდა იცოდნენ მწვრთნელმაც და მთელმა ჩვენმა გუნდმა. ვიცით, ყველა ჟურნალისტმა, კომენტატორმა თუ ქომაგმა, რომ თურქეთში არის აუცილებლად მოსაგები თამაში. მე ველი, რომ იქნება თამამი ტაქტიკა და შემტევი ფეხბურთი.
- თქვენ როგორი ტაქტიკით ითამაშებდით თურქეთთან მატჩში?
- არ მიყვარს მსგავს კითხვებზე დეტალურად პასუხის გაცემა, რადგან ზოგს ჰგონია, პრეტენზია მაქვს, რომ სანიოლზე მეტი ვიცი ან მასზე მეტი გამოცდილება მაქვს. ვიტყვი ორი სიტყვით: შემტევი ტაქტიკით, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ის გუნდი, რომელიც საუკეთესოა დაცვაში. ასე რომ, ჩვენი საუკეთესო თადაცვა უნდა იყოს თავდასხმა. ეს არის, ჩემი აზრით, ამ მატჩის ფორმულა, თუმცა მწვრთნელი მიხედავს ყველაფერს. ჩვენ მხოლოდ შეფასების უფლება გვექნება, როდესაც მატჩი დასრულდება. თამამი ტაქტიკით გავიყვანდი გუნდს - თურქეთსაც ჰყავს ვარსკვლავი ფეხბურთელები და ჩვენც, ვინც უკეთ ითამაშებს, ის მოიგებს. თურქები აუცილებლად გამარჯვებისთვის ითამაშებენ, მაგრამ დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ არის თურქეთის ნაკრები და იმედი მაქვს ჩვენი ბიჭების.
- სანიოლმა ნამდვილად გვაჩუქა დაუვიწყარი დღე, როდესაც პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე და მისი ყოველთვის დიდი მადლობელი ვიქნებით. ის უკვე ფეხბურთის ისტორიაშიც ჩაიწერა ოქროს ასოებით, მაგრამ ხომ არ თვლით, რომ მან საკუთარი თავი ჩვენს ნაკრებში ამოწურა და ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება?
- ზუსტად აღნიშნე - ძალიან დიდი მადლობა ამ კაცს, რადგან სულ რომ ათჯერ გავიდეთ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე, იმ სიხარულს ვერაფერი გადაფარავს. რაც შეეხება თავის ამოწურვას, ფეხბურთია, სპორტია, რაგბიშიც გვქონდა წარმატებები კლოდ სორელის წყალობით, მაგრამ გავუშვით, კალათბურთია და, კოკოშკოვმაც ბევრჯერ გაგვახარა, და ისიც გავუშვით. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცუდი სპეციალისტი იყო? თავად სანიოლმა ისე ასწია ჩვენი ნაკრების თამასა, რომ ყოველთვის ჯგუფიდან გასვლა გვენდომება. სანიოლს ძალიან ვაფასებთ და გვიყვარს, თუმცა იმაშიც ვერავინ შეგვედავება, რომ მასზე მაღალკვალიფიციური მწვრთნელებიც არსებობენ. თუ მომავალ დავალებებს ვერ შევასრულებთ, თუნდაც ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას, რაც არანაკლებ რთული იქნება, მაშინ შეიძლება ამაზე ფიქრი და ვერც ვხედავ ამაში ტრაგედიას ან უმადურობას... დი მატეომ "ჩელსის" ლიგა მოაგებინა და გაუშვეს, იუპ ჰაინკესმა ორ სხვადასხვა გუნდთან შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება და ისიც გაუშვეს - ხდება ფეხბურთში ასეთი რამ და როდესაც არის ხოლმე წარუმატებლობა, გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. სხვა მწვრთნელმა შეიძლება ფეხბურთელებში სხვა რამ დაინახოს, ისეთი რამ შეამჩნიოს, რასაც მისი წინამორბედი ვერ ამჩნევდა. სწორედ ასე იქმნება პროგრესი. წინასწარ ნუ ვისაუბრებთ და გამარჯვება ვუსურვოთ როგორც ჩვენს ბიჭებს, ისე მათ მწვრთნელსაც. თუ ყველაფერს ისე გააკეთებენ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინონ, ყველაფერი კარგად იქნება.
ნიკოლოზ თევდორაშვილი