კანონიერია თუ არა ვიდეოკამერის ქუჩაში დამონტაჟება, როგორ ვაჩუქოთ ბინა გათხოვილ ქალიშვილს, რა შემთხვევაშია სარდაფი საკუთრების ობიექტი - იურისიტის პასუხები
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
ჩემს მეუღლეს აღებული ჰქონდა ბიზნესსესხი, რომელიც არ იყო იპოთეკით დატვირთული, მაგრამ, როგორც ხდება, ბანკი გვედავება სესხის დაფარვას და სახლს ვერ (ან) არ ვიფორმებთ. რამდენი წელი დასჭირდება, რომ სესხი ჩამოგვეწეროს?
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის ვალდებულებაზე მოქმედებს ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. თუ ბანკს მიმართული აქვს სასამართლოსთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებისას სააღსრულებო ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი.
უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, რომელიც თაობიდან თაობაში ჩემს საგვარეულოს ეკუთვნოდა, კომუნისტებმა კოლექტიურ საკუთრებად აქციეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გვინდოდა ჩვენი მიწის დამუშავება, აღმოჩნდა მოდავე, თითქოს მისი იყო. თურმე ბაბუის მამას მისი დიდი მამიდა ჰყოლია ცოლად. თუმცა ამ ოჯახს შთამომავალი არ დარჩა. შესაბამისად, საგვარეულო მიწა, რომელსაც მთელი სოფელი და სამეზობლო გვიდასტურებს, რომ ჩვენი იყო, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 90-იანებში მაინც ვერ დავამუშავეთ. ახლა მიწის უფასო რეგისტრაციის დროს ავაზომვინე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანის, რომელიც გვედავებოდა, შთამომავლებსაც აუზომავთ და ჩემს მიწაზე გაუკეთებიათ ზედდება. აქედან გამომდინარე, ვერ დავირეგისტრირე, ხოლო მიმდებარე მიწები ჩემი საკუთრებაა და დავირეგისტრირე. როგორ მოვიქცე, რომ მოხდეს მიწის აღიარება და საბოლოოდ მოგვარდეს ეს საქმე?
- თუ თქვენ არა გაქვთ უფლებადამდგენი დოკუმენტები, რაც ადასტურებს თქვენი ან თქვენი წინაპრების მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას, მაშინ უნდა დაადასტუროთ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს 2007 წლის სექტემბრამდე ფლობდით, ამუშავებდით და დღემდე სარგებლობთ. ასევე შესაძლებელია მეორე მხარეს მოურიგდეთ ზედდების შესწორების მიზნით. რადგან მიწის ნაკვეთებზე არის ზედდება, რეგისტრაციაზე უარი უნდა გაასაჩივროთ სასამართლო წესით.
ნაყიდი მაქვს მიწის ნაკვეთი, სანამ მოხდებოდა მიწების რეგისტრაცია. ამ მომენტში ნაკვეთი დარეგისტრირებულია მის პირვანდელ მფლობელზე, რომელიც გარდაცვლილია, ხოლო მისი ერთადერთი მემკვიდრის ადგილსამყოფელი ვერ დავადგინე. არა მაქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. მყავს მოწმეები (სამი კაცი), რომლებიც ესწრებოდნენ მორიგებას და ანგარიშსწორებას. რისი გაკეთება შეიძლება, რომ მიწის ნაკვეთი დავირეგისტრირო?
- ნასყიდობის ფაქტის არსებობის ნამდვილობისთვის აუცილებელია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული, ან უშუალოდ საჯარო რეესტრში (იუსტიციის სახლში) დადებული ხელშეკრულება.
სტრასბურგში გავგზავნე საჩივარი დოკუმენტებით, რომელიც ფოსტამ დაკარგა. იგივე საჩივარი გავგზავნე ხელმეორედ, გზავნილში დაფიქსირდა მისი ადრესატისათვის ჩაბარება. დარწმუნებისათვის მივმართე სტრასბურგის სასამართლოს, მიიღეს თუ არა ჩემი საჩივარი. პასუხი არ მომსვლია. როგორ გავიგო?
- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან კომუნიკაცია ხდება წერილობით. თუ პასუხი არ მოსულა, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე ან მოითხოვოთ საქმის ნომრის დაზუსტება.
მაქვს სესხი, რომელიც გადასულია ფინბიუროში უკვე 5 წელია. 2 წლის წინ მაქვს 1-ჯერ 50 ლარი შენატანი. როგორ მოვიქცე? ვერ გადავიხდი ამდენს, არა მაქვს ამხელა შემოსავალი.
- თუ ბოლოს 2 წლის წინ გადაიხადეთ თანხა, ეს ხანდაზმულობის ვადას განაახლებს. ახლა ხელახლა ითვლება 3-წლიანი ვადა. გამოსავალია ფინანსურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება ან სასამართლოში დავის წამოწყება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
მაქვს სესხი თიბისი ბანკში, სხვადასხვა განვადებები და სესხები გაერთიანებული, 7-8 წელია არ შემიტანია და საქმე ფინბიუროშია. არის შანსი, რომ ხანდაზმულობა მიენიჭოს და ჩამომეწეროს?
- თუ ამ პერიოდში სესხი არ გადაგიხდიათ და ფინბიურომაც არ მიმართა სასამართლოს, შესაძლებელია სესხის ხანდაზმულად ცნობის თაობაზე მიმართოთ სასამართლოს. თუ არსებობს თქვენ მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ სააღსრულებო ფურცლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით.
მყავს ქალიშვილი, რომელიც გათხოვილია და მინდა მის სახელზე გავაფორმო ჩემი ბინა. ვთქვათ, მოხდა ისეთი გაუთვალისწინებელი რამ, რომ დაშორდნენ ერთმანეთს, განქორწინების შემთხვევაში მის ქმარს ხომ არ შეეძლება იმ ბინიდან წილის მოთხოვნა?
- თუ თქვენსა და თქვენს ქალიშვილს შორის დაიდება ნასყიდობის ხელშეკრულება, მაშინ მის მეუღლეს განქორწინების შემთხვევაში ექნება უფლება, რომ მოითხოვოს ბინის ნახევარი, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონებისა. თქვენს შემთხვევაში უმჯობესი იქნება ქალიშვილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაუფორმოთ ბინა, რადგან ქორწინების პერიოდში ნაჩუქარი და მემკვიდრეობით მიღებული ქონება არ ითვლება მეუღლეთა საერთო საკუთრებად და განქორწინების შემთხვევაში მეუღლე ვერ მოსთხოვს წილს.
გავყიდეთ ბინა და კორპუსში დავიტოვეთ სარდაფი, რომელიც გაფორმებულია ჩვენს სახელზე და აქვს საკადასტრო კოდიც. ჩვენ ახლა ქირით ვცხოვრობთ. ბინა ავარიულია და როგორც გავიგეთ, ჩანაცვლების პროგრამით აპირებენ ახლის აშენებას. გვეუბნებიან, რომ სარდაფი უნდა დავცალოთ და ჩვენ ეს ფართი დაგვეკარგება. ფაქტობრივად, სხვა არაფერი გაგვაჩნია საკუთრებაში. ჩანაცვლების თანხმობაზე ხელი ჩვენც მოგვაწერინეს და სარდაფის ზომებიც აიღეს. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ერთადერთი ქონებაც არ დავკარგოთ?
- თუ სარდაფი გაქვთ რეგისტრირებული საკადასტრო კოდით, ის საკუთრების ობიექტია და უნდა მოხდეს მისი კომპენსაცია ან ჩანაცვლება. ამდენად, არა აქვთ უფლება უარი გითხრან კომპენსაციაზე ან ჩანაცვლებაზე. უარის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს.
ბინა და მანქანა ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სახელზეა. ჩემი შვილი ჩემი თანხმობის გარეშე შეძლებს თუ არა ეს ქონება თავის სახელზე გადაიფირმოს?
- მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ სამკვიდროს გახსნის თაობაზე განცხადებით ნებისმიერ ნოტარიუსს, ხოლო 6 თვის შემდგომ საჭირო იქნება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი გზით მიღების წესის დადგენა. თქვენს შვილს შეუძლია თქვენგან დამოუკიდებლად მიმართოს ნოტარიუსს და მისი კუთვნილი წილი მიიღოს სამკვიდროდან 6 თვის ვადაში, 6 თვის შემდგომ კი, თუ თქვენი წილი არ გექნებათ მიღებული, არსებობს იმის რისკიც, რომ სრული სამკვიდრო ქონება მიიღოს მხოლოდ მან.
ონლაინმაღაზიაში ნივთი ვიყიდე, თანხა ჩავრიცხე ანგარიშზე და რომ მომიტანეს, არ აღმოჩნდა ისეთი, რაც მქონდა შეკვეთილი. კურიერს მოვთხოვე უკან წაღება, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა, მე არა ვარ იმ მაღაზიის თანამშრომელი, კურიერი ვარო. დავუკავშირდი ისევ იმათ, ვისგანაც მქონდა გამოწერილი, მაგრამ ნივთს უკან არ იბრუნებენ. რა შეიძლება გავაკეთო, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი ხომ არსებობს? ვის მივმართო?
- მომხმარებელს უფლება აქვს შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი. ეს წესი იმიტომ მოქმედებს, რომ ელექტრონული ვაჭრობის დროს მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას პირადად შეაფასოს და მოიწონოს საქონელი, ამიტომაც უფლება ეძლევა 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი. თუ გამყიდველი არ იბრუნებს ნივთს და ირღვევა თქვენი უფლებები, უნდა მიმართოთ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომლის მისამართია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 154, ასევე შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დარეკოთ ცხელ ხაზზე 0322054422. დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.
სარეკრეაციო ზონაში მომცემენ თუ არა სახლის აშენების უფლებას?
- კანონის თანახმად, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთში შედის სარეკრეაციო ზონა.
შეიძლება თუ არა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და რა შემთხვევაში?
- სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
პირის მხარდამჭერ პირად დარეგისტრირება გვინდა სასამართლოში. რა საბუთებია ამისთვის საჭირო და მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა?
- პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/ განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია, სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით და ბაჟის გადახდა არ არის საჭირო.
- სოფელში ერთმა მოსახლემ დააყენა ვიდეოკამერა, რომელიც ქუჩის ბოლოდან მის სახლამდე უყურებს მთელ ქუჩას, თუ როგორ გადაადგილდებიან ყოველდღიურად ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები. აქვს თუ არა ამ ადამიანს უნებართვოდ კამერის დაყენების უფლება, ან მხოლოდ ორი მეზობლის თანხმობა თუა საკმარისი, რომ დააყენოს კამერები, თუ დანარჩენი წინააღმდეგია.
- საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის თანახმად, პირად მონაცემად მიიჩნევა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იძლევა ადამიანის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას პირდაპირ ან არაპირდაპირ. ვიდეოჩანაწერში ადამიანის სახის ამოცნობა ან მისი გადაადგილების დაფიქსირება უკვე წარმოადგენს პერსონალური მონაცემის დამუშავებას. კანონის მიხედვით, მონაცემთა დამუშავება უნდა ხდებოდეს კანონიერად, სამართლიანად და მიზანშეწონილად. თუ კამერა აფიქსირებს მხოლოდ საკუთარი კარის, ეზოს ან პირადი საკუთრების ტერიტორიის უსაფრთხოებას, ეს დასაშვებია, მაგრამ თუ კამერა იღებს საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიას (ქუჩას, სადაც გადაადგილდებიან სხვა პირები), მაშინ უკვე ხდება მესამე პირების მონაცემთა დამუშავება მათი თანხმობის გარეშე, რაც არღვევს კანონს. ორი მეზობლის თანხმობა არ არის საკმარისი, რადგან კამერა ახდენს მთელი ქუჩის მცხოვრებთა, ასევე გამვლელების პირადი მონაცემების დამუშავებას.