დამასკოსა და სოხუმს შორის მალე გემები იმოძრავებენ?! - კვირის პალიტრა

დამასკოსა და სოხუმს შორის მალე გემები იმოძრავებენ?!

ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ კვირაზე მეტია მთელი დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხები და მედია საგარეო ასპარეზზე "რესპუბლიკის" მნიშვნელოვან წარმატებულ ნაბიჯებზე წერენ. ე.წ. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სოხუმი­ და დამასკო მოლაპარაკებებს აწარმოებენ პირდაპირი საზღვაო კავშირის დამყარების­ შესახებ. ხოლო მომავალში აუცილებლად დააყენებენ საჰაერო კავშირების საკითხსაც, რადგან დამასკოში აეროპორტი ფუნქციონირებს. ამასთან "მინისტრი" ოცნებობს, რომ დამასკოსა და სოხუმს შორის არა მხოლოდ ტვირთების გადაზიდვა მოხდება საზღვაო თუ საჰაერო გზით, არამედ სირიელი ტურისტებიც ჩამოვლენ დასასვენებლად.

დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ თეიმურაზ მიქვაბიას განცხადებით, სირიის არაბულ რესპუბლიკასთან უკვე რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი.

"ასევე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კავშირე­ბზე. მომავალში აუცილებლად დავაყენებთ ავიამიმოსვლის საკითხსაც, რადგან დამასკოში აეროპორტი ფუნქციონირებს. ჩვენსა და სირიის პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო კავშირების შესაძლებლობა სასარგებლოა როგორც ჩვენთვის, ასევე სირიული მხარისთვის", - აცხადებს "მინისტრი".

აფხაზური "დელეგაცია" სექტემბრის ბოლოს სამხრეთ კორეის დედაქალაქშიც ჩავიდა. 23 სექტემბერს სეულში აფხაზურ-კორეული კულტურის ცენტრი გაიხსნა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ღონისძიება კორეის პარლამენტში გაიმართა, მას კორეის შორეული აღმოსავლეთის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მასპინძლობდა და კორეის პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

კიდევ ერთ "აფხაზურ" წარმატებად შეფასდა 29 სექტემბერს ჩინეთის სიდიდით მესამე ქალაქ გუანჯოუში საერთაშორისო ეკონომიკურ გამოფენაზე აფხაზური "დელეგაციის" გამოჩენაც. აფხაზებმა იქ ადგი­ლობრივი პროდუქცია გამოფინეს...

აფხაზურ ე.წ. სამთავრობო მედიასა და ტელეგრამარხებზე ყველაზე მეტს სირიასთან წარმატებულ თანამშრომლობაზე წერენ. ადგილობრივი ტლეარხი "სოვმინი" აღნიშნავს, რომ "ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი აფხაზეთის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისკენ და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი რესპუბლიკა ვითარდება, როგორც თანამედროვე სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორი დიალოგი".

"ინსაიდერ აბხაზიის" ცნობით, მოსკოვის­ პრინციპულმა და მტკიცე პოზიციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა აფხაზეთისა და სირიის ურთიერთობების განმტკიცებაში და მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს დამასკოში ხელისუფლება შეიცვალა და ამის შემდეგ საქართველომ თურქეთის მეშვეობით სცადა სირიას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაეუქმებინა, სირიამ ეს ნაბიჯი არ გადადგა. უფრო მეტიც, "აფხაზური ოფიციალური დელეგაცია" ორჯერ მიიღო და ამით დაადასტურა ერთგულება.

სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა­ 2018 წელს, ბაშარ ასადის მთავრობის დროს აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ­ დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. სირიის დედაქალაქში "აფხაზეთის საელჩო" 2020 წელს გაიხსნა. სირიაში ახალი ხელისუფლება 2024 წლის დეკემბერში მოვიდა. აშშ მათ ტერორისტებად აღარ მიიჩნევს და სირიას სანქციები გაუუქმა. სირიასთან ურთიერთობა აღადგინა უკრაინამაც. საქართველოს ხელისუფლებაც­ შეეცადა დამასკოსთან ურთიერთობას, ივნისში საქართველომ თურქეთს მიმართა თხოვნით, ეშუამავლა სირიის ახალ მთავრობა­სთან მოლაპარაკებებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "აღიარების" გაუქმებასთან­ დაკავშირებით. მსგავსი მოწოდებებით სირიის ხელისუფლებას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიმართეს, მაგრამ დამასკოს ამ მოწოდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

„თუ სირიაში რუსული ტვირთების გადაზიდვას დაიწყებენ, უკრაინული დრონები აფხაზეთშიც გამოჩნდება"

მამუკა არეშიძე, „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - რა ხდება დღეს სირიასა და სოხუმს შორის, ამის ზოგადი სურათი მინდა დავხატო. ისტორიის გახსენებით დავი­წყებ. აფხაზები მუჰაჯირობისას გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში. სირიაც ოსმალეთის ნაწილი იყო და აფხაზები სირიაშიც მოხვდნენ, სადაც ახლა რამდენიმე­ ათასი აფხაზი ცხოვრობს. მათი როლი უმნიშვნელო იყო, ვიდრე სირიის ქალაქ ტარტუსში არ შეიქმნა რუსეთის სამხედრო ბაზა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსებმა­ დაიწყეს აფხაზების მიწვევა არა სამხედრო სამსახურში, არამედ სამეურნეო სექტორში, რომლებსაც გარკვეული ინფორმატორობის ფუნქციაც ჰქონდათ დაკისრებული. სოხუმელი აფხაზები ჩვენგან განსხვავებით თავიდანვე აქტიურად მუშაობდნენ კავკასიურ დიასპორებთან, როგორც აფხაზებთან, ასევე ჩერქეზებთან, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან სირიაში, იორდანიასა­ და ლიბანში. საბოლოოდ ამ მუშაობამ ისეთი ფორმა მიიღო, რომ აფხაზები ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ როგორც სირიული, ისე ჩამოთვლილი ხელისუფლებებისთვის. თურქეთზე ლაპარაკიც აღარ მაქვს. ასე რომ, სოხუმის აფხაზებს საკმაოდ სერიოზული ლობისტები ჰყავთ. რასაკვირველია, აფხაზები, როგორც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეები სირიაში, რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ და სადაც რუსული პოლიტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით სირიაში აფხაზური თემაც მნიშვნელოვანია. ამიტომ აფხაზები თავიანთი საკითხების ლობირებას რუსების მეშვეობით ახერხებენ. სირიასთან საზღვაო მიმოსვლისა და ფრენების დაწყებაც ამ სფეროდანაა.

სირიის ხელისუფლება ვითომ ორიენტირებულია დასავლეთზე, მაგრამ ეს ძალიან პირობითია. ისლამისტურ ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში დემონსტრირება მოახდინოს ერთი მიდგომის და ამ დროს სულ სხვა რამ ჰქონდეს ჩადებული თავის იდეოლოგიაში. დღეს სირიის ხელისუფლებას პროდასავლურობა სჭირდება და დელიკატურად­ იქცევა, თუ დასჭირდება, ხვალ სხვანაირად მოიქცევა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დასავლეთი ადრე უფრო კატეგორიული იყო საქართველოს ინტერესების გატარების საქმეში. ახლა ვითარება შეიცვალა და თუ ვთქვათ რუსეთი აფხაზეთის ლობისტია, საქართველოს ახლა ასეთი ლობისტი ნაკლებად ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისთვის პოლიტიკური მნიშვნელობა მართლაც აქვს იმას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფართო პოლიტიკური აქტიურობა არ დაიწყოს სხვადასხვა რეგიონში. ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ სეპარატიზმის ხელშეწყობა არ მოხდეს ევრაზიულ სივრცეში.

რთული სათქმელია, დაიწყება თუ არა პირდაპირი საზღვაო კავშირები სირიასთან.­ აფხაზეთის ასეთი ფართომასშტაბიანი ურთიერთობების სეგმენტის შექმნა დასავლეთში ნამდვილად არ აწყობთ. თუკი სოხუმსა და დამასკოს შორის კომუნიკაციური სეგმენტი შეიქმნება და იქ შეამჩნევენ რუსულ აქტივობას, და ეს აუცილებლად იქნება, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამას ხელი შეუშალოს. თუმცა ჰუმანიტარულის საფარქვეშ შეიძლება კომუნიკაციური სეგმენტი შეიქმნას, მაგრამ ამას არ ექნება მუდმივი სახე. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ დამასკოს დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს მსოფლიო პოლიტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი იყოს. "იკაოს" (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს და ის რუსული ავიაკომპანიებიც სანქცირებული ჰყავს, რომლებიც იქ დაფრინავენ.­ აქედან გამომდინარე, დამასკო მოერიდება ფრენას. საზღვაო მიმართულებითაც მუშაობს რამდენიმე ასეთი საერთაშორისო სტრუქტურა, თუმცა უფრო რთული მოსა­გვარებელია და ეს ეტყობა კიდეც მსოფლიო საზღვაო გადაზიდვებს, როდესაც ვერაფრით გააჩერეს რუსული ნავთობის უკანონო აქეთ-იქით ტარება. აფხაზები წერენ, რომ აფხაზური პორტი უსაფრთხოა, უკრაინული დრონების თავდასხმა არ ხდება და ამიტომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეს საზღვაო მარშრუტი. ეს სისულელეა - თუ სირიაში რუსული ტვირთების გადაზიდვას დაიწყებენ, უკრაინული დრონები აფხაზეთშიც გამოჩნდება. რუსეთს ეს მარშრუტი სამარქაფოდ სჭირდება - შეიძლება საჭირო გახდეს აფხაზეთის დროშით მცურავი გემი, ასე ფიქრობენ მოსკოვში. როდის რა შეიცვლება, არავინ იცის და ამიტომ, რატომაც არა.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ სირიის ამ ხელისუფლებას, ამ ტერორისტებს, რომლებიც გულში ჩაიხუტა, პასუხი უნდა მოსთხოვოს"

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: - სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებისა და სირიის ახალი ხელისუფლების ურთიერთობის გააქტიურებაში გარკვეულ როლს, რა თქმა უნდა, სირიაში არსებული აფხაზური დიასპორა თამაშობს, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სირიის დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ისევ შენარჩუნება სურს და ეს მათ მოსვლისთანავე განაცხადეს. რუსეთსაც სჭირდება სირია. ვიცით, რომ ძალიან გამკაცრებულია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ასევე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში უწყობენ ხელს. სირიას სანქციები მოხსნილი აქვს, მაგრამ პირდაპირ რუსეთთან ვაჭრობა წამგებიანია და აქ ჩნდება აფხაზეთის ფაქტორი. აფხაზეთი არაღიარებული ტერიტორიაა და მას ვერავინ დაასანქცირებს, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ აფხაზეთის სატრანზიტო დერეფნად გამოყენება ყველაზე კარგი საშუალებაა. სირიას შეუძლია ვითომ აფხაზეთიდან ევროპასა და სხვა ქვეყნებში გაიტანოს რაღაც ტვირთი, რომელიც რეალურად რუსული ნავთობი თუ სხვა პროდუქცია იქნება. სწორედ ეს ფაქტორია გადამწყვეტი. არანაირი სხვა ინტერესი სირიას ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ არა აქვს. აფხაზებს გასატანი და სავაჭრო არაფერი აქვთ, მხოლოდ რუსული ტვირთების სატრანზიტო გზა იქნება პორტისა და აეროპორტის მეშვეობით. ამ ტრანზიტით სირიაც იხეირებს, რუსეთიც და გარკვეულწილად ოკუპირებული აფხაზეთიც. რუსები თვლიან, რომ აფხაზეთიდან ტვირთების გატანის დროს ნაკლებად ემუქრებათ უკრაინული დრონების თავდასხმა და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ აფხაზეთი არაღიარებული, უკონტროლო ტერიტორიაა და ამიტომ მას სანქციები არ ემუქრება.

საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეიგნოს და სირიის ამ ხელისუფლებას, ამ ტერორისტებს, რომლებიც გულში ჩაიხუტა, მოსთხოვოს პასუხი, რატომ უწყობენ ხელს რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში. როგორც უკვე დავრწმუნდით, საქართველოს სიყვარულით არავინ არაფერს აკეთებს, მაგრამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იზრუნონ.

- სირიაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ სცადა თურქეთის შუამდგომლობით სირიას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაეღო და რატომ ვერ შევძელით შედეგის მიღება?

- ძნელია ამაზე საუბარი. ჩვენ არ ვიცით, თურქეთმა მიმართა თუ არა სირიას აღიარება გაეუქმებინა. შეიძლება ეს მოხდეს ხვალ ან ახლო მომავალში, თუმცა დღეს ეს სურათი გვაქვს - როგორც რუსული მხარე, ისე სირია, იყენებს აფხაზეთს თავის სასარგებლოდ.

- სექტემბრის ბოლოს სამხრეთ კორეის დედაქალაქში გაიხსნა აფხაზეთის კულტურის ცენტრი. რა რეაქცია აქვს ამაზე ოფიციალურ თბილისს?

- ცენტრი არაოფიციალურად, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის დონეზე გაიხსნა. ითქვა, რომ პარლამენტის შენობაში ჩატარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოფიციალური იყო და ვინმე ოფიციალური პირი ესწრებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, ამიტომ ახსნა-განმარტება სამხრეთ კორეის მხრიდან უნდა მივიღოთ, ისევე როგორც ჩინეთისგან. აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჩინეთში საერთაშორისო ეკონომიკურ გამოფენაზე, მიუხედავად იმისა, რომ იქაც არ ყოფილა ოფიციალური შეხვედრა. აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა ზუსტად ამისთვისაა შექმნილი,­ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენლობაში დადიან მთელ მსოფლიოში,­ იქ კუთხეს გახსნიან და დროშას­ ჩამოკიდებენ. ვითომ რაღაცას აკეთებენ. აფხაზებს არავითარი საერთაშორისო ვაჭრობა არ გააჩნიათ, მაგრამ იმისათვის,­ რომ საკუთარი­ თავის დემონსტრირება მოახდინონ სადღაც, აი, ჩვენ ვართ, ეს ჩვენი დროშაა და ჩვენი­ ქვეყანაო, ამისთვის იმართება ეს წარმოდგენები.­ თქვენ გაგიგონიათ, რომ აფხაზეთის­ რაღაც პროდუქცია გატანილიყო სადმე? ბრაზილიაშიც ჩადიოდნენ, არგენტინაშიც, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ რა ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებთან? არავითარი. ეს გამოფენები სერიოზული არ არის.

- თუმცა ოფიციალური პირის ვიზიტიც­ გვინახავს სოხუმში. 2022 წელს ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკოც ჩავიდა, თქვა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები სურს აფხაზეთთან და მიწის ნაკვეთიც იყიდა.

- კი ბატონო, მაგრამ ვხედავთ, რომ სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობა, მით უმეტეს, პოლიტიკური, არ არსებობს. ლუკაშენკო დიქტატორია თუ დემოკრატი, პირადად მე ნაკლებად მაინტერესებს, ეს ბელარუსი ხალხის საქმეა, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ჭკვიანი ადამიანია და ასეთ სისულელეს არ ჩაიდენს, აფხაზეთს არ აღიარებს. კი, ანგარიშს უწევს რუსეთს, ვიცით, რომ მასთან დაკავშირებულ ბელარუსულ კომპა­ნიებს ოჩამჩირის რაიონში აქვთ ნაყიდი­ ტერიტორია, მაგრამ მისი კეთილმოწყობა­ არც უცდიათ. ამის თაობაზე ჩვენს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა კომუნიკაცია ბელარუსთან, მაგრამ დიპლომატიური დემარშები და სკანდალები საჭირო­ არ არის. ყველაფერი დახურულ კარს მიღმა განიხილეს და, მგონი, დღეს ყველაფერი რიგზეა.

ეკატერინე ბასილაია