„ვის მოუვიდა თავში იდეა, ათონელის სასახლეში შეცვენილიყვნენ? და რა იქნებოდა მერე?..“ - კვირის პალიტრა

„ვის მოუვიდა თავში იდეა, ათონელის სასახლეში შეცვენილიყვნენ? და რა იქნებოდა მერე?..“

როგორც მოსალოდნელი იყო, მძიმე დღე გამოდგა 4 ოქტომბერი - ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მეორე მხრივ, ქუჩაში გამოსული ათასობით პროტესტანტი. შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი პოლარიზებული ქართველი საზოგადოების ანარეკლიც იყო. მოგეხსენებათ, თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და 4 ოქტომბერს "ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის" მიზნით დემონსტრაცია დააანონსა, თუმცა პროცესების იმგვარ განვითარებას, რაც ვიხილეთ, ცოტა თუ წარმოიდგენდა. დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" წევრმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ, რის მერეც დემონსტრანტებმა ათონელის სასახლესთან რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან და მოხდა დაპირისპირება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 60-მდე კაცი. მათი ნაწილი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. საავადმყოფოებში გადაყვანილთაგან 21 პოლიციელი იყო, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში, ხოლო 6 დემონსტრანტია. საბედნიეროდ, ამჟამად საფრთხე არც ერთს არ ემუქრება. ვითარება გვიან ღამემდე რთული იყო ორბელიანის მოედანზე, სადაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დროდადრო წყლის ჭავლს, გაზის კაფსულებსა და წიწაკის სპრეის იყენებდა. ამის პარალელურად, "ქართული ოცნების" ოფისთან მმართველი პარტია გამარჯვებას ზეიმობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მათ შორის თვითმმართველ ქალაქებშიც, საკრებულოს არჩევნები კი "ქართულმა ოცნებამ" თითქმის 80%-ით მოიგო. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- არათუ მოველოდი მოვლენების ამგვარ განვითარებას, არამედ დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა, რაზეც ვაფრთხილებდი კიდეც საზოგადოებასა და ოპოზიციურ სპექტრს. ცხადზე ცხადი იყო, რომ ყველაფერი მიმდინარეობდა ხელისუფლების სცენარით, რომელმაც მოახერხა ყველა მიმართულებით იმ პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნა, რაც მისთვის ოპტიმალური იყო - განხეთქილება ოპოზიციაში, რესურსების მონოპოლიზება, საზოგადოების პოლარიზება და ა.შ. ხელისუფლების მიზანი და ამოცანა იყო, რომ 5 ოქტომბრისთვის ქვეყანაში საბოლოოდ ჩაებეტონებინა რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმი. ამისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ბოლომდე ეს საქმე ვერ არის მიყვანილი, ჯერ ისევ პროცესია. ოპოზიციაში ეს აგრესიული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესებში იყო. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად აბსურდული სურათი - ოპოზიციის ერთი ნაწილი მოუწოდებდა ამომრჩეველს, რომ ხმა არ მიეცა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის, ანუ ისე გამოვიდა, რომ გარკვეულწილად ისინი გულშემატკივრობდნენ იმას, რომ "ქართულ ოცნებას" უპრობლემოდ მოეგო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ავტორიტარული რეჟიმის დასამკვიდრებლად "ქართულ ოცნებას" 4 ოქტომბერს ორი რამ სჭირდებოდა - ერთი, არჩევნების უპრობლემოდ მოგება, მაგრამ ეს არ იყო რეჟიმისთვის საკმარისი... ამასთანავე, მათ სჭირდებოდათ ძალის დემონსტრირება, რათა დარჩენილი პროტესტი გაეტეხათ, დაეთესათ ნიჰილიზმი და სამზარეულოში შეეკეტათ საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება. ოპოზიცია არათუ არ ეწინააღმდეგებოდა ამ სცენარს, არამედ მაქსიმალურად ხელს უწყობდა. დიახ, ოპოზიცია თვითდინებით, საკუთარი სურვილით გაება ხელისუფლების დაგებულ ხაფანგში.

ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ "4-ში დაიწყებს და დაასრულებს", ან პროვოკატორია, ან გარიგებული, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი... დიახ, ეს იყო ხელისუფლების სცენარი, სწორედ მათ აწყობდათ, რომ 4-ში გადატრიალების რაღაც სცენარი დაედგათ და შემდეგ კუნთები ეჩვენებინათ, რაც გამოუვიდათ კიდეც.

ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, მათ შორის იმათ გამოც, ვინც პროვოკატორის როლი ითამაშა. ისინი დღეის მდგომარეობით პატიმრები არიან... ნამდვილად არა ვარ განწყობილი, რომ მათზე ნიშნის მოგებით ვისაუბრო. ისინი საკუთარი თავისუფლებით იხდიან ფასს, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ვინც პროვოკატორის როლი ითამაშა, მათზეა პასუხისმგებლობა, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდეს საპროტესტო მოძრაობა - გააძლიერეს ნიჰილიზმი და ათობით ახალგაზრდა გაწირეს პატიმრობისთვის... დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დროებითია...

ვის მოუვიდა ეს იდეა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეცვენილიყვნენ? და რომ შესულიყვნენ, რა იქნებოდა ამის მერე? ხელისუფლების მზაკვრობიდან გამომდინარე, მიკვირს, რომ შიგნით არ შეუშვეს და კიდევ უფრო არ გააზვიადეს ყველაფერი...

კიდევ კარგი, ეს ხელისუფლება საკმაოდ მხდალია იმისთვის, რომ ასე შორს წავიდეს... რომ შეეშვათ, ეს იქნებოდა კლასიკური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის ბაზაზეც ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას გააუქმებდნენ. თუ დასჭირდათ, ამას ისედაც გააკეთებენ, მაგრამ უკვე ნაკლები საფუძველი ექნება ამას...

საბედნიეროდ, ეს საკმაოდ ლოკალურად მოხდა და უფრო დრამატულად არ განვითარდა პროცესები. ეს კიდევ ტოვებს შანსს იმისა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ხელისუფლებამ ეს პარტია პოლიტიკურად პირწმინდად მოიგო.

- მოგეხსენებათ, შსს-მ იმავე დღეს დააკავა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები: "ნაციონალური მოძრაობის" წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, "რუსთაველის გამზირის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. მათ მძიმე ბრალდებები აქვთ წაყენებული, მათ შორის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ეს ბრალდებები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შს მინისტრმა გელა გელაძემ განაცხადა, დაკავებები კიდევ გაგრძელდება... "სენი, "კოლექტიური ნაცმოძრაობა" უნდა მოვიშოროთ, იგულისხმება შესაბამისი პარტიები, უცხოელი აგენტები, სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული უნივერსიტეტი, ორგანიზაციები, "ფარი", "ერთობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გამოდის, ფართომასშტაბიან რეპრესიებს უნდა ველოდოთ?

- ასეთია ავტორიტარული რეჟიმების ბუნება. ისინი დაავადებული არიან ერთგვარი პოლიტიკური ბულიმიით, ვერ ჩერდებიან, მუდმივად კვება სჭირდებათ, მათ შორის რეპრესიები არის ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ძირითადი საჭიროება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება, ვიდრე "ქართული ოცნება" არ მოახერხებს ქვეყანაში რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის სრულად დამყარებას, რომლის მმართველობის დროსაც არსებობს ერთი დომინანტური პარტია, მისი სატელიტი ე.წ. ოპოზიციური პარტიებით, ასევე განადგურებული სამოქალაქო საზოგადოებითა და კონტროლირებადი მედიასივრცით. ამ მიმართულებით "ქართულმა ოცნებამ" ფუნდამენტი უკვე ჩაყარა, 4 ოქტომბერი იყო ივანიშვილის ხელისუფლების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი...

ტოტალური დაჭერები არ არის თვითმიზანი, ეს არის ინსტრუმენტი იმისა, რომ მიაღწიონ პროტესტის სამზარეულოებში გამოკეტვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პროტესტი არსად წასულა, ის რჩება, მაგრამ არსებობს პროტესტის აქტიური და პასიური სივრცეები. პასიური პროტესტის დროს ეს განწყობები სამზარეულოებში ინაცვლებს და ჩურჩულში გადადის.

საზოგადოდ, ავტორიტარიზმი სამ ფაზას გადის, ჩვენ ახლა მე-2 ფაზაში ვართ. პირველი ფაზა არის სახელმწიფო ინსტიტუტების მონოპოლიზაცია, როდესაც ერთი ცენტრიდან იმართება ყველაფერი და არანაირი ინსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში არ არსებობს; მე-2 ეტაპია პოლიტიკური ოპონენტების განადგურება, მათი აქტიური დევნა და ერთპარტიული სისტემის დამკვიდრება, ამ პროცესს ჰქვია დიქტატურა, რის ფაზაშიც ახლა ვართ; მესამე ეტაპი კი ტოტალიტარიზმია, როდესაც სისტემა პოლიტიკური ოპონენტების განადგურებით ვეღარ კმაყოფილდება და პირად ცხოვრებაში იწყებს შეჭრას. ეს არის ეტაპი, როდესაც სამზარეულოებშიც კი ჩურჩულით ვისაუბრებთ. ჯერ ამ ეტაპზე არა ვართ, მაგრამ ამის პირველი სიმპტომები უკვე ჩანს. ხელისუფლებას უკვე აქვს მოთხოვნილება, რომ პოლიტიკური ინტერესის მიღმაც აკონტროლოს ადამიანების პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, ვიდრე რაიმე შემაკავებელი ფაქტორები არ გაჩნდება.

როგორც უკვე ვთქვი, საპროტესტო განწყობები არსად გამქრალა, ხელისუფლება ცდილობს ეს განწყობები დაქსაქსოს და გაათითოკაცოს. შესაბამისად, საზოგადოების მიზანი უნდა იყოს მაქსიმალური კონსოლიდაცია, რათა ხელისუფლების ბოროტ ძალას ადეკვატური ძალა დაუპირისპირდეს. ეს რომ მოხდეს, ამას სჭირდება რესურსები, როგორც ადამიანური, ისე ორგანიზაციული, ინტელექტუალური და ა.შ. ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ეს მაკონსოლიდირებელი რესურსი არ არსებობს. არ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია ნდობის მოპოვება და ამ ყველაფრის გაერთიანება. არ არსებობს მწყობრი გეგმა, რასაც საზოგადოება ენდობა და გაჰყვება და ა.შ. სამწუხაროდ, ამ რესურსებისგან დაცლილია ეს პროტესტი.

დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც სერიოზული წინააღმდეგობის გაშლისთვის არც ერთი სრულფასოვანი ფაქტორი არ არსებობს და შედეგიც შესაბამისია. ეს არ ნიშნავს, რომ ის არასდროს გაჩნდება. დიახ, ეს ფაქტორები აუცილებლად გაჩნდება, რადგან პროტესტი მასშტაბურია, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ ხელისუფლებას არ ენდობა, კრიტიკულად მაღალია. უბრალოდ, ამას თავის მობმა სჭირდება. ამის ნაცვლად, ოპოზიციამ ხელი შეუწყო კიდევ უფრო დაქსაქსვასა და დაპირისპირებას. პოლიტიკური კლასის ნაწილი იმათი სტიგმატიზაციით იყო დაკავებული, ვინც კითხვებს ვსვამდით პროცესების შემდგომ განვითარებასა და სტრატეგიულ გეგმაზე. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ამ ეტაპზე ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაკავშირებული ჯგუფების აკრძალვას, ეს, ჩემი აზრით, ერთგვარი სავაჭრო თემაა. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყო დასავლეთისთვის ეჩვენებინა, კი, მე მამაძაღლი ვარ, არ გიყვარვართ, მაგრამ ჩემ გარდა, ამ ქვეყანაში ალტერნატივა არ არსებობს და თუ რამეში გჭირდებათ ეს ქვეყანა, ჩემნაირ მამაძაღლთან უნდა ითანამშრომლოთო. შესაბამისად, ეს სინდისის პატიმრები, მუქარა, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებიც, სავაჭრო რესურსია... ხელისუფლება ამ ყველაფერზე წავა იმის გათვალისწინებით, როგორც მოახერხებს ამ საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიციონირებას. გარდა ამისა, დააკვირდება, თუ რა მოხდება უკრაინაში და შესაბამისად შეეცდება მართოს ვითარება. ამ მართვის ორი ძირითადი სცენარი არსებობს: ერთი ეს არის რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაცია... თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენ იქით მივდივართ, თუმცა ივანიშვილს შანსი მიეცა, გადააგდებს რუსეთს, თუ გლობალურად შეიცვალა ვითარება და რუსეთი საკმარისად დასუსტდა.

თუმცა რეალობა დღეს ასეთია - მიმდინარე პროცესებს, როდესაც ხდება საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მოგუდვა და ავტორიტარიზმის დამყარება, რუსეთში მივყავართ. თუ ეს ვითარება გაგრძელდა, ამ შემთხვევაში ივანიშვილს მომავალ წელს აუცილებლად დასჭირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია ჩვენი საგარეო კურსი, "ქართული ოცნებისთვის" შემაფერხებელი ფაქტორია. მეტიც, რუსეთი მოითხოვს ამ მუხლის კონსტიტუციიდან ამოღებას, რისთვისაც ივანიშვილს სჭირდება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ან კონსტიტუციური უმრავლესობის კონფიგურაცია, შესაბამისი სატელიტი ოპოზიციით...

მეორე სცენარი, რაც უკვე ვთქვი კიდეც, ისაა, რომ ბიძინამ გადააგდოს რუსეთი და გადაითამაშოს პოლიტიკური კარტები. ამ შემთხვევაშიც მას სჭირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან გადათამაშებისთვის არა აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია. ერთია ადგილობრივი არჩევნების მოგება, რაც პროპაგანდისტული არგუმენტია სავაჭრო სივრცის გახსნისთვის, მაგრამ ამას დასავლეთი არ დათანხმდება. ამ შემთხვევაშიც ის იძულებული გახდება ჩაატაროს არჩევნები.

მოკლედ, პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 2026 წელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წელი იქნება.

- ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 80%-ზე მეტი მხარდაჭერით. ამ პარტიის მერობის კანდიდატები გამარჯვებული არიან 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათგან 26-ში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ, 100%-ით. დედაქალაქის მერის არჩევნებში უკვე მესამედ გაიმარჯვა კახა კალაძემ... ცესკოს მონაცემებითვე, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ურნებთან ელექტორატის 40%-ზე ცოტა მეტი მივიდა.

- უპირველესად ვთქვათ, რომ კაცმა არ იცის, რეალურად რამდენმა კაცმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს. ადრე თუ დამკვირვებლები იყვნენ და პროცესის მონიტორინგი ხდებოდა, ახლა ეს არ ყოფილა. შესაბამისად, რეალურად როგორი იყო აქტივობა, რთული სათქმელია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში ოპოზიცია ძალიან სუსტია და წინასაარჩევნოდაც არ ჩანდა, ეს ხელისუფლებას აძლევდა ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზების ინსტრუმენტს. ადამიანები, რომელთაც არჩევანი არა აქვთ და პრობლემები არ სურთ, წავიდნენ არჩევნებზე.

ფაქტობრივად, ყველგან უალტერნატივო არჩევნები იყო. მხოლოდ თბილისში იყო პოლიტიკური აქტივობა და ინტრიგა. დედაქალაქში ხელისუფლებას ჰქონდა უდიდესი პრობლემები, მაგრამ კახა კალაძემ მოახერხა მერად გახდომა, როგორც ცესკო ამბობს 71%-ით, მაგრამ რეალურად ეს არ არის თბილისელი ამომრჩევლის 71%, დედაქალაქში ელექტორატის რაოდენობა 1 მილიონს აღემატება, კალაძემ კი 200 000-ზე ცოტა მეტი ხმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მიიღო თბილისელების ხმების დაახლოებით 20%. სულ ცოტა, 45%-იანი აქტივობის პირობებშიც კი კალაძეს მეორე ტური დასჭირდებოდა, რომელშიც რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის. თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში კალაძის გამარჯვების ერთადერთი შანსი იყო იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი არ წავიდოდა არჩევნებზე და "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის ნაწილის დახმარებით ეს მოახერხა. კალაძის მიღებული 20% არის ადმინისტრაციული რესურსი, გამოდის, რომ მას რეალური, ნატურალური ამომრჩეველი ამ ქალაქში არა ჰყავს.

ოპოზიციაში დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო, სავსებით რეალური იქნებოდა თბილისის სათავეში ოპოზიციური მერის მოსვლა. შეიძლება ითქვას, ის იქნებოდა პირდაპირი ლეგიტიმაციის ხარისხით ყველაზე ძლიერი ფიგურა საქართველოში, ოპოზიციამ კი ყველაფერი გააკეთა მარცხისთვის...

ამაში ყველას ვგულისხმობ, მათ შორის იმათაც, ვინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მოცემულობაში, როდესაც ასეთი დაპირისპირება იყო ოპოზიციაში, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. აზრი ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებას მოახერხებდა და თავის ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებდა.

თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში არ ჰყავდა ოპოზიციას კანდიდატი, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების არალეგიტიმურობის პრობლემა კი არა, ოპოზიციის არალეგიტიმურობის პრობლემაც გვაქვს. ობიექტური პრობლემებიც არის - მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ გაშალო ინფრასტრუქტურა, ამას დიდი მატერიალური და ორგანიზაციული რესურსები სჭირდება. მაგალითად, მე სულ არ ვიცი, ჩემი რაიონის გამგებელი ვინ არის, მაგრამ სოფლის გამგებელი უკვე ფიგურაა. როდესაც ალტერნატიული ძალა არ არსებობს, სოფელს ეშინია ამ გამგებლის, მასზეა დამოკიდებული. ასეთ ვითარებაში სოფლის გამგებელს ადამიანებზე ზეწოლის დიდი ბერკეტი აქვს. მოკლედ, რეგიონებში ოპოზიციამ რომ ვერ იაქტიურა, ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ არის სუბიექტურიც. მაგალითად, სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც დიდი სურვილი არ შემიმჩნევია ოპოზიციური პარტიებისთვის ემოძრავათ რეგიონებში. მხოლოდ ამბობდნენ, რეგიონებში ვაპირებთ გასვლასო.

- როგორ შეიძლება განვითარდეს ოპოზიციურ ფლანგზე პროცესები?

- ჩვენ გვჭირდება არა ოპოზიციის გადატვირთვა, არამედ სრული დემონტაჟი და ხელახლა აშენება. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდული ჯანსაღი ძალები იაქტიურებენ ამ საქმეში და სიახლეს შემოიტანენ. იმ პოლიტიკური კლასით, რომელიც დღეს ზედაპირზე ტივტივებს, ვეჭვობ, რაიმე ცვლილებებს მივაღწიოთ.

საზოგადოებას კი, პროტესტის გარდა, სხვა გზა არა გვაქვს! ვერ ვუყურებთ არხეინად, რუსეთისკენ როგორ მივექანებით. ოპტიმიზმი და ბრძოლის უნარი უნდა შევინარჩუნოთ. ამასთანავე, ჩავრთოთ გონება, მხოლოდ ემოცია, პირადი მაგალითების ჩვენება, საკმარისი არ არის... ასე პოლიტიკა არ კეთდება.