"ევროპას თანამედროვე ჩერჩილი სჭირდება... ევროპის ლიდერებმა პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანელი ლიდერის სულს უნდა მოუხმონ" (The Daily Telegraph)
„ევროპელმა ლიდერებმა აუცილებელია, „ჩერჩილისებური გამბედაობა“ გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ შიშისაგან პარალიზება, როცა ისინი ვლადიმერ პუტინის აგრესიის პირისპირ დადგებიან“, - აცხადებს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი, ბრიტანული „დეილი ტელეგრაფისთვის“ (The Daily Telegraph) მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ქვეყნდება სათაურით: „პარალიზებულ ევროპას თანამედროვე ჩერჩილი სჭირდება... ევროპის ლიდერებმა პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანელი ლიდერის სულს უნდა მოუხმონ“ (ავტორი - დევიდ ბლერი, პოლიტიკური კომენტატორი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
არსენ იაცენიუკმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წლის 27 თებერვალს დაიკავა, მას შემდეგ, რაც სახალხო რევოლუციის შედეგად პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის -ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო. წინა მთავრობა იმდენად იყო კორუმპირებული, რომ არსენ იაცენიუკის პრემიერად დანიშვნის მომენტში სახელმწიფო ხაზინის რეზერვებში მხოლოდ 10 ათასი ევრო ინახებოდა. როცა იგი მთავრობის ხელმძღვანელი გახდა, რამდენიმე დღის შემდეგ, 2014 წლის მარტში ვლადიმერ პუტინმა ყირიმი მიიტაცა, შემდეგ კი რუსეთის ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეიჭრნენ - დაიწყო სისხლიანი ომი, რომელიც დღემდე გრძელდება.
ახლაც კი, როცა უკრაინაში პირველი შეიარაღებული შეტაკებებიდან 11 წელი გავიდა, როცა ომმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არსენ იაცენიუკი ჯერ კიდევ ეჭვობს - გააცნობიერეს თუ არა დასავლელმა ლიდერებმა რეალური საფრთხეები, რომლებიც მათ ვლადიმერ პუტინის მოქმედებით ემუქრებათ?!
"მე არ მინდა ცუდად მოვიხსენიო და გავაკრიტიკო ევროპელი ლიდერები, რადგან ისინი ჩვენი მოკავშირეები არიან... მაგრამ მინდა, რომ ევროპელ ლიდერებს შორის უინსტონ ჩერჩილის მოქმედების სტილი დავინახო“, - ამბობს არსენ იაცენიუკი ინტერვიუში, - "ჩვენთან ჩერჩილის სტილით მომუშავე ადამიანების დიდი დეფიციტია. ძალიან გვჭირდება ისეთი პიროვნებები, რომელთაც რეალური გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ და რომლებიც არ არიან შიშისაგან პარალიზებულნი".
„ჩვენი მაღალჩინოსნები ცდილობენ, ყველაფერი აწონ-დაწონონ, გათვალონ. თანაც ისინი ძალიან ფრთხილად მოქმედებენ, დიდი დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. ასე დიქტატორს ვერ შეაჩერებ“, - ხაზს უსვამს ექსპრემიერი „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში.
თუ როგორია რუსი პრეზიდენტის შეჩერების უუნარობის ფასი, ეს აშკარად ჩანს პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევების ფაქტებში, რუსული დრონებისა და თვითმფრინავების მიერ. გასულ თვეში კრემლს დანიის მთავრობამაც ბრალი წაუყენა დრონების გაშვებაში, რომლებმაც კოპენჰაგენის აეროპორტის დროებითი დახურვა გამოიწვიეს.
რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები მოხდა გერმანიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, ნიდერლანდებში და შვედეთში, რომლებმაც ნეგატიური გავლენა მოახდინეს ასობით ავიარეისის ნორმალურ განხორციელებაზე.
ინციდენტების მუდმივი ნაკადი სულ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რასაც არსენ იაცენიუკი 2014-2016 წლებში ამბობდა, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში. იგი მთელი ძალებით ცდილობდა ევროპელი კოლეგების დარწმუნებას, რომ რუსეთი უკრაინას თავს ჯერ კიდევ 2014 წელს დაესხა:
„მე მომიწია თითქმის მთელი მსოფლიოს შემოვლა, ყველას ვარწმუნებდი რუსეთის აგრესიაში და განსაკუთრებით ჩემს ევროპელ კოლეგებს იმაში, რომ რუსეთის არმიამ ყირიმისა და დონბასის ოკუპირება მოახდინა-მეთქი. ისინი კი მეუბნებოდნენ, - კარგი, რა, გვეხუმრები? რა არმია, რის არმია... ვლადიმერ პუტინმა გვითხრა, ნებაყოფლობითი ბატალიონებიაო. ევროპელი ლიდერები მოძველებული ქცევის წესებით ლაპარაკობდნენ - მოდი, ნუ დავძაბავთ სიტუაციას, მოძებნოთ საერთო ენა პუტინთან... იქნება უკან დაიხიოს და იქნებ დაძაბულობა განვმუხტოთო... ასეთი იყო მაშინ ევროპელებისა და ამერიკელების ერთობლივი მიდგომა.
ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერაც კი დაიწყო: ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ პუტინი ნამდვილი დიქტატორია. მეუბნებოდნენ, - "აი, შეხედე, რა კარგი ბიჭია, იღიმება, გერმანულ ენაზე ბრწყინვალედ ლაპარაკობს, ინგლისური ენაც ესმის... ხედავ, როგორ კარგად ამბობს, რომ რუსეთი აუცილებლად გახდება დემოკრატიული ქვეყანაო. ჩვენ რომ ახლა მაგას რაიმე ვუთხრათ, გვეტყვის, რომ რუსეთს რატომ ამცირებთო. შესაძლოა, იგი მართალიც არის“.
იმ კრიტიკულ წლებში არსენ იაცენიუკი უკრაინის მეგობრებს ფინანსურ მხარდაჭერას ევედრებოდა, ნატოში წევრად მიღებას და იარაღის მიწოდებას.
ფინანსების საკითხში მან მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, ნატოში გაწევრებასთან მიმართებით - ცარიელი სიტყვები და სამომავლო დაპირებები, იარაღის მიწოდებაში კი - უარი.
იმის ნაცვლად, რომ ემბარგოთი რუსეთი დაესაჯათ და კრემლისთვის სანქციები გამოეცხადებინათ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა იარაღის მიწოდებაში ემბარგო უკრაინას დაუწესეს, რომელიც 2022 წლის იანვრამდე მოქმედებდა - რუსეთის არმიის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი თვით ადრე, როცა ბორის ჯონსონმა უკრაინას ორი ათასი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მისცა.
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ თავდაცვითი იარაღი გვჭირდება-მეთქი“, - ამბობს არსენ იაცენიუკი ინტერვიუში, - "მაგრამ არაფერს გვაძლევდნენ“.
ამერიკაც უარს აცხადებდა იარაღის მიწოდებაზე 2019 წლამდე, როცა დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო უმართავი რაკეტები - „ჯაველინები“ გაუგზავნა.
საზღვარგარეთ დახმარების ძიების დროს არსენ იაცენიუკი მუდმივად განიცდიდა ზეწოლას: „ჩვენ ომის მდგომარეობაში ვიყავით და იმ მძიმე მომენტში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას მოგვიწოდებდა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეგვემცირებინა. ასეთი მკაცრი მოთხოვნა იყო. დედამიწაზე ვერც ერთი ქვეყნის მთავრობა ვერ გაუმკლავდებოდა ისეთ პრობლემებს, თანაც - ომის მდგომარეობაში“.
„უკრაინას რომ იარაღი მიეღო და ნატოს წევრი გამხდარიყო, რუსეთის თავდასხმა არ მოხდებოდა“, - ხაზს უსვამს არსენ იაცენიუკი.
„დღევანდელი რეალობა იმით გამოიხატება, რომ ომში ვერც ერთი მხარე ვერ იგებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. ამისათვის აუცილებელია აშშ-ის მხარდაჭერის ახალი პაკეტის მიღება, რომელსაც კონგრესი მოიწონებს. აუცილებელია უკრაინის ბიუჯეტის დაფინანსება უახლოესი სამი წლის განმავლობაში, ევროპის ქარხნებში იარაღის წარმოების გაფართოება და რუსული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის (200 მილიარდი ევროს) უკრაინისათვის მიცემა.
იმის ნაცვლად, რომ საერთაშორისო სამიტები და კონფერენციები ჩაატარონ, რაღაც გაუგებარი კოალიციები შექმნან (ე.წ. დახმარების მსურველთა მონაწილეობით), ევროპამ კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას. ვერ გავიგე, რა მოდური სიტყვებით ლაპარაკი აუტყდათ? მივმართავ ევროპელ ლიდერებს: ბიჭებო, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ვერ ხედავთ, რომ პუტინი თქვენზე იცინის? საქმე გააკეთეთ და თანაც - უხმაუროდ. უბრალოდ, პირი დახურეთ და ისე იმოქმედეთ - ყოველგვარი სამიტების, კონფერენციებისა და ანონსების გარეშე“, - აცხადებს არსენ იაცენიუკი ევროპელი ლიდერების გასაგონად.
51 წლის არსენ იაცენიუკი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციას - უსაფრთხოების ფორუმს ხელმძღვანელობს, მან ასევე შექმნა ფონდი - „ღია უკრაინა“. ინტერვიუში იგი ხაზს უსვამს, რომ უკრაინისადმი ევროპის დახმარება თვით ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებას ნიშნავს. „ჩვენ საკუთარი სიცოცხლისთვის ვიბრძვით, მაგრამ ამით თქვენც გიფრთხილდებით, თქვენს სიცოცხლესაც ვიცავთ“, - ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს დასასრულს.
მოამზადა სიმონ კილაძემ