საქართველო ქრისტიანობაზე მოქცევის 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს - გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილეობა
სექტემბერში ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოებისა და შეხვედრების ციკლი „ის, რაც გვაერთიანებს“ დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს ეკუთვნის და მისი მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო.
ინიციატივის მთავარი გზავნილია: „გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს - ჩვენი მდიდარი და უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა და განვამტკიცოთ ეროვნული თვითმყოფადობა“.
სწორედ ამ მიზნით რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩატარდა. მას საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული შეხვედრები და ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება საქართველოს მასშტაბით. საიუბილეო ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში, თანამშრომელთა ერთობლივი სურვილის შემთხვევაში.
თუმცა როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, დასახული მიზნის სრულყოფილად განხორციელებისათვის არ უნდა დავკმაყოფილდეთ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სახელმწიფო თუ საეკლესიო ღონისძიებებზე დასწრებით.
„მეტად საშურია ოჯახებში, ნათესავებისა და მეგობრების წრეში, საზოგადოებრივი შეკრებებისას, სამთავრობო თუ არასამთავრობო სივრცეში ყველგან ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და გავითავისოთ ამ თარიღის მნიშვნელობა და მისი ღირსეულად აღნიშვნის აუცილებლობა.
გარდა ამისა, სასურველია, ვიკითხოთ ისტორიული და მხატვრული ლიტერატურა, წმინდანთა ცხოვრებები, მივიღოთ მონაწილეობა წმინდა ადგილების მოლოცვაში, შევხვდეთ მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს, მოვაწყოთ კონკურსები საუკეთესო ახალი მხატვრული ნაწარმოებების გამოსავლენად, მივიღოთ მონაწილეობა საქველმოქმედო საქმიანობაში. ამ თარიღის აღნიშვნაში გამოვლენილი ერთსულოვნება არა მარტო დიდ სულიერ სარგებლობას მოუტანს ჩვენს საზოგადოებას, არამედ, ასევე, დიდად შეეწევა ქვეყნის სტაბილურობასა და შემდგომ განვითარებას,“ - აღნიშნავენ ინიციატივის ავტორები.
მათივე განმარტებით, თუ თქვენი პირადი რესურსები არ აღმოჩნდება საკმარისი დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად, შესაძლებელია დახმარებისათვის მიმართოთ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო (ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო) დაწესებულებებს და კერძო სპონსორებს.
საჯარო სკოლებში იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში შესაძლებელია ჩაერთონ მშობლები, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტური თვითმმართველობები.

ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის აღნიშვნის მიზანი, გარდა ღვთისა და ჩვენი დიდი წინაპრებისადმი მადლიერებისა, ასევე, გახლავთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობები და ტრადიციები გამოწვევებით აღსავსე თანამედროვე მსოფლიოში. სჯულის ხმლითა და მოწამეობით დაცვა მე-19 და მე-20 საუკუნეებში სულიერი და ინტელექტუალური ბრძოლის ფორმებმა შეცვალა. თანამედროვე მსოფლიო დგას ორი უმთავრესი მსოფლმხედველობრივი გამოწვევის წინაშე, ესენია: რელიგიური და ანტირელიგიური რადიკალიზმი. გლობალიზაციის პირობებში ის, რაც ხდება მსოფლიოში, მყისიერად აისახება ნებისმიერ ქვეყანაში და, ბუნებრივია, საქართველოშიც. ზემოაღნიშნული როგორც ერთი, ისე მეორე ცდომილება უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველთა საფუძველს – სულიერი და ინტელექტუალური მოღვაწეობის თანაარსებობას.
ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, უფლის მეორედ მოსვლის წინ ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი დაკარგავს ჯანსაღ სარწმუნოებას. ღვთისმშობლის წილხვედრი ერის დანიშნულებაა სარწმუნოებისაგან განდგომილების ჟამს შეინარჩუნოს სინერგიული ცნობიერება და ცხოვრების წესი.
ამ მიზნის გარშემო გაერთიანება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წმიდათაწმიდა ვალია. ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის იუბილეს აღნიშვნა არის ამ მიზნის გარშემო ერის შემოკრებისა და გაერთიანების საუკეთესო საშუალება.
გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს.
ვაშენოთ ის, რაც გვამთლიანებს.