წინასწარ დაგეგმილი "შეცდომა", გარიგება თუ პროვოკაცია?! - 4 ოქტომბრის "რევოლუციის" 10 საეჭვო გარემოება - კვირის პალიტრა

წინასწარ დაგეგმილი "შეცდომა", გარიგება თუ პროვოკაცია?! - 4 ოქტომბრის "რევოლუციის" 10 საეჭვო გარემოება

4-5 ოქტომბრის მოვლენები თბილისის ცენტრში, მსოფლიო პოლიტიკისა თუ ხელისუფლების ჩამოგდების ისტორიებში შეიძლება შევიდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ავანტურისტული მცდელობა, რომელიც თავიდანვე ჩაფლავებისკენ იყო მიმართული და ამის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ 4 ოქტომბრის საღამოს, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე დაგვიანებით დაწყებული საპროტესტო მიტინგის პირველი წუთებიდანვე...

ამის თქმის საშუალებას კი იძლევა შემდეგი ობიექტური გარემოებები:

პირველი - 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციას რადიკალური ოპოზიცია დიდი ხნით ადრე აანონსებდა და პროტესტანტებს უდიდესი თავშეყრისკენ იწვევდა ამ დღეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ „დაესამარებინათ“ არსებული სახელისუფლო წყობა.

მაგრამ, ამ აქციის ორგანიზატორები თუკი იმედოვნებდნენ თბილისის ცენტრში 300-400 ათასი მომიტინგეს შეკრებას (რაც მართლაც ძალიან დიდი გამაფრთხილებელი სიგნალი გახდებოდა ხელისუფლებისთვის), რეალურად თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე მოვიდა თითქმის ათჯერ ნაკლები ადამიანი...

ეს უკვე საგანგაშო გაფრთხილება უნდა გამხდარიყო აქციის ორგანიზატორებისთვის, რომ მთავარი არგუმენტი - მასიური სახალხო პროტესტი...უბრალოდ ვერ შედგა და აქედან გამომდინარე, უნდა შეეცვალათ შემდგომი მოქმედების წინასწარ გაწერილი გეგმაც,მაგრამ ასე არ მოხდა...

მეორე - აქციის ორგანიზატორებიდან სცენაზე ყველაზე მეტად პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა აქტიურობდნენ, მაგრამ მათი ორატორული ნიჭი და გამოხატვის უნარი ახლოსაც კი ვერ მიდიოდა იმ მასიური აღტკინების შესაქმნელად, რომელიც დამახასიათებელი გახლდათ წლების განმავლობაში პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციების ორატორებისთვის და ამის ობიექტური მიზეზი ისიც იყო, რომ რადიკალური ოპოზიციის ის რამდენიმე მეტ-ნაკლებად წამყვანი ფიგურა ,რომლებიც გამოირჩევიან ომახიანი და „გამყინავი“ ხმით მასების „აღტკინების“ საქმეში...სხვადასხვა ბრალდებით არიან დაკავებულნი და ციხის საკნებიდან ვერ მიაწვდინეს ხმა თავისუფლების მოედნამდე...

შესაბამისად, აქციის ამ ხუთმა ორგანიზატორმა ვერ შექმნა „მასიური მუხტი“ თავისუფლების მოედანზე შეკრებილების „გასაცხელებლად“. ერთ-ერთ მათგანს, პოლკონიკ ლაშა ბერიძეს კი ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს...

მესამე - სწორედ ლაშა ბერიძე, თადარიგის პოლკოვნიკი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალი სამხედრო თანამდებობები ეკავა, ბოლო პერიოდში,სამხედრო სტრუქტურიდან წამოსვლის შემდეგ, ძალზე კრიტიკული გახლდათ არსებული ხელისუფლების მიმართ და არა მარტო სამხედრო საკითხებში,ა რამედ პოლიტიკურ ასპექტშიც. მისი მრავალი კრიტიკული სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, ცოტა უცნურად გამოჩნდა,რომ თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სცენიდან მან ერთი სიტყვითაც კი არ მიმართა შეკრებილებს და ის ერთგვარად შებოჭილად გამოიყურებოდა...

მაგრამ, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ერთი დღით ადრე გავრცელებული ერთობლივი განცხადება გაკეთებული გენერლების მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას მიერ - „კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს“...ეს უკვე გახლდათ ერთგვარი გაფრთხილება - ვიცით, რომ რაღაც მზადდება, მაგრამ ჩვენ ორი გენერალი, რომლებიც თავის დროზე ვიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, კატეგორიულად არ ვმონაწილეობთ დაგეგმილ ავანტურაში და შემდეგ ამაში ბრალი არავინ დაგვდოსო...

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა არც რაიმე მოუწოდებია აქციის სცენიდან,მ აგრამ „შეთქმულთა ხუთეულში“ დგომის გამო, ისიც დაკავებულია, რაც ძალაუნებურად ბადებს კითხვას - მისი დაგეგმილი ხომ არ იყო საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის ძალისმიერი ქმედება?

მეოთხე- აქციის ორგანიზატორებმა არ შეიმჩნიეს, რომ ხალხი დიდი რაოდენობა არ მივიდა მათ თავშეყრაზე და სასწრაფოდ გამოაცხადეს „კაცების სვლა“ ათონელის ქუჩისკენ, რასაც 15-იოდე წუთში მოჰყვა პრეზიდენტის რეზიდენციის რკინის ღობის (და არა რკინის ჯებირის, რადგან ჯებირსა და ღობეს შორის არის განსხვავება, ისევე როგორც მხუთავ და გამაღიზიანებელ აირს შორის, მაგრამ ტელევიზიის კორესპონდენტები დიდი სიჯიუტით მაინც „რკინის ჯებირსა“ და „მხუთავ გაზს“ გაიძახოდნენ) სამი ნაწილის მოგლეჯვა და აგრესიულ მომიტინგეთა შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ანუ ფაქტობრივად დაირღვა სახელმწიფო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მთლიანობა ადამიანთა მასის მხრიდან ფიზიკური ძალისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით...

მეხუთე - ძალიან საეჭვოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის (რომელშიც მომუშავეები თავის თავს „კრიტიკულ ტელევიზიად“ მოიხსენიებენ) გადამღები ჯგუფი ჯერ კიდევ მაშინ იდგა პრეზიდენტის სასახლის ღობის წინ, როდესაც...თავისუფლების მოედნიდან ჯერ დაძრულებიც კი არ იყვნენ ათონელის ქუჩისკენ, რაც ბადებს კითხვას - ამ კონკრეტული ტელევიზიის ხელმძღვანელობამ წინასწარ ხომ არ იცოდა, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა „მამაკაცურ ძალას“ სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ „ჯვაროსნული ლაშქრობისკენ“ მოუწოდებნდნე და იქ ადრეულად „ჩაასაფრა“ თავისი გადამღები ჯგუფი? თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან ცუდი დასკვნების გაკეთება შეიძლება...

ამასთან, გაკვირვებას იწვევს ამავე „კრიტიკული ტელევიზიის “ ეთერით არაერთხელ გაჟღერებული -„რკინის ჯებირი“ რა ადვილად გადაანგრიეს, ხელისუფლებამ წინასწარ ხომ არ მოჭრა და დაასუსტა ეს „რკინის ჯებირიო“...

როდესაც ასეთი კონსტრუქციის რკინის ღობეს ათობით ჯანღონით სავსე „მამაკაცური ძალა“ უტევს და არყევს, ვერცე რთი ღობე ვერ გაუძლებს, თუმცა ამავდროულად მათ ვერ შესძლეს ასეთივე რკინის ღობისგან გაკეთებული ეზოს ორი სამანქანო კარების შენგრევა, რადგან ისინი გამაგრებული იყო დამატებითი, ორ-ორი რკინის ძელით, რომელთა დაყენება პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში მყოფმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მართლაც რომ ბოლო წუთებში მოასწრეს, რაშიც მათ თავისი „საინტერესო კითხვებით“ ხელს უშლიდა სწორედ იმ „კრიტიკული ტელევიზიის“ კორესპონდენტი,რ ომელიც უკვე პრეზიდენტის რეზიდენციასთან წინასწარ ელოდებოდა თავისუფლების მოედნიდან დაძრულ აგრესიულ მომიტინგეებს.

მეექვსე - კითხვებს აჩენს სამართალდამცავების რეაგირების ფაქტორიც, როდესაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოცეული შესაბამისი აღჭურვილობით მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის კარებიდან ეზოში, როდესაც ამავე ეზოში გადაქცეული რკინის ღობიდან უკვე შეაღწია აგრესილი მომიტინგეების ნაწილმა.

დღეს ოპოზიციიდან იძახიან, რომ ეს ხელისუფლებამ მოუწყო მათ „მახე“. ჯერ მისცა პრეზიდენტის რეზიდენციის ღობის გადანგრევის საშუალება, ეზოში შეჭრის დაფიქსირება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყვანა სპეცრაზმიო...და ამაში შეიძლება არც ცდებიან, რადგან თავად პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა - პრეზიდენტის რეზიდენციის წინ წინასწარ რატომ უნდა დაგვეყენებინა სპეცრაზმები, თუკი მშვიდობიანი მომიტინგეები მოვიდოდნენ, მაგრამ როგორც კი მათ აგრესია გამოიჩინეს და შეიჭრნენ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე, ჩვენი სამართალდამცავებბიც მაშინ ამოქმედნენო...

შეიძლება ასეც იყო, რადგან მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას,რომელსაც სპეცრაზმები და საპოლიციო ძალები წინასწარ მობილიზირებული ჰყავდა პარლამენტის,მთავრობის კანცელარიის, „ქართული ოცნების“ ოფისისა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად. ერთგვარად „მიტოვებული“ დარჩა პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე და უკვე დაგვიანებით მოახდინა საპოლიციო ძალების ავრალურ რეჟიმში გადასროლა მის დასაცავად...

სხვათა შორის, ამ დროს ერთი ისეთი მომენტი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო ტრაგიკულად დამთავრებულიყო - პოლიციელების კოლონა, რომლებიც არ იყვნენ აღჭურვილნი ინდივიდულაური თავდაცვის საშუალებებით (ისე,როგორც „რობოკოპები“), მათმა ხელმძღვანელობამ მარჯვენა მხრიდან გაგზავნა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, ისე, რომ...ეს პოლიციელები მომიტინგეებს შორის იკვლევდნენ გზას და რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. მომიტინგეების აგრესიულმა ნაწილმა პოლიციელების ამ მწკრივიდან ერთი-ორი პოლიციელი გამოიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა, რაც შეიძლება კიდევ უფრო ტრაგიკულად დამთავრებულიყო ასეთი არასწორი ბრძანების გაცემის გამო - პოლიციელების მწკრივს მომიტინგეთა შუაში არ უნდა გაევლო...

მეშვიდე - საპოლიციო ძალების დაგვიანებული მოქმედება პრეზიდენტის რეზიდენციის დაცვის გასაძლიერებლად, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია ამ მიმართულებით შეტევაზე და ისევ პარლამენტის რკინის ღობეებზე შეტევებს ელოდებოდა, როგორც გასული წლების მოვლენებისას,თუმცა...

არის ძალიან დიდი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურს კარგა ხანია თავისი აგენტურა ჰყავს შეგზავნილი ოპოზიციური პარტიების რიგებში და არა მარტო იღებს ოპერატიულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას გეგმავენ ოპოზიციონერი ლიდერები, არამედ ამ ოპოზიციონერ ლიდერებში გავლენის აგენტების საშუალებით თავადაც აწვდის „იდეებს“...

ძნელი სთქმელია თუ ვის თავში დაიბადა პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრისა და იქ დროშების აფრიალების „იდეა“, მაგრამ ამ, წინასწარ ჩაფლავებისკენ განწირულმა ძალისმიერმა ქმედებამ უდიდესი ზიანი მიაყენა ოპოზიციის საერთაშორისო იმიჯს (მანამდე კი საქართველოს მაცხოვრებელთა დამატებით ნაწილშიც) და ამასთან უზარმაზარი მოგება მისცა მოქმედ ხელისუფლებას...

მერვე - ღამისეული დაპირისპირების პერიოდში ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა სატელეფონო საუბარის ჩანაწერი, რომელშიც თითქოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია და საპროტესტო აქციის მთავარი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე საუბრობენ და იხილავენ შეიარაღებული გადატრიალების დაგეგმვის დეტალებს...

„იმედმა“ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი მათ უცნობმა პირებმა მიაწოდეს და ტელევიზია პასუხს არ იღებს ჩანაწერის ავთენტურობაზე, რითაც თავი სრულად დაიზღვია...

ამ სატელეფონი ჩანაწერის გავრცელებამ (ის „იმედიდან“ „რუსთავი 2“ მა და „პირველმა არხმაც“ წაიღეს, ავთენტურობის დაუდგენლობის მითითებით) თავისი როლი შეასრულა იმ მომენტში და მაყურებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ უფრო კრიტიკულად განაწყო აქციის ორგანიზატორების მიმართ ,რის შემდეგაც ყველა ელოდა, რომ „ხუთ გადამტრიალებელს“ გვერდში დაუყოვნებლივ მიუსვამდნენ ბაჩო ახალაისაც, მაგრამ მეორე დღეა და ამის შესახებ არაფერი ისმის, რაც ძალაუნებურად აჩენს გრძნობას, რომ ეს ჩანაწერი...ფეიკი იყო და არ შეესაბამებოდა რეალობას (მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას რეალური განწყობა სწორედ ისეთი შეიძლება იყოს, როგორც ამ ჩანაწერშია გახმოვანებული), თუმცა რიგი ტელევიზიების გამოყენებით, სავარუდოდ, სუს-მა თავისი საქმე გააკეთა...

მეცხრე - გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ როდესაც აგრესიულმა მომიტინგეებმა შეანგრიეს პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოს რკინის ღობე, მათი მოგერიება მცირერიცხოვანმა სპეცრაზმმა მაშინვე ადვილად შესძლო წიწაკის სპრეის რამდენიმე გაშვებით, რადგან ეზოში შეჭრილ მომიტენგეთა უმრავლესობას არ ეკეთა აირწინაღი. ამასთან, ახალგზარდების ის ჯგუფი თუ ჯგუფები, რომლებიც გამოირჩეოდნენ კარგი აღჭურვილობით -აირწინაღებით (ისე, ვისაც საბჭოთადროინდელი აირწინაღი უკეთია და თავი დაცულად ჰგონია, ჯობს იცოდეს, რომ ამ აირწინაღებში მოთავსებულ გააქტიურებულ ნახშირს დიდი ხანია გაუვიდა მოქმედების ვადა და ის ნაკლებად გამოდგება სასუნთქი ორგანოების დასაცავად), დამცავი ჟილეტებითა და ჩაფხუტებით, რეზიდენციის ეზოში პირველ იერიშში არ ჩანდნენ და მხოლოდ მოგვიანებით დაფიქსირდნენ, როდესაც ქვაფენილიდან ქვებს ყრიდნენ და ესროდნენ პოლიციელებს და ამასთანავე კერძო ღია კაფეების მაგიდებსა და სკამებს წვავდნენ...

მეათე -და ბოლოს მთავარი: საპოლიციო ძალებმა არ გამოიყენეს „შურისძიების ტაქტიკა“ და დაკავების ჯგუფებმა არ დაიწყეს ყველაზე აგრესიული მომიტინგების დევნა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, როგორც ეს ხდებოდა გასული წლის მიტინგების დაშლის შემდეგ, როდესაც პარლამენტის შენობისკენ ფეირვერკებისა და ქვების მსროლელ ყველაზე აგრესიულ მომიტინგეებს შემდეგ ქუჩებში დასდევდნენ სპეცრაზმელები და დაკავებისას არცთუ იშვიათად დაუნდობლად უსწორდებოდნენ, რის ამსახველ საშინელ ვიდეოკადრებს იღებდნენ „კრიტიკული ტელევიზიების“ კამერები და საერთაშორისო უარყოფითი რეაქციაც გარანტირებული ჰქონდა მოქმედ ხელისუფლებას -მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა, რაც მისასალმებელია...

2025 წლის 4-5 ოქტომბრის დრამატულმა მოვლენებმა (როდესაც ბეწვზე გადავურჩით მსხვერპლს) იმედია, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლებები უნდა იცვლებოდეს,მხოლოდ საარჩევნო პროცესების შედეგად და 1991 წლის თბილისის ომისა თუ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მსგავს მოვლენებს ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ უარესი მოაქვს...