" პრეზიდენტის სასახლე რომ დაეკავებინათ, დაიწყებოდა უკონტროლო ესკალაცია და..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: ვინ ვის რა "სიურპრიზები" მოუწყო 4 ოქტომბერს?! - კვირის პალიტრა

" პრეზიდენტის სასახლე რომ დაეკავებინათ, დაიწყებოდა უკონტროლო ესკალაცია და..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: ვინ ვის რა "სიურპრიზები" მოუწყო 4 ოქტომბერს?!

"ეს იყო ცეცხლთან თამაში, ეს იყო სულელური ავანტიურა, რომელსაც შეიძლება ტრაგიკულ შედეგებამდე მივეყვანეთ!" - ამგვარი შეფასებით გამოეხმაურა უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ პროცესებს. შეგახსენებთ, რომ არჩევნების პარალელურად, თბილისში გაიმართა მასშტაბური აქცია ხელისუფლების დამხობის მოთხოვნით. პრეზიდენტის სასახლისკენ მსვლელობა შეტაკებებში გადაიზარდა, სპეცრაზმმა გამოიყენა სპეციალური საშუალებები მომიტინგეების დასაშლელად და დააკავეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრები. მთავრობამ მომხდარი გადატრიალების მცდელობად შეაფასა. პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ მამუკა არეშიძე­ გვესაუბრება.

- შთაბეჭდილება მრჩება, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა "მიმთითებელი" ჰყავდა. ჯგუფებს შორის კოორდინაცია არ არსებობდა. ჩემი ხედვით, გეგმა თავიდანვე ცუდად ჩამოაყალიბეს და ის ცუდად შედგენილი გეგმაც ვერ შეასრულეს. თავიდანვე იყო დაშვებული სტრატეგიული შეცდომები. ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა, რომ პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალები ან ერთმანეთს არ ენდობოდნენ, ან სხვადასხვა პატრონზე იყვნენ "დამოკიდებული". სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ეს იყო სულელური ავანტიურა, რომელიც გარდაუვალად მიიყვანდა ტრაგიკულ შედეგებამდე... თუ რომელიმე ორგანიზატორი მალევე საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს, ყველაფერი ნათელი გახდება...

- 4 ოქტომბერსვე გამოჩნდა, რომ აქციის მონაწილეებს იმედი გაუცრუვდათ ორგანიზატორების კრახის გამო. ასეთი მოცემულობა საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების ნიჰილიზმს მოიტანს თუ პროტესტი გაგრძელდება?

- ორივე სცენარის განვითარებაა შესაძლებელი, მაგრამ ფაქტია, ამ მოვლენამ ოპოზიციური მოძრაობა სერიოზულად დააზიანა.

- პრემიერ კობახიძის განცხადება, რომ "დამხობის გეგმა ჩავარდა და პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა", მოასწავებს თუ არა მასობრივ დაპატიმრებებს, მათ შორის რიგითი მონაწილეებისაც?

- ჩემი აზრით, ისეთ აქციებს, სადაც დესტრუქციული განცხადებები გახმოვანდება, კარგა ხანს ვეღარ გამართავენ. უკვე დააკავეს საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ხელისუფლების რიტორიკა კი მეტის და მეტის დაკავებაზე მიუთითებს. ამას ემატება საზოგადოების დიდი ნაწილის უაღრესად უარყოფითი რეაქცია.

როგორც შევამჩნიე, ხელისუფლება ინფორმირებული იყო მოსალოდნელი ნაბიჯების შესახებ. ალბათ, გახსოვთ, კობახიძის განცხადებები "სიურპრიზების" შესახებ, ის საზოგადოებას მიანიშნებდა, რომ ოპოზიციის პატარ-პატარა სიურპრიზებს ხელისუფლების დიდი სიურპრიზი მოჰყვებოდა.

აქციის ორგანიზატორები არ ელოდნენ, რომ პრეზიდენტის სასახლეში სპეცდანიშნულების რაზმი დახვდებოდათ, ამიტომაც აირჩიეს ეს შენობა შეტევის მთავარ ობიექტად. ის ფაქტი, რომ ადგილზე დროულად აღმოჩნდა სპეცრაზმის გარკვეული სეგმენტი, მაფიქრებინებს, რომ, მინიმუმ, ვარიანტად მაინც ჰქონდათ გათვლილი მსგავსი თავდასხმა. შესაძლოა 100%-ით დარწმუნებული არ ყოფილიყვნენ, მაგრამ მზადება ჩანდა.

- ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ, საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებდნენ, მათი თქმით, ადგილზე პოლიციის ძალიან ცოტა თანამშრომელი იყო.

- დიახ, მაგრამ სპეცრაზმის ნაწილი მყისიერად გამოჩნდა... ლოკაცია დაცული იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლო­ მიზნებზე წინასწარი სურათი მაინც ჰქონდათ.

ჩემთვის დამაფიქრებელი ის იყო, რომ მომიტინგეებმა ადგილზე მისვლისთანავე დაიწყეს შეტევა, არც მოთხოვნები წამოუყენებიათ და არც მოლაპარაკება სცადეს. ასეთი "პირდაპირი შეტევა" პირველად ვნახე... ეს მოქმედება მიანიშნებდა წინასწარ გათვლილ სცენარზე: როგორ დაიმსხვრეოდა ბარიერი, როგორ შეიჭრებოდნენ შიგნით და ა.შ. მოკლედ, ნაბიჯები წინასწარ იყო გააზრებული.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ავთენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალია ხელისუფლების ძალისმიერ დამხობაზე საუბრობენ და მსხვერპლის აუცილებლობასაც განიხილავენ?

- ასეთ მასალებზე ყოველთვის ვერიდები კატეგორიულ შეფასებებს, დაზუსტებით ამჯერადაც ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ნათელია: იმის თქმა, რომ ამ ჯგუფის უკან "არავინ" იდგა, გამორიცხულია. "ვინმე" იდგა და ეს "ვინმე" შეიძლება სხვადასხვა აქტორი, მათ შორის ახალაიაც შეიძლება ყოფილიყო. ბურჭულაძისა და ახალაიას საუბარში განსაკუთრებით ერთმა ფრაზამ მიიქცია ჩემი ყურადღება - ეს იყო "მოსკოვიც მოგვეხმარება".

- რატომ უნდა დახმარებოდა მოსკოვი ბურჭულაძეს, როდესაც "ქართული ოცნება" პუტინს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის და შეიძლება ითქვას, დღეისთვის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ლოიალურად არის განწყობილი?

- მესმის ეს ლოგიკა, მაგრამ სინამდვილე ცოტა სხვაგვარია. კრემლისთვის "ქართული ოცნების" ხელისუფლება "კომფორტული" არ არის.

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ორმაგ თამაშს ეწევა, არც რუსეთისკენ დგამს ერთმნიშვნელოვან ნაბიჯს და არც აშკარად დისტანცირდება. ევროკავშირში გაწევრებაზე საუბარი, "ევროპული არჩევანის" ხაზგასმა მოსკოვს აღიზიანებს. გაითვალისწინეთ, მოსკოვისთვის ყველაზე ხელსაყრელი სურათი მუდმივი დაძაბულობის რეჟიმში მყოფი სამხრეთი კავკასიაა. ცეცხლმოკიდებული რეგიონი, მათ შორის საქართველო, კრემლისთვის იდეალური "საჩუქარია". ასეთ პირობებში სხვადასხვა მოტივით ნებისმიერი ნაბიჯის გამართლება იოლია, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკურიც.

- რევოლუციური სცენარისგან "ლელოსა"­ და გახარიას პარტიის წინასწარ გამიჯვნას როგორ ახსნით?

- მათ, სავარაუდოდ, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რევოლუციის საორგანიზაციო ჯგუფის შესაძლო ნაბიჯები სისხლის ღვრამდე მივიდოდა და თან ეს ნაბიჯები უკვე "გაშიფრული" იყო, ხელისუფლება კი - მომზადებული. ამას ემატება ის, რაც დასაწყისში ვთქვი: სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა "მიმთითებელი" ჰყავდა.

სალომე ზურაბიშვილის მაგალითმაც­ კარგად აჩვენა, რომ ერთიანი ცენტრი არ არსებობდა. თუ ვივარაუდებთ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას დასავლეთში "თავისი პატრონი" ჰყავს, მაშინ ნათელი გახდება, რატომ აღმოჩნდა ნაწილი არჩევნებში, ნაწილი არჩევნებს მიღმა, რევოლუციურ პროცესში. ზედაპირზე ეს დაძაბულობა აშკარად ჩანდა და გამიჯვნაც სწორედ ამიტომ მოხდა.

- მათი გადაწყვეტილება სწორი იყო?

- კი, დღეს საქართველოს არ სჭირდება ძალისმიერი სცენარი, რომელიც სისხლის ღვრას მოიტანს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტის სასახლე რომ დაეკავებინათ, ოპოზიციის დიდი ნაწილი იქვე მოიყრიდა თავს, "გადამწყვეტი" შეტყობინებები გავიდოდა მედიაში და გარემოება მარტივად გადავიდოდა უკონტროლო ესკალაციაში. მართლაც სწორი ნათქვამია, "გამარჯვებულებს არ ასამართლებენო". უახლოესი წარსულიდან შეგვიძლია მაგალითის მოყვანა, როდესაც ამბოხებულებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს. იმ შეცდომის ფასს დღემდე ვიხდით მთელი ქვეყანა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, "ლელოსა" და გახარიას პარტიის დროული გამიჯვნა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუნდაც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ხარჯზე.

წაიკითხე ვრცლად