"რკინის ქალი": ავანტიურისტი მურა, რომელიც სამი ქვეყნის აგენტი იყო - როგორ აქცია საქართველომ მაქსიმ გორკი მაწანწალიდან ლიტერატორამდე - კვირის პალიტრა

"რკინის ქალი": ავანტიურისტი მურა, რომელიც სამი ქვეყნის აგენტი იყო - როგორ აქცია საქართველომ მაქსიმ გორკი მაწანწალიდან ლიტერატორამდე

დღეს სპეცსამსახურების საქმიანობის ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე უნდა ვისაუბრო: ერთია პროვოკაცია, როგორც ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციებისა და „ოპერატიული თამაშების“ განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, ხოლო მეორე - ქალთა ნიჭისა და სილამაზის გამოყენება სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაგეგმილი მიზან/გეგმების მისაღწევად. ქალები დაზვერვაში - ეს თემა ისეთივე ძველია, როგორც მსტოვრობის ისტორია. რამდენად წარმატებით ართმევენ თავს „ქალბატონი- მზვერავები“ ამ ურთულეს და უხნეს პროფესიას? ამ საკითხზე ერთიანი აზრი ჯერ არ არსებობს.

მკითხველს მინდა მოვუთხრო ერთ ნიჭიერ ავანტიურისტ ქალბატონზე, მარია ზაკრევსკაია-ბენკენდორფ-ბუდბერგზე, რომელიც არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა პერიოდში სამი იმპერიის (გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის) სპეცსამსახურების აგენტი იყო. მარია ზაკრევსკაია (1892-1974) დაიბადა რუსეთის იმპერიაში, პოლტაველი მემამულის, ეგნატე ზაკრევსკის ოჯახში. დაამთავრა „კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი“. ბავშვობიდან მას "მურას" ეძახდნენ. ის კარგად ფლობდა ინგლისურ და გერმანულ ენებს. შემდეგ ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად მურა ინგლისში გაგზავნეს, სადაც მისი ნახევარი ძმა, პლატონ ზაკრევსკი რუსეთის საელჩოში მსახურობდა. იმ პერიოდში რუსეთის ელჩი გრაფი ბენკენდორფი იყო, მის სახლში მურამ გაიცნო ელჩის ნათესავი, გრაფი ივანე ბენკენდორფი (1882-1919), რომელიც 1911 წელს მისი ქმარი გახდა და მარია ზაკრევსკაია - გრაფინია მარია ბენკენდორფად მოგვევლინა. მათ შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც ძირითადად ესტონეთში, ბენკენდორფის მამულში იზრდებოდნენ. მურამ ლონდონში გაიცნო, აგრეთვე, მწერალი ჰერბერტ უელსი და ახალგაზრდა დიპლომატი რობერტ (ბრიუს) ლოკარტი (1887-1970). ამ შეხვედრებმა მომავალში მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია.

brius-lokarti-1759817072.jpg

ბრიუს ლოკარტი

ბრ. ლოკარტი რუსეთში პირველად 1912 წელს ჩავიდა, სადაც ვიცეკონსულად დანიშნეს. მან სწრაფად შეისწავლა რუსული ენა და დაუახლოვდა რუსეთის არისტოკრატიულ წრეებს. ბრ. ლოკარტი ისტორიაში შევიდა, როგორც 1918 წელს ბოლშევიკების ხელისუფლების წინააღმდეგ „ელჩების შეთქმულების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რაზედაც დაწვრილებით ქვემოთ მექნება საუბარი. დაქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1912 წელს, ივანე ბენკენდორფი და მისი ახალგაზრდა მეუღლე მარია ბერლინში გაემგზავრნენ, სადაც რუსი დიპლომატი ახალ სამსახურში დაინიშნა. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა მურა გერმანიის სპეცსამსახურებს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მურას ოჯახს რუსეთში მოუხდა დაბრუნება. რუსეთში 1917 წელს დაწყებულმა ანარქიამ ბენკენდორფების ახალგაზრდა ოჯახზეც მძიმე კვალი დატოვა. იმ წლის ზაფხულში, ესტონეთში მემამულეების წინააღმდეგ აჯანყებულმა გლეხებმა მოკლეს ბარონი ივანე ბენკენდორფი. ბავშვები მეზობლებმა გადაარჩინეს. ამ დროს მურა პეტროგრადში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, თუმცა მალე რევოლუციურმა ხელისუფლებამ მურა ბინიდან გამოასახლა. ასე დარჩა მურა მარტო, უბინაოდ - ფაქტობრივად, ქუჩაში. მურამ ბრიტანეთის საელჩოს მიაკითხა, სადაც მეგობრები ეგულებოდა და ბრიტანეთის საელჩო აღმოჩნდა ერთადერთი ადგილი, სადაც მურას დაეხმარნენ. საელჩოში ის ბრიუს ლოკარტსაც შეხვდა, რომელიც რუსეთში დაბრუნდა, როგორც დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი, თუმცა რეალურად ლოკარტი სპეციალურ სადაზვერვო მისიას ხელმძღვანელობდა. მალე მურასა და ლოკარტს შორის მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და მურა ინგლისელ მზვერავთან სახლში გადავიდა. მათი იდილია 1918 წლის 1 სექტემბერს, გამთენიისას დასრულდა, როდესაც ფელიქს ძერჟინსკის ბრძანებით, დააპატიმრეს ბრიტანეთში საელჩოში მცხოვრებნი: მათ შორის - ლოკარტი (როგორც „ელჩების შეთქმულების" ერთ-ერთი ორგანიზატორი. ამ შეთქმულებაში, რომლის მთავარი მიზანი ბოლშევიკების ხელისუფლების დამხობა იყო, მონაწილეობდნენ აშშ-ის და საფრანგეთის ელჩები, ასევე, დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი ბრიუს ლოკარტი), ხოლო მურა - როგორც ბრიტანეთის ჯაშუში.

ამჟამად არსებული ინფორმაციის ანალიზი საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ბოლშევიკები სრულად აკონტროლებდნენ მოვლენებს: მათ შეძლეს ბრიტანელების საიდუმლო შიფრის გასაღების ხელში ჩაგდება და უპრობლემოდ კითხულობდნენ ლოკარტის მიერ ლონდონში გაგზავნილ დაშიფრულ დეპეშებს. ამასთან ერთად, „ჩეკამ“ შეთქმულების რიგებში საკუთარი ხალხის (აგენტი-პროვოკატორების) ჩანერგვაც შეძლო. მათ ბოლშევიკების მთავრობის ვითომდა ’’ლიკვიდაცია’’ უნდა მოეხდინათ. ამ და სხვა ტყუილი დაპირებების შემდეგ, ძერჟინსკის აგენტებმა შეთქმულების გეგმები ხელში ჩაიგდეს, თანაც - ’’აუცილებელი ხარჯებისთვის’’ ლოკარტს მილიონ მანეთზე მეტიც გამოსცინცლეს.

„ელჩების შეთქმულება", რომელსაც სპეცსამსახურების ისტორიაში ზოგჯერ „ლოკარტის შეთქმულებასაც" უწოდებენ, წინასწარ იყო განწირული დამარცხებისთვის. ასე რომ, პროვოკაცია სპეცსამსახურების ერთ-ერთი უძველესი მეთოდია, რომელსაც დღესაც ძალზე კარგად და შედეგიანად იყენებენ. ბრ. ლოკარტი ერთ თვეში გაათავისუფლეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს: რეალურად კი ის საპასუხოდ ლონდონში დაკავებულ საბჭოთა დიპლომატ მაქსიმ ლიტვინოვზე გაცვალეს. ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ თავისი შეყვარებულის, ბრიუს ლოკარტის, განთავისუფლების სანაცვლოდ მარია ბენკენდორფი ჩეკას აგენტი-ინფორმატორი გახდა. ბრიტანელი მზვერავის გამგზავრების შემდეგ მურა კვლავ მარტო და გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: არც სახლი, არც რაიმე შემოსავალი... 1919 წლის დასაწყისში პეტროგრადში მან თავი შეაფარა ძველ ნაცნობს, ყოფილ გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე მოსოლოვს (1854-1939), რომელთანაც რამდენიმე თვეს ცხოვრობდა. ამ პერიოდში მურამ შეიტყო, რომ რუსი მწერალი კორნეი ჩუკოვსკი, რომელიც მაქსიმ გორკის მიერ დაარსებულ გამომცემლობა ’’მსოფლიო ლიტერატურაში’’ მუშაობდა, ინგლისური ენის მცოდნე თარჯიმნებს ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება მცირე აღმოჩნდა, მურა დათანხმდა. 1919 წლის ზაფხულში კ. ჩუკოვსკიმ მურა მაქსიმ გორკისთან წაიყვანა. ასე გაიცნო 27 წლის ახალგაზრდა ქვრივმა 52 წლის მწერალი და ე.წ. სოციალისტური რეალიზმის ფუძემდებელი. მაქსიმ გორკიმ მურა აიყვანა თავის ლიტერატურულ მდივნად. ძალიან მალე, ასაკში დიდი სხვაობის მიუხედავად, ისინი იმდენად დაახლოვდნენ, რომ მურა ჯერ მწერლის თერთმეტოთახიან (!!!) ბინაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი მის საძინებელ ოთახში ’’დასახლდა’’.

maria-zakrevskai-benkendorp-budbergi-da-maksim-gorki-1759817107.jpg

მარია ზაკრევსკაია-ბენკენდორფ-ბუდბერგი და მაქსიმ გორკი

ამის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში, მურა იყო გორკის მდივანი-თანაშემწე და იმავდროულად - სამოქალაქო მეუღლე. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ იყო და „ჩეკას“ კაბინეტებში დაიგეგმა. ასე რომ, 1919 წლის შემოდგომიდან 1933 წლამდე, „ჩეკას“ მაქსიმალური ინფორმაცია გააჩნდა საზღვარგარეთ მცხოვრები მ. გორკისა და მისი გარემოცვის შესახებ. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად მურასაც ბოლომდე არ ენდობოდნენ და ძერჟინსკის ზოგიერთი კოლეგა (მაგ. მისი მოადგილე იაკობ პეტერსი) ბარონესა ბუდბერგის გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობაზე ეჭვობდა.

როგორ გახდა მარია ბენკენდორფი - ბარონესა ბუდბერგი?

რუსი ემიგრანტი ნინა ბერბეროვა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში ახლოს იცნობდა მურას, ავტორია ძალზე საინტერესო ბიოგრაფიული წიგნისა - «Железная женщина» („რკინის ქალი“), რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი მარია ზაკრევსკაიას ცხოვრება. ქვემოთ გთავაზობთ ერთ ამონარიდს ამ წიგნიდან (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.): ’’როდესაც მურა შეეცადა ესტონეთში არალეგალურად შეღწევას, ბავშვების ამბის გასარკვევად, იგი დააკავეს და გორკი მაშინვე გაემგზავრა პეტროგრადის ჩეკაში. მისი მცდელობის წყალობით, მურა გაათავისუფლეს. როდესაც ესტონეთთან სარკინიგზო კავშირი აღდგა, იგი კვლავ იქ წავიდა. მაგრამ ტალინში... დააპატიმრეს. მას საბჭოთა ჯაშუშობას სდებდნენ ბრალად. მურამ დაიქირავა იურისტი და იგი გირაოთი გაათავისუფლეს. იურისტმა მას ურჩია ესტონელთან დაქორწინება: შედეგად მურა მიიღებდა ესტონეთის მოქალაქეობას და, შესაბამისად, ამ ქვეყანაში უპრობლემოდ მოგზაურობის შესაძლებლობას. მურას ’’მეუღლე’’ სწრაფად უპოვნეს: ბარონ ნიკოლაი ბუდბერგს სასწრაფოდ დასჭირდა ფული, ხოლო მურას ათასი დოლარი ჰქონდა, რომელიც გორკიმ მას ბერლინიდან გამოუგზავნა. მურა მაშინვე დაქორწინდა ბარონ ბუდბერგზე - და ისინი დაშორდნენ, როგორც კი ესტონეთის საზღვარი გადალახეს’’. მ. გორკის მიერ გამოგზავნილი თანხიდან მესამედი მურამ ნ. ბუდბერგს გადასცა. ასე რომ, 1922 წლის დასაწყისში, 300 დოლარის სანაცვლოდ, რომელიც იმ წლებში საკმაოდ დიდი თანხა იყო, მარია ზაკრევსკაია-ბენკენდორფი - ბარონესა მარია ბუდბერგად იქცა. ბარონესას ტიტული მურას საშუალებას აძლევდა, თავისუფლად შეეღო ევროპის მრავალი არისტოკრატიული ოჯახის კარი.

მაქსიმ გორკის გზა: მაწანწალიდან ლიტერატორამდე

მაქსიმ გორკი (1868-1936), - ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსი მაქსიმეს ძე პეშკოვი, რუსი და საბჭოთა მწერალი, ე.წ. სოციალისტური რეალიზმის ფუძემდებელი, საქართველოში პირველად 1892 წელს ჩამოვიდა და სწორედ თბილისში, გაზეთ Кавказ-ში, დაიბეჭდა მისი პირველი პროზაული ნაწარმოები („მაკარ ჩუდრა“). შემდეგ გორკი წერდა: "შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სწორედ ქვეყნის (იგულისხმება საქართველო - ბ.ა.) დიდებულმა ბუნებამ და მისი ხალხის რომანტიკულმა სათნოებამ - სწორედ ამ ორმა ძალამ მომცა ბიძგი, რამაც მაწანწალიდან ლიტერატორად მაქცია“. ამის შემდეგაც რამდენჯერმე იყო მაქსიმ გორკი საქართველოში. განსაკუთრებით ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ ყოფილ „მაწანწალას“ (бродяга). 1917-1921 წლებში მ. გორკი რუსეთში, პეტროგრადში ცხოვრობდა და უნდა ითქვას, რომ „ბოლშევიკებისგან“ დიდ ყურადღებას გრძნობდა, თავადაც თავდაპირველად თანაუგრძნობდა ახალ ხელისუფლებას, თუმცა თანდათანობით მათი გზები გაიყარა. მ. გორკი მომსწრე გახდა იმ რეპრესიების პირველი ტალღისა, რაც რუსეთში 1921 წლიდან დაიწყო და იგი, მკურნალობის საბაბით, საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც 1933 წლამდე ცხოვრობდა. პერიოდულად რამდენიმე თვით საბჭოთა კავშირში ბრუნდებოდა, რათა საგამომცემლო და ფინანსური საკითხები მოეგვარებინა. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ხელისუფლება და პირადად სტალინი ცდილობდნენ, სამუდამოდ დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ მ. გორკი, რათა მისი სახელი და ავტორიტეტი გამოეყენებინათ ახალი „საბჭოთა მწერლობის“ პროპაგანდის პროცესში.

maksim-gorki-1759817129.jpg

მაქსიმ გორკი და „ჩეკისტების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჰენრიხ იაგოდა

„ბოლშევიკებმა“ მწერლების „მოთვინიერებისთვის“ ცოტა გვიან, 1925 წელს მოიცალეს: 18 ივნისს პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება - „პარტიის პოლიტიკის შესახებ მხატვრული ლიტერატურის სფეროში“. ეს გადაწყვეტილება შიშისა და დიდი შეშფოთების შედეგი იყო. საბჭოთა კავშირში „ნეპმა“ („ახალი ეკონომიკური პოლიტიკა“) ისე მძლავრად მოიკიდა ფეხი, იმდენად ბევრი საბჭოთა მოქალაქე ესწრაფვოდა მეწარმოებისა და ვაჭრობის დაწყებას, რომ კრემლში „სოციალიზმისთვის“ სერიოზული, „ახალი ბურჟუაზიის“ შექმნის საფრთხე დაინახეს.

სტალინი, ტროცკი, ბუხარინი და სხვები, რომლებიც ამ საკითხში სრულიად ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ, რომ ახალ საბჭოთა ბურჟუაზიას (ისე, რა საინტერესოდ ჟღერს!) ახალი, საკუთარი იდეოლოგიაც მალევე ექნებოდა და... დამთავრდა „პროლეტარიატის დიქტატურა“. „ბოლშევიკებს“ მიაჩნდათ, რომ: „...როგორც ზოგადად არ წყდება კლასობრივი ბრძოლა, ასევე არ წყდება ის არც ლიტერატურულ ფრონტზე. კლასობრივ საზოგადოებაში არ არსებობს და არ შეიძლება იყოს ნეიტრალური ხელოვნება“. ამიტომ მათი აზრით, „პროლეტარული დიქტატურის მეშვეობით“, საბჭოთა ლიტერატურაში უნდა დარეგულირებულიყო შემდეგი საკითხები: თანაფარდობა პროლეტარულ მწერლებს, გლეხ მწერლებსა და ეგრეთ წოდებულ თანამგზავრ მწერლებს შორის; მხატვრული ნაწარმოების სტილი და ფორმა; ორგანიზაციული საკითხები და ა. შ. პარტიული პოლიტიკის გატარება საბჭოთა ლიტერატურაში გულისხმობდა მწერლების გამორჩევას და წახალისებას არა ნიჭიერების, არამედ სოციალურ-კლასობრივი კუთვნილების მიხედვით. ამიტომ ტფილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშის „ლექსი შედევრი“ ორთქმავალზე აუცილებლად უნდა დაბეჭდილიყო და ექოთ, ხოლო „ვინმე ინტელიგენტის“ (არაფერს ვამბობ თავადაზნაურული წარმოშობის პოეტზე) „საშუალო“ ლექსი სამშობლოზე (ისიც თუ დაიბეჭდებოდა) კრიტიკული წერილებით უნდა გაენადგურებინათ. ამიტომაც პოლიტბიუროს დადგენილებაში ჩაწერეს: „პროლეტარული მწერლების ჰეგემონია ჯერ არ არსებობს და პარტია უნდა დაეხმაროს ამ მწერლებს ამ ჰეგემონიის ისტორიული უფლების მოპოვებაში. გლეხ მწერლებს უნდა შეხვდნენ მეგობრულად და მათ უნდა ისარგებლონ ჩვენი უპირობო მხარდაჭერითო“. რაც შეეხება „თანამგზავრ მწერლებს“: უნდა მომხდარიყო მათი გადარჩევა, ერთგვარი სელექცია კომუნისტური პარტიისადმი ერთგულებისა და კლასობრივ ბრძოლაში მათი აქტიურობის მიხედვით. „18 ივნისის დადგენილებით“ საბჭოთა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, წყალგამყოფი ხაზი გაავლო: თუ მანამდე საბჭოთა ლიტერატორები გარკვეულწილად თავად ირჩევდნენ რა და როგორ ეწერათ, რომელ ლიტერატურულ მიმდინარეობაში გაერთიანებულიყვნენ, სამშობლოზე დაეწერათ ლექსი, მთვარეზე თუ საკერავ მანქანაზე - ბოლშევიკურმა რეჟიმმა არჩევნის საშუალება მოსპო. „ხელოვნება ხალხისთვის“ თუ „ ხელოვნება ხელოვნებისთვის“? ვინც აქ შეცდებოდა, ის უკვე „ბოლშევიკებთან“ არ იყო, ხოლო ვინც მათთან არ იყო, ის უკვე მტერი იყო. ერთი კი უნდა ითქვას: ბოლშევიკებმა მაშინ „დიდი საქმე“ გააკეთეს და მწერლები „მხატვრული წამებისგან“ და „მუზის მოლოდინის კრუნჩხვებისგან“ გაათავისუფლეს. ეს „ოხერი მუზა“ დაბარებულივით რომ არ დადის, ბოლშევიკებს არ აინტერესებდათ. ორთქმავალზე, ტრაქტორზე, ზაჰესზე და „მოგუგუნე“ საკერავ მანქანაზე ლექსის დაწერას კი, ყველა პროლეტარი და „ნამდვილი საბჭოთა პოეტი“ მუზის გარეშეც შეძლებდა. პოლიტბიუროს ამ დადგენილების შემდეგ მძიმე დღეები დაუდგათ ნამდვილ ხელოვნებს: მათ შემოქმედებითი ცხოვრების გაგრძელების და თან სიცოცხლის გადარჩენის გზები უნდა ეძებნათ.

(პირველი ნაწილის დასასრული)