ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times - კვირის პალიტრა

ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times

რევიზიამ, რომელიც უკრაინის სამხედრო შესყიდვების სააგენტოში ჩატარდა, ახალი პრობლემები გამოავლინა: დასავლეთის მხრიდან იარაღის მიწოდების შემცირების ფონზე, სააგენტოში, რომელიც წინა წლებშიც კორუმპირებულობით გამოირჩეოდა, ახლაც ხდება უხეში დარღვევები და კორუფციის ფაქტები, რომლებიც რეაგირების გარეშე რჩება“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „უკრაინაში ჩატარებული შიდაშემოწმების შედეგებმა იარაღის შესასყიდად თანხების ხარჯვაზე კითხვები გააჩინა: რისთვის იხარჯება ფული?“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინამ უკვე გარდაქმნა თავისი თავდაცვითი მრეწველობა და ამჟამად ათასობით საარტილერიო ჭურვს, ჯავშანტექნიკას და სხვადასხვა დანიშნულების მქონე უპილოტო საფრენ აპარატს (დრონებს) ამზადებს. ბევრი სწორედ სამხედრო მრეწველობის განვითარებაში ხედავს ძირითად გასაღებს, რუსების შეტევების მოგერიების თვალსაზრისით.

შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად, წინა საომარი წლებისაგან განსხვავებით, უკრაინელი სამხედროებისა და მეიარაღეთა ბიუჯეტში მილიარდობით დოლარი ირიცხება (მათ შორის - დასავლელი დონორების მიერაც), მაგრამ ხარჯების ძირითადი ნაწილი გასაიდუმლოებულია. ასეთი სიტუაცია შეშფოთებას იწვევს ანალიტიკოსებსა და ანტიკორუფციული ბრძოლის აქტივისტებში, რომელთა მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლება მაინცდამაინც წარმატებულად არ ებრძვის სამხედრო შესყიდვების სფეროში ფესვებგადგმულ კორუფციას.

სახელმწიფო აუდიტორებს, რომლებიც სამხედრო ხარჯების მართებულობას ამოწმებენ, ეჭვები გაუჩნდათ, რომ ოფიციალური კიევი სისტემატურად, ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, კონტრაქტებს აფორმებს კომპანიებთან, რომელთა მომსახურების ფასები უფრო მაღალია, ვიდრე - მათი კონკურენტებისა. შიდასამთავრობო შემოწმებების ამსახველი კონფიდენციალური მონაცემებით, რომლებიც „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქციას ხელში ჩაუვარდა, უამრავი ამგვარი კონტრაქტია დადებული, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ასევე, გამოვლენილია სამხედრო მიწოდებების დაგვიანებისა და წინასწარი უკანონო გადახდების უამრავი ფაქტი, რომლებსაც მთავრობისა და პრეზიდენტის მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.

რასაკვირველია, ისეთ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება, რომელიც პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების მაღალ ფასს ითხოვს, თავისთავად არც კორუფციას ნიშნავს და არც სახსრების უკანონოდ ხარჯვას, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ შემოწმებები აჩენს ახალ პრობლემას უკრაინისათვის - ისეთ ეტაპზე, როცა უკრაინა ცდილობს, თავი დააღწიოს მოკავშირეებისგან იარაღით დასაჩუქრების ტრადიციას. რადგან აშშ და ევროპა ხშირად ყოყმანობენ და პოზიციას ხშირად იცვლიან, კიევი სულ უფრო ავითარებს საკუთარ სამხედრო მრეწველობას და სულ უფრო ხშირად იყურება იარაღის საერთაშორისო ბაზრებისკენ, რომ თვითონ იყიდოს საჭირო შეარაღება და სამხედრო ტექნიკა.

ბოლო დროს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა თავის არმიას სამამულო წარმოების იარაღით თითქმის 60%-ით უზრუნველყოფს. ქვეყნის სამხედრო ქარხნები ამზადებენ საბრძოლო დრონებს, სამხედრო რობოტებს და ტრადიციული იარაღის ფართო ასორტიმენტს - ჰაუბიცებს, ჯავშანტექნიკას და ა.შ. აღსანიშნავია, რომ უკრაინელ სპეციალისტთა დამსახურებაა ის, რომ სამხედრო მიზნების შესასრულებლად გამოიყენება იაფფასიანი კომერციული დრონებიც, რაც ქვეყანას დიდ ფულს უზოგავს.

ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ სამომავლოდ იარაღის წარმოება ქვეყანას უსაფრთხოებას განუმტკიცებს და შემკავებელი ფაქტორი გახდება აგრესორისათვის, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები და ყოფილი ჩინოვნიკები ამბობენ, ამგვარი სტრატეგიის განხორციელებისთვის ხელისუფლებას მოუწევს, სამხედრო შესყიდვების სფეროში ტრადიციულად არსებული კორუფციის პრობლემა მოაგვაროს.

სახელმწიფო აუდიტორებს, რომლებმაც უკრაინის თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს მიერ გაფორმებული კონტრაქტები შეამოწმეს - 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით, მართალია, ოფიციალურად და ღიად ფინანსების დატაცებისა და უკანონო ხარჯების გამო რაიმე ბრალდებები არავისთვის წაუყენებიათ, მაგრამ მათ მოხსენება-გარიგებების გარკვეული ნაწილის მიმართ შედგენილი ოქმები და შეფასებები - სამართალდამცველ ორგანოებში გადააგზავნეს.

შეიძლება ითქვას, რომ 465-გვერდიან დოკუმენტში გამოვლენილია ისეთი კონტრაქტები (ჭურვების, დრონების და სხვა იარაღის დამზადებაზე), რომლებიც დადებულია საეჭვოდ ძვირად შემფასებელ კომპანიასთან. ამასთან, იაფი მომსახურებასა და ძვირად მომსახურებას შორის ფასების განსხვავება არანაკლებ 5,4 მილიარდ გრივნას (129 მილიონ დოლარს) აღწევს.

„გაურკვეველი მიზეზებით, სამხედროები ზედმეტ ფასს იხდიან და თანაც, სრულიად უსაფუძვლოდ“, - ამბობს თამერლან ვახაბოვი, თავდაცვის სამინისტროს იარაღის შესყიდვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი. მისი თქმით, ომით გამოწვეულ საყოველთაო სამხედრო ალიაქოთის პირობებში არავის ჰყოფნის ნებისყოფა იმისათვის, რომ ყველაფერი სწორად, დინჯად და ნიუანსების დაცვით გააკეთოს.

„ზოგჯერ თვით მოგებიან კონტრაქტსაც კი არ აქვს შესაბამისი დასაბუთება და განმარტება“, - აღნიშნავს ელენა ტრეგუბი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის დირექტორი, - "წარმოდგენილი არასრული დასაბუთებები ან მათი არარსებობა შეიძლება სიმართლესაც ასახავდეს და კორუფციასაც“.

მართალია, სააგენტოს დირექტორი არსენ ჟუმადილოვი აცხადებს, რომ ბოლო ხანებში შესყიდვების პროცესში მიდგომები შეიცვალაო, მაგრამ რაც მოხდა, იმას უკვე ვერანაირად ვეღარ შეცვლი, პასუხისმგებლობა კი არავის ეკისრება.

რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს და საბრძოლო მასალებს ორი წესის მიხედვით იღებდნენ: პირველი - დასავლეთის ქვეყნები კიევს სამხედრო ტექნიკას უანგაროდ აძლევდნენ, მაგალითად, „ლეოპარდისა“ და „აბრამსის“ ტიპის ტანკებს და M777-ის ტიპის ჰაუბიცებს; მეორე - თავდაცვის სამინისტრო იარაღს თავის ოდესღაც ძლიერ ქარხნებში ან საერთაშორისო ბაზრებზე ყიდულობდა.

უკრაინის სამხედრო შესყიდვების სააგენტო, თავდაპირველად, 2023 წელს, როცა ერთი ამბავი ატყდა თავდაცვის სამინისტროში გამოვლენილი მექრთამეობისა და სახსრების გიგანტური გადახარჯვების საკითხში და რასაც თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი შეეწირა, დამოუკიდებელ ქვედანაყოფის სტატუსით შეიქმნა. ყველა ფიქრობდა, რომ სიტუაცია, როგორც იქნა, მეტ-ნაკლებად მოგვარდებოდა, მაგრამ სულ მალე პრობლემები ახალ უწყებაშიც გაჩნდა - მოკლე დროის განმავლობაში ორი დირექტორი ერთიმეორის მიყოლებით იქნენ გათავისუფლებულები თანამდებობებიდან, უყაირათობის გამოვლენის გამო.

დღეისათვის უწყების ბიუჯეტი 10 მილიარდი დოლარით განისაზღვრება, რაც შედგება როგორც უკრაინელი გადასახადის გადამხდელების ფულისგან, ასევე - უცხოური სუბსიდიებისაგან. დანიამ და რიგმა სხვა ევროპულმა ქვეყნებმა კიევს 1,6 მილიარდი დოლარი გამოუყვეს - უკრაინის ქარხნებში იარაღის დამზადებისა და შესყიდვისათვის. ამჟამად იარაღი მზადდება ყოფილ საბჭოთა სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოებში, რომლებიც ოდესღაც საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს აწყობდნენ, ასევე - ტანკებს, თვითმფრინავებს და სხვა ტექნიკას.

სამწუხაროდ, ბოლო დრომდე იარაღის შემსყიდველი უკრაინელი სამხედრო სპეციალისტები ხშირად სარგებლობდნენ შუამავალი ფირმებით, რომლებიც, საკომისიოს სახით, ძალიან დიდ ფულს იღებდნენ: შესყიდვების სააგენტოს მიერ დადებული კონტრაქტების 83% შუამავლების მონაწილეობით არის გაფორმებული.

შუამავლები შესყიდვების სფეროში ადრეც მონაწილეობდნენ, მაგრამ მათ განსაკუთრებით ღრმად გაიდგეს ფესვები ომის დაწყების შემდეგ. ერთი მაგალითი: 2022 წლის ზაფხულისათვის უკრაინამ იარაღის (ჭურვების) საკუთარი არსენალები მთლიანად დააცარიელა. ეს ფაქტი თავდაპირველად გასაიდუმლოებული იყო, არმიას ჭურვები ჰაერივით სჭირდებოდა, ბოლოს კი მთავრობა იძულებული გახდა, შუამავლებისათვის მიემართა, რომ მათ როგორმე უკან გამოესყიდათ წინაწლებში სხვადასხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გატანილი იარაღი.

ეს შუამავლები, ე.წ. სპეციალური ექსპორტიორები, დიდი ხნის განმავლობაში ჰყიდდნენ უკრაინულ იარაღს აფრიკისა და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში, რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ჯერ იარაღის უკან გამოსყიდვა დაიწყეს, მოგვიანებით კი - მაკლერის როლი მიითვისეს, შესყიდვების სააგენტოსა და იარაღის მწარმოებელებს შორის.

ამჟამად უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო ექსპერიმენტი, იარაღის შესყიდვების საკითხში, არა მსხვილ და საყოველთაოდ აღიარებულ სამხედრო მოიჯარეებთან, არამედ - ქაოსურად მიმწოდებელ ორი ათასამდე კომპანიასთან, რომელთა დიდი ნაწილი სტარტაპებს წარმოადგენს და პატარა სარდაფებში ან საკმაოდ ვიწრო სათავსოებში მუშაობენ. თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, ზოგიერთებმა საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს - მაგალითად, მათ მიერ შექმნილმა სწრაფმავალმა საზღვაო დრონებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს შთამბეჭდავი ზარალი მიაყენეს. ამასთან, აშკარად შეინიშნება ფინანსების გადახარჯვა - „შუამავლების მიერ რეკომენდებული და შესყიდული 35 ტიპის საზღვაო დრონიდან რეალურად მხოლოდ სამმა მოდელმა გაამართლა“, - ამბობს ალექსანდრე კამიშინი, პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვის მრეწველობის საკითხებში

რევიზიის შედეგად გამოვლინდა ისეთი მრავალრიცხოვანი კონტრაქტი, რომელიც დაგვიანებით სრულდებოდა ან საერთოდ არ ხდებოდა პროდუქციის მიწოდება, ფული კი წინასწარ იყო გადახდილი. მთავრობის სახელით ისეთი კონტრაქტებიც კი იდებოდა, რომ არავინ ინტერესდებოდა, აქვს თუ არა შუამავლის მიერ შერჩეულ კომპანიას საწარმოო ფართობი, თუნდაც - სარდაფში მაინც.

იმავდროულად შესყიდვების სააგენტო ახალ პოზიტიურ ექსპერიმენტებსაც ახორციელებს - შექმნა ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა, სადაც არმიის ქვედანაყოფების მეთაურებს უკვე თვითონ, პიროვნულად შეუძლიათ დრონებისათვის შეიარაღების ყიდვა - პირდაპირ გადიან მიმწოდებლებზე, შუამავლების გარეშე: კომპიუტერის მაუსის (თაგუნის) ერთი დაწკაპუნებით სამხედრო ბიუროკრატია გვერდზე რჩება. სააგენტოს დირექტორი არსენ ჟუმადილოვი ამ ფაქტს „სამხედრო შესყიდვების სფეროში მომხდარ გარღვევას“ უწოდებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო