"ეს ხაფანგი იყო სალომე ზურაბიშვილისთვის..." - მირიან მირიანაშვილის სკანდალური განცხადება: "საქართველოში ყველაზე საინტერესო ამბები ახლა იწყება"
"აბსურდი, რომელიც თავიდან ბოლომდე გაუგებრობაზე იყო აგებული, ყველაფერი ერთ ფლაკონში აღმოჩნდა - არაკომპენტეტურობა და სიშტერე, ასევე ღალატი და გარიგება", - ამგვარად შეაფასა 4 ოქტომბერს, თბილისში მომხდარი ამბავი ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა. მისი თქმით, „ქართულ ოპოზიციაში არაკომპეტენტურობამ და თვითმოტყუებამ შედეგად მათივე დისკრედიტაცია და ნდობის სრულად დაკარგვა მოიტანა“. შესაძლო ვერსიების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს მირიან მირიანაშვილი გვიზიარებს:
– ყოველთვის დიდი სკეპსისით და ეჭვით ვუყურებდი პოლიტიკური ოპოზიციის ქცევას, შესაბამისად, მათგან რაიმე პოზიტიური შედეგის ან გააზრებული ქმედების მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა. ის, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ რუსთაველზე, იყო სრული აბსურდი. თავიდანვე იგრძნობოდა არაკომპეტენტურობა. თუნდაც ის ფორმულა, რასაც ხაბეიშვილმა „მშვიდობიანი დამხობა“ უწოდა, თავიდანვე გაუგებარი იყო. როგორ შეიძლება წარმატებული იყოს პროექტი, რომლის შინაარსიც თავად სახელწოდებაში ვერ აიხსნება? „მშვიდობიანი დამხობა“ უკვე პარადოქსია და შედეგიც სწორედ ასეთი მივიღეთ. აქცია თავიდანვე იყო ზედაპირულად დაგეგმილი. ზოგიერთის ქცევაში ისეთი მიამიტობა ჩანდა, რომ ადამიანს გიჭირს დაიჯერო, ნამდვილად მიამიტობასთან გვქონდა საქმე თუ - გამიზნულ ღალატთან...
პაატა ბურჭულაძისგან შეიძლება არ გამკვირვებოდა, სად სიმღერა და სად პოლიტიკა, სად ბანი და სად რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა, მაგრამ მურთაზ ზოდელავა, კაცი რომელიც გენერალური პროკურორი იყო, ასეთი მიამიტი როგორ აღმოჩნდა?! ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანები გარიგებაში მონაწილეობდნენ, მით უფრო ახლა, როცა ციხეში არიან, მაგრამ ფაქტია, რომ კომუნიკაციები იყო საეჭვო, გაუგებარი და ზოგ შემთხვევაში - სრულიად აბსურდული.
ხელისუფლებას მიეცა შესაძლებლობა, რომ პროტესტის ყველა მონაწილე ძალადობრივ დამხობაში თანამონაწილედ გამოაცხადოს. ეს კი უკვე ძალიან დიდი პრობლემაა და რიგით მოქალაქესაც სერიოზულად აზარალებს. ამ პროცესში იყო ყველაფერი ერთად: გარიგების ნიშნები, უგუნურება, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკური ინფანტილიზმი.
- "რევოლუცია" რომ ჩავარდნილი იყო, ეს ალბათ, აქციის დასაწყისშივე ჩანდა. პროცესს აქციის დაწყებამდე გაემიჯნენ, როგორც „ლელო“ და გახარიას პარტია, ასევე - გენერლები მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა, ასევე - სალომე ზურაბიშვილი. როგორ გგონიათ, რატომ არ შეცვალეს ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა?
- მეც ეს მიკვირს. გამოვიდა ბურჭულაძე და ქვეყნის პირველი პირები დაპატიმრებულად გამოაცხადა, მერე თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში მივიდეთ, გასაღები ჩავიბაროთო... ამ სცენარს რომ წარმოვიდგენ, სიმწრისგან მეცინება. რაც შეეხება, ათონელის თემას და პრეზიდენტის სასახლესთან მისვლას, შეიძლება ეს ხაფანგიც იყო, სალომე ზურაბიშვილის პროცესში ჩასათრევად. როგორც ჩანს, ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად გაიაზრა სიტუაცია და მაშინვე გაემიჯნა მათ, ისევე, როგორც სხვა, თქვენ მიერ ნახსენები აქტორები.
- ამ პროცესში ხელისუფლების როლს როგორ ხედავთ?
- მე მგონია, რომ ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა გათვლილი ეს სცენარი. ვიღაცებს უდავოდ ჰქონდათ ხელისუფლებასთან რაღაც ტიპის გარიგება. ოპოზიცია აღარ საუბრობს იმის შესახებ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც ჩემი აზრით ხელისუფლებასთან გარიგების შედეგია. სხვათა შორის, ამაზე აღარ საუბრობს რადიკალური ოპოზიციაც კი, რომელიც არჩევნების ბოიკოტით იმუქრებოდა. რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან ბევრი პოლიტიკური ელემენტია - თხუთმეტამდე პოლიტიკური პარტია და ოცდაათამდე პოლიტიკოსი. როდესაც ესენი ერთობლიობაში სინქრონულად რამეს არ აკეთებენ ან აკეთებენ, ე.ი. პროცესი გარედან არის "დირიჟორებული" .
ხომ ხედავთ, რა ალოგიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით?! ვერც იმას ამბობენ, რომ არჩევნები ჩატარდა და ვერც იმას, რომ გაყალბდა. კი მაგრამ, რა ეშმაკი მოხდა, აბა?! საქართველოში არსებულმა კომიკურმა ვითარებამ ევროპელები დილემის წინაშე დააყენა. მათ აღარ იციან, როგორ შეაფასონ ეს არჩევნები.
- შეიძლება ბოლოსდაბოლოს „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია მიიღოს?
- გამორიცხულია, ამას ამერიკული მართვის ბლოკი არ დაუშვებს. ტყუილად აქვს ამის იმედი „ქართულ ოცნებას“. არჩევნებს გაყალბებულად არ გამოაცხადებენ, მაგრამ არც ლეგიტიმაციას მისცემენ. ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც ვერ მიიღო სასურველი დივიდენდი. ე.ი. არჩევნებთან დაკავშირებული პროცესი იმდენად აბსურდულად წარიმართა, რომ გამორიცხულია, ვაშინგტონში ამ ხელისუფლებასთან უკვე არსებული პოლიტიკური კურსის კორექცია მოახდინოს. ძალიან მაინტერესებს, რას აპირებს ხელისუფლება, როგორი ტიპის ოპოზიციასთან აპირებს პოლიტიკის წარმოებას. დღევანდელი ოპოზიცია უკვე ისე დისკრედიტირებულია, რომ საზოგადოებისთვის უკვე აბსოლუტურად მიუღებელია. არც კი ვიცი, როგორ უნდა გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან „ლელო“, გახარია ან დანარჩენი ოპოზიცია.
- ე.ი. ამბობთ, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი უფროა, ვიდრე - დივიდენდის მომტანი?
- დიახ, ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია ივანიშვილისთვის გარკვეული გამარჯვებაა, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში. იმიტომ, რომ ამით მმართველმა გუნდმა დაკარგა კონტროლის მექანიზმები, რომლითაც თავად მართავდა ოპოზიციურ ველს. როცა ოპოზიცია ნულამდე დავა, ხელისუფლებაც კარგავს მასზე ზემოქმედების ბერკეტს. ამიტომ ეს არ არის გრძელვადიანი მოგება, ეს უფრო საკუთარი სისტემის ატროფიაა.
- თქვენს ვერსიაში ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების მართული იყო...
- დიახ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ილუზიაა, რომ თითქოს ამ დრომდე საქართველოში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა იყო. ამ ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკური სიმულაკრები (როცა პოლიტიკაში არსებობს პარტია, რომელიც თითქოს ოპოზიციაა, მაგრამ რეალურად ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული) და არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ ივანიშვილის ხელისუფლებას. ერთადერთი პრობლემა, რასაც ივანიშვილი პოლიტიკაში აწყდებოდა, ეს იყო ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება. გახარია იქნება თუ არ იქნება, შეიცვლება თუ არა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური ქეისი, ამით საზოგადოებრივ განწყობებში არაფერი იცვლება. ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა იყო და რჩება დასავლეთთან სიტუაციის იმგვარად დალაგება, რომ რუსეთისთვის კატასტროფულად მიუღებელი არ იყოს. ამ პოლიტიკური ფორმულის ამოხსნაშია ახლა ის, ეს გამოწვევები მის წინაშე ისევ დარჩება. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის დაინახავს რომ არჩევნების შემდეგ მისი ხელისუფლების ლეგიტიმაცია არ იქნება აქტივირებული და დასავლეთის დამოკიდებულება მისი ხელისუფლების მიმართ შეცვლილი, იძულებული გახდება, დასავლეთთან სიტუაციის დარეგულების ახალი ფორმატზე იფიქროს.
- როგორი შეიძლება იყოს ეს ახალი ფორმატი?
- ეს გამოიკვეთება უახლოესი 6-8 თვის განმავლობაში, მაღალი რანგის გეოპოლიტიკური მოთამაშეების მიერ უკრაინასთან ზავის კონტექსტში საქართველოს საკითხიც გადაწყდება. ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ, ივანიშვილს მოუწევს ახალი პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბება. ამერიკელების აზრით, ამ დრომდე ივანიშვილი არ იძლეოდა საქართველოში რეალური პროდასავლური ოპოზიციური სპექტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. თუ ეს პროცესი ისე წარიმართა, რომ რუსეთის საქართველოზე ზეწოლა განეიტრალდა, ბიძინა ივანიშვილს მოეხსნება ის შეზღუდვები, რომელიც მასაც ძაბავს. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში გარდამავალ პერიოდში შევალთ. ის განცდები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს, მათ შორის - ოპოზიციურ ელექტორატს, რომ თითქოს ყველაფერი თავზე ჩამოექცათ და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა მყარდება, აუცილებლად შეიცვლება. საქართველოში ამ დრომდე იყო ერთმართველობა, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)