"რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?!" - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: "საქმე გვაქვს უკიდეგანო პოლიტიკურ სიბრიყვესთან, ან ეს არის პროვ - კვირის პალიტრა

"რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?!" - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: "საქმე გვაქვს უკიდეგანო პოლიტიკურ სიბრიყვესთან, ან ეს არის პროვოცირებაში მონაწილეობა"

4 ოქტომბერს, წესით, საზოგა­დოები­სთვის კიდევ ერთხელ­ უნდა გამოჩენილიყო, რომ არჩევნებს ალტე­რ­ნატივა­ არა აქვს და დეკლარაცი­ის წაკითხვა ვერ ჩამოშლიდა ხელისუფლებას. მით უმეტეს, გულუბრყვილობაა "4-ში­ ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ" ლოზუნგით­ "მშვიდობიანი დამხობა", რომელიც, როგორც ვიხილეთ, არც მშვიდობიანი ყოფილა... მთავარი კი ის არის, ამის შემდეგ რა იქნება, მით უმეტეს, ორგანიზატორები უკვე დაკავებული არიან და პრემიერ კობახიძეს, მინიმუმ, კიდევ 30 კაცის დაკავება აქვს დაანონსებული. ისიც თქვა, რომ ის, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, პარტიების აკრძალვის სარჩელისთვის დამატებითი არგუმენტი გახდება. სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრებით პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს.

- ძალიან ძნელი ასახსნელია ეს ყველაფერი. მე, პირადად, გამუდმებით ვამბობდი, რომ საზოგადოება არ იყო მზად რადიკალური ქმედებებისთვის და ამასთან, იყო ძალიან დიდი ალბათობა, რომ მოხდებოდა პროვოცირება. ამ ორივეს გაერთიანება­ ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი იერიშის დროს. როდესაც ვამბობდი, არ მივიღოთ დემოკრატიის ნაცვლად უფრო კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი-მეთქი, სწორედ ამ საფრთხეებს ვგულისხმობდი. კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ მოხდება იდენტიფიცირება და დაიწყება დაპატიმრებები, და დაიწყო კიდეც - ანუ ყოველივე ის, რატომაც მოვუწოდებდი ოპოზიციას და საზოგადოებას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად-მეთქი, ახდა. ჯერ ორგანიზატორები არიან დაპატიმრებული, მაგრამ, ალბათ, დაიწყება უფრო მეტი ხალხის დაპატიმრება და თან ისე, რომ ხელისუფლებას ექნება თავის გასამართლებელი არგუმენტი.

ითქვა, რკინის ღობე არ ყოფილა გამაგრებული, ხელისუფლებამ სპეციალურად ხომ არ გააკეთა ესო. შეიძლება გააკეთა კიდეც, მაგრამ ორგანიზებას აკეთებ, ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგო. აღარაფერს ვამბობ იმ დეკლარაციაზე, რომელიც ბატონმა ბურჭულაძემ წაიკითხა. არ ვიცი, რომელ პარტნიორს თუ პოლიტიკოსს შეიძლება ვაჩვენოთ ის, რაც იქ ეწერა. იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ... რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?!

იმედი მქონდა, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ცოტა მაინც გავიზარდეთ, მაგრამ პირიქით მოხდა - გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვართ. თუ გვგონია, ეს რაოდენობა კი არა, სამი ამდენიც რომ შეკრებილიყო და ვიღაცას რაღაც დეკლარაცია წაეკითხა, ამის გამო ხელისუფლება გაიქცეოდა, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. მივიღეთ ის, რაც ყველაზე მომგებიანია ხელისუფლებისთვის! დაიწყება რეპრესიები და ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთაც მეტ-ნაკლები გავლენა ჰქონდათ საზოგადოებაში და ცდილობდნენ "ნაცმოძრაობისთვის" მიეწებებინათ, ამაში მოჰყვება. კობახიძემ თქვა კიდეც, რომ რაც მოხდა, დამატებითი საფუძველი იქნება საკონსტიტუციო სარჩელისთვის. ოთხი პარტიის აკრძალვას აპირებენ.

- ერთია დეკლარაცია და მეორე მოწოდება, "მამაკაცური ძალით" შევიჭრათ სამთავრობო­ უწყებებშიო, და იწყებ მაინცდამაინც­ პრეზიდენტის სასახლით, რომლის ღობეც რატომღაც ადვილად დაიშალა, მაგრამ მხოლოდ ღობე, და შენობაში კი ვერავინ შეაღწია. ან "მამაკაცური ძალა" რამდენად არის "მშვიდობიან დამხობასთან" თანხვედრაში? რატომ მოხდა ასე?

- საქმე გვაქვს უკიდეგანო პოლიტიკურ სიბრიყვესთან, ან ეს არის პროვოცირებაში მონაწილეობა. საქმე ის არის, ეს რომელმა მოაწყო - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ თუ ორივემ ერთად...

მთავარი ის არის, საზოგადოება, რომელიც ვერ ხვდება, რომ ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს, რა მდგომარეობაშია... პოლიტიკურად კიდევ უფრო დაბლა დავეშვით, ვიდრე 1990-იანებში ვიყავით.

ასევე დაგაინტერესებთ: "ეს ხაფანგი იყო სალომე ზურაბიშვილისთვის..." - მირიან მირიანაშვილის სკანდალური განცხადება: "საქართველოში ყველაზე საინტერესო ამბები ახლა იწყება"

" პრეზიდენტის სასახლე რომ დაეკავებინათ, დაიწყებოდა უკონტროლო ესკალაცია და..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: ვინ ვის რა "სიურპრიზები" მოუწყო 4 ოქტომბერს?!

„ჩვენ სწორედ იმ რეალობის წინაშე დავდექით, როდესაც აღქმებმა გადააჭარბა რეალობას“

„ვის მოუვიდა თავში იდეა, ათონელის სასახლეში შეცვენილიყვნენ? და რა იქნებოდა მერე?..“

მაშინ იყო ერთ-ერთი შეკრება, სადაც ერთმა კაცმა - გვარს არ დავასახელებ, რადგან ის კაცი გაქრა ეროვნული მოძრაობიდანაც და პოლიტიკიდანაც, თქვა, - თავს რატომ ვიკლავთ, ძალიან მარტივია დამოუკიდებლობის მიღება, დავბეჭდოთ ქართული­ პასპორტები, გადავყაროთ რუსული და ვიქნებით დამოუკიდებელიო. ეს განცხადება იმისგან, რაც გააკეთა ბურჭულაძემ, რამით განსხვავდება? მაშინ მას დავცინეთ და გავიარეთ, დღეს კი დამცინავიც არ აღმოჩნდა არავინ,

მოედანზე შეკრებილი ამდენი ხალხი აღტაცებით შეხვდა იმას, რომ თურმე ხელისუფლება გადმოვიბარეთ, და არა მარტო გადმოვიბარეთ, შსს-ს დავავალეთ, რომ ის 6 კაცი სასწრაფოდ დაეპატიმრებინა. ამის შემდეგ კი ჩავთვალეთ, რომ შეგვეძლო პრეზიდენტის სასახლის აღება. არ ვიცი, ამის ფონზე კიდევ კარგად როგორ ვართ?!..

როდესაც საზოგადოების ასეთ რაღაცაზე წამოგება შეიძლება, იქ უკვე მთლიანად საზოგადოებას აქვს პრობლემა და არა კონკრეტულ პერსონებს. ჩვენ ვერ შევძელით პოლიტიკურად გავზრდილიყავით და ვიმკით იმას, რაც ჩვენი უმწიფრობის შედეგია.

- არჩევნების შედეგებმა რა აჩვენა? ფაქტია, კალაძე რეგისტრირებული­ ამომრჩევლის მხოლოდ მეხუთედით გახდა ძალიან მაღალპროცენტიანი მერი. ამ დროს ოპოზიციას ძალიან დაბალი შედეგები აქვს, თუმცა საერთო ჯამში ჩანს, რომ თბილისის და დიდი ქალაქების წართმევა შესაძლებელი იყო... ეს ყველაფერი რაიმე პერსპექტივას ტოვებს?

- ამ პროცესმა მეტ-ნაკლებად გამოკვეთა პოლიტიკური პარტიების ჯგუფი, რომლებმაც გაუძლეს ამ შტურმს და ზეწოლას, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რუსი და ივანიშვილთან შეკრულიაო. ამ გაძლებამ მესამე ძალის შექმნის მეტ-ნაკლები კონტურები მოხაზა. თუ შეძლებენ, რომ ეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ, შესაძლოა ეს გახდეს რაღაცის მომტანი. შეიძლება გამოჩნდეს მესამე ძალა, რომელიც კომპენსირებას გაუწევს და შეცვლის ქვეყანაში განწყობებსაც და სიტუაციასაც. თუ ვერ მოხერხდა, ვიტრიალებთ იმ წრეზე, რაშიც ეს 35 წელია ვტრიალებთ...

მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა იმ პირთა მიმართ, ვინც აქციაში მონაწილეობდა, ეს არის ის ხალხი, ვინც არის პროტესტანტი. რამდენიც არ უნდა დააპატიმრონ, ამით მათ განწყობებს ხელისუფლება უფრო გააძლიერებს. ამიტომ ეს ჯგუფი მაინც მუდმივად იქნება ლიდერის ძიებაში და, თუკი შეიქმნება კიდევ ერთი ოპოზიციური ჯგუფი, მაშინ მეტ-ნაკლებად მოხდება დაბალანსება. ეს იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი.

წაიკითხე ვრცლად