პირველი ქართველი ქალი ჩეხეთის პარლამენტში - ვინ არის 22 წლის კატერინა დემეტრაშვილი, რომლის მამაც უკრაინაში სნაიპერია: ტრიუმფი არჩევნებში და ოჯახის ისტორია
22 წლის კატერინა დემეტრაშვილი ჩეხეთის პარლამენტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია. ის ამერიკაში დაიბადა და ჩეხეთში გაიზარდა, მაგრამ ამბობს, რომ "ყოველთვის არის საქართველოს ნაწილი“ და მისი ოჯახის ისტორია კრემლის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ცოცხალი მაგალითია.
"თუ მკითხავენ, ვინ ვარ, პასუხი რთულია": იდენტობა ტეხასსა და თბილისს შორის22 წლის იურისტი და "პირატების პარტიის"პროგრესული სახე, კატერინა „კატია“ დემეტრაშვილი, ჩეხეთის პოლიტიკურ სცენაზე სენსაციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ის ტეხასში (აშშ) დაიბადა და ერთი წლიდან პრაღაში ცხოვრობს, მისი გვარი და ოჯახური წარსული მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან.
"თუ მკითხავენ, ვინ ვარ, პასუხი რთულია. ჩეხეთში გავიზარდე, მაგრამ ჩემში ყოველთვის არის საქართველოს ნაწილი,“ - ამბობს კატერინა. სწორედ ქართული წარმომავლობის გამო, კატერინას ოჯახს პირადად აქვს განცდილი რუსეთის აგრესია, რამაც განსაზღვრა მისი ძლიერი პროდასავლური პოზიცია.
მამა უკრაინაში სნაიპერია, ქალიშვილი – პარლამენტში: ომი და დემოკრატია
დემეტრაშვილის ოჯახური ისტორია საოცარი და უაღრესად ემოციურია: მისი მამა უკრაინაში ქართული ლეგიონის რიგებში იბრძვის, როგორც სნაიპერი.
მამის ბრძოლის გზა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით დაიწყო — ის იცავდა ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან 1993 და 2008 წლებში. როდესაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მან კვლავ იარაღი აიღო.
კატერინას თქმით, მამამისმა არ იცოდა, რომ ის ჩეხეთის პარლამენტში კენჭს იყრიდა.
"1993 და 2008 წლებში რუსეთმა სცადა საქართველოს რაც შეიძლება დიდი ნაწილის ოკუპაცია, საიდანაც მე ვარ, როგორც ჩემი გვარი მიანიშნებს. საბოლოოდ, მათ დარჩათ ოსეთი და აფხაზეთი, რაც ქვეყნის ფართობის 20%-ს შეადგენს.
ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩემი ბაბუა, ასევე მამაჩემი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ამიტომ, 2022 წელს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ სურდა მისი სუვერენიტეტის დაცვა ქართული ლეგიონის რიგებში. ის სნაიპერია…“
ოჯახის ამ გამოცდილების ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ კატერინა დემეტრაშვილი განსაკუთრებით მკაცრად აკრიტიკებს ჩეხეთში იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც რუსეთის მიმართ სიმპათიას გამოხატავენ.