პედაგოგიური სტიმული გამგებლის ვიდეოებით - კვირის პალიტრა

პედაგოგიური სტიმული გამგებლის ვიდეოებით

"ჩემი სპეციალური ვიდეოებით ფართო საზოგადოებას ვაჩვენებ, რომ ჩვენი ნოყიერი მიწით არასდროს არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო. შრომას ყოველთვის აქვს ფასი. მინდა მიგრაცია შეჩერდეს", - ამბობს ხულოს რაიონის სოფელ თაგოს გამგებელი, პედაგოგი რუსუდან მახარაძე, რომელიც სოფელ თაგოდან გვესაუბრა:

- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულაში დავიბადე. პრიორიტეტი, ცხადია, სწავლა-განათლება იყო, თუმცა ყოველდღიურად ვმონაწილეობდი სოფლად სხვადასხვა საქმეში. იმ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში ფართოდ იყო გავრცელებული მეთამბაქოეობა, რაც ძალიან შრომატევადი გახლდათ. მოგვყავდა კარტოფილი, სიმინდი, სხვადასხვა ბოსტნეული.

გვყავდა როგორც წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი და ფრინველი. 13 წლისა თავისუფლად ვწველიდი ძროხებს და რძის პროდუქტებსაც ვამზადებდი.

- მეთამბაქოეობა ახსენეთ, ბევრისთვის ეს უცხოა დღეს...

- მეთამბაქოეობა ყველაფერს ვადების გათვალისწინებით მოითხოვს. მაგალითად, სათბური, ადრე გაზაფხულზე, თოვლის გაშრობამდე უნდა მომზადდეს, სადაც წინასწარ მომზადებული თამბაქოს თესლი უნდა დაითესოს. დაახლოებით ორმოც დღეში მივიღებთ თამბაქოს ნერგს. შემდეგ გადავიტანთ მომზადებულ მიწის ნაკვეთში და დაზამთრებამდე რამდენჯერმე მოვკრეფთ. ახალდაკრეფილ თამბაქოს ფოთოლს სპეციალური ნემსით ძაფებზე ვაგებთ, გავფენთ და მზეზე ვაშრობთ და ზამთარში ჩასაბარებლად ვამზადებდით. დიდი შრომა სჭირდებოდა, თუმცა ყველაფერს სიხარულით და სიყვარულით ვაკეთებდით.

998c3e42-4605-42b5-aa49-6b0ffb99fa8d-1759953898.jpg

- დაოჯახების შემდეგ სოფელ თაგოში ცხოვრობთ, სადაც ხალხის პატივისცემა დაიმსახურეთ.

- დაოჯახების შემდეგ სოფელ თაგოში ვცხოვრობ და აქაურობა მშობლიური სოფელივით შევიყვარე. სამეურნეო საქმეებს პედაგოგობაც შევუთავსე და სოფლის გამგებლობაც.

თაგოში პირუტყვი მყავს, ბოსტნეულს ვთესავ, კარტოფილს, სიმინდს, ასევე გვაქვს ნიგოზი, ვაშლი, მსხალი...

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე დილის შვიდ საათზე იწყება. ახლა კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყო, მერე სიმინდის დაბინავების ჯერი დადგება. სოფლის მეურნეობის თანადაფინანსებით სახნავ-სათესი კულტივატორები მივიღეთ, რამაც შრომა გამიადვილა.

მაღალმთიანი აჭარა მცირემიწიანია, უმეტესწილად მთის ფერდობებზეა გაშენებული... მე ჩემი სპეციალური ვიდეოებით ფართო საზოგადოებას ვაჩვენებ, რომ ჩვენი ნოყიერი მიწით არასდროს არ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო. შრომას ყოველთვის აქვს ფასი. მინდა მიგრაცია შეჩერდეს.

- ვიდეოში ჩანდა, როგორ ხნავდით მიწას ხელის ტრაქტორით, ეს რთული სამუშაო არ არის ქალისთვის?

- რთულიც არის და სახალისოც. ამ ვიდეოებითაც ვცდილობ ხალისი შევმატო ჩემს ხალხს.

როგორც გამგებელს, სირთულეების გადალახვა ყოველდღიურად მიწევს. მაღალმთიანი სოფლები ზამთარში უხვი ნალექით გამოირჩევა და მეც ვცდილობ მოსახლეობას დავეხმარო.

ოჯახშიც ერთმანეთის გვერდში ვუდგავართ და ისე ვშრომობთ. საქმიანობაში დედამთილი მეხმარება. ამჟამად პირუტყვი სეზონურ საძოვრებზე გვყავს, სადაც რძის პროდუქტებს ვამზადებთ. საზაფხულო იალაღებზე, ძირითადად, ჩემს დედამთილს უწევს ყოფნა და თავისუფალ დროს მეც ვეხმარები. ზაფხულში ვაგროვებთ ყვავილების სხვადასხვა სახეობას და უგემრიელეს ჩაის ვამზადებთ.

თავისი სამუშაო ყველა სეზონს აქვს, ფიზიკურად ძნელია ეს ყველაფერი, მაგრამ დიდი სიყვარულით ვშრომობ და ეს საქმეს მიადვილებს.