ტრამპი ხვალ შეიძლება გაცოფდეს ანუ როგორ ჩავიგდოთ ხელში ნობელის პრემია?!
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებაზე პრეტენზიას აცხადებს და მის მოსაპოვებლად ნორვეგიის მთავრობაზე ზეწოლას ახდენს“ (ავტორი - რიჩარდ მილნი). პუბლიკაციაში განხილულია ის პერიპეტიები, რომლებიც თან ახლავს ნობელის მშვიდობის პრემიის მინიჭებას, განსაკუთრებით ახლა, როცა ლაურეატობის ერთ-ერთ კანდიდატს აშშ-ის მეთაური წარმოადგენს. მიანიჭებს თუ არა ნორვეგიის ნობელის კომიტეტი დონალდ ტრამპს პრესტიჟულ პრემიას?
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
არავინ ისე არ ცდილობს და არ იბრძვის ნობელის მშვიდობის პრემიის მოსაპოვებლად, როგორც დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი საკმაოდ თავხედურად იქცევა თავის მიზანსწრაფვაში - დაეუფლოს მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ჯილდოს - და აცხადებს, რომ მისთვის „დიდი შეურაცხყოფა იქნება, თუ იგი ნობელის პრემიის ლაურეატი არ გახდება“.
მაგრამ ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილი იმის მიმართ, რომ დონალდ ტრამპის უპრეცედენტო ლობისტური კამპანია თავის ნაყოფს გამოიღებს და ნორვეგიის ნობელის კომიტეტი მას პარასკევს დააჯილდოვებს. მიზეზები სხვადასხვაა - დაწყებული დონალდ ტრამპის პოლიტიკიდან ქვეყნის შიგნით და დამთავრებული საზღვარგარეთ გატარებული პოლიტიკით, იმ დრომდე, როცა იგი პრეზიდენტად იქნა არჩეული, მაგრამ თანმდებობრივი უფლებამოსილების შესრულება ჯერ არ ჰქონდა დაწყებული, ანუ 2024 წლის განმავლობაში.
„პრეზიდენტი ალფრედ ნობელის კომიტეტზე ზეწოლას ახდენს, როცა იგი გაუჩერებლად და აგრესიულად ლაპარაკობს - „მე პრემია მჭირდება, მე ღირსეული კანდიდატი ვარ“ - ეს არც პატიოსნური და არც მშვიდობიანი მიდგომა არ არის“, - ამბობს ნინა გრეგერი, ოსლოში მდებარე მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი.
თავის მხრივ, ჰალვარ ლეირა, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კვლევების დირექტორი, ამატებს: „მსგავსი კამპანიები და ზეწოლები ადრეც მომხდარა, მაგრამ მაშინ უფრო შედარებით თავშეკავებულად ხდებოდა და წესების გარკვეული დაცვით“. იგი იხსენებს სამხრეთ კორეის ხელისუფლების მცდელობას ნობელი პრემია მიეღო ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტს კიმ დეჯუნს, რაც 2000 წელს მოხდა კიდეც.
მაგრამ დონალდ ტრამპს არაფერი არ აშინებს - მისი მიდგომები გამოირჩევა საკუთარი თავის გადაჭარბებული ქებით, ხაზს უსვამს პოზიტიურ თვისებებს და საკუთარ ღირსებებს: „მე ბოლო მოვუღე ორ ომს“, - არაერთხელ ამბობს აშშ-ის მეთაური, - თუმცა ნობელის მშვიდობის პრემიას ამისთვის არავინ არ მომცემს... არადა, სამწუხაროა.. მე ის მართლაც დავიმსახურე“.
დონალდ ტრამპი ზეწოლას ახორციელებს ნორვეგიის მთავრობაზეც. ნორვეგიელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა პრემიის მინიჭებაზე ილაპარაკა რამდენიმე სატელეფონო საუბრისას ნორვეგიის ექს-პრემიერ-მინისტრთან (ნატოს ექს-გენმდივანთან) იენს სტოლტენბერგთან (იგი ამჟამად - მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეა).
ესტენ ბარ ეიდმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნობელის კომიტეტინორვეგიის მთავრობისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს და რომ მას „სოლიდური გამოცდილება აქვს“ არსებული წესები ყველა ქვეყანას აუხსნას და განუმარტოს.
ასევე დაგაინტერესებთ: "მესამე მსოფლიო ომი გვიახლოვდება!" - სკანდალური სტატია: ევროპული "პერლ-ჰარბორის" საფრთხე ანუ როდის "გაიღვიძებს" ნატო?!
ზელენსკი დიდ სკანდალში ეხვევა: რისთვის იხარჯება იარაღის საყიდელი ფული?! - The New York Times
ოსლოში ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში სედიან ადამიანის უფლებების დამცველი, საგარეო პოლიტიკის ექსპერტი და სამი ყოფილი მინისტრი, დონალდ ტრამპს 2025 წლის მშვიდობის პრემიას გადასცემენ. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს ჯერ კიდევ შეუძლია შედეგზე გავლენის მოხდენა იმდენად, რამდენადაც პრემიის პოტენციური ლაურეატი, თუ თვითონ არა, შეიძლება გახდეს რომელიმე პიროვნება ან უფლებადამცველი ჯგუფი, რომლებიც არ არიან მტრულად განწყობილნი აშშ-სა და ისრაელის მიმართ. ამასთან, ისინიც კი, რომლებიც ირონიულ დამოკიდებულებას იჩენდნენ დონალდ ტრამპის ამასწინანდელ სამშვიდობო ძალისხმევაზე - მაგალითად, როცა იგი მუდმივად ურევდა ერთმანეთში სომხეთს (Armenia) და ალბანეთს (Albania) - ამბობენ, რომ მისი მუდმივი მცდელობა ღაზას სექტორში ომის შესაჩერებლად ნამდვილად წონიანი არგუმენტია პრეზიდენტის სასარგებლოდ.
„დონალდ ტრამპის ზოგიერთი განცხადება ძნელია სერიოზულად იქნას აღქმული, მაგრამ მათ ფონზე ღაზას პრობლემის მოგვარებისათვის ძალისხმევა მკვეთრად მოჩანს“, - ამბობს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთ-ერთი მსოფლიო დონის ლიდერია, რომელმაც ნობელის კომიტეტს თხოვნით მიმართა დონალდ ტრამპი ლაურეატობის კანდიდატთა სიაში შეეყვანათ. ოსლოში ტრამპისადმი მხარდაჭერის წერილი გაგზავნა იმ ჯგუფმაც, რომელიც „ჰამასის“ მიერ მძევლებად აყვანილი ისრაელის მოქალაქეების საქმით არის დაკავებული: „დონალდ ტრამპმა შესაძლებელი გახადა გაკეთებულიყო ის, რასაც სხვები შეუძლებლად თვლიდნენ“, - ნათქვამია წერილში.
ევროპელი ჩინოვნიკები თვლიან, რომ დონალდ ტრამპი ძალიან ჩქარობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გარიგების დადებას, ანუ პარასკევამდე, როცა პრემიის მინიჭება მოხდება.
აშშ-ის პრეზიდენტსა და ნობელის კომიტეტს შორის მთავარი „განხეთქილების ვაშლი“ იმით გამოიხატება, რომ 2009 წელს ბარაკ ობამას - დონალდ ტრამპის მეტოქეს - მშვიდობის პრემია მიენიჭა ფორმულირებით „ექსტრაორდინალური ძალისხმევის გამოვლენისათვის საერთაშორისო დიპლომატიისა და ხალხებს შორის თანამშრომლობის საქმეში“. ყურადღება მივაქციოთ: ბარაკ ობამას პრემია მიენიჭა იმის მიუხედავად, რომ მას მაინცდამაინც ბევრი არაფერი ჰქონდა გაკეთებული - იგი ახალი არჩეული იყო ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე. „მე რომ ობამას ადგილზე ვყოფილიყავი, ნობელის პრემიას 10 წამში მივიღებდი“, - ამბობდა დონალდ ტრამპი გასულ წელს.
სულ ცოტა ხუთმა ამერიკელმა კანონმდებელმა-რესპუბლიკელმა გაგზავნა ოფიციალური წერილი ოსლოში დონალდ ტრამპისათვის მშვიდობის პრემიის გადაცემის დასასაბუთებლად. „ერთადერთი, რაც მე მაწუხებს, ისაა, რომ მე პირველი არ ვიყავი ამ ინიციატივაში“, - ამბობს „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში ბრაიან მასტი, ფლორიდელი კონგრესმენი-რესპუბლიკელი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომეტეტს ხელმძღვანელობს.
რა თქმა უნდა, თეთრი სახლის ჩინოვნიკებმა კარგად იციან და საქმის კურსში არიან დონალდ ტრამპის სურვილის შესახებ. „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმდენი კარგი საქმე აქვს გაკეთებული საერთაშორისო მშვიდობისათვის, რომ იგი მრავალჯერ იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემიას“, - ამბობს თეთრი სახლის პრეს-მდივანი ანა კელი, - „ამასთან, პრეზიდენტი არა იმდენად პრემიისათვის იბრძვის, არამედ მშვიდობის დასამყარებლად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად“
დონალდ ტრამპის „ჩაციკლებას“ ნობელის პრემიაზე ზოგიერთი ლიდერი მის მიმართ პირფერობისათვის იყენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება მიაქციოს მისი ქვეყნის პრობლემებსაც. მაგალითად, ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ძინდემ ამ დრეებში ერთ-ერთ რადიოშოუში მონაწილეობის დროს განაცხადა, რომ „ტრამპი უეჭველად უნდა გახდეს ნობელის პრემიის ლაურეატი, თუ იგი ჩინეთს ტაივანის საწინააღმდეგო აგრესიაზე უარს ათქმევინებს“.
ოსლოში გარკვეული შეშფოთება იგრძნობა - თუ დონალდ ტრამპი პარასკევს პრემიას ვერ მიიღებს, შეიძლება იგი გაბრაზდეს და საპასუხო ნაბიჯი გადადგას - ნორვეგიას სავაჭრო ტარიფები გაუზარდოს ან სხვა რაიმე „სადამსჯელო ზომა“ მიიღოს.
როგორც ჰალვარ ლეირა ამბობს, ნობელის კომიტეტის ზოგიერთი წევრი მიანიშნებს, რომ თუ მათზე ზეწოლა გაძლიერდება, ამით საქმე გამწვავდება და სიტუაცია შეიძლება [ტრამპისათვის] ნეგატიურად განვითარდეს. ნინა გრეგერის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ ნობელის კომიტეტმა, დონალდ ტრამპის ნაცვლად, პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასმართლოს ან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს მიენიჭოს - აშშ-ის პრეზიდენტს ორივე ორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტს არ მოსწონს. გავიხსენოთ, რომ მისმა ადმინისტრაციამ სანქციები გამოუცხადა აშშ-ის მიერ არაღიარებულ სასამართლოს და შეზღუდა ჟურნალისტები, რომლებიც თეთრი სახლისა და პენტაგონის მუშაობას აშუქებენ.
ერთმა ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა ამას წინათ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სახელი შეუცვალა და ომის სამინისტრო დაარქვა - „შესაბამისად, მისთვის მშვიდობის პრემიის მინიჭება უცნაური იქნებოდა“. თუმცა მან დაამატა: „მაგრამ დღეს ჩვენ ტრამპისეულ „მშვიდობიან მსოფლიოში“ ვცხოვრობთ და ნობელის მშვიდობის პრემიაზე დისკუსიაც ამას ხაზს უსვამს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ