ახალი საპარლამენტო არჩევნები და ახალგაზრდების გათავისუფლება - ორი ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს საბოლოოდ დაასრულებს?!
4 ოქტომბრის მოვლენებსა და ამავე დღეს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს როგორი კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, ფაქტი ერთია - ხელისუფლებამ პოზიციები გაიმყარა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკური კრიზისი არსად წასულა.
რამდენიმე დღეში ერთი წელი სრულდება, რაც საქართველო არ/ვერ ცხოვრობს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებით; იზრდება ურთიერთაგრესია და სიძულვილის ენა; არ არის სტაბილურობის შეგრძნება; პოლარიზაციის გამო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები (რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან დაწყებული და ეკონომიკური საკითხებით დამთავრებული) საზოგადოებისა და მედიის ყურადღების მიღმა რჩება; არის საფრთხე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ემიგრაცია და სხვა.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა დანის პირზე დადის. მომავალი კვლავ ბუნდოვანია - დაძაბულობის ოდნავ ჩაცხრობა არ ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვეში ახალ ესკალაციას არ მივიღებთ.
აქედან გამომდინარე, დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბოლოს და ბოლოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს პოლიტიკურ კრიზისს. ეს კი, პირველ რიგში, ხელისუფლებას ხელეწიფება - როგორც მთავარ პასუხისმგებელს სტაბილურობაზე.
ვფიქრობთ, 2026 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დიდი რყევის დასასრულის დასაწყისი იქნება.
პოლიტიკურ ველზე დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნების ინიცირება მმართველი გუნდისთვის აღარ უნდა ასოცირდებოდეს ხელისუფლების დაკარგვის საფრთხესთან.
სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ანუ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში გადაინაცვლებს. შესაბამისად, დასავლეთი სრულად აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, რაც შესაძლოა, თბილისი-ბრიუსელისა და თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა გახდეს.
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საპროტესტო აქციებისას დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება (თუნდაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით).
ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების ასეთი გამოვლენა ჩააცხრობს საზოგადოების ნაწილში უსამართლობის განცდასა და დაძაბულობას. შესაბამისად, მმართველი გუნდი დამატებით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს. არავის სურს მუდმივი რყევების რეჟიმში ცხოვრება.
ვფიქრობთ, ეს ორი ნაბიჯი ქვეყანაში დაასრულებს დროში გაწელილ პოლიტიკურ კრიზისს და ქვეყანა ბოლოს და ბოლოს დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული პოლიტიკური დაძაბულობა აუცილებლად აისახება ქვეყნის ყველა სფეროზე და მერე რეაგირება შესაძლოა, უკვე დაგვიანებულიც იყოს.
გიორგი კვიტაშვილი