ცხინვალელი ოსის ნაამბობი: "ვინც 2008 წლის ომი ნახა, მისთვის ქართველი მტერია!.." - კვირის პალიტრა

ცხინვალელი ოსის ნაამბობი: "ვინც 2008 წლის ომი ნახა, მისთვის ქართველი მტერია!.."

"ცხინვალში არიან სპეციალისტები, მაგრამ ყველაფერს ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი მეთოდებით მუშაობენ. არადა, მედიცინა ვითარდება და შესაბამისად ახალ-ახალი დავაადებები მატულობს. ჩემს პატარა გოგონას ვასკულიტი დაუდგინდა. ორ-ორი კვირა ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობას ასე თუ ისე ნორმალური შედეგი ჰქონდა, მაგრამ გაწერიდან მეორე დღესვე მდგომარეობა ისევ მძიმდებოდა, ბავშვს ფეხებსა და მკლავებზე წითელ ლაქებად აყრიდა და სიცხესაც უწევდა. ასე გაგრძელდა თვეების განმავლობაში და მივხვდი, რომ რაღაც სხვა გამოსავალი უნდა მეპოვნა. ახლობლებმა მირჩიეს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დავკავშირებოდი და ისინი დამაკვალიანებდნენ. კარგა ხნის მცდელობის შემდეგ, "წითელ ჯვარს" მივმართე, მითხრეს, საუკეთესო სპეციალისტები მოსკოვსა და თბილისში არიანო. მე თბილისში ჩამოსვლა ვარჩიე, რადგან აქ ნათესავებიც მყავს. ის შედეგი, რასაც ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოში ორკვირიანი მკურნალობით ვიღებდით, აქ ორი დღის შემდეგ მივიღე. მაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე მჯერა მათი..." - მიყვება 24 წლის ცხინვალელი ამანდა ტოტიევა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის. როგორ ცხოვრობენ ცხინვალში, როგორია დამოკიდებულება ქართველების მიმართ და რას ჰპირდებიან მათ რუსები, ამის შესახებ ჩვენი ოსი რესპონდენტი მოგვითხრობს:

- ჩემი მეუღლე ცხინვალში, სახანძრო სამსახურში მუშაობს. ნომრალური ანაზღაურება აქვს. სტაბილური სამსახური არ იშოვნება, თორემ ვინც მუშაობს, საშუალოდ 6-7 ათასი რუბლი აქვს. მართალია, სურსათი ძვირია, მაგრამ ბევრს მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც ამუშავებს და არ უჭირს. ჩვენ ზნაურშიც გვაქვს სახლი, საკმაოდ დიდი ბაღებით და ბოსტნით. ჩემი მეუღლის მშობლები 2008 წლის ომამდეც იქ ცხოვრობდნენ და სოფლის პროდუქტებით გვეხმარებოდნენ. როცა ქალაქში, კორპუსის ბინაში ცხოვრობ და ხელფასზე ხარ დამოკიდებული, ეს კარგი შეღავათია. ამიტომ არ გვიჭირდა. უბრალოდ, ამ ბავშვის ავადმყოფობამ და დაუსრულებელმა, უშედეგო მკურნალობამ წელში გაგვტეხა.

- ცხინვალში მკურნალობა ძვირია?

- არა, 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, მაგრამ იქ ვერ ნახავთ კმაყოფილ პაციენტს. ყველა უხარისხო მომსახურებას აპროტესტებს. საბჭოთა კავშირის შემდეგ, აპარატურა და ზოგადად, ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა. როცა თბილისელმა ექიმებმა ბავშვის ავადმყოფობის ისტორია წაიკითხიეს, გაოცდნენ, თურმე "გეპარინს" უკეთებდნენ და არც კი ვიცოდით ეს მედიკამენტი თუ კიდევ სადმე გამოიყენებოდაო. აქ ორი დღის შემდეგ მკურნალობამ ის შედეგი მოგვცა, რასაც ცხინვალში ორკვირიანი წვალების შემდეგ ვაღწევდით. იცით, ხელმძღვანელობას არ უნდა, რომ ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესდეს, თორემ ერთი კარგად მოწყობილი საავადმყოფო ცხინვალის რაიონს სრულიად ეყოფა. მოსახლეობა აპროტესტებს არსებულ ვითარებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება. არადა, პალატაში სადაც ვიწექით, წყალი არ მოდიოდა, კარები არ იკეტებოდა, ფანჯრები მორყეული იყო...

- თქვენმა ხელმძღვანელობამ იცის, რომ ბავშვი სამკურნალოდ თბილისში წამოიყვანეთ?

- კი, როგორ არა, იმ საბუთებს ჩვენი პრეზიდენტის, თიბილოვის ხელმოწერა აქვს, სხვანაირად "წითელი ჯვარი" არც წამოგვიყვანდა.

- ამანდა, როგორია ოსი ხალხის განწყობა ქართველების მიმართ?

- არაერთგვაროვანი, უფროსი თაობა ამბობს, რომ ქართველებსა და ოსებს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, უბრალოდ პოლიტიკოსების დამსახურებაა ის, რაც მოხდა. თუმცა, ქართველების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი ახალგაზრდები, ისინი, ვინც 2008 წლის ომი ნახა. მათთვის ქართველი მტერია. არც მე ვარ ასაკით დიდი, მაგრამ მე მქონდა და ახლაც მაქვს ქართველებთან ურთიერთობა, ამიტომ მათ მტრებად არ აღვიქვამ. ასე რომ ყოფილიყო, სამკურნალოდ თბილისში კი არა, მოსკოვში წავიდოდი. ნათესავებმა მირჩიეს, რომ თბილისელი ექიმები ძალიან კვალიფიციურები არიან და აქაური სამკურნალო დაწესებულებები მოსკოვის საავადმყოფოებს არაფრით ჩამოუვარდება. "წითელ ჯვარშიც" მითხრეს, უნდა ამერჩია, ან მოსკოვი ან თბილისი, - მე აქეთ ჩამოსვლა ვარჩიე... ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. ჩემთან ერთად პალატაში, პატარა ქართველი იწვა, რომელსაც ბებია ადგა თავზე. როცა მან ჩემს მიმართ ექიმებისა და ექთნების დამოკიდებულება ნახა, ღიმილით მკითხა, - როგორ ფიქრობთ, ქართველს მოექცევიან ასე ოსეთში, ჰიპოკრატეს ფიცი ხომ მათაც აქვთ დადებულიო? - არ ვიცი, ვერ გეტყვით-მეთქი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი მშობლებისგანაც მომისმენია, რომ არა პოლიტიკოსების "აქტიურობა", ჩვენ, უბრალო ხალხს გასაყოფი არაფერი გვქონდაო. ცხინვალში დღესაც ცხოვრობენ ქართველები, მათ არავინ ერჩის. ჩვეულებრივად ჩვენთან ერთად მუშაობენ და ცხოვრებას აგრძელებენ.

- რა ხდებოდა ცხინვალში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე?

- საბედნიეროდ, მე მაშინ ახალი გათხოვილი ვიყავი და ადლერში ვისვენებდით. ქალაქში მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდით, როცა ყველაფერი დასრულდა. მეზობლებმა მითხრეს, რომ სამხედროებმა მართლა გაიყვანეს ქალაქიდან თავისი ოჯახის წევრები, თუმცა თავად არსად წასულან. ამიტომ მათ საკუთარი თვალით ნახეს ომის საშინელება. ამბობდნენ, რომ სარდაფებში იმალებოდნენ. იცით, ხალხი დაიღალა ამდენი ომით, არაფერი არ უნდათ, მზად არიან ყველაფერი დათმონ, ოღონდ მშვიდობა იყოს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სამოქალაქო ომის ზღვარზე დავდექით - არც ჯიოევა თმობდა, არც თიბილოვი, მაშინ ბევრი ამბობდა, თუ ტყვია გავარდება, აქაურობას დავტოვებთ და სადმე გადავსახლდებითო. საბედნიეროდ, გადავრჩით.

- ახლა რა ხდება ცხინვალში, რა მდგომარეობაშია ქალაქი?

- ამ ბოლო დროს რაღაცები კეთდება. პატარ-პატარა მშენებლობები მიმდინარეობს, თუმცა ძირითადად, მაინც გზებზეა აქცენტი გაკეთებული. ქალაქი უფრო დიდ სოფელს ჰგავს. ხალხი ძირითადად ვაჭრობით ირჩენს თავს.

- რით ვაჭრობენ?

- ყველაფრით: სურსათით, ტანსაცმლით... რუსეთიდან შემოაქვთ. ბევრი რუსეთში სამუშაოდ წავიდა და ოჯახს იქიდან ეხმარება.

- რუს სამხედროებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- უბრალო ხალხს მათთან ურთიერთობა თითქმის არ გვაქვს. თავიანთ სამხედრო ნაწილებში არიან და რაღაცებს აშენებენ. გვპირდებიან, რომ თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება... რუსი სამხედროები მხოლოდ ათასში ერთხელ გამოდიან ქალაქში. ჩაცმულობაზე ეტყობათ, რომ მაინცდამაინც არ უნდა ულხინდეთ.

- ამანდა, ვიცი, რომ შარშან ექსკურსიით აფხაზეთში იყავით...

- დიახ, ყოველ წელს დავდივართ ზღვაზე ჩვენი პასპორტით (ის წითელ პასპორტს მაჩვენებს, სადაც რუსულად და ოსურად აწერია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა). ამ საბუთით უპრობლემოდ ჩავდივართ რუსეთში, იქიდან კი, აფხაზეთში გადავდივართ. წელს ბავშვის ავადმყოფობის გამო ვერ შევძელით დასვენება. შარშან ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება და გაგრაშიც ვიყავით, ბიჭვინთაში და სოხუმშიც. ისინი ჩვენზე ბევრად უკეთესად ცხოვრობენ. ბზიფში რომ გაიგეს ოსეთიდან ვიყავით ჩასული, თაფლი გვაჩუქეს. სიამოვნებით ვიცხოვრებდი აფხაზეთის რომელიმე ზღვისპირა ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ იქაც ბევრი რამეა გასაკეთებელი. მე ვნახე ომის შედეგად დანგრეული შენობები. აფხაზეთი ალბათ ძალიან მალე განვითარდება. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვაქვს იგივე პოტენციალი.

- საქართველოს შემადგენლობაში განვითარებაზე რას იტყვით?

- არ ვიცი, ეს პოლიტიკოსების საქმეა. თბილისში ყიფნისას მივხვდი, რომ ქართველები სულაც არ არიან აგრესიულები და ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილები, მაგრამ ამ იდეის გამო, დამოუკიდებლობის გამო, უმრავი დაიღუპა.

- როგორ ფიქრობთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია?

- არა მგონია... ამ კითხვას ძალიან ხშირად სვამენ ცხინვალშიც, მაგრამ 2008 წლის ომმა უბრალო ხალხის განწყობაც ძალიან შეცვალა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)