ბარაქ ობამას ჯიბრზე ანუ ტრამპს დღეს ნობელის პრემიის იმედი აქვს, ღაზის სექტორის „ჩაწყნარებისთვის“, თუმცა ტყუილად...
დღეს, 10 ოქტომბერს გამოაცხადებენ 2025 წლის ნობელის ლაურეატს მშვიდობის დარგში და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დიდი იმედი აქვს, რომ ნობელის პრემია მას შეხვდება, მაგრამ რამდენად რეალურია დონალდ ტრამპის ამ იმედის აღსრულება?
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მეორედ შებიჯებისთანავე პრეზიდენტ ტრამპს რაღაც მანიაკური მისწრაფება გაუჩნდა, წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის დაუფლებაზე, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ამის დიდ სურვილს პირველი პრეზიდენტობის დროსაც აქტიურად ამჟღავნებდა.
ტრამპი მილიარდერია და ნობელის პრემიის მილიონი მის ქონებას ბევრად ვერაფრით გაზრდის, მაგრამ მას მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი, რომ მისმა წინამორბედმა, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სწორედ ეს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, თავისი პრეზიდენტობის ვადის დასაწყისშივე, 2009 წელს მიიღო, ისე, რომ ჯერ არაფერი ჰქონდა გაკეთებული მშვიდობის დამყარების მხრივ. პირიქით, სწორედ ბარაქ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკა უდიდესი შეცდომა გახდა, რადგან კრემლს შერჩა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და დაუსჯელობით გათამამებულმა პუტინმა განახორციელა უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსია და უკრაინის დონბასში დაიწყო სეპარატისტული შეიარაღებული გამოსვლების ორგანიზება.
ბარაქ ობამას ფონზე, დონალდ ტრამპი მართლაც ბევრად უფრო დიდ „მშვიდობისმყოფელად“ მოჩანს, რომელმაც, მისივე განცხადებით, უკვე „შვიდი ომი შეაჩერებინა და ახლა მერვეს მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს“...
„შვიდი ომის შეჩერების“ სიზუსტეზე რა მოგახსენოთ, მაგრამ თუკი პრეზიდენტმა ტრამპმა სწორედ ეს „მერვე ომი“ მართლაც შეაჩერებინა და დიდი ხნით მშვიდობა დაამყარებინა, მაშინ მას აუცილებლად ეკუთვნის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, რადგან ეს ომი რვა ათეულ წლამდეა, გრძელდება, ისრაელისა და პალესტინელების დაპირისპირების სახით...
პრეზიდენტ ტრამპის თავკაცობითა და ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნების შუამავლობით ამ დღეებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც „ჰამასი“ გაათავისუფლებს ღაზის სექტორში დარჩენილ 20 მძევალს (რომლებიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად აიყვანეს ისრაელის დასახლებულ პუნქტებში) და გადასცემს მძევლობაში დაღუპული 28 ადამიანის ცხედარს ისრაელის მხარეს, სანაცვლოდ, თელ-ავივი ციხეებიდან ათავისუფლებს 250 იმ პალესტინელს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი და გაუშვებს კიდევ 1 700-მდე პალესტინელს, რომელთა დაკავება უშუალოდ ღაზის სექტორში მოხდა, იქ „ცახალის“ დანაყოფების შესვლის შემდეგ.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის არმია უკანა პოზიციებზე დაიხევს და ღაზის მხოლოდ 53%-ის გაკონტროლებას დასჯერდება, მოხდება რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნაც.
მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ისრაელის ავიაცია შეაჩერებს ღაზის სექტორის საცხოვრებელი კორპუსების მიწასთან გასწორებას და მშვიდობიან მოსახლეობაში აღარ იქნება მსხვერპლი...
და ღმერთმა ქნას, თუკი ეს ყველაფერი რეალობაში განხორციელდა, პრეზიდენტ ტრამპი ნამდვილად დაიმსახურებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში, მაგრამ...
მაგრამ ის, რომ ღაზის სამშვიდობო შეთანხმებამ დროში ძალიან დაიგვიანა, ნობელის ლაურეატის კანდიდატები უკვე შერჩეულნი არიან, გამარჯვებულის გამოცხადება დღეს, 10 ოქტომბერს მოხდება და ძალიან საეჭვოა, რომ ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყოს, სამაგიეროდ, მომავალ, 2026 წელს ნობელის პრემიას მას უკვე ვეღარ „დაუმალავენ“, თუკი მანამდე ღაზის სამშვიდობო ხელშეკრულება რეალურად იმუშავებს...