ვახტანგ ძაბირაძის სენსაციური პროგნოზი: "არ არის გამორიცხული, მიხეილ ყაველაშვილმა ყველა პატიმარი შეიწყალოს" - რა ელის საქართველოს უახლოეს თვეებში?!
„ბოიკოტი, მიტინგი, რევოლუციური სცენარი და შემდგომი პროცესებიც, ყველაფერი ხელისუფლების სცენარის მიხედვით განვითარდა, შესაბამისად ხელისუფლებამ „სუფთად“ მოიგო“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს. მისი განმარტებით, ოპოზიციის ლიდერებმა საბედისწერო შეცდომები დაუშვეს, თუმცა იყო ღალატი და გარიგებაც. როგორი იქნება „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რას უნდა ველოდოთ ოპოზიციურ ველზე და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქუჩაში, ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
- იმთავითვე ვხდდებოდი, რომ ყველაფერი მიმდინარეობდა ხელისუფლების თამაშის წესებით. შესაბამისად, ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, რომ „დილას დაიწყებდნენ და საღამოს დაამთავრებდნენ“, უფრო მეტიც, პროვოკაციის შიში მქონდა. ახლა, როცა მოვლენებს ვუყურებ, ცალსახად შემიძლია ვთქვა – ეს იყო ერთდროულად შეცდომაც, პროვოკაციაც და გარიგებაც. ის, რასაც ჩვენ – შედარებით გამოცდილი და პოლიტიკურ ინტერესებს მიღმა მყოფი ანალიტიკოსები – თავიდანვე ვამბობდით, ზუსტად ასე მოხდა: ქვეყანაში არ არსებობდა რევოლუციური სიტუაცია, და სწორედ ამიტომ, ასეთი სცენარის პროვოცირება გარდაუვალი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, დღესაც ვერ ვპოულობ ლოგიკურ ახსნას, რატომ წავიდა ეს ხალხი პრეზიდენტის სასახლისკენ, ან რა იყო ამის მიზანი. დეკლარაცია, რომელიც პაატა ბურჭულაძემ რუსთაველის წაიკითხა, სრულიად გაუგებარი რამ იყო. აბსურდამდე მივიდა საქმე, ყოფილი გენერალური პროკურორი კი იდგა მიტინგზე, უსმენდა განცხადებას, სადაც ამბობდნენ: „ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დავაპატიმროთო“, და რეაქცია არ ჰქონდა. ნუთუ ეს საღ აზრთან ახლოს იყო? გასაგებია, რომ დღეს ისინი პოლიტპატიმრები არიან, სრულად თანავუგრძნობ, მაგრამ კითხვები მაინც რჩება ძალიან ბევრი უპასუხო კითხვა. თუ ვინმემ უღალატათ, ეს აუცილებლად უნდა თქვან.
- როგორ ფიქრობთ პროტესტი საბოლოოდ დასრულდა?
- პროტესტის პირველი ეტაპი დასრულდა, მაგრამ პროტესტი არ გამქრალა. შეიძლება დღეს ნიჰილიზმი სუფევს, მაგრამ ხვალ ან ზეგ ეს ენერგია ისევ იფეთქებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს გაკვეთილი, რომ მომავალში აღარავის მოუვიდეს მსგავსი რამ აზრად. იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომა აღარავინ დაუშვას, აუცილებლად უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები, სასამართლოში თუ მის გარეთ. ბოლო დღეებში, გარკვეულ წრეებში ამ მოვლენების გამართლების ცდილობენ, მაგრამ აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: როცა ადამიანი ინდივიდუალურად მიდის რისკზე, ეს შეიძლება გმირობაც იყოს, მაგრამ როცა შენ ათასობით ადამიანზე ხარ პასუხისმგებელი, მაშინ სხვაგვარი პასუხისმგებლობა გეკისრება. ასეთ დროს გაუაზრებელ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს კატასტროფა. სამწუხაროდ, ახლა სწორედ ეს ხდება, დემოკრატიის ნაცვლად ჩვენ ავტორიტარიზმისკენ სვლა დავიწყეთ. ხომ ხედავთ, უკვე დაიწყეს ადამიანების დაკავება, ამას აუცილებლად მოჰყვება მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვაც. „ქართული ოცნებამ“ ფაქტობრივად შექმნა საფუძველი იმისათვის, რომ რეპრესიებს ლეგიტიმური სახე მისცეს. აქ არის მთავარი პრობლემა.
ასევე დაგაინტერესებთ: „ვის მოუვიდა თავში იდეა, ათონელის სასახლეში შეცვენილიყვნენ? და რა იქნებოდა მერე?..“
„ჩვენ სწორედ იმ რეალობის წინაშე დავდექით, როდესაც აღქმებმა გადააჭარბა რეალობას“
- ყველაფრის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ მაინც სჭირდება ლეგიტიმაცია, როგორც საკუთარი საზოგადოებისგან, ისე საერთაშორისო პარტნიორებისგან. ამ პირობებში, როცა ოპოზიცია დამარცხებულია და გამარჯვება ფაქტობრივად უზრუნველყოფილი აქვს, ხომ არ დადგა დრო კომპრომისისთვის, თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნით, რომ შეამცირონ პოლიტიკური დაძაბულობა?
- არა. „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე აღარ სჭირდება არანაირი ლეგიტიმაცია, აღარც ქვეყნის შიგნით და აღარც ქვეყნის გარეთ. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია.
– თუმცა რჩება განცდა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას...
- კი, ამას ცდილობენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ბელარუსის მაგალითი, ტრამპმა ლუკაშენკოს დაურეკა, სანაცვლოდ კი ლუკაშენკომ ორმოცდაათამდე პატიმარი გაათავისუფლა. ივანიშვილიც იგივეს გააკეთებს – გამოუშვებს პატიმრებს. ეს მისთვის პრობლემა არ არის. მას ლეგიტიმაცია კი არა, მხოლოდ ის სჭირდება, რომ ესალმებოდნენ, არ აიგნორებდნენ. ამას კი, არ არის გამორიცხული პატიმრების შეწყალებითაც მიაღწიოს. არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა მალე ყველას შეიწყალოს.
- ფიქრობთ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულებსაც შეიწყალებს?
- მათ არა, მაგრამ დანარჩენები, ახალგაზდებს ანუ „სინდისის პატიმრებს“ და ადრე დაკავებულ პოლიტიკურ ლიდერებს ალბათ გაათავისუფლებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდეს დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება პოლიტიკური ვითარება. რაც შეეხება არჩევნებს. თუნდაც დღესვე გადაწყვიტოს „ქართულმა ოცნებამ“ ახალი არჩევნების ჩატარება, ამას მინიმუმ 60 დღე მაინც სჭირდება. ამ დროში კი, უეჭველად, კვლავ იფეთქებს საზოგადოებაში დაგროვილი პროტესტი. როგორც უკვე გითხარით, ნიჰილიზმი დღეს არის და შეიძლება ხვალაც გაგრძელდეს, მაგრამ ეს დროებითია, მალე პროტესტი ისევ გააქტიურდება. მთელი რვა თვის განმავლობაში ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ქართული საზოგადოების უმრავლესობა საპროტესტოდ არის განწყობილი, მაგრამ არა ქუჩის – არჩევნების ფორმატში. ეს ხალხი მზად არის, პროტესტი საარჩევნო ყუთთან გამოხატოს, მაგრამ არა ქუჩაში. ამიტომაც ვამბობ, თუ „ქართული ოცნება“ ჩაატარებს რიგგარეშე არჩევნებს, შედეგი წინასწარ გადაწყვეტილი არ იქნება. დიდი ალბათობით, შეიძლება წააგოს კიდეც. საქართველოში ერთ თვეში პოლიტიკური განწყობები შეიძლება მთლიანად შეიძლება შეიცვალოს, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)