პუტინი ახალი „ზემძლავრი“ იარაღის გამოჩენით ისევ იმუქრება... ნუთუ კრემლმა „მფრინავი ჩერნობილი“ გაამზადა?
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან მალე რუსეთის არსენალში გამოჩნდება ახალი, ზემძლავრი შეიარაღების სახეობები, რომელთა გამოცდები ახლა მიმდინარეობს და იმედი მაქვს წარმატებით დასრულდებაო...
რას შეიძლება გულისხმობდა კრემლის უხუცესი ბინადარი ახალ „ზემძლავრ“ იარაღში და რატომ სწორედ ახლა გააკეთა ამაზე მინიშნებით განცხადება?
დროის მიხედვით, ეს უთუოდ უკავშირდება ამერიკული ფრთოსანი რაკეტების „ტომაჰავკების“ თემას, რომელთა მიყიდვას ნატოს ქვეყნებისთვის, შემდგომში უკრაინის არმიისთვის გადასაცემად, თითქოს აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი და ამ განცხადებით მისმა რუსმა კოლეგამ სცადა ერთგვარი დამაშინებელი სვლა გაეკეთებინა...
მაგრამ, ახალი რუსული შეიარაღების რა კონკრეტულ სახეობებს გულისხმობდა პუტინი, თუკი მან დაამატა-ჩვენ ამ ახალი შეიარაღების თაობაზე ანონსირება ადრეც გავაკეთეთო...
მართლაც, ამ, ექვსი-შვიდი წლის წინ, სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად სახალხოდ გააჟღერა, რომ რუსეთი ქმნიდა რიგ უნიკალურ შეიარაღების სახეობას,რომლის ანალოგი სხვა ქვეყნებს არ ჰქონდათ,კონკრეტულად კი მობილურ,მძლავრ ლაზერულ დანადგარ „პერესვეტს“, წყალქვეშა ბირთვულძრავიან ტორპედო-დრონს „პოსეიდონს“ და ასევე ბირთვულძრავიან ფრთოსან რაკეტას „ბურევესტნიკს“...
ლაზერულ „პერესვეტს“ დედამიწის ორბიტაზე მოწინააღმდეგის თანამგზავრების დაზიანება უნდა მოეხდინა,ხოლო წყალქვეშა „პოსეიდონსა“ და ფრთოსან „ბურევესტნიკს“ თავიანთი უნიკალური ბირთვული ძრავების საშუალებით ცურვისა და ფრენის შეუზღუდავი სიშორეები ექნებოდათ პლანეტის ნებისმიერ წერტილში ბირთვული დარტყმების მისაყენებლად...
პუტინის ამ დაანონსებიდან არცთუ ისე მცირე დრო გავიდა და უკრაინასთან ხანგრძლივი ომის ჭაობში ჩაძირული რუსეთის „ტანკების სასაფლაობზე“ რუსი გენერლები სტალინისდროინდელი ტანკების დაჟანგებულ კორპუსებს სათითაოდ ეძებენ,მათი მცირედი შეკეთებისა და ფრონტის ხაზზე სასწრაფოდ გასაგზავნად და აქამდე არაფერი ისმოდა ბირთვული „პოსეიდონისა“ თუ „ბურევესტნიკის“ შესახებ, სანამ პუტინმა მთელ მსოფლიოს ისევ არ შეახსენა ან ისევ არ დაემუქრა...
რუსული „ბურევესტნიკები“ კი მართლაც უდიდეს პრობლემას შეუქმნიან მთელ დედამიწას, რომელიმე ომში გამოყენების გარეშეც და აი, რატომ...
ჯერ კიდევ 2019 წლის 12 აგვისტოს ამავე ბლოგის სტატიაში „ბრეჟნევის რეჟიმიც კი უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე მისი "შთამომავალი" პუტინი - რა აფეთქდა არხანგელსკის ოლქში?“, შემდეგს ვწერდით:
“პუტინის "მფრინავი ჩერნობილი" აფეთქდა?!
კრემლი ცდილობს დამალოს სახიფათო ინციდენტი, რომლის შემდეგ არხანგელსკის ოლქში რადიაციის ფონი დროებით გაიზარდა...
8 აგვისტოს, როდესაც საქართველოში აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს იხსენებდნენ, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია, რუსეთის არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან მომხდარმა ორმა უმძლავრესმა აფეთქებამ, რომლებიც ვიდეოკადრებზეც დაფიქსირდა. აფეთქებები ქალაქიდან სამ ათეულ კილომეტრში დასახლებულ პუნქტთან, ნენოქსასთან მოხდა, სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 45-ე სახელმწიფო ცენტრალური საზღვაო საგამოცდო პოლიგონი მდებარეობს, რომელზეც რუსეთის ფლოტის ყველა ბალისტიკურ, ფრთოსან რაკეტებსა და სხვა ტიპის შეიარაღების ნიმუშებს ცდიან.
შესაბამისად, ეს პოლიგონი, ისევე, როგორც ქალაქი სევეროდვინსკი (სადაც რუსული ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაცაა განთავსებული), ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ობიექტებს წარმოადგენენ, მაგრამ აფეთქებების მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ მისი დამალვა თვით რუსეთის უშიშროების "ყოვლისშემძლე" ორგანოებისთვისაც კი შეუძლებებლი გახდა.
პოლიგონზე აფეთქებები, არცთუ იშვიათი მოვლენაა და არა მარტო რუსეთში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ბუნებრივი რადიაციული ფონის მყისიერი ზრდა, რაც მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდა, რამაც უცხოელი ექსპერტები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ საზღვაო პოლიგონზე მომხდარი აფეთექებისას წარმოიქმნა მცირეხნიანი რადიაქტიური იზოტოპები.
მოგვანებით, თავად "როსატომმა" აღიარა, რომ გამოცდას ბირთვული იზოტოპების შემცველი ენერგეტიკული წყაროს მქონე თხევადსაწვავინი სარაკეტო ძრავა გადიოდა და საზღვაო ბარჟაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი მათი თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასევე დაღუპული შეიძლება იყოს ორი სამხედროც, დაჭრილები კი სასწრაფოდ მოსკოვში გადააფრინეს რადიაციული დაცვის კოსტუმებში ჩაცმულმა მაშველებმა, რაც კიდევ უფრო ამაგრებს ვარაუდს, რადიაციული დაბინძურების შესახებ.
როგორც წესი, ბალისტიკური რაკეტების ძრავები მყარ ან თხევად საწვავზე მუშაობს, ხოლო ფრთოსან რაკეტებს კი კომპაქტური ტურბორეაქტიული ძრავები (დაახლოებით ისეთივე, როგორც სამგზავრო ლაინერებს) უყენიათ და ჩვეულებრივ საავიაციო ნავთს მოიხმარენ.
რადიაქტიური იზოტოპების გამოჩენა რაკეტის ენერგიის წყაროებში, კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ პოლიგონზე შეიძლება მორიგ გამოცდას გადიოდა "ბურევესტნიკი"- პრეზიდენტ პუტინის ყველაზე გასაიდუმლოებული ფრთოსანი რაკეტა, რომლითაც კრემლი დასავლეთს არაერთხელ დაემუქრა.
ბირთვულრეაქტორიანი ძრავა ფრთოსან რაკეტას შეუზღუდავ ფრენის ხანგრძლივობას აძლევს, რადგან მას აღარ სჭირდება ჩვეულებრივი საწვავი, რადგან რამდენიმეკილოგრამიანი ბირთვული ენერგიის წყაროს მიერ გამოყოფილი დიდი სითბური ენერგია ამის საშუალებას იძლევა.
მაგრამ, ბირთვულძრავიან ფრთოსან რაკეტას ერთი უდიდესი ნაკლიც აქვს-ფრენის მარშრუტზე, ის რადიაციულ დაბინძურებას ახდენს, რაც სრულიად მიუღებელია მშვიდობიან პერიოდში მისი საფრენოსნო გამოცდების დროს, თუმცა ბირთვული ომის გაჩაღების შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება...
ბირთვულძრავინი ფრთოსანი რაკეტების შექმნაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელი და საბჭოთა კონსტრუქტორებიც მუშაობდნენ, მაგრამ მალევე შეწყვიტეს ეს მიმართულება, რადგან დარწმუნდნენ, რომ ამით პლანეტის ეკოსისტემას უდიდეს პრობლემას შეუქმნიდნენ. როგორც გამოჩნდა, თვით ბრეჟნევის რეჟიმიც კი უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე მისი "შთამომავალი" პუტინი, რომელმაც ბირთვულძრავიანი რაკეტების შექმნის პროგრამა განაახლა და "მფრინავი ჩერნობილის" პრეცედენტი შექმნა...“
ალბათ მალე გამოჩდება, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ისევ „ბირთვული შანტაჟის“ პოლიტიკას აგრძელებს, თუ რუსეთის არმიის შეირაღებაში მართლაც მიიღებენ ბირთვულძრავიან წყალქვეშა „პოსეიდონებსა“ და ფრთოსან „ბურევესტნიკებს“, რომლების არასაბრძოლო, სავარჯიშო გამოყენებაც კი, ჩვენი პლანეტის ზღვებისა და საჰაერო სივრცის რადიაციულ დაბინძურებას გამოიწვევს...