საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:2 დამარცხდა
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:2 დამარცხდა.
მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, ქოჩორაშვილთან კონტაქტისას ტორესი საჯარიმოს ხაზთან წაიქცა, ეპიზოდი მსაჯმა გადაამოწმა და პენალტი არ დანიშნა. სწრაფი კონტრშეტევისას პორომ კვარაცხელია ხელით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი სახიფათო მომენტი ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ოიარსაბალის თავური არაზუსტი გამოდგა. შემდეგ კი პინომ მამარდაშვილის კარი დალაშქრა. მორიგი იერიშისას პირისპირ გასული ტორესი მამარდაშვილმა წააქცია და თავად ტორესის დარტყმული თერთმეტმეტრიანი გიორგიმ მოიგერია. „ჯვაროსნები“ თამაშის დალაგებას და შეტევას ვერ ახერხებდნენ და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ შეხვედრის სურათი არ შეიცვალა, ოიარსაბალს მამარდაშვილმა არ გატანინა, ტორესმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, ორჯერ ჩვენი გუნდის კარი ძელმა იხსნა, მერე კი ოიარსაბალმა საჯარიმოდან გაგვიტანა. ქართველი ფეხბურთელები ნახევარდაცვაში ბურთს ვერ იჭერდნენ, მეტოქე, რომელიც კლასით ჩვენს გუნდს აშკარად აღემატებოდა, ზეწოლას აძლიერებდა. მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კიტეიშვილის, კვარაცხელიას და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გაგნიძე, დავითაშვილი და კვერნაძე შეუშვა, რითაც არც არაფერი შეიცვალა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს ქოჯაელში თურქეთთან გამართავს.