„ამ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება კრახით დასრულდება და...“ - კვირის პალიტრა

„ამ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება კრახით დასრულდება და...“

4 ოქტომბერს ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული დესტრუქციული პროცესების შემდეგ გასული კვირა, შეიძლება ითქვას, დაკავებების კვირად იქცა. პროტესტის ორგანიზატორების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს ათობით აქტივისტი. როგორც ამ მოვლენების შეფასებისას ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რაც მოხდა, ეს აწყობდა ხელისუფლებას, რათა მოეხდინა ქუჩის მრავალდღიანი პროტესტის დისკრედიტაცია და ხელი გახსნოდა უფრო მასშტაბური რეპრესიებისთვის. ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" ექსპერტ ვიქტორ ყიფიანთან:

- 4 ოქტომბრის მოვლენები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი - ეს იყო ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დამოკიდებულების დემონსტრირება, რაც გამოიხატებოდა ბოლო თვეების პროტესტისთვის ჩვეული მშვიდობიანი და კონსტრუქციული ფორმით; ის, რაც ვნახეთ მეორე ნაწილში, რბილად რომ ვთქვა, იყო ძალიან დიდი შეცდომა. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ძალიან ხშირად შავზე თეთრს ამბობს და სწორს არასწორად წარმოადგენს, ისე, რომ ამისთვის მცირე საფუძველიც არა აქვს ხოლმე. ხელისუფლების ამ უკიდეგანო ფანტაზიის ფონზე, როდესაც მას ასეთ საჩუქარს აძლევ, ვგულისხმობ, ათონელის ქუჩაზე მომხდარს, ბუნებრივია, ამას გამოიყენებდა.

ეს გახდა იმის საფუძველი, რომ დაკავებებს გასულ კვირას თითქმის ყოველდღიურად ვადევნებდით თვალს. ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის პროპაგანდისტული დაპირისპირებაც, მეტიც, პროპაგანდისტული ომი. პროპაგანდას უნდა ძალიან ჭკვიანურად წარმართვა, მათ შორის საპროტესტო მოძრაობის მიერ. მნიშვნელოვანია შესაბამისი განწყობების შექმნა როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებსგარეთ. შესაბამისად, წინააღმდეგობის მოძრაობის მესვეურები ამას უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ. თუმცა არის ერთი საკითხი -

ჩემი აზრით, თავის დროზე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ის, თუ რამ გამოიწვია ყოველივე ის, რაც ათონელის ქუჩაზე მოხდა, ამ ექსცესში ქართული გულუბრყვილობის, დაუდევრობის, არაორგანიზებულობისა და წინდაუხედაობის გარდა, ხომ არ მონაწილეობდა უცხო ძალაც.

ამას კომპეტენტური და მიუკერძოებელი გამოძიება სჭირდება. უახლოეს მომავალში ამის მოლოდინი ვერ გვექნება, მაგრამ როცა დრო იქნება, ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოვიკითხოთ. ეს პროცესების იმდენად ნაჯახისებური განვითარება იყო, შეუძლებელი მგონია, გარე ჩარევის გარეშე მომხდარიყო ამდენდღიანი, პასუხისმგებლობიანი პროტესტის შემდეგ.

- სხვათა შორის, გარე ჩარევაზე ლაპარაკობს ხელისუფლებაც. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების კომენტირებისას უცხოელი პოლიტიკოსებისა და "ბრიუსელის ბიუროკრატების" შესახებაც ილაპარაკა. მისი მტკიცებით, არსებობს ჯგუფი, რომელსაც საქართველოს მიმართ მავნე ინტერესები აქვს და, რომელიც ცდილობს ქვეყნის არევას და პაიკად გამოყენებას.

- ჩვენ და ხელისუფლება ვთანხმდებით, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებში შესაძლოა გარეული იყო გარე ძალა, თუმცა ერთი დიდი განსხვავებაა - ჩვენს აღქმაში ეს გარე ძალა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია, ხელისუფლება კი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით იშვერს ხელს.

არაერთხელ მითქვამს, მათ შორის თქვენი გამოცემის საშუალებითაც, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ ქართული ისტორია. ჩემი შეფასებით, ის, თუ რა მხარეს აღმოჩნდება საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ამით განისაზღვრება დასავლურ და ანტიდასავლურ გეოპოლიტიკურ ბანაკებს შორის ახალი გამყოფი ხაზი. მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არის ნიადაგის მომზადება იმ დროისთვის, როდესაც ახალი გამყოფი ხაზი გაივლება - ანუ გვამზადებენ იმისთვის, როცა დადგება გადამწყვეტი მომენტი, პოლიტიკური ცხოვრებით, მმართველობის სტილით თუ პოლიტიკური უკულტურობით საქართველო იქცეს მასალად, რომელიც ავტომატურად აღმოჩნდება ანტიდასავლურ მხარედ. ამას ემსახურება ისიც, რომ გადავღალოთ დასავლეთი ჩვენით, დავარწმუნოთ ევროპელები ჩვენს უპერსპექტივობაში და დავუკარგოთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციაში. ამითაც შეიძლება ავხსნათ ამ შესაძლო გარე ჩარევის ფაქტორი. ეს ემსახურებოდა არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საკუთრივ იდეის დისკრედიტაცას, ანუ იმის ჩვენებას, რომ არ შეიძლება საქართველო განეკუთვნებოდეს ევროპულ იდეას, ევროატლანტიკურ ბანაკს. ამ აქციის მეორე ნაწილი, ჩემი შეფასებით, ასეთ შორს მიმავალ მიზანსაც ემსახურებოდა.

- იმ დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე ათასობით მოქალაქე იყო შეკრებილი, რიცხვს ნუ ვიტყვით, რადგან ამას ხელისუფლება სხვაგვარად ხედავს, უბრალოდ, ფაქტია, ათონელის რეზიდენციისკენ წასვლის მოწოდებას გაჰყვა ძალიან ცოტა ადამიანი, დემონსტრაციის უდიდესი ნაწილი დარჩა იქ, სადაც საპროტესტოდ მივიდა. თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გადატრიალებაში მონაწილეობა დააბრალოს და როგორც ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ, მათ მიმართ ხელისუფლებას "ნული თანაგრძნობა" აქვს. რას ნიშნავს, თქვენი აზრით, ამგვარი დამოკიდებულება და სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს?

- თქვენ აღნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - ის, რომ პროტესტანტების დიდი ნაწილი დარჩა აქციაზე და არ შეუერთდა ათონელის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს, არის კიდევ ერთი დასტური საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის ევროპულობისა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ადგილი სწორედ ევროპულ პოლიტიკურ კულტურაშია.

რაც შეეხება კობახიძის პოზიციას, მსგავსი შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგანაც და ეს ემსახურება, ძირითადად, უიმედობის, უპერსპექტივობის განცდისა და შიშის დანერგვას საზოგადოებაში. შიშის ფაქტორის შენარჩუნება აუცილებელია რეპრესიების ტალღის გასაშლელად. უნდა ითქვას, რომ რეპრესიებს უკვე ლამის ყოველდღიური ხასიათი აქვს და მოლოდინი, რომ ეს უფრო მასშტაბური გახდება, სავსებით რეალურია... თუმცა ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - არსებობს სახიფათო ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც, ანუ მუდმივ რეჟიმში რეპრესიული მანქანის მუშაობა, იწვევს მეორე მხრიდან წინააღმდეგობის პროპორციულად ზრდას. იმ სისტემამ, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, იმდენად მოაქცია საკუთარი თავი ჩიხში, რომ უკვე სხვაგვარად აღარ შეუძლია. ავტორიტარული სისტემა შენარჩუნებისთვის მუდმივად უნდა იკვებებოდეს შიდა ან გარე მტრის ხატით. ის, რაც ხდება და კიდევ მოხდება, შესაძლოა "ქართული ოცნების" "ჯიჰადადაც" შევაფასოთ, ანუ მდგომარეობად, როდესაც ფუნქციონირებისთვის, საკუთარ რიგებში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მას სჭირდება უხილავ მტერთან "ბრძოლა და გამარჯვება"...

- ცნობილი ექიმის გოგი ჩახუნაშვილის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში სწორედ საზოგადოებაში შიშისა და უიმედობის დამკვიდრების მცდელობაზე წერდით. თუმცა ჩვენი საზოგადოების ნაწილი საკმაოდ უშიშრად შეეწინააღმდეგა მომხდარს და ხელისუფლებაც ერთი შეხედვით იძულებული გახდა უკან დაეხია - მოგეხსენებათ, ჩახუნაშვილის სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს.

- ბატონ გოგისთან დაკავშირებულმა ვითარებამ ერთიანობის მნიშვნელობასთან ერთად, აჩვენა ისიც, რომ სისტემაში არის სტრატეგიული გაურკვევლობა შემდგომ კურსთან დაკავშირებით და რომ რეპრესიებისას ზემოთ ნახსენები ზღვრის გადაკვეთა შეიძლება აღმოჩნდეს სისტემაში დესტაბილიზაციის ფაქტორი. ნუ გამოვრიცხავთ, რომ იქაც მიდის ჭიდილი ლიდერებსა და მათ გარემოცვას შორის. ამგვარი სისტემების ლიდერობა მარტივი არ არის. ეს უკავშირდება ძალიან დიდ რესურსებსაც - საქმე ისაა, შენ თუ სისტემაში ბენეფიციარები მუდმივად არ გამოკვებე და სარჩო არ მიეცი, მაშინ ისინი შეიძლება ძალიან საშიში გახდნენ.

შორეულ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ პროცესების ლოგიკის თანახმად, ამ რეჟიმში პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება, მით უფრო ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც ძალიან ფაქიზი სოციალური ქსოვილი აქვს, აუცილებლად დასრულდება სისტემის კრახით. უბრალოდ, საკითხავია, რა დრო დასჭირდება ამას და ეს ყველაფერი რამდენად დააზიანებს ქვეყანას. ჩვენი ამოცანა მხოლოდ სისტემის დამარცხება კი არ არის, ჩვენი მთავარი ამოცანაა მისი დამარცხების შემდეგ შეიქმნას ისეთი ახალი სისტემა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრივ, ეროვნულ განვითარებას მოემსახურება. არ მინდა ისე მოხდეს, რომ იმ მომენტისთვის ჩვენ იმდენად დაკნინებული, გამოფიტული ვიყოთ, რომ ნებისა და სურვილის შემთხვევაშიც კი წარმატებას ვერ მივაღწიოთ. ამ სიტუაციის დელიკატურობა სწორედ იმაშია, რომ ერთდროულად უნდა მოვახერხოთ სისტემის დასრულებაც და ახალზე მწყობრად და ეფექტიანად გადაწყობაც. ამ ორი ამოცანის დროში დამთხვევა ქართული პოლიტიკური აზრისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია. დღემდე ასეთი კომპლექსური ამოცანა ჩვენ არ გვქონია. ამას დიდწილად განაპირობებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საქართველოს თემა ორგანულად უკავშირდება რეგიონსა და მის მიღმა მიმდინარე პროცესებს - ანუ ევრაზიულ სიბრტყეში, რუსეთის საზღვრების გასწვრივ გავლენების გადანაწილებას და ამ პროცესში ახალი წონასწორობის წერტილის მოძებნას.

- როგორ ფიქრობთ, რა შიდა თუ გარე ფაქტორები დაეხმარება ქვეყანას ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოსვლაში?

- გარე ფაქტორები და საერთაშორისო ვითარება დღეს, სამწუხაროდ, დიდი იმედის საფუძველს არ გვაძლევს, თუმცა საერთაშორისო კონიუნქტურაც იმდენად ეკლექტურია, რომ თუ დღეს ერთი მოცემულობის მოწმენი ვართ და ეს არ არის საჩვენო მოცემულობა, ხვალ შეიძლება ყველაფერი კარდინალურად შეიცვალოს და საჩვენოდ იქცეს. ისე კი, მთავარია, გავისიგრძეგანოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი, მისი აწმყო და მომავალი ისევ და ისევ ქართველ ხალხს უკავშირდება. თუ თავმოყვარე ხარ და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეგიძლია, შენი ბედი შენვე უნდა განკარგო და ამ მისიის დელეგირებაზე არ უნდა იფიქრო.

ქვეყანაში თუ დავბრუნდებით, უპირველესად, რაც უნდა გამოვყოთ, საზოგადოებრივი პროტესტია, რომელმაც ძალიან ხანგრძლივი გამოცდა ჩააბარა და დღესაც აბარებს. ერთი წუთით რომ დავუშვათ, ეს პროტესტი არ ყოფილიყო, მაშინ დღეს რის იმედად უნდა ვყოფილიყავით, არ ვიცი. გასაგებია, რომ ეს გამოცდა პოლიტიკურმა სპექტრმა სრულად ჩააგდო, რასაც დიდი მწუხარებით ვამბობ. ჩნდება სიახლის საჭიროება. ლაპარაკი არ არის ახალ გვარ-სახელებზე, ვგულისხმობ ახალს, თავისი სულისკვეთებით, მიდგომებით, ხელწერით, სიდინჯით, კომპეტენციით, მეტი სისტემურობით... ეს ახალი უნდა უკავშირდებოდეს არა მხოლოდ არსებულის დაწუნებას, არამედ ახლის შეთავაზებასაც.

რა თქმა უნდა, ეს, ყველაფერთან ერთად, უკავშირდება ახალ მოთამაშეებსაც... აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ანალიტიკურ ცენტრშიც მიდის დუღილი და მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გარკვეულწილად გავიდეთ ანალიტიკური ცენტრის საქმიანობიდან და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა - ჩათვალეთ, რომ ექსკლუზიური ინფორმაცია გაგიმჟღავნეთ.

- დიდი მადლობა ამისთვის. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ცვლილებებისთვის და თუ გქონდათ უკვე კონსულტაცია რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან?

- ჯერ გეტყვით იმას, რომ ეს დრომ და საჭიროებამ მოიტანა - ქართველ საზოგადოებას სჭირდება არა შავად და თეთრად დაყოფა, არამედ დაბალანსებული, გასაშუალოებული მიდგომები, რაც გამოიხატება ადეკვატურობასა და პროცესების ნორმალიზაციაში. დროა, ქართულ რეალობაში დასრულდეს ფობიებზე, ბოდვასა და კონსპიროლოგიაზე დაფუძნებული არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ უთავმოყვარეო პოლიტიკა! ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმართულებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენ და ისეთ სუბიექტებს, რომლებიც იმავე კატეგორიაში არიან, რომელშიც "ჯეოქეისი", ერთად შეგვიძლია მნიშვნელოვანი და წონიანი სიტყვის თქმა.

რაც შეეხება კონსულტაციებს, ამაზე ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო აქამდეც და ასე იქნება მომავალშიც შინაარსი და არა ფორმალური მხარე.

რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ იმდენად ბევრი ვილაპარაკეთ სისტემის არსზე, რომ შეიძლება დაიბადოს კითხვა, აქვს თუ არა აზრი ამ სისტემასთან საუბარს და რომ ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ სისტემის გვერდის ავლით. პირადად ჩემი აზრით, ასე არ არის. სისტემა მრავალშრიანია და მასში მოქცეულ სუბიექტებს, პოლიტიკოსები იქნებიან, საქმიანი ადამიანები თუ სხვა, ერთი განწყობა ნამდვილად არა აქვთ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თუ სისტემას პირდაპირ არ ვესაუბრებით, უნდა ვილაპარაკოთ მისი მისამართით, მის გასაგონად. ეს უნდა შეეხებოდეს გაუმჯობესების გზებს და არ უნდა უკავშირდებოდეს ვინმეს ჩარეცხვას, უსაფუძვლოდ დაჩაგვრას, ვინმეს ჩამოწერას... უნდა გაჩნდეს განცდა, რომ მოსალოდნელი ცვლილებები ყველას ინტერესშია. ამან შეიძლება მოგვცეს ერთი მთავარი ეფექტი - მეორე მხრიდან წინააღმდეგობა შესუსტდეს... მოკავშირეების გაჩენა საპირისპირო მხრიდან შეიძლება იყოს გარკვეული წინა პირობა იმისა, რომ ცვლილებები მოხდეს რაც შეიძლება მალე და რყევის გარეშე. ვფიქრობ, მიუხედავად სისტემის თითქოსდა მონოლითურობისა, არის გარკვეული დინებები, ტენდენციები, ჯგუფები და სეგმენტები, რომლებიც შეუძლებელია არ იყვნენ არსებულით შეწუხებული და ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობდნენ. მათ უნდა შეექმნათ განწყობა, რომ ხვალინდელი დღე მათთვისაც სასარგებლო იქნება. საზოგადოების დაყოფა, რასაც "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში ცდილობდა და დღესაც ამაზე აკეთებს აქცენტს, ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებას არ ემსახურება. ეს პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, აუცილებლად... ასეთ შემთხვევაში ჩვენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე.