"ხალხის დიდმა ნაწილმა ტერიტორიის დატოვება დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "გეგმა" გაამხილა"
4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ დაკავებულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის, როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სხვა პირთა ვინაობის დასადგენად კვლავ მიმდინარეობს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ შეაფასა:
- 4 ოქტომბერს მეც მივედი აქციაზე. 300 დღეა დავდივარ და ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერის გამო ვერ ვიტყოდი უარს იმაზე, რასაც 300 დღის განმავლობაში ვაკეთებ. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც წინააღმდეგობაშია ჩართული, რუსთაველის გამზირზე მისასვლელად მასპინძელი არ სჭირდება. 4 ოქტომბერს იქ იყო ხალხი, ვინც თქვა, კი, მივალთ ორგანიზატორების დაგეგმილ აქციაზე, მაგრამ ვნახოთ, რას გვეტყვიან, თუ გეგმა მოგვეწონება, წავყვებით თუ არადა, არაო... მართლაც დიდმა ნაწილმა ტერიტორიის დატოვება დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "გეგმა" გაამხილა. იქ ვიყავი და ვხედავდი ამ ყველაფერს. დიდი ნაწილისთვის ეს გეგმა არ იყო მოსაწონი, თუ შეიძლება ამას საერთოდ "გეგმა" ეწოდოს.
წინააღმდეგობაში ჩართული საზოგადოება პოლიტიკურად მომზადებულია, არავის წაჰყვებიან კონკრეტული, გამართული ხედვის გარეშე. უბრალოდ, იქ იყო მცირე ნაწილი, ვინც ენდო ლიდერების მოწოდებას და მივიღეთ გაუმართლებელი სტრატეგია... რა თქმა უნდა, ეს არ არბილებს თვითმარქვია ხელისუფლების რეჟიმის არსებობას. ჩვენ ვნახეთ, რაც გააკეთა მეორე დღეს რეჟიმმა, გამოაცხადა, ვინც მომდევნო დღეებში შეიკრიბება, ყველა ამის ნაწილიაო. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის განაცხადი, შეკრებისა და გამოხატვის უფლების სრული უარყოფა. ფაქტობრივად, საგანგებო სიტუაცია გამოაცხადეს და ძალიანაც კარგი, რომ ხალხი არ დაემორჩილა. მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე კვლავ ბევრი ხალხი შეიკრიბა. პროტესტი გრძელდება...
- მაინც რა მოხდა 4 ოქტომბერს - ეს იყო თვეების განმავლობაში შემუშავებული გეგმა თუ იქვე, სცენაზე, მოფიქრებული სპონტანური გადაწყვეტილება? აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობდა, ჩვენ არ გვინდა შეტაკებები რომ მოხდეს, მე შვილიშვილებით ვარ მოსულიო, ხოლო "მშვიდობიანი დამხობის" მეორე ორგანიზატორმა ამ განცხადებიდან 5 წუთში "მამაკაცური ძალა" და "პრეზიდენტის სასახლის გასაღების ჩაბარება" მოითხოვა...
- 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული სკეპტიციზმი "სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას" თავიდანვე გვქონდა. არსებობდა რამდენიმე პრობლემა: პირველი იყო გეგმის არარსებობა. ორგანიზატორები მას საზოგადოებას არ უმხელდნენ, უბრალოდ, აანონსებდნენ რევოლუციას; მეორე - "მშვიდობიანი რევოლუციის" დაანონსება იყო რამდენიმე ლიდერის განაცხადი, რომელიც არავისთან ყოფილა შეთანხმებული. ერთი წლის განმავლობაში რუსთაველზე ასეთი რამ არავის უკადრია, რომ თავის თავზე აეღო ერთი კონკრეტული დღის დაგეგმვა და ეთქვა, მე მოვიყვან ხალხსო... სწორედ ეს გააკეთეს 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებმა; მესამე საკითხი - ნებისმიერი კითხვა ან კრიტიკა, რომელიც ისმოდა 4 ოქტომბრის აქციის შესახებ იმთავითვე ითვლებოდა ერთიანობაში ბზარის შეტანად. ფაქტობრივად, ეს ხალხი კრძალავდა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს მათ გეგმებზე. "მშვიდობიანი რევოლუციის" დაანონსება თავიდანვე ჩანდა როგორც ავანტიურა, ამიტომ თავიდანვე გადავწყვიტეთ არ მიგვეღო მონაწილეობა.
მე მაინც ვფიქრობ, ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება. თუ დაგეგმილი იყო, მაშინ უფრო დიდი უბედურებაა. ვერაფრით ვერ ვხსნი, რა გააკეთეს>? ხალხს უთხრა, ჩვენ შევიკრიბებით და "ქართული ოცნება" სახლში თავისით წავაო, ასე არ ხდება...
- 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციაში დაიწყო დაპირისპირებები, დაიშალა საერთო ფრონტი....
- საერთო ოპოზიციამ, ალბათ, მაშინ დაუშვა შეცდომა, როდესაც შეთანხმდა, რომ არჩევნებში არ მიიღებდა მონაწილეობას. ამ გადმოსახედიდან, ალბათ, ჯობდა, მონაწილეობა და ერთიანი კანდიდატის წარდგენა. ჩვენ უკვე ჩატარებული არჩევნების შედეგებით ვნახეთ, თუ რა დაბალია "ქართული ოცნების" რეიტინგი დედაქალაქში. ოპოზიციას რომ მიეღო მონაწილეობა და ჰყოლოდათ ერთიანი კანდიდატი, "ოცნების" დამარცხება შეიძლებოდა. თუ არ იღებდნენ მონაწილეობას, არავის არ უნდა მიეღო. თუმცა მე მგონია, "ლელომ" და გახარიამ პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. იცით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა კიდევ რა იყო? - ხაზარაძე-გახარიას ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ოპოზიციის ლიდერობისთვის ებრძოლა და არა ხელისუფლების დამარცხებისთვის. იგივე გადაწყვიტა "ნაცმოძრაობამ" ოღონდ ქუჩაში 4 ოქტომბრის სახით, ყველა სხვა ჩამოეშორებინა, თანასწორი გარემო, რაც რუსთაველზე იყო, დაენგრია და თვითონ ყოფილიყო ლიდერი.
"ლელოსა" და გახარიას ნაბიჯმა არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ხელი შეუწყო "ქართული ოცნების" საქმეს, დაეხმარა ხელისუფლებას, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ გარიგებული არიან, იმიტომ, რომ მათი გზები ასე მუშაობს. "ნაცმოძრაობაც" ძალიან დიდი ხანია აცოცხლებს "ქართულ ოცნებას", ისევე როგორც პირიქით, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, ვიძახო, გარიგებულებული არიან-მეთქი, როცა ამის მტკიცებულება არ არის. ფაქტია, "ქართული ოცნება" საკუთარი თავის კაპიტალიზებას იმით ახდენს, რომ "ნაცმოძრაობა" ერთიმეორეზე დიდ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს.
ახლა ოპოზიციურმა ძალებმა გამალებით უნდა იმუშაონ, რომ ნიჰილიზმში ჩავარდნილი ამომრჩეველი დააინტერესოს არჩევნებით. აუცილებელია "ქართულ ოცნებას" წაართვან ის ამომრჩეველი, რომელიც დღეს მთავრობის მხარდამჭერია. მხოლოდ ამის შედეგად მოხდება ამ პოლიტიკური ძალის ფაქტობრივი დელეგიტიმაცია და მერე ადვილი იქნება მისი დამარცხება. ამისთვის კი გვჭირდება ახალი არჩევნები სამართლიანი წესებით. სწორედ ამიტომ იბრძვის ეს ხალხი ქუჩაში. ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები და ვნახოთ, რა მხარდაჭერა აქვს "ქართულ ოცნებას" - მათ ზუსტად ამის ეშინიათ.
- როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობის მოძრაობა?
- 4 ოქტომბრის მაგალითზე უნდა მივიღოთ გაკვეთილი. პირველი - არასდროს არ უნდა დავკიდოთ ერთ დღეზე ჩვენი ბრძოლა. "ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ" - ეს იყო ფუჭი იმედი. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები საზოგადოებას არ უნდა აკადრო.
მეორე - წინააღმდეგობის მოძრაობა წინ უნდა წავიდეს. ბრძოლა გრძელვადიანია. უნდა დავსახოთ კონკრეტული გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ავტოკრატია დავამარცხოთ და დემოკრატია დავამყაროთ. გასაგებია, რომ "ქართული ოცნება" არ გვინდა, მაგრამ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება? საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა, რადგან ის ფიქრობს, რომ ალტერნატივა მხოლოდ "ნაცმოძრაობაა", ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს არ იქნება ის მოედანი, რისთვისაც იბრძოლებენ. მოსახლეობას უნდა გავცეთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც აქვთ. კითხვები ელემენტარულია: როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეცვლილ დრამატულ გეოპოლიტიკურ გარემოში, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომ სიღარიბე შემცირდეს. გლობალურ საკითხებზე რომ არ ვისაუბროთ, აუარებელი პრობლემა აქვს რიგით მოქალაქეს. ამიტომ უნდა დაიფაროს ყველა საჭიროება, რაც არსებობს - ეს არის გამოსავალი. ძალიან დიდი პროპაგანდის მანქანაა ჩართული, რომელიც საზოგადოებას ტყუილებით კვებავს. ძალიან ძნელია ამხელა რესურსის მქონე მანქანას დაუპირისპირდე, ამიტომ გამოსავალი ყველასთან მისვლა და პირისპირ კომუნიკაციაა. ვერც ერთი ეკრანიდან მოლაპარაკე ადამიანი ვერ იქნება იმაზე ეფექტური, ვიდრე პირისპირ შეხვედრა.
რუსთაველის გამზირზე უკვე ჩამოყალიბდნენ ჯგუფები, თანამოაზრეები. როცა საღამოს მივდივარ აქციაზე, უკვე ვიცი, რომელ კუთხეში ვინ დგას. რუსთაველის გამზირის "გეოგრაფია" მკაფიოდ აჩვენებს, რომ არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი. პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ. წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანები უნდა გავიდნენ ხალხში. საღამოს თუ დგანან რუსთაველზე, დღისით უნდა დაგეგმონ შეხვედრები მოსახლეობასთან მთელი საქართველოს მასშტაბით. ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ქვეყანაში არსებობენ ძალები, ვინც მათ პრობლემებზე ფიქრობს. ასეთი ბევრი სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, ყველამ თავისი დრო და რესურსი უნდა ჩადოს. უნდა მოვიპოვოთ გადამწყვეტი უპირატესობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გახდეს იმ ძალების მხარდამჭერი, ვინც ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმს.
ახლა ჩვენ კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმში ვართ, სადაც ძალიან რთულია სისტემური ოპოზიციით წარმატების მიღწევა. ამიტომ უნდა დავიწყოთ ახალი იდეებით, რეჟიმის კონტროლის მიღმა მოქმედება, რათა გავზარდოთ წინააღმდეგობაში მყოფთა მხარდამჭერები. ამ ქვეყანაში კმაყოფილი არავინ არის, მათ შორის, არც "ოცნების" მომხრეები. ამ უკმაყოფილებას კი სჭირდება პოლიტიზება, უნდა გამოიკვეთოს გამოსავალი, ხალხი უნდა გავაერთიანოთ. ერთად დავიწყოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედება მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ "ქართული ოცნება" წავიდეს, არამედ იმიტომ, რომ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, როგორიც არასდროს გვქონია.
სოფო კაჭარავა