დააკავებენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს?! - "ივანიშვილისთვის ზურაბიშვილის "დასჯა" ერთგვარად გარდაუვალ ნაბიჯად იქცა. ეს მომენტი იდეალურად არის შერჩეული" - კვირის პალიტრა

დააკავებენ თუ არა სალომე ზურაბიშვილს?! - "ივანიშვილისთვის ზურაბიშვილის "დასჯა" ერთგვარად გარდაუვალ ნაბიჯად იქცა. ეს მომენტი იდეალურად არის შერჩეული"

როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები 4 ოქტომბრის შემდეგ, როგორი იქნება ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია მმართველი გუნდის კრიტიკულ განცხადებებზე, ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრა.

- რას ეძახის ხელისუფლება რევოლუციას, იმ უცნაურ აქტივობას, რაც პრეზიდენტის სასახლესთან იყო? გარდა ამისა, დასავლეთის "დამკვეთად" აღიარება მტკიცებულებებს მოითხოვს. კობახიძემ თუ მტკიცებულებები არ წარადგინა, როგორ შეიძლება მოითხოვოს ბოდიშის მოხდა?­ სავარაუდოდ, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს ამ განცხადებებზე რეაგირება არ ექნებათ. ისინი თავს ამ პროცესების ორგანიზატორებად არ მიიჩნევენ და არც მიაჩნიათ საჭიროდ, რაიმეს გაემიჯნონ.

- საპროტესტოდ განწყობილ ელექტორატშიც სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, რა საჭიროა ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელსაც მისივე ამომრჩეველიც აღარ ენდობა. რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლებამ ამ ვითარებით ისარგებლოს და მათი გაუქმება მოითხოვოს?

- ოპოზიციის დისკრედიტაცია ისედაც უკიდურესად მაღალია და ამ პროცესში დამატებითი ზეწოლა მხოლოდ ხელისუფლების პოზიციებს დააზიანებს. ოპოზიციური ელექტორატის აქტივობის შეკავებას ხელისუფლება სწორედ იმ ოპოზიციური პარტიების მეშვეობით ახერხებდა, რომლებიც დღეს თითქოს მის წინააღმდეგ დგანან. თუ ეს პარტიები აღარ იარსებებენ, როგორ გააკონტროლებს ხელისუფლება ოპოზიციურ მასას?

- მაგრამ ლიდერის გარეშე დარჩენილმა ოპოზიციურმა ელექტორატმა რა უნდა ქნას?

- 300-დღიანი პროტესტის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიების მიუღებლობას გამოხატავდნენ. ეს აშკარა იყო. 4 ოქტომბერს მართლაც შეინიშნებოდა ცდა, რომ პარტიული აქტივის მონაწილეობა საზოგადოებრივ პროტესტად და რევოლუციურ მოვლენად გამოეცხადებინათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი მათ გარეშე გაქრება, საზოგადოების უკმაყოფილება პარტიებზე აღარ არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება საკუთარი ძალა გამარჯვებულად წარმოაჩინოს, ოპოზიციას კი დამატებით დააკისროს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, მაგრამ მის სრულად გაუქმებას არ ეცდება. მან შესანიშნავად იცის, თუ ოპოზიცია საბოლოოდ მოიშლება, პირველ რიგში თავად დაზარალდება. ცარიელ და უკონტროლო სივრცეში ყოველთვის ჩნდება ახალი, ხშირად უფრო მეტად საშიში ძალა, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებას ეშინია, რომ ამ პროცესების უკან უცხო ქვეყნები დგანან.

განსახილველია კიდევ ერთი საკითხი - შეერთებულმა შტატებმა ამ ოპოზიციასთან პირდაპირი თანამშრომლობა თავიდან აიცილა. ამის მიზეზი მარტივია: ოპოზიციური პარტიების არაორგანიზებულობა, საზოგადოებაზე გავლენის ნაკლებობა და ის ფაქტი, რომ ბევრ მათგანს თავად დასავლეთშიც უნდობლად უყურებენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი პირდაპირად რუსეთის აგენტობაშია ბრალებდებული. ასე რომ, თუ ხელისუფლება ამ ოპოზიციურ პარტიებს გაანადგურებს, მასთან ერთად გაქრება ის არგუმენტებიც, რომლებიც ამ დრომდე დასავლეთის კრიტიკას ამყარებდა. შედეგად, ქვეყანაში დარჩება ველი, სადაც შესაძლოა ახალი, უფრო გამართული ოპოზიცია გაჩნდეს, სწორედ ისეთი, რომლის გაჩენაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად არ აწყობს.

- ცოტა ხნის წინ ვნახეთ, როგორ დააკავა ასეულობით სამართალდამცავმა გვიან ღამით, ასაკოვანი პედიატრი. რას ემსახურება დაპატიმრებების დემონსტრაციული ხასიათი?

- არა მგონია, ეს ნაბიჯები რეალური ავტორიტარიზმის ნიშნად ჩაითვალოს. სტალინის დროინდელ რეპრესიებთან შედარება გადაჭარბებულია, თუმცა თავად სცენარი, ღამით ჩატარებული დაკავებები, რუსულ სტილს ჰგავს. ნამდვილი ძალაუფლება ასეთ თეატრალურ ჟესტებს არ საჭიროებს. თუ ხელისუფლება საკუთარ თავს ძლიერად აღიქვამს, მას არ სჭირდება, რომ მოქალაქეები ღამით აიყვანოს. იმავე შედეგს მოიტანდა დღის დაკავებებიც, თან უფრო გამჭვირვალედ და მეტი სამართლებრივი არგუმენტით, მაგრამ არჩეულია საპირისპირო გზა, ეფექტზე გათვლილი ქმედება. მედიაში წინასწარ გაჟონილი ცნობები, ღამით სპეცოპერაციები და მეორე დღეს ტელეეთერში გადაცემული კადრები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველაფერი სცენარის მიხედვითაა. ჩემი აზრით, ეს მოქმედებები განკუთვნილია დასავლეთისთვის. ივანიშვილი ცდილობს­ "რევოლუციის ჩახშობა" კანონიერ გამარჯვებად აქციოს და ამის საფუძველზე მოითხოვოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამ ქმედებებით ის ცდილობს ჩამოაყალიბოს სავაჭრო პოზიცია, ე.ი. დასავლეთს აჩვენოს, რომ ქვეყანაში ვითარებას სრულად აკონტროლებს და მასთან, როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორთან, უნდა აწარმოონ პოლიტიკური კომუნიკაცია.

- შესაძლებელი, რომ გისოსებს მიღმა ვიხილოთ სალომე ზურაბიშვილიც?

- ეს დღეს ყველაზე­ აქტუალური და დამაინტრიგებელი თემაა. არა მგონია, რომ 4 ოქტომბრის დრამატული პროცესების ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით გახდა. ვფიქრობ, ზურაბიშვილი­, ნებსით თუ უნებლიეთ, თავიდანვე იყო ამ პოლიტიკური სცენარის ნაწილი, მან კი მოასწრო და სასწრაფოდ გაემიჯნა პროცესს, მაგრამ ფაქტია, ივანიშვილისთვის ზურაბიშვილის "დასჯა" ერთგვარად გარდაუვალ ნაბიჯად იქცა. ეს მომენტი, უნდა ითქვას, იდეალურად არის შერჩეული. ახლა, როცა ასობით ადამიანი დაკავებულია, მაგრამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნებისმიერი მოქმედება, სამართლებრივი თუ პოლიტიკური, მხოლოდ ერთ რამეზეა დამოკიდებული - სურვილზე.

- როგორი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს მის დაპატიმრებას?

- შიდა რეაქცია, სავარაუდოდ, ზომიერი იქნება, რადგან ოპოზიციურ წრეებში სალომე ზურაბიშვილი ბევრს არ უყვარს. არ არის გამორიცხული, მისმა დაკავებამ საზოგადოების ერთ ნაწილში კმაყოფილებაც კი გამოიწვიოს. თუმცა სულ სხვა ამბავია გარე რეაქცია. ეს ნაბიჯი შეიძლება ბოლო წვეთი აღმოჩნდეს იმ მოთამაშეების მოთმინების ფიალაში, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ ინარჩუნებს დიპლომატიურ თავშეკავებას. ორივე პრეზიდენტის, სააკაშვილისა და ზურაბიშვილის ერთდროული პატიმრობა იქნება მოვლენათა ისეთი სიმძაფრის ნიშანი, რომელიც ძნელად წარმოსადგენია თანამედროვე დემოკრატიულ სივრცეში. ასეთი მაგალითი დღევანდელ ევროპაში არ მოიძებნება. სწორედ ეს საერთაშორისო ფაქტორი შეიძლება გახდეს ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც შეაჩერებს ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმისგან...

მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი ისეა მოწყობილი, აშშ-ის აღიარებისა და მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა სრულფასოვნად ვერ იარსებებს. ეს, ფაქტობრივად, აქსიომაა.

ჩვენი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული დასავლეთთან, შვილებიც იქ სწავლობენ და ქონებაც იქ აქვთ. ივანიშვილის ფინანსებიც დასავლურ ბანკებშია განთავსებული. ამ პირობებში დასავლეთთან დაპირისპირება არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური იდეოლოგია - ეს იქნება მხოლოდ თვითდაზიანება. ამიტომ ხელისუფლებას არა აქვს არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური საფუძველი, გახდეს "კავკასიის ვენესუელა". ეს გზა განუხორციელებელია, ის უფრო ემოციურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ სტრატეგიას.

- როგორი იქნება რუსეთის ფაქტორი?

- დასავლეთში ხშირად უფრო მკაცრად ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დაახლოებაში, ვიდრე რეალურად იმსახურებს, თუმცა ბრალდებები მთლიანად უსაფუძვლოც არ არის. როცა მმართველი გუნდის სიტყვები და განცხადებები ემთხვევა რუსული პროპაგანდის ტონს, ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკვე უბრალო პოლიტიკურ თამაშს გაცდენილია. სხვათა შორის, დასავლეთის კრიტიკა თვით დასავლეთშიც მრავლად ისმის. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დონალდ ტრამპი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი ან სხვა ლიდერები, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ ევროპის ან ამერიკის პოლიტიკურ ელიტებს, მაგრამ განსხვავებაა: ისინი აკრიტიკებენ, თუმცა არ უარყოფენ საკუთარ კურსს. საქართველო კი ვერ იქნება ქვეყანა, რომელიც დასავლეთს ღიად დაუპირისპირდება და ამით მოიპოვებს გამყარებულ მომავალს. დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურობას დაკარგავს. ამერიკის შეერთებული შტატები ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს გამოაცხადებს არალეგიტიმურად. თუ ხელისუფლება მართლაც ფიქრობს რუსეთთან მჭიდრო კავშირზე, ამას ვერ განახორციელებს, საერთაშორისო კანონები და პოლიტიკური რეალობა ამას არ დაუშვებს.

ცნობილია, რომ ამერიკელ და რუს დიპლომატებს შორის საუბარში საქართველოს საკითხი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. თუ ოდესმე მოხდება ისე, რომ ამერიკა რუსეთს დაუთმობს საქართველოს, მაშინ ამ ხელისუფლების ქმედებებს აზრი აღარ ექნება, მაგრამ დღეს ამის ნიშნები არ ჩანს, ამერიკა არ აპირებს საქართველოს რუსეთის გავლენისთვის გადაცემას.

- და ბოლოს, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით უახლოს მომავალში?

- ოპოზიცია დისკრედიტირებულია თავიდან ბოლომდე და არ მჯერა, რომ მას რეალური მოქმედების უნარი აქვს. მისი უუნარობა ყოველთვის თვალში საცემი იყო. მეტიც, ხშირად ოპოზიციის ქმედებებს პროცესისთვის დამაზიანებელი შედეგიც კი მოჰქონდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ იმდენად ნეგატიური როლი ითამაშეს, რომ თუკი ხელისუფლება გააუქმებს ამ პარტიებს, ეს შესაძლოა გარკვეულწილად ოპოზიციური სივრცის გამწმენდი პროცესიც გახდეს, თუმცა ქვეყნისთვის მაინც დისკრედიტაციის ნიშნად ჩაითვლება. თანაგრძნობას იმსახურებენ ისინი, ვინც ამ პროცესში უბრალო აქტივისტად იყო ჩართული, ბევრს გულწრფელად სჯეროდა საკუთარი მიზნის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: მრავლად იყვნენ შეგზავნილი აგენტებიც, რომლებიც მოვლენების მართვისა და თვალის ახვევის მიზანს ემსახურებოდნენ. დღეს ამ აგენტების ნაწილი ალიბის გამო დააკავეს, ამიტომაც ჯერ კიდევ რთულია გარკვევა, ვის იჭერენ რეალური ბრალდებით და ვის გარკვეული სურათის შექმნის მიზნით. ამიტომ ამ პროცესის შეფასებისათვის ჯერ საკმარისი ინფორმაცია არა გვაქვს. საჭიროა დრო, რომ ფაქტები გამოკვეთილად გამოჩნდეს. საზოგადოებამ თვითონ უნდა გააანალიზოს, რა მოხდა სინამდვილეში, იმიტომ, რომ ამ პროცესში მანიპულირებული იყო არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თითოეული მოქალაქე, ვინც მათ ენდო. ამიტომ ოპოზიციურმა ელექტორატმა უნდა გააცნობიეროს, როგორ იქცა ოპოზიცია ხელისუფლების თამაშის ინსტრუმენტად და საზოგადოების რა ნაწილია ამაში ჩათრეული.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: საქართველოს ბედი არ მიდის უარესობისკენ. არც ქვეყანაში და არც მის გარეთ არ ჩანს ისეთი ტენდენცია, რომელიც რუსეთთან შერწყმის გზას დაუჭერდა მხარს. ის ძალები, რომლებიც მტკიცედ თვლიან, რომ საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის ქვეშ, ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერები და გავლენიანები არიან, რომ ეს პროცესი არ დაუშვან. ამიტომ არ ვხედავ წინა პირობას ქვეყნის დამანგრეველი სცენარისთვის და სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ ეს პოლიტიკური ხმაური დროებითია, ხოლო საქართველოს ისტორიული გზა ევროპისა და თავისუფლებისკენ მიდის.

ხათუნა ბახტურიძე