„...მერე ყველამ მამლის ყივილს დაასწრო და დაიწყო ამ ხალხის ჩაქოლვა“
ჩავარდნილი "მშვიდობიანი დამხობის" შემდეგ ხელისუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქალაქეების დაჭერაზეა გადასული და ყოველდღე იზრდება დაკავებულთა რიცხვი, ოპოზიცია კი ისევ ერთმანეთის დადანაშაულება-ლანძღვაზეა გადასული. სადამდე მივა ეს ყველაფერი და რა გამოსავალი აქვს საზოგადოებას, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- რაც მოხდა, იყო საოცარი არაპროფესიონალიზმისა და უჭკუობის მაჩვენებელი. ფაქტია, ხელისუფლებას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს, სჭირდებოდა ლეგიტიმური საფუძველი რეპრესიებისთვის და ამის სრული ლეგიტიმაცია მისცეს იმით, რაც ჩაიდინეს 4 ოქტომბერს. ყველაზე მეტად, რაც ვერ გავიგე, ის არის, ყაველაშვილის სასახლეში რა უნდოდათ? თუ ვინმე არის საქართველოს მმართველობის სისტემაში თანამდებობრივადაც, კონსტიტუციურადაც, პიროვნულადაც ვისაც არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ამის უფლება არა აქვს, საქართველოს პრეზიდენტია. იქ რას მიდიოდნენ, რას ელოდებოდნენ, არ მესმის. ვთქვათ, შესულიყვნენ, ენახათ ყაველაშვილი და მერე? რას იზამდა ყაველაშვილი? გამოაცხადებდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გადამდგარია თუ რა? პარლამენტი, მთავრობის კანცელარია კიდევ გასაგები იყო, მაგრამ იქ რა უნდოდათ, ვერ გავიგე. ყაველაშვილს იმისი უფლებაც კი არა აქვს, რომ შს მინისტრს დაურეკოს და რაიმე დავალება მისცეს. აბსოლუტურად ნომინალური ფიგურაა. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მას, მგონი, "ქართულ ოცნებაშიც" კი არავინ იღებს სერიოზულად და რა უნდა გამოეცხადებინა ყაველაშვილს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სინამდვილეში წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა უნდა გაეკეთებინათ. რატომ გაწირეს ის ხალხი, რომელთაც საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრებათ. ახლა რაც უნდა იძახონ, ხელისუფლებას აქვს სათქმელი, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენო. საერთაშორისო საზოგადოებაში ძალიან გაჭირდება ამის გამართლება. ახლა დაკავებულების ციხიდან დახსნა მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ყოველივე ამან ეს მოიტანა და პლუს ხალხის სრული ფრუსტრაცია. აბსოლუტურად გაუგებარ ვითარებაში აღმოვჩნდით.
- ოპოზიციისა და საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ბოიკოტზე წავიდა, ცდილობს ამ პროცესს როგორმე ჩამოშორდეს და საკუთარი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ისევ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას ადანაშაულებენ.
- ახლა ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ წინასწარ თქვა, ვემიჯნებითო, იმ დღეს, როდესაც ხალხის შეკრება უკვე დაწყებული იყო და როცა ბურჭულაძემ რევკომი გამოაცხადა, იქ იყვნენ "ნაცმოძრაობის" წევრებიც, ვაშაძის პარტიიდანაც და სხვებიც, რაღაც კონგლომერატი იყო შექმნილი, და წინააღმდეგობა არავის გაუწევია, მერე კი ყველამ მამლის ყივილს დაასწრო და დაიწყო ამ ხალხის ჩაქოლვა. თუ ოთხმა კაცმა თავის ჭკუაზე მოინდომა ამ ყველაფრის გაკეთება ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ჰკითხა და ასე დაგეგმა ფსევდორევოლუცია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ოპოზიცია არა გვყავს. წარმოუდგენელია, ან გამსახურდიას დროს, ან მერე, პოლიტიკური ლიდერების გარეშე ვინმეს მსგავსი რამ გაებედა და მერე პოლიტიკური ლიდერები ამ პროცესს გამიჯვნოდნენ. ბოიკოტისტებიდან ერთადერთი ფედერალისტები იყვნენ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაიძახოდნენ, ეს სისულელეაო, დანარჩენს ხმა არ ამოუღია. ცნობილი ინგლისური გამოთქმაა, გამარჯვებას მილიონი პატრონი ჰყავს, ხოლო დამარცხება ობოლიაო, დაახლოებით ასე ვართ. ვფიქრობ, ეს კარგი ალიყურია მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის. ვერაფერს ვატყობ, რომ რამეს გაითვალისწინებენ, მაგრამ ალიყური ნამდვილად მაგარი მოხვდათ. ყველაზე უარესი ის არის, რაც დღეს ჩვენს პარტიებს სჭირთ, ამბობენ, ჩვენ არაფერი ვიცოდითო, მათ არავინ არაფერი ჰკითხა, ეს კი ნიშნავს, თავისივე პირით აღიარებენ, რომ არაფრისშემძლეები არ არიან.
- არაბოიკოტისტებზე რა გავლენა მოახდინა ამან? მათ რა შანსები რჩებათ თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტია, ხალხის ძალიან დიდი ნაწილი მათ მხარს არ უჭერს?
- ყველა ურთულეს მდგომარეობაშია. ფაქტია - ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ისედაც არ ენდობა ხალხი, მაგრამ ამ პროცესებმა, მგონი, საბოლოოდ მიწაზე დასცა მათი სანდოობა... ყველა, ვისაც პოლიტიკაში ყოფნა უნდა, ერთ მარტივ რაღაცაზე უნდა შეთანხმდეს, რომ პოლიტიკაში სიტყვა "კომპრომისი", "მოლაპარაკება", "შეთანხმება" არ არის სალანძღავი სიტყვები და არ არის გაყიდვისა და უპრინციპობის სინონიმები. სანამ ასეთი გაგება იქნება, სანამ გვეყოლებიან პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც კომპრომისი, პრაგმატული შეთანხმება, გაყიდვის ტოლფასია, არაფერი გვეშველება. ის, რომ ხელისუფლება მუდმივად ამარცხებს ოპოზიციას, ამის მიზეზი არ არის ხელისუფლების სიძლიერე. ასეთ უკონკურენტო არჩევნებშიც კი კალაძემ ამომრჩევლის 20% მიიღო. მაგრამ ოპოზიცია რომ ამას ლეგიტიმაციას უკავშირებს, სრული სისულელეა, ამით კალაძის ლეგიტიმურობა არ დგას კითხვის ქვეშ. თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველთვის ცოტა ამომრჩეველი მიდის და არა მარტო საქართველოში. ლონდონის მერს 17%-ის მხარდაჭერა აქვს, დაახლოებით იგივეა პარიზშიც. ეს კითხვის ქვეშ აყენებს ოპოზიციის ჭკუათამყოფლობის საკითხს, იმიტომ, რომ ასეთ 20%-იან მხარდაჭერაში მას გარანტია რომ გაუკეთე, 100% აეღო, ეს არის პრობლემა. ერთმანეთის ლანძღვა მხოლოდ "ოცნების" გამარჯვებას უწყობს ხელს. კიდევ ვიმეორებ - "ქართული ოცნება" კი არ არის დღეს ძლიერი, არამედ ოპოზიციაა ძალიან სუსტი და უჭკუო. ცივილიზებულ ქვეყნებში პოლიტიკა კომპრომისებისა და იმის მიღწევის ხელოვნებაა, რაც შესაძლებელია და არა მაქსიმალური უაზრო მოლოდინების გაჩენა, ერთ დღეში ხელისუფლებას შევცვლი, დავამხობო. ხალხის გასულელებაში არ უნდა ეჯიბრებოდეს ოპოზიცია ხელისუფლებას. მაშინ ყოველთვის ხელისუფლება გამოვა გამარჯვებული, რადგან მას მეტი რესურსი აქვს. ფაქტია, 80%-ის აზრი და ხმა ნიველირებულია არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის გამო. ამას ხელისუფლებას ვერ დააბრალებ, ეს ოპოზიციის ბრალია.
- "ოცნება" ამ ყველაფერს როგორ გამოიყენებს, რას ელოდებით?
- ჯერჯერობით იქნება რეპრესიები. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რასაც აპირებდნენ და ხელი შეუწყო ამ სცენარის გათამაშებას. მე ვნახე ის კადრები, რაც პრეზიდენტის რეზიდენციასთან ხდებოდა, და ცხადია, ორი კაცის მიწოლით და ხელის კვრით ღობე არ ჩამოინგრეოდა, თუ ის წინასწარ არ იყო გამზადებული, რომ პირველივე მიწოლაზე ჩამოშლილიყო და სასახლეში შეჭრის დაფიქსირება მომხდარიყო. სხვათა შორის, კობახიძესაც წამოსცდა, რომ ძალადობის დაწყება უნდა დაგვეფიქსირებინა და მერე უნდა ჩარეულიყვნენ სამართალდამცავი ორგანოებიო. ხაფანგი იყო, გარიგება თუ ღალატი, ამაზე მსჯელობას აზრი არა აქვს, რადგან ინფორმაცია არა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებას ზუსტად სჭირდებოდა ეს სცენარი, ეს კი ნიშნავს, რომ ეძებდა საბაბს იმისათვის, რომ რეპრესიული პოლიტიკა დაეწყო. თუ შენ იმ სცენარის განვითარებას უწყობ ხელს, რომლითაც ძალადობის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს, შენ ეს გჭირდება, მაგრამ არის მეორე მნიშვნელოვანი, რუსეთის ჰიბრიდული ომის ფაქტორიც. ჰიბრიდული ომი არ ნიშნავს, რომ აქ ვიღაცა მოვა და რუსეთის სამფეროვანი ან საბჭოთა დროშის ფრიალით დაიწყებს რაღაცის კეთებას. რუსეთს ყოველთვის კარგად ჰყავდა შესწავლილი ჩვენი პირველი პირების ფსიქოლოგიური პორტრეტები და იციან, მათი რეაქცია რაზე როგორი იქნება და ახლაც ძალიან კარგად იცოდნენ, ასეთი ქმედების შემთხვევაში, რა რეაქცია ექნებოდა ხელისუფლებას. ახლა საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე ჩანს. რუსეთის ინტერესში ის კი არ არის, ხელისუფლებაში ისეთი ვინმე მოიყვანოს, ვინც აქ ლუკაშენკოსავით იქნება, კრემლს სურს საქართველოში დატრიალდეს ისეთი მოვლენები, რომლებიც ამ ქვეყანას დააშორებს დასავლეთს, ევროკავშირს უარს ათქმევინებს საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, ზუსტად რუსეთის სცენარში ჯდება, დაწყებული ოპოზიციის სისულელეებით და დამთავრებული ხელისუფლების ქმედებებით. ვინ რა მოტივაციით აკეთებს ამას, სულელია თუ გაყიდული, მე არ ვიცი, მაგრამ ის, რომ ოპოზიციის ამ ქმედებებს ზუსტად ეს პასუხი მოჰყვებოდა, ძალიან მარტივი გასათვლელი იყო. ისიც ძალიან მარტივი მისახვედრი იყო, რომ ეს შედიოდა იმ ძალების ინტერესში, ვისაც საქართველოს ევროინტეგრაცია არ სურს. მეორე მხრივ, ამერიკელებიც და ევროპელებიც ძალიან უცნაურად იქცევიან - ჩვენ თუ გვგონია, ერთი-ორი სენატორის და პარლამენტარის განცხადებები პოლიტიკაში რამეს შეცვლის, ვცდებით. საგარეო პოლიტიკა ყოველთვის არის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა და არც ერთი აქტი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში არღვევენ ადამიანის უფლებებს, ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამიტომაც ხელისუფლება ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან არც ერთი სერიოზული ნაბიჯი არავის არსად გადაუდგამს.
ამოცანა, ჩემი აზრით, ძალიან მარტივია - საქართველოში ხელისუფლება მანამდე ვერ დამარცხდება, ვიდრე არ გაჩნდება ოპოზიცია, რომელსაც ხალხი მხარს დაუჭერს. ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის და მას არა აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ხოლო ოპოზიცია გვყავს ისეთი, რომელიც ვერ ახერხებს საზოგადოების განწყობების აკუმულირებას და მის გადაქცევას პოლიტიკურ გამარჯვებაში, იმიტომ, რომ მასაც არა აქვს ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი ოპოზიცია, რომელსაც ექნება ხალხის მხარდაჭერა და ეს პირველ რიგში, ალბათ, ითქმის იმ აქტივისტ ახალგაზრდებზე. მცდარია აზრი, მე აქ პოლიტიკისთვის კი არა ვარ, სამშობლოსთვის ვიბრძვიო. პოლიტიკა სწორედ სამშობლოსთვის ბრძოლაა და თუ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი არ განახლდა, "ოცნებას" რა შეუშლის ხელს, რომ კიდევ კარგა ხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომაც ახლა ჩვენი ამოცანაა რეალურად მოაზროვნე ძალების შექმნა, რომელსაც ისიც ესმის, რომ რაღაცის მიღწევა ეტაპობრივად შეიძლება და არა ახლავე. ყველაფერი უნდა დაიგეგმოს ეტაპობრივად და არა ისე, დღეს ვიღაცები რომ ხავიან, ერთ დღეში უნდა დავამთავროთ ივანიშვილიო. თვეებია ვამბობ, რომ არ შეიძლება ფუჭი მოლოდინის შექმნა, ეს საზოგადოების ფრუსტრაციას გამოიწვევს და ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.
რუსა მაჩაიძე