„ეს წინააღმდეგობა ისევ ილუზორულობის რეჟიმშია“ - კვირის პალიტრა

„ეს წინააღმდეგობა ისევ ილუზორულობის რეჟიმშია“

რა მოხდა რეალურად 4 ოქტომბრს, ამ საკითხზე პოლიტიკის ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ვესაუბრებით.

- მოქალაქეთა ნაწილი ილუზიებს აჰყვა, ილუზიებს კი ოპოზიცია და წინააღმდეგობა ქმნიდა. ვამბობდი, რომ თითქოს ლოგიკური იქნებოდა "მშვიდობიანი რევოლუციის" დაანონსება, რადგან, თუკი არჩევნებით და სტატიკური პროტესტით რაღაც ვერ ხერხდება, ლოგიკური შეიძლება იყოს მსგავსი ტიპის რევოლუცია. თუმცა ასეთ დრო ორი მეთოდი არსებობს - რევოლუცია და აჯანყება. აჯანყებას სჭირდება ანტაგონიზმის ძალიან მაღალი დონე, მაგრამ ეს არ ყოფილა, ჩვენთან მაინც სხვა სოციოლოგიური სივრცეა. რევოლუცია კი არის მთელი ამ პროცესების ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზება, სერიოზული სტრატეგიკოსებისა და ლიდერების დონეზე, რაც ასევე არ ყოფილა. ჩემი აზრით, ეს პროცესი აქამდე იმიტომ მივიდა, რომ ილუზიები შეიქმნა წინა თვეებში, აი, იმ დონის სანქციებს აწესებენ, რამაც თითქოს ხელისუფლება ჩამოშალა. მეორე ილუზია იყო, შიდა დაპირისპირებებით ძალაუფლება იშლებაო. არც იქ იყო დაპირისპირების ის ფორმა და დოზა, რომელიც ძალაუფლების ჩამოშლას განაპირობებდა. მესამე ის იყო, რომ სხვადასხვა დროს აქციებზე უამრავი ხალხი რომ მიდიოდა, გადაწყვიტეს, რომ ეს წინააღმდეგობის საკუთრება იყო - ანუ, რასაც "მშვიდობიანი დამხობის" ორგანიზატორები ეტყოდნენ, ყველაფერი ისე შესრულდებოდა. ცხადია, ესეც ილუზია გამოდგა. ჩანს, ილოზორული იყოს ისიც, რომ ამ 4 ოქტომბრის მზადებაში რაღაც იმედი გააჩინეს, თითქოს შიგნით რაღაც კვანძები ჰქონდათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან. ამიტომაც დაიმედებული იყვნენ, რომ რაღაც მომენტში შიგნიდანვე გატყდებოდა პროცესი. ამ ყველაფერმა კი პროცესი მიიყვანა იქამდე, რომ წინააღმდეგობის რაღაც ნაწილმა დაიჯერა, რომ "ოცნება" მართლაც ჩამოშლის პირასააო. საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა. პოლიტიკურ პროცესს ილუზიები, როგორც წესი, ხელს უშლის. თეორიაში კონფლიქტს ერთადერთი, რაც დადებითი აქვს, ის არის, რომ კონფლიქტის გამწვავების შედეგად იმ წუთისთვის საბოლოოდ რაღაც ძალთა ბალანსი ყალიბდება. ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა, ამ დროისთვის რა მდგომარეობა აქვს ხელისუფლებას ძალაუფლების განკარგვაში და რა მდგომარეობაშია წინააღმდეგობა.

წინააღმდეგობა, რომელიც პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სინთეზია, ისევ ილუზორულობის რეჟიმშია. რაკი ე.წ. რევოლუცია ვერ შედგა და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, ამ ილუზიიდან გამოვიდა, ვისაც ამის იმედი ჰქონდა, მეორე მხრივ, თვითმიზანს, რომ რუსთაველი უნდა იყოს გადაკეტილი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა იმდენი ადამიანი, რომ ქუჩა გადაიკეტოს, დადებითი შედეგი არ მოაქვს. ამ ეტაპზე თითქოს არის მცდელობა, რომ ვერშემდგარი რევოლუცია უნდა გადავაფასოთ, მაგრამ გადაფასების შედეგები არ ჩანს. არადა, გადასახედია მთლიანი აღქმა წინააღმდეგობის და პოტენციური შედეგის, რისი მიღწევაც შეიძლება. პრაქტიკულად არ არსებობს ძალაუფლების შეცვლის არანაირი ასეთი პირობა და მით უმეტეს, პროტესტის ფორმატით. ერთადერთი, რაც არის შესაძლებელი, უნდა დაისახო მიზანი, თუ როგორ შეიძლება შეამცირო სახელმწიფოსა და ხალხისადმი ასეთი ხელისუფლების ზიანი.

ჯერ ილუზიებიდან უნდა გამოხვიდე და რეალური მიზანი დასახო და განსაზღვრო, ამის მიღწევა როგორ შეიძლება და მეორე, რეალურად შეგიძლია თუ არა ამის მიღწევა. ჯერჯერობით ამას ისევ ვერ ვხედავ. სამაგიეროდ, ხელისუფლებას აქვს სრული კარტ-ბლანში, რომელიც პირდაპირ აქტიურ ტოტალიტარულ ტემპს ავითარებს. 4 ოქტომბრამდეც ვამბობდი, რომ რადგან საზოგადოების რაღაც ნაწილი ვა-ბანკზე მიდის, თეორიულად შეიძლება რაღაც პოზიტიური ცვლილება გამოიწვიოს, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან დაბალია. სამაგიეროდ, დიდი ალბათობით, ამას მოჰყვება ის, რომ რასაც ხელისუფლება ამ ქვეყანაში რამდენიმე წელში დაამყარებდა, ამ ვა-ბანკის შედეგად დაამყარებს რამდენიმე კვირაში-მეთქი. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. როდესაც დაკავებულთა რაოდენობა ათობით არის, რომელიც სულ უფრო იზრდება, და როდესაც ხედავენ, რომ არავის იმედი არა აქვთ, ხედავენ, რომ ილუზია, ხელისუფლება ჩამოიშლება და დაპატიმრებულებს ციხიდან გამოვიყვანთო, დაიმსხვრევა და ადამიანები დაიწყებენ თვითგადარჩენის რეჟიმში მოქმედებას და ამას შეიძლება მოჰყვეს საზოგადოების ერთმანეთზე კიდევ უფრო წაკიდება.

მოკლედ, მოდერნიზებული 37-იანი წლებია. მოდერნიზებულია იმით, რომ სასჯელის პრინციპიც განსხვავებულია, ბუნებრივია, ვერ გადაასახლებენ და ვერ დახვრეტენ, მაგრამ ის, რომ ადამიანები ერთმანეთს გადაკიდონ, შეიტანონ უნდობლობა იქ, სადაც აქამდე, ასე თუ ისე, იყო, ადამიანებმა ერთმანეთი გასცენ, რაღაც ინფორმაციაზე დაიწყონ ლაპარაკი, რადგან დაინახავენ, რომ არავის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ და თავი უნდა გადაირჩინონ, გამოუვათ. როდესაც ბევრ ადამიანს აკავებენ, სწორედ ამის ნიშანია.

თუკი ადრე აქციები ქმნიდა ილუზიას, რომ სერიოზული მხარდაჭერის შემთხვევაში მართლა შეიძლებოდა აქ ძირეული ცვლილებები მომხდარიყო, ახლა ხელისუფლება გამარჯვებულის პოზიციიდან გამოდის და უკვე ყველას, მთელ მსოფლიოს ეუბნება, მორჩა, თუკი საქართველო რამით გაინტერესებთ, აქეთ უნდა გაგვისწოროთ ანგარიში, სხვა არანაირი პერსპექტივა არ გექნებათ. ამ ქვეყანაში ვერანაირ დემოკრატიას ვერ მიიღებთ, ამიტომ ერთადერთი გზა გადის ჩვენზეო. ამაზე მუშაობს ხელისუფლება ქვეყნის გარეთაც, რომ ყველაფერი მათთან იყოს თანხმობაში და იმედი აღარ დარჩეს, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ იქნებ ისევ ხელისუფლებამ უშველოს, მათ შორის იმათაც, ვინც დააკავა. ამის კარგი მაჩვენებელი იყო, რამდენიმე დღის წინ აქციაზე პატრულის მანქანა რომ ვერ დაინახეს, აქტივისტებმა გააპროტესტეს, პატრულის ეკიპაჟი არ ჩანს და მე დაუცველად ვგრძნობ თავსო. გამოდის, აქამდე პოლიცია გიცავდა - ანუ ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანებს, რომ მათ იქით გზა არ არის.

მე, როგორც პროპაგანდის მკვლევარს, შემიძლია მთელი პრეზენტაცია მოვამზადო იმის შესახებ, თუ თავად "ქართული ოცნება" როგორ იყენებს პროპაგანდისთვის გებელსის მეთოდებს. გებელსის პროპაგანდა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი მეთოდოლოგიებია, რაღაცნაირად კარგად ერგება პოსტსაბჭოთა ადამიანს. "ოცნებისა" და პრემიერის მთელი რიგი მეთოდოლოგია, მათ შორის მისი სიტყვითი კონსტრუქციებიც კი გებელსის ანარეკლია. საბოლოოდ პროცესები პირდაპირ იქით მიდის, რომ მივიღებთ სრულად თანამედროვე ტოტალიტარულ სახელმწიფოს. ეს არის ჩინურ-რუსულ-ირანული ჰიბრიდი. რუსული ტოტალიტარიზმი ჩვენთან ვერ იქნება იმის გამო, რომ რუსეთში, მაგალითად, რელიგიური დოქტრინაცია ძალიან დაბალია, ყოფითი ცხოვრების შინაარსში ის პრაქტიკულად არ მონაწილეობს, ჩვენგან განსხვავებით, სადაც საყოფაცხოვრებო იდეოლოგია ძალიან დიდი დოზით არის რელიგიური დოქტრინაციით გაჯერებული. ამიტომ ეს ტოტალიტარიზმის უფრო რაღაც ირანული ტიპის შინაარსია. ამას სჭირდება მტრისა და მხსნელის კონცეფცია, რომელიც ამ შემთხვევაში ივანიშვილზე გადის. ამას სჭირდება ბელადი, რომელსაც, კლასიკური ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით, ბელადოო, არც მიმართავენ, როგორც, მაგალითად, სტალინს. თანამედროვე ტოტალიტარიზმს სჭირდება ზეკაცი, რომელიც მსოფლიო ბოროტებას ებრძვის და ჩვენთან სწორედ ამის დამკვიდრება მიდის - აი, იმ "დიფ სთეითთან", რომელთან ბრძოლაში ტრამპიც კი დამარცხებულია, არა მხოლოდ ევროკავშირი, ბიძინა ივანიშვილი იგებს - ანუ ბიძინა სამყაროში ერთადერთია და ამით მისი მისტიფიკაცია ხდება. ყველაფერი იქით მიდის, რომ მივიღოთ რუსულ-ჩინურ-ირანული ტოტალიტარიზმების ჰიბრიდი, რომელიც დღევანდელი ქართველი საზოგადოებისთვის რაღაცნაირად მიმზიდველი იქნება. ამ ტიპის ტოტალიტარიზმი უნდა მივიღოთ, სადაც წინააღმდეგობა სიმბოლური იქნება. შეიძლება არსებობდეს მედიაც, ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ ისინი არასოდეს არ უნდა ქმნიდნენ საფრთხეს. ამიტომ უნდათ, რომ გაქრეს ელემენტარული წინააღმდეგობაც კი და მიიღონ ტოტალიტარული წესრიგი თანამედროვე ვარიაციით - ძალაუფლება უნდა იყოს ხელშეუვალი, განუსჯელი, რაღაც მომენტში ტაბუდადებული, მცირე სიმბოლური კრიტიკის რეჟიმში.

- ამ სიტუაციაში ოპოზიციურმა საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს.

- ოპოზიციას პირველ რიგში სჭირდება თვითგანწმენდა, კათარზისი ანუ, რესურსების გადახედვა, რა დატოვოს, რა მოიშოროს და ეს პროცესი თუ არ დაიწყო, გაანადგურებს ხელისუფლება. მეორეა მედიის ფაქტორი - დღეს მედია ერთი მხრივ, სრულად დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, ხოლო მეორე ნაწილი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია ახალ დისკურსზე მუშაობა. არადა, სხვა პოლიტიკური შინაარსია შესაქმნელი, რომლის საფუძველიც უნდა იყოს ახალი პოლიტიკური ფილოსოფია. დღეს საზოგადოებას სტიქიური პროცესები ჰგონია ნორმალური და არა გააზრებული ქმედებები, მაგრამ თუკი არ შექმნი გააზრებულ ფასეულობათა სისტემას, ოღონდ რეალისტურს, მანამდე ამოსავალი ჩარჩო-კონცეფცია არ გვექნება. სანამ ახალი დისკურსით არ მივუდგებით იმას, რა უფრო ჯობს, თვითხიბლსა და ილუზიაში ყოფნა თუ რეალური მიზნის დასახვა და ამ მიზნამდე მისასვლელი გზების მოძებნა, მანამდე აზრი არა აქვს არანაირ ქმედებას. დისკურსი რომ შეიცვალოს, უნდა შეიცვალონ პირები, რომლებიც შინაარსისა და განწყობების ფორმირებას ახერხებენ ხოლმე.

ყველაზე ცუდი კი ამ პროცესში ის არის, რომ დღევანდელ ახალ თაობას, წინა თაობებისგან განსხვავებით ჰქონდა სრულიად ახალი მიდგომა და მოთხოვნა, რაც ვნახეთ აქციების პირველ პერიოდში, ისიც დაიყვანეს ბანალურ თვითგამოხატვამდე. ფუნდამენტი თუ არ შევცვალეთ, ეს შენობა (ამაში პოლიტიკურ მასივს ვგულისხმობ), რაც გვაქვს, არ ექვემდებარება განახლებას. ამის ერთადერთი გამოსავალია დაანგრიო არსებული პოლიტიკური მასივი და შექმნა ახალი.

რუსა მაჩაიძე