ორი გზა, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს საბოლოოდ დაასრულებს?!
4 ოქტომბრის მოვლენებსა და ამავე დღეს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს როგორი კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, ფაქტი ერთია - ხელისუფლებამ პოზიციები გაიმყარა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკური კრიზისი არსად წასულა.
რამდენიმე დღეში ერთი წელი სრულდება, რაც საქართველო არ/ვერ ცხოვრობს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებით; იზრდება ურთიერთაგრესია და სიძულვილის ენა; არ არის სტაბილურობის შეგრძნება; პოლარიზაციის გამო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები (რეგიონში შექმნილი მდგომარეობით დაწყებული და ეკონომიკური საკითხებით დამთავრებული) საზოგადოებისა და მედიის ყურადღების მიღმა რჩება; არის საფრთხე, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ემიგრაცია და სხვა.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ქვეყანა დანის პირზე დადის. მომავალი კვლავ ბუნდოვანია - დაძაბულობის ოდნავ ჩაცხრობა არ ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში ახალ ესკალაციას არ მივიღებთ.
აქედან გამომდინარე, დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს, ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოოდ დაასრულებს პოლიტიკურ კრიზისს. ეს კი, პირველ რიგში, ხელისუფლებას ხელეწიფება - როგორც მთავარ პასუხისმგებელს სტაბილურობაზე.
ვფიქრობთ, 2026 წლის გაზაფხულზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დიდი რყევის დასასრულის დასაწყისი იქნება. პოლიტიკურ ველზე დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნების ინიცირება მმართველი გუნდისთვის აღარ უნდა ასოცირდებოდეს ხელისუფლების დაკარგვის საფრთხესთან. სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას - ანუ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს და პოლიტიკური ცხოვრება ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში გადაინაცვლებს. შესაბამისად, დასავლეთი სრულად აღიარებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას, რაც შესაძლოა თბილისი-ბრიუსელისა და თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობების ნორმალიზების წინა პირობა გახდეს.
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საპროტესტო აქციებისას დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება (თუნდაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით). ხელისუფლების კეთილი ნების ასეთი გამოვლინება ჩააცხრობს საზოგადოების ნაწილში უსამართლობის განცდასა და დაძაბულობას. შესაბამისად, მმართველი გუნდი დამატებით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს. არავის სურს მუდმივ რყევებში ცხოვრება.
ვფიქრობთ, ეს ორი ნაბიჯი ქვეყანაში დაასრულებს დროში გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისს და ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული პოლიტიკური დაძაბულობა აუცილებლად აისახება ქვეყნის ყველა სფეროზე და მერე რეაგირება შესაძლოა უკვე დაგვიანებულიც იყოს.
უპასუხო კითხვები თუ?..
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ცვლილებების მშვიდობიანი და საარჩევნო გზით განხორციელებას ალტერნატივა არა აქვს. სხვა ყველა გზა მიდის კატასტროფისა და უფსკრულისკენ, რაც კარგად გვაჩვენა 90-იანი წლების უბედურებამ. ეს ყველაზე კარგად ჩვენმა საზოგადოებამ იცის - უპირველესად საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. როდესაც აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს მოუწოდეს, რომ დაძრულიყვნენ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, რუსთაველის გამზირზე მყოფთა 98% ადგილზე დარჩა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ელექტორატმა პოლიტიკური სიმწიფით აჯობა პოლიტიკოსებს.
მთავარი კითხვებია - ეს იყო სულელური და სახიფათო ავანტიურა, პროვოკაცია/"აგდება", თუ წინასწარ გარიგებული თამაში. განვიხილოთ ყველა ვერსია.
4 ოქტომბრამდე ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ექსპერტები (რომლებიც ნამდვილად არ არიან ეჭვმიტანილები ხელისუფლებისადმი სიმპათიებში) ჩასძახოდნენ აქციის ორგანიზატორებს, არ ქნათ ის, რასაც აანონსებთ! (ისინი პირდაპირ არ ამბობდნენ სადმე შევცვივდებითო, მაგრამ მთავარი ლოზუნგები "4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ" და "მშვიდობიანი დამხობა" ნათლად მიუთითებდა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო). ვარაუდობდნენ, რომ ჯერ ერთი ხალხი არ მივიდოდა საკმარისი რაოდენობით (200-300 ათას კაცს აანონსებდნენ) და მეორე - ეს დამთავრდებოდა ცემა-ტყეპით, დაჭერებით და მმართველი გუნდის განაცხადით, რომ მოიგერიეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა). ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი... ვთქვათ, ორგანიზატორები ისეთი მიამიტები იყვნენ (თუმცა ზოგიერთის ბექგრაუნდიდან გამომდინარე, ამას ვერ ვიტყვი), რომ ეგონათ, მათ დაძახილზე ასიათასობით კაცი გამოვიდოდა და ხელს მოაწერდა "მშვიდობიან დამხობაზე"; ვთქვათ, ისეთი მიამიტები იყვნენ, რომ ეგონათ აქციის დაწყებისთანავე ხელისუფლება ჩამოიშლებოდა; ვთქვათ, ეგონათ, რომ ძალოვანები მათ მხარეს გადავიდოდნენ. თუმცა აქცია რომ დაიწყო, ხომ დაინახეს, რომ არც ერთი ზემოხსენებული მოლოდინი არ გამართლდა? რატომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს?
უკვე შემდეგ ორგანიზატორებთან დაახლოებული პირები ამბობდნენ, რომ იყო "ღალატი" და "ხაფანგი". პაატა ბურჭულაძის ვაჟი, შაქრო ბურჭულაძე, ამბობს, რომ მამამისი დარწმუნებული იყო, ათონელის რეზიდენციასთან სპეცრაზმი მომიტინგეების მხარეს გადავიდოდა. აქედან გამომდინარე, ჩნდება უკვე დამატებითი კითხვები: ღალატი? კი მაგრამ, ვინ ვის უღალატა? ან ვინ ვის დაუგო ხაფანგი?
ვისაუბროთ მეორე ვერსიაზე - "ააგდეს" თუ არა აქციის ორგანიზატორები, მათ ჩაედინათ საზოგადოებისთვის უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება, მოეხდინათ პროტესტის დისკრედიტაცია და საბოლოოდ ის წელში გადაეტეხათ?
დიახ, სპეცსამსახურებს ეს შეუძლიათ. ეს არის მრავალსვლიანი კომბინაცია. მაგალითად, ადამიანი "იქსის" (ეს შეიძლება იყოს ორგანიზატორებში ჩანერგილი ან საერთოდ, მოქმედი მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი/ძალოვანი, რომელიც ვითომდა დაპირისპირებულია ხელისუფლებასთან და სწორედ ეს არის მთავარი სატყუარა) სახით უქმნი აქციის მოთავეებს ყალბ ილუზიებს (სატელეფონო ფეიკზარები, ფეიკჩანაწერები და ა.შ.), რომ "ოცნება" ჩამოიშლება, სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვა და ერთ დღეში დასრულდება ყველაფერი. საკმაოდ რეალისტური ვერსიაა. საინტერესოა, რას იტყვიან ორგანიზატორები ამ დღეებში - დაასახელებენ თუ არა პირს ან პირთა ჯგუფს, რომლებმაც ისინი ანკესზე წამოაგეს? არის მესამე ვერსიაც, რომელიც ასევე განსახილველია, ვისაც არ უნდა ეწყინოს. მისი მიხედვით, ადამიანი "იქსი" ვიღაც გარეშე პირი კი არ იყო, არამედ რომელიმე ორგანიზატორი. ამ კითხვასაც უახლოეს თვეებში გაეცემა პასუხი.
ისე, საკმაოდ უცნაური გარემო შეიქმნა. დაკავებული ორგანიზატორების გარდა, ყველა მათი მხარდამჭერი (რომლებიც ტელეეთერებში გულმხურვალედ იცავდნენ "4-ში დაწყებისა და 4-შივე დამთავრების" იდეას) ამბობს, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ გეგმის შესახებ. ორში ერთია - ორგანიზატორები ან არც ერთ თავის მხარდამჭერს არ ენდობოდნენ ან ვიღაც-ვიღაცები საკუთარი ტყავის გადასარჩენად ტყუიან.
ასევე, ამ დღეებში არაერთხელ დაისვა კითხვა - ვინ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა? იურიდიულ პასუხისმგებლობასა და დაკავებულებზე არ ვსაუბრობ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ალბათ, უნდა აიღოს ყველა იმან, ვინც ახალისებდა "მშვიდობიანი დამხობის" იდეას. როდესაც ეს პირველმა ლევან ხაბეიშვილმა გაახმოვანა, ძალიან ბევრი კოლეგა-ოპოზიციონერი (მათ შორის თანაპარტიელებიც) გაემიჯნენ ამ ინიციატივას. თუმცა შემდეგ ზოგიერთმა პოზიცია შეიცვალა - ემანდ მართლა რამე არ მოხდესო, ზოგი კი გაჩუმდა, რადგან "რევოლუციის" მომხრეების ბულინგის შეეშინდა.
როგორ გაიმარჯვა ბოიკოტმა ხელისუფლებასთან ერთად...
ჭკვიანი ხალხი ასევე ჩასჩიჩინებდა ოპოზიციას, რომ ან ერთად უნდა დარჩენილიყვნენ ბოიკოტში, ან ერთიანად თუ კოორდინირებულად მიეღოთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩასჩიჩინებდნენ, რომ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტი წყალს ასხამდა ხელისუფლების წისქვილზე - კერძოდ, მმართველი გუნდი შეძლებდა თავისი მომხრეებისა თუ ადმინისტრაციული რესურსის ისე მობილიზებას, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადებულიყო. რეალურად ბოიკოტისტები ამომრჩეველს ართმევდნენ "ლელოს", გახარიას პარტიას და მათ საერთო კანდიდატ ირაკლი კუპრაძეს. საბოლოოდ ასეც მოხდა - ბოიკოტმა 100%-ით იმუშავა ხელისუფლების სასარგებლოდ.
ვერ ვიტყვით, რომ თბილისში ოპოზიციის ერთიანი ფრონტით გამოსვლის შემთხვევაში კახა კალაძე აუცილებლად წააგებდა. თუმცა საერთო ოპოზიციური კანდიდატით ბრძოლა შეიძლებოდა, და თუ დედაქალაქს მოიგებდნენ, ეს იქნებოდა უზარმაზარი პლატფორმა სამომავლო ცვლილებებისთვის, თან თურმე სალომე ზურაბიშვილიც განიხილავდა, რომ თბილისის მერად ეყარა კენჭი. რატომ გადაიფიქრა, ვინ გადააფიქრებინა და საერთოდ, რატომ ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები, იმედია, გავიგებთ. მნიშვნელოვანია, რა პროცესები დაიწყება ოპოზიციურ ფლანგზე. "ნაცმოძრაობა" უმძიმეს დღეშია, რადგან თავის მომხრეებს არასწორი მოლოდინი შეუქმნა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს თავისი "რევოლუციური" ფბპოსტებით. თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, "ნაცმოძრაობის" რღვევის ახალი ეტაპი დაიწყება და თინა ბოკუჩავა (რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა 4 ოქტომბრის დაანონსებული "რევოლუცია") საბოლოოდ გაემიჯნება "ხაბეს" მომხრეებს. რთულ დღეშია კოალიცია "ცვლილებებისთვის", რომლის არაერთი წარმომადგენელი მხურვალედ ქადაგებდა "მშვიდობიანი დამხობის" იდეებს, დღეს ამ პოლიტორგანიზაციის სპიკერები კი ამბობენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ზემოხსენებულებს თავის დროზე გავემიჯნეთო, მაგრამ თევზის მახსოვრობა არავის აქვს. სხვათა შორის, 4 ოქტომბრის შემდეგ ერთდროულად გამოგზავნეს ციხიდან წერილები ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ. მელიამ რბილი ფორმებით, მაგრამ მაინც მისცხო "რევოლუციის" მომხრეებს, აი, ნიკა გვარამიას კი რისი თქმა უნდოდა, თქვენი მონა-მორჩილი ვერ მიხვდა.
რაც შეეხება "ლელოს", ბოიკოტისტებმა ეს პარტიაც სერიოზულად დააზიანეს. თუმცა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეუძლიათ ეს საკუთარ სიძლიერედ აქციონ. კერძოდ, ბოიკოტისტებსა და "რევოლუციით" იმედგაცრუებულებთან უნდა მიიტანონ მესიჯი, რომ ისინი მართლები იყვნენ, უნდა გააგრძელონ პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბება და საბოლოოდ იქცნენ მთავარ ოპოზიციურ ძალად.
გიორგი კვიტაშვილი