აფხაზმა სეპარატისტებმა კიდევ ერთი ქართველი „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს
აფხაზმა სეპარატისტებმა გალის სოფელ შაშიკვარაში სპეცოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 39 წლის შალვა ხიზანიშვილი, რომელიც დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ეჭვმიტანილია "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში".
სპეცოპერაცია 1-ლ ოქტომბერს ჩატარდა, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ვიდეომასალა 3 ოქტომბერს გაავრცელა, სადაც ჩანს, შეიარაღებული ნიღბიანი სპეცრაზმელები ღამით როგორ შედიან ხიზანიშვილის სახლში და აკავებენ, ჩანს ჩხრეკაც: მისაღებ ოთახში კარადიდან გამოაქვთ დაშლილი სანადირო თოფი. შემდეგ საძინებელში, საწოლში, ბალიშის ქვემოდან გამოაქვთ კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, რომელსაც აჩვენებენ დაკავებულს და ეკითხებიან, რა აწერია იარაღს. ხიზანიშვილი იხრება ავტომატისკენ და კითხულობს: "საქართველოზე შეფიცულები" და შემდეგ რუსულად თარგმნის Бойцы братство грузии. ამის შემდეგ ნიღბიანები იქვე საწოლზე ალაგებენ ავტომატის სამ მჭიდს.
ვიდეოში აცხადებენ, რომ ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია სამი ცეცხლსასროლი იარაღი (ორი თოფი, ერთი ავტომატი), საბრძოლო მასალა, სამხედრო ზურგჩანთა სურსათით, ქართული პირადობის მოწმობა, ქართული ფული (კადრში ჩანს 2 ათას ლარამდე) და ქართული საბანკო ბარათები. დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, სახლის ეზოში, ძაღლის სადგომში, ნაპოვნია შეკვრა, რომელშიც სოხუმში შემოწმებისას ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოჩნდა. სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ შალვა ხიზანიშვილმა დაადასტურა კონტაქტები ქართულ სპეცსამსახურებთან, მის ტელეფონში აღმოჩნდა მიმოწერა "უკრაინული მობილური ოპერატორის აბონენტთან, საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელ ტარიელ ფიფიასთან". ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებითვე, ხიზანიშვილმა აფხაზეთში დისლოცირებულ ერთ-ერთ რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს გადაუღო ვიდეო, რისთვისაც ჯილდოდ ფული მიიღო დამკვეთისგან, მოგვიანებით კი მას გადასცეს ასაფეთქებელი მოწყობილობა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ეხო კავკაზას" მხოლოდ ის უთხრეს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ყველა საჭირო არხი ჩართულია და მიმდინარეობს დეტალების დადგენა.
"ქართველები აქ მეხუთე კოლონაა, ყოველთვის უნდა ელოდი მათგან ხიფათს"
ქართველი "ჯაშუშის" დაკავებას აფხაზურ ტელეგრამარხებზე გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციურ არხებზე უმეტესად დაკავებულის ჯაშუშობის არ სჯერათ. "დაკავების ვიდეოს აღწერის მიხედვით, მონადირეა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და ამ სტანდარტით ნახევარი გალი "ჯაშუში" გამოდის"... "ქართული პასპორტი და ქართული ფული ყველა გალელს აქვს და ყველა დავიჭიროთ?! შეიძლება კონტრაბანდისტი იყოს, მაგრამ ჯაშუშობის ბრალდება ზედმეტია"... "ვის გაუგონია, ჯაშუშს იარაღები ელაგოს ზალაში, ცოტა დამაჯერებლად მაინც შეკერონ საქმე", - წერენ აფხაზები.
ე.წ. პროსახელისუფლებო ტელეგრამარხებზე კი უფრო სიძულვილნარევი კომენტარები ჭარბობს: "საკუთარი ასაფეთქებლით უნდა აეფეთქებინათ, რომ სხვებმა იგივე არ გაბედონ"... "ქართველები აქ მეხუთე კოლონაა, ყოველთვის უნდა ელოდი მათგან ხიფათს"...
სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში განცხადებას ავრცელებს დე ფაქტო განათლების მინისტრი ხანა გუნბა. მისი განცხადებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის დაკავების, ასევე მტრულ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირის მქონე გალელი პედაგოგის შესახებ და "სამინისტრო" სრულ მხარდაჭერას და დახმარებას უცხადებს "საგამოძიებო ორგანოებს სიმართლის დასადგენად".
"თუ ჩვენს სისტემაში არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზროვნება აქვთ, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა შესაძლო დახმარებას, რათა ისინი აღარ მუშაობდნენ განათლების სისტემაში", - აცხადებს "მინისტრი".
ამ განცხადების პარალელურად აფხაზურ სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში დაიბარეს შალვა ხიზანიშვილის დედა, რომელიც გალის სკოლაში პედაგოგია.
ამჟამად აფხაზურ ციხეში ორი პირი იხდის სასჯელს: "აფხაზეთის მოქალაქე" ელექტრიკოსი კახა მურადოვი, რომელიც 2024 წელს დააკავეს და "აღიარებითი ჩვენებაც" მიაცემინეს. მას ბრალად ედება "სახელმწიფო ღალატი" და "იარაღის უკანონო შენახვა". მას 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოზე მურადოვმა ბრალი არ აღიარა. მეორე დაკავებული ქრისტინე თაკალანძე, 2022 წელს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის" აუყვანეს და მას ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
"აფხაზებისთვის ყველა ის ქართველი საეჭვოა, რომლებიც ხშირად დადიან თბილისში"
თემო მარშანია, (ვინაობა შეცვლილია) გალი: "შალვა 39 წლისაა. 2003 წლამდე გალში ერთ კლასში ვსწავლობდით. დედამისი ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი იყო, ცოტა ხნით სკოლის დირექტორიც იყო, თუმცა ახლა დირექტორია შოვინისტი აფხაზი ქალი, ვინმე ჩარქაზია, ვინც მე გამრიცხა სკოლიდან. შალვა ბავშვობიდან ძალიან მაღალი იყო და მთელი გალი სიმაღლის გამო იცნობს. ოჯახში რუსულად ლაპარაკობენ. ქართველობენ, თუმცა რუსი წინაპრები ჰყავდათ და მშობლებმა ქართული და მეგრული არ იციან. სკოლის დროს ენის ბარიერის გამო ქართველ თანატოლებთან კომუნიკაციის პრობლემები ჰქონდა. შემდეგ თბილისში წამოვიდა და სოხუმის უნივერსიტეტში ჩააბარა. უნივერსიტეტშიც ერთად ვსწავლობდით და მაშინ უფრო დავუახლოვდი. აქ შეიყვარა ყველაფერი ქართული, ისწავლა ენა და პატრიოტული გრძნობებიც გაეღვიძა. დაქორწინებული არ არის. ჰყავს ძმა და და. ძმა ერთხანს სოხუმში ცხოვრობდა. შალვა ხან გალში იყო, ხან თბილისში.
მათ სახლში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი. გზის პირასაა და მთელი ეზო ჩანს გზიდან. მისი სახლის წინ ყოველდღე გადის მილიცია, რუსული ჯარის ნაწილები და გამორიცხულია ეზოში ასაფეთქებელი და შეიარაღება დაემალა. ყველაფერი ჩაუდეს. ვითომ აღიარებინეს "თანამშრომლობა", როგორც ხდება ხოლმე გალში, ჯერ სცემენ, დააშინებენ და მერე ჩაწერენ ვიდეოსაც. დადგმული რომ იყო, იმითაც ჩანს, რომ შალვამ "თავის" ავტომატზე რა ეწერა, არ იცოდა. იქვე ვიდეოში კითხულობს, "საქართველოს შეფიცულებიო". თან ავტომატი ედო საწოლში, ბალიშის ქვეშ. ავტომატს საწოლში ვინ იდებს?! შალვა და მამამისი მონადირეები არიან და სანადირო თოფი რომ ჰქონდათ, ეს გალში მილიციამ იცოდა. ომი ახალი დასრულებული იყო, როცა მამამისი თოფით დადიოდა და ნადირობდა, მაგრამ ავტომატი საწოლში და ასაფეთქებელი საკუთარ ეზოში, სრული სიგიჟეა.
- აფხაზეთში ქართველებს აქვთ იარაღის ქონის უფლება?
- თუ მონადირედ გაწევრდები, სანადირო თოფის ქონის უფლება გაქვს, თუმცა სახლში სულ დაშლილ მდგომარეობაში უნდა გქონდეს, ხშირად გამოწმებენ. ვიდეოშიც ჩანს, რომ სანადირო თოფი დაშლილია. გალში თუ კარგი თოფი გაქვს და აფხაზს მოეწონება, წაგართმევს, შDემდეგ აფორმებენ, რომ დარღვევა გქონდა, ამიტომ ქართველები კარგ თოფს არ ყიდულობენ.
აფხაზებისთვის ყველა ის ქართველი საეჭვოა, რომლებიც ხშირად დადიან თბილისში. მე ახლა გალში რომ ჩავიდე, ალბათ, ტერორისტად მაღიარებენ და დამიწყობენ იარაღის მთელ არსენალს. შალვა არააქტიური ადამიანია, სახლიდან იშვიათად გამოდის და არ ვიცი, რატომ აირჩიეს.
გალში შეიძლება ქართველის წინააღმდეგ ისე აღძრან სს საქმე, რომ არაფერი ხდებოდეს. ქართველს რომ რამე დაუშავდეს, ძალიან გახმაურებული საქმე უნდა იყოს, რომ სს გამოძიება დაიწყოს. 2023 წლის გაზაფხულზე ჯემალ მარღანია რომ მოკლეს, ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვი იყო, მე ვამეცადინებდი ყველა საგანში. გაგრაში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, 29 წლის იყო და სანამ აფხაზური ტელევიზიები და პრესა არ ახმაურდა, გამოძიებაც არ მიმდინარეობდა. მკვლელი გავლენიანი აფხაზია და მის ნაცვლად სხვა ჩასვეს ციხეში. ორ აფხაზს ერთმანეთს შორის ჰქონდა დავა, ერთს მეორისთვის ვალი, 200 000 რუბლი უნდა მიეცა. ჯემალი ხომ ტაქსაობდა და მოდავემ ფულის გამოსართმევად ჯემალი გაუშვა. მევალემ კი ფულის მიცემის ნაცვლად მანქანაში ავტომატით ჩაცხრილა და მანქანა და მიცვალებული მიტოვებულ ფერმაში სამშენებლო ნარჩენების გროვაში დამალა. 10 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ამ საქმეზე დაიჭირეს ვინმე დავით ახიბა, თუმცა ყველა ამბობდა, რომ ის, არც კი ყოფილა დანაშაულის ადგილზე, სხვის მაგივრად დაიჭირეს.
- გასულ წელს ასევე ჯაშუშობისთვის დააკავეს კახა მურადოვი. ბრალდებაში ნათქვამია, რომ ფოტოები გადაუღო რუსული ჯარის ნაწილებს. ხიზანიშვილსაც ეს ბრალდება აქვს. ქართული პასპორტი, ქართული ფული და ფოტოს გადაღება აფხაზეთში კომპრომატად ითვლება?
- ქართული პასპორტი აქვს იქ აფხაზების თითქმის ნახევარს. სოხუმის ბაზარში ქართული ფულით ყიდულობ ყველაფერს. ენგურის ხიდზე მილიცია რომ გაჩერებს, ქრთამით უნდა გააშვებინო თავი და ლარს რომ მისცემ, სიხარულით იღებენ. ქართულ ფულს უყურებენ, როგორც დოლარს. ფოტოს გადაღებაც ნებისმიერს შეუძლია, ახლა რომ დავრეკო გალში, ვინმე ბავშვიც კი გადაიღებს ამ ფოტოს. ამას ჯაშუშობა რად უნდა, ის რუსული სამხედრო ობიექტი გალის ცენტრში დგას. მთელი დაკავების ვიდეო ფაბრიკაცია იყო.
- თქვით, რომ სკოლიდან გაგრიცხეს, რატომ?
- მერვე კლასში ვიყავი, ყველა საგანს რუსულად ვსწავლობდით და მოვითხოვე, ნებაყოფლობით მაინც შემოიტანეთ-მეთქი ქართული და შემოიღეს. მაშინ ამ თემის წამოწევაში ძალიან ვაქტიურობდი. შემდეგ სკოლიდან გამაგდეს ჩარქაზიას მოთხოვნით, როგორც შოვინისტი ქართველი. ჩარქაზია ისტორიის მასწავლებელია, თან აფხაზურ ენასა და ლიტერატურასაც ასწავლის. ისტორიას ისე გვასწავლიდა, თითქოს ქართველები არც ვარსებობდით მაგ ტერიტორიაზე ბერიამდე და მაგაზე მქონდა კამათი. გარიცხვის შემდეგ ორი წელი გალში ვიყავი, სკოლაში ვერ დავდიოდი. შემდეგ თბილისში წამოვედი, რომ მესწავლა. ყველაზე მეტად ნერვები იმაზე მეშლება, რომ ვინც მე სკოლიდან გამაგდო, იმ აფხაზმა ქალმა, ჩარქაზიამ, ქართული პასპორტიც აიღო, ქართული დახმარებაც აქვს და, მგონი, ბინის რიგშიც დგას, ერთხელ დავინახე თბილისში დევნილთა სამინისტროში. ყველა მასწავლებელს, ვინც გალშია, ქართველია თუ აფხაზი, ყველას აქვს ქართული პასპორტი და ქართულ ხელფასსაც იღებენ. ყველა ის აფხაზი პედაგოგი, ვინც გალში ქართველ მოსწავლეებს ავიწროებს, აქ თბილისში დახმარებებსაც იღებენ, უფასოდ მკურნალობენ და ბინების რიგებშიც დგანან. ყველანაირი ბენეფიტი აქვთ, რაც ჩვენ, ქართველებს, არ გაგვაჩნია.
ეკატერინე ბასილაია