"დღეს ამერიკაში იბადება ღირსეული, მტკიცე, უდრეკი, ქედუხრელი საქართველო…დღეს ემიგრაცია გადაარჩენს სამშობლოს…. უცხოეთში გადახვეწილი ქართველობა არ დანებდება რუსულ რეჟიმს" - კვირის პალიტრა

"დღეს ამერიკაში იბადება ღირსეული, მტკიცე, უდრეკი, ქედუხრელი საქართველო…დღეს ემიგრაცია გადაარჩენს სამშობლოს…. უცხოეთში გადახვეწილი ქართველობა არ დანებდება რუსულ რეჟიმს"

ემიგრაციაში მყოფი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:

"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ემიგრაციის გზის გავლა მომიწევდა. ჯერ შეგუებამდე შორია, ან როგორ უნდა შეეგუო, საკუთარი ფესვებიდან მოწყვეტას… ხეს რომ გადარგავ, ის იწყენს და დრო სჭირდება გაიხაროს, ხშირად შეუჩვეველ ნიადაგზე ვერც აგრძელებს სიცოცხლეს…ადამიანი მით უფრო, დადის, იღიმის, სუნთქავს, მაგრამ დაბადების ადგილიდან შორს ყოფნა, მისთვის გოლგოთის გავლაა…ემიგრაცია არავისთვის ყოფილა არჩევანი, ეს იძულებითი ნაბიჯია და ადამიანები თავიდან სწავლობენ ცხოვრებასთან შეგუებას…ამერიკაში ყოფნის დროს, პირველად შევხვდი ქართულ დიასპორას…შრომის, წამების, წვალების ფასად რომ ინარჩუნებენ ადამიანობას, სიმტკიცეს, ღირსებას და სხვებსაც რომ მხარში უდგანან…თამრიკო დავითაშვილი, ეს უნიჭიერესი, უკეთილშობილესი ქალბატონი წელიწადში ერთხელ შემოიკრებს რჩეულ ქართველობას და აჯილდოებს…თეთრ დარბაზში ზღვა ემოცია ღელავდა, მონატრებით, უთქმელი ტკივილით, სამშობლოში დაბრუნების სურვილით გაჯერებული…ღონისძიების კულმინაცია იყო, ქართველი გმირების- გიორგი ანწუხელიძის და კახა თილიძის შვილების წითელ ხალიჩაზე გამოჩენა…დღეს ამერიკაში იბადება ღირსეული, მტკიცე, უდრეკი, ქედუხრელი საქართველო…დღეს ემიგრაცია გადაარჩენს სამშობლოს…. უცხოეთში გადახვეწილი ქართველობა არ დანებდება რუსულ რეჟიმს, ოცდაათ ვერცხლად გაყიდულ ეკლესიას, ივანიშვილის დიქტატურას…უსამშობლოდ დარჩენილი ადამიანის გულისცემა შეანგრევს ყველა დაგმანულ კარს და მალე ვიზეიმებთ საბჭოთა საქართველოდან გათავისუფლებას…დღეს ყველა ემიგრანტი ელჩია უცხო კარზე და ყველას საკუთარი ამბავი მხრებით დააქვს.ისინი არ ითხოვენ სიმდიდრეს და ქონებას.მათ თავისუფალ, ლაღ, მშვით გარემოში სურთ არსებობა…დარბაზში იმდენი ნიჭიერი და გონიერი ადამიანი იყო, არ ვიცი, ვინ დარჩა საქართველოში…ბევრი მადლობა მინდა ვთქვა…განსაკუთრებული მადლობა გია ხუროშვილს, ის ხიდის როლს ასრულებს ადამიანებს შორის და ეს ხიდი ისეთი მტკიცეა, იმედიანად ხარ, არ გეშინია, სადმე ჩატყდეს…ჩემი მოგვარეც გავიცანი, ულამაზესი ელზა კვარაცხელია…სად ხარ ამდენი ხანი, შენ ჩემი ძმა ხარო…ჰოდა, ამ უკიდეგანო წყვდიადში ერთმანეთს ვპოულობთ ადამიანები და იმედი გვაქვს, აუცილებლად დაგვათენდება!…ჩვენ უკან მოღალატე ქართველებისგან დასერილი საქართველოა, ჩვენ წინ დავითის ეპოქა…." - წერს კოლხი.