რას შეძლებს ევროპა, თუკი რუსეთმა დასავლეთისკენ გაილაშქრა - კვირის პალიტრა

რას შეძლებს ევროპა, თუკი რუსეთმა დასავლეთისკენ გაილაშქრა

დიდი ომის დაწყების პერსპექტივა "ბებერი ევროპის" შუაგულში უკვე ისე დაუჯერებელი აღარ ჩანს, როგორც ამ ოთხიოდე წლის წინ, რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის წინ. ამ საფრთხეს უფრო აძლიერებს ბოლო თვეებში მომხდარი ფაქტები, როდესაც ნატოს წევრი ევროპის რიგი ქვეყნების სამოქალაქო აეროპორტებისა და თვით სამხედრო-საჰაერო ბაზების, ასევე საზღვაო პორტების თავზე ღამღამობით გადაფრენები დაიწყეს უცნობმა დრონებმა, რომელთა არათუ ჩამოგდება, არამედ ზუსტი იდენტიფიკაციაც კი დღემდე ვერ შეძლეს დასავლეთის სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა.

ამოუცნობი დრონების დაუსჯელი თარეში სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ობიექტების თავზე, უცნაური აფეთქებები ევროპის ქალაქებში სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ქარხნებში, ევროპულ სარკინიგზო ხაზებზე გახშირებული აფეთქებები და კიდევ სხვა ფაქტორები მხოლოდ იმაზე მიანიშნებენ, რომ რუსეთს უკვე წამოწყებული აქვს ომი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, ოღონდ ამ ომის სახელწოდებაა "ჰიბრიდული ომი", როდესაც შეიძლება არ არის პირდაპირი სამხედრო აგრესია, მაგრამ ირიბი ხერხებით (ასევე ინფორმაციული თავდასხმები მასმედიისა და სოციალური ქსელების გამოყენებით), იმის უტყუარი მაჩვენებელია, რომ კრემლმა მთავარ პოტენციურ მოწინააღმდეგედ მიზანში უკვე ამოიღო ევროპა და უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მეტად ეხმარებიან რუსეთის საოკუპაციო ძალების მოგერიებაში. ნატოსა და ევროკავშირის ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი და ნაწილობრივ ჩეხეთიც, რომლებზეც ყველაზე მეტად აქვთ ბოღმა ჩადებული კრემლში.

აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნების ჩამონათვალი შემთხვევითი არ არის, რადგან მათი ნაწილი უშუალოდ ესაზღვრება აგრესორ რუსეთს და მის მოკავშირე ბელარუსს და მათ თვალწინ უდგათ ის თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც 2022 წლის თებერვლის მიწურულს სწორედ რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებიდან შეიჭრნენ რუსული სატანკო არმადები უკრაინაში.

ამიტომაც გასაგებია, ვარშავაში, ვილნიუსში, რიგაში, ტალინსა თუ ბუქარესტში მზარდი შიში იმისა, რომ თუკი პუტინის რუსეთი შეძლებს უკრაინის ბოლომდე "ჩაყლაპვას", ამის შემდეგ შეიძლება მათი რიგიც დადგეს.

აქედან გამომდინარე, ნატოს წევრი ეს ქვეყნები ყველაზე მეტად აქტიურობენ უკრაინის არმიის დასახმარებლად და მათ აწყობთ (თუმცა ამის შესახებ, გასაგებია, რომ საჯაროდ არავინ ლაპარაკობს), რომ რუსეთ-უკრაინის ომი უფრო გახანგრძლივდეს, რათა რუსეთი ამ ფართომასშტაბიანი ომის ჭაობში რაც შეიძლება მეტხანს იყოს ჩაძირული და პუტინმა მათ ქვეყნებზე თავდასასხმელად ვერ მოიცალოს.

მაგრამ ასევე როდი ფიქრობენ ნატოსა და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც რუსეთის საზღვრიდან და უკრაინის ომიდან ათასობით კმ-ით არიან დაშორებული - მათთვის რუსეთის შესაძლო აგრესია ძალზე ჰიპოთეზურად გამოიყურება და ამიტომაც ითრევენ ფეხს თავისივე სამხედრო ბიუჯეტების გასაზრდელად, რაც, რა თქმა უნდა, სოციალური პროგრამების (მათ შორის მაღალი პენსიების) შეკვეცის ხარჯზე უნდა მოხდეს, ეს კი ადგილობრივი ამომრჩევლების პროტესტში გადაიზრდება და აისახება მორიგ არჩევნებში მოქმედი ხელისუფლებისთვის ხმების მასობრივად დაკარგვაში.

ასეთ ქვეყნებს კი მიეკუთვნებიან ევროპის დასავლეთ ნაწილში მდებარე პორტუგალია, ესპანეთი და ბელგიაც კი, რაც გასაკვირია ნატოს შტაბბინის მასპინძელი ქვეყნისთვის - მათ დღევანდელ მთავრობებს არანაირად არ სურთ ქვეყნის შიდა პროდუქტის 2-დან 5%-მდე გაზრდა საკუთარი არმიების დაფინანსების გასაზრდელად, როგორც ამას ნატოს წევრი ევროპულ ქვეყნებს კატეგორიულად სთხოვს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. "გეყოთ ევროპელებს მუდამ ამერიკელების იმედზე ყოფნა, რომ დაგიცავთ, კეთილინებეთ და მეტი დახარჯეთ თქვენივე უსაფრთხოებისთვის, გაზარდეთ სამხედრო ხარჯები", - აცხადებს ტრამპი და ახსენებს ევროპელებს, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, როდესაც 2017-2021 წლებში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის რანგში ყოფნისას ევროპელებს ასეთივე ზეწოლით ააწევინა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე სამხედრო ხარჯი, რომელიც ნატოს ზოგიერთ წევრს მშპ-ს 0,8%-მდეც კი ჰქონდა დაწეული. ცალკე ნატოს გენერალური მდივანი აფრთხილებს ესპანეთისა და პორტუგალიის მთავრობებს, არ იყვნენ იმის იმედად, რომ პუტინის რუსეთი 2-3 ათასი კმ-ითაა დაშორებული მათი საზღვრებიდან - რუსული ბალისტიკური რაკეტა შეიძლება 5-10 წუთით გვიან, ვიდრე ვარშავამდე, მაგრამ მადრიდამდეც და ლისაბონამდეც მოაღწევსო, აცხადებს მარკ რიუტე.

ყოველივე ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, სამწუხაროდ, არა აქვთ ის ერთობა, რაც მოეთხოვებათ ჩრდილოატლანიკური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს, რაც, გვინდა თუ არა, აჩენს დიდ ეჭვს, თუ რამდენად შეძლებენ ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიასთან გამკლავებას აშშ-ის გარეშე, თუკი პუტინმა მაინც გაბედა რუსეთის საზღვართან მდებარე ალიანსის ქვეყნებში "უკრაინული ბლიცკრიგის" გამეორება.

რა სამხედრო ძალა აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს

ევროკავშირის ქვეყნების სამხედრო მრეწველობა და თავად ამ ქვეყნების არმიების საბრძოლო შესაძლებლობები სავალალო მდგომარეობაშია, ამის მიზეზი კი ისევ ევროპელი ლიდერების პოლიტიკური სიბეცეა, რომლებმაც 1991 წლის შემდეგ ჩათვალეს, რომ საბჭოთა იმპერიის ჩამოშლის შემდეგ "ბებერ ევროპას" აღმოსავლეთიდან აღარაფერი ემუქრებოდა და თავდაცვისუნარიანობის ზრდაზე ფიქრი შეწყვიტეს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ არმიების დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ერთ პროცენტამდე დაიყვანეს, გააუქმეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, დაივიწყეს საბრძოლო ტექნიკის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება... შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა - დღევანდელი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების უდიდეს ნაწილს ნაკლებად ბრძოლისუნარიანი არმიები ჰყავს, რომლებიც იმ მასშტაბისა და ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებს, რომელთაც მესამე წელია უკრაინა აწარმოებს აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, ორ კვირასაც კი ვერ გაუძლებენ.

რა საბრძოლო პოტენციალი აქვთ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებს და შეუძლიათ თუ არა აშშ-ის დახმარების გარეშე წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთს, თუკი პუტინი უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში მიადგება ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარს?

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოდან 30 ევროპაში მდებარეობს. მათგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია მეტ-ნაკლებად გაუწიოს სერიოზული წინააღმდეგობა რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიას ჯერ აღმოსავლეთ და შემდეგ დასავლეთ ევროპაში. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ეს ორი ქვეყანა იმიტომ გამოვყავით, რომ ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ისინი ფლობენ ბირთვულ იარაღს - ბრიტანელები ატომური წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების ქობინების, ხოლო ფრანგები კი როგორც წყალქვეშა ნავებზე, ისე "რაფალებზე" ჩამოკიდებული "ჰაერი-ხმელეთი" კლასის რაკეტების სახით.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას, დიდ ბრიტანეთში 153 ათასი სამხედრო მსახურობს, საფრანგეთში კი 203 ათასი, თუმცა რამდენად არიან მომზადებული რუსეთ-უკრაინის მსგავს ომში მოქმედებისთვის, სხვა საკითხია.

თავად დასავლურ მასმედიაში აცხადებენ, რომ ბრიტანული ჯავშანსატანკო დივიზია "ჩელენჯერის" ტანკების ტექნიკური გამართულობა დიდ ეჭვს იწვევს, ხოლო ფრანგულ "რაფალებს" მხოლოდ ორიოდე დღის სამყოფი რაკეტები თუ აქვთ ინტენსიური საჰაერო ბრძოლებისთვის. უფრო სავალალო მდგომარეობაა ნატოს წევრ ევროპულ სხვა ქვეყნებში - ბელგიაში, დანიაში, ნიდერლანდებში...

გერმანია 183-ათასიანი, ხოლო იტალია კი 161-ათასიანი არმიებით თითქოს მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ მათ შეიარაღებულ ძალებშიც ანალოგიური პრობლემებია - სამხედრო ტექნიკის გაუმართაობა და საბრძოლო საჭურვლის მარაგების კატასტროფული სიმცირე.

მათ ფონზე ბევრად მომგებიანად ჩანს პოლონეთი, რომელსაც 114-ათასიანი არმია ჰყავს, მაგრამ პოლონელი მებრძოლები ფრანგ თუ ბრიტანელ, რომ აღარაფერი ვთქვათ ესპანელ და პორტუგალიელ სამხედროებზე, ბევრად მოტივირებული არიან პუტინის აგრესორ არმიასთან საბრძოლველად, რადგან ახსოვთ, რაც გაუკეთა ჯერ მეფის რუსეთმა, შემდეგ სტალინისა და ბრეჟნევის საბჭოთა კავშირმა მათ ქვეყანას. სწორედ ამის გამოც არის, რომ მაშინ, როდესაც თითქმის სამი ათეული წელი "ბებერი ევროპა" თვლემდა, პოლონელები აგრძელებდნენ მზადებას, რადგან არ სჯეროდათ, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ნატო აამოქმედებდა კოლექტიური თავდაცვის მე-5 პუნქტს და მათ ქვეყანას უსაფრთხოების ქოლგას გადააფარებდა. პოლონეთი ბოლო წლებია გამალებული იარაღდება როგორც აშშ-დან, ისე სამხრეთ კორეიდან და დღეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოდ შეიარაღებული არმია ჰყავს.

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის თურქეთს, აშშ-ის შემდეგ, ყველაზე მრავალრიცხოვანი - 355-ათასიანი არმია ჰყავს, მაგრამ გამომდინარე ერდოღან-პუტინის ურთიერთობიდან, ძნელი წარმოსადგენია, ანკარამ ერთი ჯარისკაციც გაგზავნოს ევროპელების დასახმარებლად. თურქეთის მთავარი სამიზნე ისევ თანაალიანსელი 143-ათასკაციანი არმიის მქონე საბერძნეთია, რომელთანაც ადრეც ჰქონია ომი და გასაყოფი კიდევ ბევრი აქვს.

ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი თუ სლოვენია რუსეთთან მეომრად ძნელად წარმოსადგენია თავიანთი მცირერიცხოვანი არმიებით, რასაც დაემატება ომისგან თავის არიდების დიდი სურვილიც.

რუმინეთი 71-ათასიანი არმიით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ მან შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა მაინც სცადოს, თუკი პუტინის ტანკები უკრაინიდან მოლდოვაზე გადავლით მის საზღვრებს მიადგებიან.

სამაგიეროდ, ყველაზე უიმედოა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა: ლიეტუვას (23-ათასიანი არმია), ლატვიასა (9 ათასი) და ესტონეთს (7 ათასი) თეორიული შანსიც კი არა აქვთ წინ აღუდგნენ რუსეთის არმიის ორ-სამ გაძლიერებულ მოტომსროლელ დივიზიასაც კი. ნატოს ორი ახალი წევრის - ფინეთისა (19 ათასი) და შვედეთის (15 ათასი) არმიები რიცხოვნობით ქართულ არმიასაც (20 ათასზე მეტი) კი ჩამოუვარდებიან, მაგრამ შედარებით თანამედროვე აღჭურვილობით (განსაკუთრებით კი შვედეთის) გამოირჩევიან, თუმცა რუსეთმა არაერთხელ დაამტკიცა ომებში, რომ ნებისმიერ ხარისხს ის რაოდენობით გადაუვლის.

ზემოთ მოყვანილი არმიების რიცხოვნობა მიახლოებითია, რომლებსაც ომის პერიოდში აუცილებლად დაემატებიან რეზერვისტები და მობილიზაციით გაწვეულებიც, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის სურათს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში პუტინი გვერდში აუცილებლად ამოიყენებს ბელარუსის არმიასაც და არც ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებს დაიწუნებს. დღეისათვის რუსეთის სამხედრო ძალების რიცხოვნობა საერთო ჯამში 2 მლნ კაცს აღემატება (ამ რაოდენობაში შედის როგორც შეიარაღებული ძალები, ისე როსგვარდია, სასაზღვრო ჯარები, საპოლიციო სპეცდანაყოფები), რომელთაგან 700 ათასამდე პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს შეყვანილი. ამასთან, რუსეთს აქვს ძალიან დიდი სამობილიზაციო რეზერვი, რომლის იდეოლოგიური დამუშავება - "წინ ნატოს წინააღმდეგ, ევროპის დასაპყრობად!" - რუსულ პროპაგანდას არ გაუჭირდება.

და მაინც, რაღაც მაინც უკეთესობისკენ იცვლება და ნელ-ნელა იწყება ევროპული სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის ზრდა, რაც გამოიხატება შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების წარმოების გაზრდაში (მათ შორის უკრაინისთვის მისაწოდებლად), ასევე სამხედრო სამსახურში საყოველთაო გაწვევის კანონის დაბრუნების სახით, თუმცა ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლის პერსპექტივა უკვე სრულიად მიუღებელი ხდება ევროპელი ახალგაზრდებისთვის, რომელთა უფლებების კბილებით დაცვის თაობაზე ადამიანის უფლებების დამცველი ათობით ორგანიზაცია სიხარულით აცხადებს.

2025 წლის ბოლოსთვის ევროპაში შექმნილი სიტუაცია კი უკვე რაღაცით წააგავს 1939 წელს, როდესაც ჰიტლერის გერმანიის ფეხებთან ერთმანეთის მიყოლებით უბრძოლველად განერთხნენ ევროპული ქვეყნების მთავრობები, რასაც მალევე ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებაც მოჰყვა.