„ჩვენს ფეხბურთში ყველაზე ნაკლები პრობლემა მწვრთნელები არიან“
მსახიობი და სპორტული კომენტატორი ნოდარ სიმსივე ქართულ სპორტში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.
- ქართული გუნდების დიდ ნაწილს ფინანსური პრობლემები აქვს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს შემაფერხებელი ფაქტორი ეროვნული ლიგისთვის და გვიშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ფინანსური სიძლიერე და სიმყარე ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ჩემპიონატში ხშირად სწორედ ეს პრობლემაა. მეტსაც გეტყვით, იშვიათად მახსენდება გუნდი, რომელიც სპორტული დაპირისპირებების შედეგად უმაღლესი გუნდიდან გავარდა მეორე ლიგაში მხოლოდ სატურნირო ცხრილით. გუნდების უმაღლესი ლიგიდან გავარდნის მიზეზი, ძირითადად, არასაკმარისი ფინანსებია; გუნდს არ შეუძლია შეკრებაზე წავიდეს, ნორმალური ფეხბურთელი იყიდოს და მოემზადოს. რამდენიმე გუნდი გვყავს, რომელთაც ფინანსურად, ასე თუ ისე, არ უჭირს, მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს". თუმცა მხოლოდ ფინანსები არ არის წარმატების გასაღები. საჭიროა პროფესიონალები, რომლებიც თანხებს სწორად გადაანაწილებენ და ეცოდინებათ, რას რისთვის აკეთებენ, რომელ ფეხბურთელს ყიდულობენ...
- ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა, რომელმაც ჩვენი ეროვნული ლიგა დატოვა, დიდ წარმატებას მიაღწია. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ იური ტაბატაძე. ანუ დაბალი დონის ფეხბურთელები არ თამაშობენ ჩვენს ჩემპიონატში და რა არის წარუმატებლობის მთავარი პრობლემა:: ჩვენი ეროვნული ლიგის არასწორი მენეჯმენტი, კადრების არასათანადო შერჩევა თუ ნეპოტიზმი?
- ერთი სიტყვით ვერ ავხსნი, რისი ბრალია. იური ტაბატაძე ჩვენს ჩემპიონატში დღემდე ბომბარდირია, როგორც მახსოვს, 11 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროთასები. როდესაც გუნდი ევროთასებზე გადის და ვერ აღწევს ელემენტარულ წარმატებას უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ ვფიქრობთ, რატომ ვერ ვახერხებთ ერთი ეტაპის გავლასაცო. გუნდურობაშია საქმე. ვერც მხოლოდ იური ტაბატაძე, ლომინაძე, ერთეული ფეხბურთელი ვერაფერს გადაწყვეტს.
1990 წლიდან ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი დამოუკიდებელია, ვერ ვხვდები, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ერთმა გუნდმაც კი ვერ შეძლო ჯგუფურ ეტაპზე გადასვლა. შესაძლოა ვინმემ თქვას, მწვრთნელები გვინდაო. არადა, საქართველოში მწვრთნელების პოვნა არ უნდა გვიჭირდეს.
მაგალითად, გია გეგუჩაძე იყო ერთადერთი, რომელმაც გაგვიყვანა ევროთასებზე.

- ხომ არ არის ერთ-ერთი პრობლემა ის, რომ მწვრთნელებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ ტრენინგებზე ვერ ვუშვებთ? წინა რესპონდენტმა, ბიძინა ბარათაშვილმა ინტერვიუს დროს მითხრა, როგორ შეიძლება ექიმი იყოს კარგი ექიმი, რომელიც არ დადის პრესკონფერენციებზე და ფეხბურთელების შემთხვევაშიც ასეაო, თქვენ რას იტყვით?
- რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელი იზრდება კარგი შეკრებით, კარგ მეტოქესთან და ინდივიდუალური საინტერესო პროგრამებით, სწორედ ასე იზრდება მწვრთნელიც. ყველაფერი მენეჯმენტისკენ მიდის. მაგალითად, "დინამო ბათუმმა" ნდობა გამოუცხადა გია გეგუჩაძეს, რომელსაც ხუთწლიანი პროგრამა ჰქონდა. ისეთ გუნდებს ვეჭიდავეთ... "სევასპორს", "სლოვანს" ... წავაგეთ, თუმცა ჩვენი კლუბი "ბათუმი დინამო" არ ყოფილა შერცხვენილი. მეტიც, ვლადიმირ ვაისმა გასვლით მატჩზე თქვა, დაგვჯაბნეს მომზადებითო. ესე იგი, რაღაც ეტაპზე სწორად მუშაობდნენ.
35 წლის განმავლობაში როგორ შეიძლება გაჯობოს ისეთმა გუნდებმა, რომლებსაც ინტერნეტშიც ვერ იპოვი. ფაქტია, რაღაცებს არასწორად ვაკეთებთ. ყველაფერზე მეტყველებს შედეგები. როცა გუნდი გამოდის და ვხედავ, თამაში არ უნდა, პირველ ტაიმშივე თამაში მთავრდება, ვხვდები, რომ დამთავრებულია ყველაფერი...
როგორ შეიძლება სპექტაკლზე გამოვიდეს მსახიობი და არ იცოდეს, რას თამაშობს. წარმოუდგენელია, ფეხბურთელმაც არ იცოდეს, რა უნდა. ზედაპირულად ვიტყვით, რომ გოლი უნდა, გასაგებია, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა? ყველაზე ნაკლები პრობლემა ჩემთვის მწვრთნელები არიან.
- წლების წინ, როცა ევროპა-ლიგა და ჩემპიონთა ლიგა არსებობდა, თითქოს წინ მივიწევდით, თითქმის გავედით.. კონფერენს-ლიგის დამატების შემდეგ კი ახლოსაც ვერ მივდივართ. რა არის ამის მიზეზი?
- პრობლემა არც ფეხბურთელშია. უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები გვინდა, გასაგებია, მაგრამ იმ ბიჭებს რომ უყურებ - ტაბატაძეს, ლომინაძეს, აქ არ დარბოდნენ?! ნაკრებმა კარგად გამოიყენა ერთა ლიგა და შენ რატომ ვერ იყენებ კონფერენს-ლიგას? ჯერჯერობით, ევროპა-ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე არც მაქვს ილუზია. პრობლემა უნდა ეძებო, მათ შორის მენეჯმენტში.
არ შეიძლება მხოლოდ მწვრთნელზე ვთქვათ, ამან გუნდის აშენება არ იცისო. რა უნდა გააკეთოს მარტო მწვრთნელმა?! ფეხბურთი გუნდური თამაშია. მენეჯმენტის ანაბანაა, რომ შეგეძლოს გუნდში ჯანსაღი გარემოს შექმნა.
- რატომ ვერ ვიყენებთ ყარაბაღის მაგალითს? თითქოს დაგვიდეს ჩვენმა მეზობლემა შაბლონი, თუ როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას მცირე რესურსით...
- მათ სწორად წარმართეს საფეხბურთო პოლიტიკა. მენეჯმენტი იდეალურ მდგომარეობაში აქვთ. სწორი ლეგიონერები ჩამოჰყავთ, სწორ დროსა და სწორ ადგილას. შენ რომ გყავს ისეთი ლეგიონერი, რომ შეხედავ, არათუ ფეხბურთელობა, მაისური რომ არ უხდება, იმდენად არასპორტული აღნაგობა აქვს, რაზე ვლაპრაკობთ?!

- თქვენი აზრით, სკაუტების პრობლემაც არის?
- ალბათ... მე ძალიან მომწონს გორის "დილის" მუშაობა.
- დიახ, გორის "დილას" აქებენ, თუნდაც ლეგიონერების შერჩევის გამო. ყველა ქართული გუნდისგან განსხვავებული მიდგომა აქვთ.
- გორის "დილა" ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო. რაც მახსოვს, ევროთასებზე თავი არ შეურცხვენია. ყოველთვის მუშაობდა სწორად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. უკრაინელი დემჩენკოს მაგალითი ავიღოთ. ის ძალიან კარგი მწვრთნელი იყო. მე ბევრჯერ ჩავსულვარ გორის "დილის" საყურებლად ტურის ცენტრალურ მატჩებზე, მწვრთნელმა იმდენად კარგად დაალაგა გუნდი. შემდეგ პორტუგალიელი მწვრთნელიც ჰყავდათ. როგორც კლუბის ხელმძღვანელმა მითხრა, სელექციონერები სხვადასხვა ქვეყანაში ჰყავთ გაშვებული, იუთუბზე კი არ უყურებენ. ასე რომ, ლეგიონერების შერჩევაში ყველაზე კარგად გორში მუშაობენ.
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. ამ პატარა ქვეყანას შეუძლია ძალიან ბევრი მაგარი ფეხბურთელი გაზარდოს. საქართველოს ნაკრების თერთმეტეული, მიქაუტაძის გარდა, ყველა აქაა გაზრდილი. "დინამოს აკადემიის" გაზრდილები არიან ის ბიჭები, რომლებიც დღეს იმედს გვაძლევენ. ვერ დავიჯერებ, რომ ვიღაც ცდილობს და არ გამოსდის. ჩვენ რომ ვიყოთ ქვეყანა, სადაც ფეხბურთი პოპულარული არ არის, ვიტყვით, რომ თავს ზემოთ ძალა არაა, მაგრამ... მაგალითად, ყინულის ჰოკეის ნაკრები არ გვყავს და ეგ არის, რაც არის, მაგრამ ფეხბურთი შენია. შედეგები გაქვს. გენიალურ პაიჭაძეებსა და ყიფიანებზე ხომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ?! გყავს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ლივერპულის მეკარე, მიქაუტაძე... აბა, როგორ გინდა დამაჯერო, რომ ქართული გუნდი ვერ ვითარდება?!
- რას გვეტყვით დღევანდელ ნაკრებზე?
- ამ ნაკრების ის მომწონს, რომ ანგარიშის მიუხედავად, ცდილობს გოლი გაიტანონ ან ანგარიშის სხვაობა შეამციროს. ეს მეტყვლეებს მათ ბრძოლისუნარიანობაზე.
მომწონს ამ თაობაში ის, რომ ნებისმიერ ავტორიტეტთან შეუძლიათ ითავხედონ შემოქმედებითად.
- რაც შეეხება ვილი სანიოლს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მან საკუთარი თავი ამოწურა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება, ვინც შენიშნავს იმას, რასაც სანიოლი ვერ ხედავს?
- მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ისეთ თამაშებში ატარებს ექსპერიმენტებს, თითქოს კარგად ჩანს, რომ მას არ ჰქონია ისეთი ბექგრაუნდი, როგორიც იმ მწვრთნელებს, რომლებსაც ჩვენთან უმუშავიათ. თითქოს ახლა აგროვებს გამოცდილებას. ზოგჯერ ისეთ ექსპერიმენტებს მიმართავს, რომლებიც კლუბში უნდა გააკეთო და არა ნაკრებში. ნაკრებს სულ რამდენიმე თამაში აქვს და აქ რისკზე ვერ წახვალ. ბევრი რამ არ მომწონს ხოლმე. მაგალითად, შუა თამაშში, 15 წუთი არ იყო გასული, უცებ გადააწყო ტაქტიკა თურქეთთან. ვნახოთ, ეს შესარჩევი ციკლი დასრულდეს. ბევრს უთქვამს, რომ ისეა გაზრდილი ნაკრები, რომ უკვე ტაქტიკურად უფრო განსწავლული მწვრთნელი სჭირდება. ამაშიც ვეთანხმები, მაგრამ დაველოდოთ საკვალიფიკაციო ეტაპს. ვფიქრობ, რომ ბევრად განსწავლული და დაღვინებული მწვრთნელი კარგი იქნება.
- თქვენ რომ რომელიმე ქართული გუნდის მფლობელი იყოთ, რას გააკეთებდით თქვენი გუნდის თუნდაც კონფერენს-ლიგაზე გასასვლელად?
- უპირველესად იმაზე ვიმუშავებდი, რომ შემეკრა ენთუზიაზმით სავსე გუნდი. კლუბში ბევრ ახალგაზრდას მოვიყვანდი. მნიშვნელოვანია ფინანსური სიმყარეც. ვიმუშავებდი მენეჯმენტზე და შემდეგ დავიწყებდი აკადემიის გაკეთებას ახალგაზრდა ფეხბურთელების გადამზადებით. რაც მთავარია, მწვრთნელს ექნებოდა მინიმუმ 5-წლიანი პროგრამა. მას, მიუხედავად ერთი ჩაგდებული სეზონისა, არ გავუშვებდი. ფინანსები, სწორი მენეჯმენტი და აზროვნება - გუნდს ამ სამ კომპონენტზე ავაგებდი. 35 წლის განმავლობაში როგორ უნდა ვოცნებობდეთ ფლეი-ოფამდე მისვლაზე?!
აქვე ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს გაზეთის კითხვა. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ესპანეთში, გაზეთის კითხვის კულტურა უმაღლეს დონეზეა. ინტერვიუზე მოვედი იმიტომ, რომ მიყვარს გაზეთი. წარმატებას გისურვებთ.
ესაუბრა ნიკოლოზ თევდორაშვილი