"შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც საქმე რომელიმე კულტს და ფანატიზმს უკავშირდებოდეს" - ნავთლუღში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც საქმე რომელიმე კულტს და ფანატიზმს უკავშირდებოდეს" - ნავთლუღში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

თბი­ლის­ში, ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. ეზოში, საბავშვო მოედანზე, სამი ცხედარი იპოვეს - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და 13 წლის ბიჭის. სამივე კორპუსის ბოლო სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.

"კურიერი P.S."-ის ცნობით, ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.

"ვინ არიან გარდაცვლილები? "კურიერი P.S." მათი ვინაობა ექსკლუზიურად გაარკვია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - 48 წლის ელენა ზინინა, 48 წლის ვლადიმირ ბოჭკო და 13 წლის ალექსანდრ ზინინი, რომელიც, სავარაუდოდ, დედის გვარს ატარებდა. გავარკვიეთ, რომ საქართველოში ჯერ მამაკაცი და არასრულწლოვანი შემოვიდნენ, მოგვიანებით კი მათ მოზარდის დედაც შეუერთდათ. ოჯახი თბილისში სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობდა, პირველ ოქტომბერს კი, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მათ სახლი ისანში, საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო სართულზე იქირავეს. "კურიერი P.S.-მა" გაარკვია უძრავი ქონების აგენტის ვინაობაც, რომელსაც ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ჰქონდა. თამარ კონცელიძე გვიყვება, რომ, მდგმურების მოთხოვნით, ბინა რაც შეიძლება მაღალ სართულზე უნდა ყოფილიყო.

წერილი, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, "კურიერი P.s.-ისთვისაც" გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე 22-ე სართულიდან ჯერ პარკში გახვეული ფეხსაცმელები გადმოყარეს. იქვე მიმაგრებული იყო წერილი, სადაც გარდაცვლილთა რელიგიურ შეხედულებებზეა საუბარი. წერილში ნახსენებია რამდენიმე სახელიც. ოჯახი, მათ მადლობას უხდის."