„გაიღიმე, რადგან ამ დროს შენს ნაოჭებს ვერ ამჩნევენ“ - კვირის პალიტრა

„გაიღიმე, რადგან ამ დროს შენს ნაოჭებს ვერ ამჩნევენ“

"არ მიყვარს სახის ლიფტინგი. შეუძლებელია შეაჩერო დრო. დედაჩემი ყოველთვის ამბობდა, გაიღიმე, რადგან ამ დროს შენს ნაოჭებს ვერ ამჩნევენ", - ეს ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, კლაუდია კარდინალეს სიტყვებია, რომელიც 23 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იტალიური კინოს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო სოფია ლორენსა და ჯინა ლოლობრიჯიდასთან ერთად. 1960-იან წლებში მსახიობს ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც "ყველაზე ლამაზ ქალს მსოფლიოში". თავისი დროის სექს-სიმბოლოდ წოდებულმა კარდინალემ 175-ზე მეტი კინოგმირი შექმნა, თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ ფედერიკო ფელინი, სერჯიო ლეონე და ლუკინო ვისკონტი.

8e26c48c-3124-4cca-9afe-a0a61a9b478e-1760297613.jpg

უცნაური და ველური გოგონა

1938 წლის 15 აპრილს ტუნისის მახლობლად დაიბადა მომავალი ვარსკვლავი - კლაუდია კარდინალე. მამა, ფრანჩესკო კარდინალე, რკინიგზის მუშა იყო, დედა - იოლანდა გრეკო, სიცილიელი ემიგრანტების ოჯახიდან. საოჯახო გარემოში კარდინალე მხოლოდ ფრანგულად და მშობ­ლების მშობლიურ სიცილიურ კილოზე საუბრობდა.­ იტალიური ენა მხოლოდ მაშინ ისწავლა, როდესაც იტალიურ ფილმებში დაიწყო მონაწილეობა. თავდაპირველად­ კარდინალეს მასწავლებლობა სურდა. მოზარდობაში მეგობრები მას ხშირად აღწერდნენ როგორც ჩუმ, უცნაურ და ველურ გოგონას. კარდინალეს კინოკარიერის დასაწყისი უკავშირდება მოკლემეტრაჟიან ფილმს "ოქროს ბეჭდები", რომელიც ბერლინის კინოფესტივალზე წარადგინეს, რამაც მსახიობს პირველი აღიარება მოუტანა. გადამწყვეტი მომენტი იყო მსახიობი კარიერაში 1957 წელს ტუნისში გამართული იტალიური კინოს კვირეულზე მონაწილეობა, სადაც მას ერგო ტიტული "ყველაზე ლამაზი იტალიელი გოგონა ტუნისში", ჯილდო კი ვენეციის კინოფესტივალზე დასწრება იყო. ვენეციაში კარდინალემ რამდენიმე კინოპროდიუსერის ყურადღება მიიპყრო, მათ რომში, კინემატოგრაფიის ცენტრში სწავლება შესთავაზეს. მიუხედავად მისი თვალისმომჭრელი გარეგნობისა, ახალგაზრდა კარდინალეს სამსახიობო დავალებებთან გამკლავება გაუჭირდა, რამდენიმე თვეში სწავლა შეწყვიტა და ტუნისში დაბრუნდა. ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ იმდენად გააკვირვა კინოპროდიუსერები, რომ იმ დროს პოპულარულმა ჟურნალმა "Eპოცა"-მ სტატია მიუძღვნა და გარეკანზეც კი დაბეჭდა. ტუნისში დაბრუნების შემდეგ კარდინალემ მოულოდნელი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, ბავშვის მამა ფრანგი მამაკაცი იყო, რომელმაც 17 წლის კარდინალეს აბორტის გაკეთება სთხოვა, მაგრამ კლაუდიამ გაჩენა გადაწყვიტა. პატრიკის დაბადების შემდეგ ბავშვის შესახებ საზოგადოებაში ცნობილი იყო, რომ კლაუდიას უმცროსი ძმა ჰყავდა,­ რეალური ისტორია კი მხოლოდ 7 წლის შემდეგ გამჟღავნდა, როდესაც პროდიუსერმა ფრანკო კრისტალდიმ იქორწინა კარდინალეზე და ბავშვის მამობაც თავის თავზე აიღო. 1966-1975 წლებში წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. კლაუდიას მეორე ქმარი გახლდათ იტალიელი რეჟისორი პასკუალე სკუტიერი, რომელთანაც 42 წელი გაატარა, რეჟისორის გარდაცვალებამდე. მეორე ქორწინებიდან მას ქალიშვილი ჰყავს.

img-5304-1760297613.jpeg

ვისკონტი და ფელინი

კლაუდია კარდინალესთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდი 1963 წელი აღმოჩნდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვან ფილმში: ლუკინო ვისკონტის "ლეოპარდში", სადაც პარტნიორობას უწევდა ალენ დელონი და ლეგენდარული ფედერიკო ფელინის "რვა-ნახევარში". ორივე ფილმის გადაღება ერთდროულად მიმდინარეობდა. კარდინალე ხშირად ერთი გადაღებიდან მეორეზე მიიჩქაროდა, სამუშაო გარემო კი სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ვისკონტის გადაღებები ზედმიწევნით დაგეგმილი და დისციპლინირებული იყო, რაც სრულიად განსხვავდებოდა ფელინის თავისუფალი და იმპრ­ოვიზირებული მეთოდებისგან. ერთ-ერთ ინტერვიუში კარდინალე იხსენებდა: "ვისკონტის გადასაღები მოედანი რელიგიურ სიწმინდეს ჰგავდა, ყველაფერი მხოლოდ ფილმზე იყო კონცენტრირებული და გარე სამყაროსგან იზოლირებული. ვისკონტი მუშაობისთვის სიმშვიდესა და სიჩუმეს ითხოვდა, ფელინის კი უყვარდა ხმაური და ქაოსი, მუდმივად ვერთობოდით გადაღებების დროს". იმხანად კარდინალეს ხმა იტალიურ ფილმებში არ გამოიყენებოდა. "ხავერდოვანი, გრუხუნა და ღრმა", - ასე ახასიათებდნენ კლაუდიას ხმას, რაც ნაწილობრივ ხშირი მოწევით იყო გამოწვეული. პირველად მსახიობის ხმა გაისმა ფილმში "რვა-ნახევარი". კარდინალე იხსენებდა: "როცა ჩემს პირველ ფილმზე მივედი, იტალიურად არც ერთი სიტყვა არ ვიცოდი. მეგონა, მთვარეზე ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, რას მეუბნებოდნენ. ვსაუბრობდი ფრანგულად, ამიტომ ჩემს პერსონაჟს სხვა ახმოვანებდა ხოლმე. ფედერიკო ფელინი იყო პირველი, ვინც ჩემი ხმა ფილმში გამოიყენა" ვისკონტისა და ფელინის ფილმებში მონაწილეობის შემდეგ კარდინალემ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა კინემატოგრაფიის სამყაროში.

img-5302-1760297613.jpg

"იდუმალება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

2011 წლის თებერვალში, გამოცემა "ლოს-ანჯელეს თაიმსმა" კლაუდია კარდინალე ფილმების ისტორიაში 50 ყველაზე ლამაზ ქალს შორის დაასახელა. "არასდროს მიფიქრია, რომ სკანდალი ან აღიარება მსახიობობის ნაწილი უნდა ყოფილიყო. არასოდეს გამიკეთებია სხეულის აფიშრება ფილმებში იდუმალება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ამბობდა კლაუდია და ეს მიდგომა შესაძლოა მისი წარმატების გასაღებიც იყო. 2014 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში კარდინალემ თავის სამსახიობო კარიერაზე ისაუბრა: "თუ ამ პროფესიას სერიოზულად მოეკიდები, შინაგანი ძალა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავ საკუთარ სახეს. ყოველ ახალ ფილმში მე ახალი ქალი, ახალი ადამიანი ვარ, განსხვავებული რეალობისგან, მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება, მე ისევ ის კლაუდია ვარ".