"უცნაურია, მე და ის გოგო ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ბევრი წელი გავიდა და ერთმანეთს ერთხელაც კი არ შევხვედრივართ“
"მერიიდან გოგონამ რომ დამირეკა და მითხრა, საპატიო თბილისელის წოდება უნდა მოგანიჭოთო, ვიფიქრე, მატყუებდნენ, ვუთხარი, ხუმრობთ-მეთქი? გაეცინა. მალე დამარწმუნა, რომ საქმე სერიოზულად იყო. რა თქმა უნდა უზომოდ მესიამოვნა", - ამბობს მუსიკოსი რომა რცხილაძე. რა ხიბლი აქვს მისთვის ამ ქალაქს, რა ვერ გაბედა დღემდე და რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე, მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- თბილისი არის...
- ისტორია, მთელი ჩემი ცხოვრებაა, ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც მიცხოვრია: მეგობრები, ნათესავები, ახლობლები... ჩემი ქალაქისთვის არასდროს მიღალატია, არსად წავსულვარ და არც არასდროს ვუღალატებ, სულ ამ ქალაქში ვიქნები. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემი დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან კარგი გრძნობაა, დაფასებაა, სიყვარულის გამოხატვაა.
- თბილისური ხასიათი არის...
- თავმოყვარეობა.
- ჩემზე ამბობენ...
- კეთილი, უბოროტო, დიდი ბავშვიაო. ოღონდ ვინმეს დახმარება და ხელის შეშველება შევძლო და ამაზე უარს როგორ ვიტყვი, არასდროს დამეზარება.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ის, ვინც ვარ, მიუხედავად იმისა რომ კალათბურთში ძალიან კარგი შედეგები მქონდა. როდესც დადგა საკითხი - ან კალათბურთი, ან ხელოვნება, მუსიკამ გადაწონა, ვფიქრობ, არჩევანი არ შემშლია.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- რაღაც დეტალებს შევცვლიდი, მაგრამ ძირეულს უცვლელად დავტოვებდი.
- ბედნიერი ვარ...
- როცა ქუჩაში გავდივარ და სრულიად უცხო ადამიანები მაჩერებენ, სიყვარულს გამოხატავენ. ამაზე მეტად რა უნდა მიხაროდეს? მას შემდეგ, რაც საპატიო თბილისელის წოდება მივიღე, მოლოცვები არ წყდება, ისეთი ადამიანებიც კი გამომეხმაურნენ, რომ ვერ წარმომედგინა.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- მეტსახელი "სპილო". 15 წლის ვიყავი, პირველ მუსიკალურ სასწავლებელში ახალი ჩაბარებული მქონდა, რომ ჯგუფი "ციცინათელა" პიანისტს ეძებდა. ანსამბლის ხელმძღვანელს ბატონ სოსო ებრალიძეს მე გავახსენდი და დამიბარა. მივედი. კულისებიდან რომ შემომხედა, თითი გამოიშვირა და თქვა - "სპილო" მოვიდაო. ასე შემერქვა ეს მეტსახელი, რომელიც ბრენდი გახდა.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- პუნქტუალურობა და დისციპლინა.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ზედმეტად ემოციური ვარ და ეს ცხოვრებაში ზოგჯერ ხელის შემშლელია.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ვიმოგზაურო, ძალიან მიყვარს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- უამრავი რამ, დღესაც ვსწავლობ და მომავალშიც ვისწავლი. ადამიანი ამ პროცესს ვერ გაექცევი, არც უნდა ეცადო. მთავარია მიხვდე და აღიარო, რომ შეგეშალა.
- პატიება შემიძლია თუ...
- არავითარი "თუ" - შემიძლია!
- დავიწყებაც?
- ვცდილობ, მაგრამ ბოლომდე ალბათ, მაინც არ ხერხდება.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ჩემთვის აწმყოა მთავარი, დღეს ვცხოვრობ, დღევანდელი დღეა მნიშვნელოვანი.
- ვიბნევი...
- როცა სილამაზეს ვხედავ, ადამიანიდან დაწყებული ბუნებით დამთავრებული.
- ვნანობ...
- დროის სიმცირის გამო ყოველდღიურობა ისე აჩქარებულია, ბევრ რამეს ვერ ვასწრებ.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- სადმე მთაში, ტყეში, ქოხში, ბუხართან ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
- მთა რით გიზიდავთ?
- სიდიადით. ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ. იქ სიმშვიდეა. ზღვას ყოველთვის მთაში ყოფნას ვამჯობინებ. მთა უფრო ახლოსაა ჩემს ხასიათთან.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- უმადურობას, სამწუხაროდ, დაუნახავი ადამიანები ცოტანი არ არიან. გულწრფელად გეუბნებით, ასეთების მიმართ სიბრალულის გრძნობა მიჩნდება.
- მეზარება...
- დილით ადრე ადგომა.
- სიყვარული ეს...
- მხოლოდ და მხოლოდ უფალია, ე.ი. ყველაფერია. შენში ამ გრძნობას რომ აღმოაჩენ, მერე ცდილობ სწორად მოიქცე.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- 15 წლის ვიყავი, მუსიკალურში რომ ჩავაბარე, მას შემდეგ სულ შეყვარებული ვარ. რა უცნაურია, მე და ის გოგო ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ბევრი წელი გავიდა და ერთმანეთს ერთხელაც არ შევხვედრივართ.
- იქნებ თბილისში არც ცხოვრობს.
- ზუსტად ვიცი, თბილისში ცხოვრობს.
- რომ შეგხვდეთ, რა ემოცია გექნებათ?
- უდიდესი პატივისცემის.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ადამიანმა, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს. ეს დიდი ბედნიერებაა. იუმორი ინტელექტის ნიშანია.
- ვრისკავ...
- ხან თამამად, ხან - არა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც უნდა ეცადო, ჩარჩოდან არ ამოხვიდე.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- საკუთარ თავს უფრო მეტ დროს უნდა ვუთმობდე (ჩემს პროფესიას ვგულისხმობ), მაგრამ მაინც უფლის მადლობელი ვარ, რომ ეს "სისუსტე" მერე ხარისხით მინაზღაურდება, ბალანსდება.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- თავიდან უხერხულად ვიყავი ხოლმე, ბოლო დროს დამოკიდებულება ცოტათი შემეცვალა, შესაქები თუ ვარ, შემაქონ, რატომაც არა? მთავარია შექება გულწრფელი იყოს და იმ ადამიანს, ვისაც აქებენ, თავში არ აუვარდეს.
- მეშინია...
- ადამიანების. სამყაროში ცუდი რამ თუ ხდება, მხოლოდ ადამიანებისგან ხდება. ახლა ყველანი ქაოსურ, დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ - დაუნახაობა, შური, უპასუხისმგებლობა, ბოროტებაა გამეფებული. ეს ადამიანების სულიერი სიბინძურეა. ყველა მეცოდება ვინც ასე ცხოვრობს.
- მსაყვედურობენ...
- ახლობლები, რომლებსაც ხშირად ვერ ვნახულობ და ვერ ვეკონტაქტები.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- რა საინტერესოა, ეს დღემდე არავის უკითხავს (პაუზის შემდეგ), დავფიქრდი და ძალიან ბევრი ვერ გამიბედავს, კარგია, რომ ამაზე დამაფიქრეთ, იქნებ მომავალში რამე გავბედო კიდეც.
- ვიტყუები...
- ცუდი მატყუარა ვარ, ძალიან მეტყობა. ამას კეთილ ტყუილზე ვამბობ, ბოროტი ტყუილი არასდროს მითქვამს, ღმერთმა დამიფაროს!
- თავისუფლება არის...
- ის, თუ როგორ ხარ აღზრდილი, რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. უნდა იცოდე შენი ადგილი, ვინ ხარ, რა გინდა, რას აკეთებ და არავითარ შემთხვევაში შენს თავს არ მისცე უფლება, სხვა ხალხს მოერგო. ნიღბით არ უნდა იცხოვრო, ნამდვილი უნდა იყო - ეს არის თავისუფლება. შენს ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების უფლება მხოლოდ შენ უნდა გქონდეს. ვინც თავის თავს ბევრის უფლებას აძლევს, ჩანს კიდეც... თავისუფლება ძალიან საშიში და იმავდროულად საამაყოა.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- სულ საახლობლოში დავარიგებდი.
- მენატრება...
- ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი, ადამიანების მთელი არმია. საპატიო თბილისელის წოდება მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც დღეს ჩემ გვერდითაა, მერე რა რომ ხშირად ვერ ვნახულობ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- კარგი მუსიკა, ფილმი, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა მშველის, რადგან მათთან საერთო ფასეულობებზე შემიძლია საუბარი. "წამალია" ყველაფერი, რაც ჩემზე პოზიტიურად მოქმედებს. რამდენიმე დღის წინ, მეგობრების ჯვრისწერა იყო, წლებია დაოჯახებული არიან, ისეთი კარგი გარემო იყო, უზომოდ კმაყოფილები ვიყავით, იმ გარემომ ჩემზე და ჩემს მეუღლეზე კარგად იმოქმედა...
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- 1969-1970 წელი იქნებოდა, სოხუმში პირველი კონცერტი მქონდა, კონცერტის შემდეგ სასტუმროს წინ ვისვენებდით, ცოლ-ქმარმა ჩამოიარა, ქართველები არ იყვნენ. მკითხეს, შენ ის არა ხარ, კონცერტზე რომ გამოდიოდიო? მერე ქალბატონმა მითხრა, დაიმახსოვრე, წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევ, მუსიკასთან ისეთივე ინტიმური შეგრძნება თუ გექნება, როგორიც შეყვარებულ წყვილს შორის არსებობსო. მას შემდეგ, როცა მუსიკას ვწერ, ან სცენაზე ვარ, სულ ვცდილობ, ეს საქმე სიყვარულით ვაკეთო.
- დაბოლოს გეტყვით...
- ყველანი მიყვარხართ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, პარტიულობისა, ნუ შეგეშინდებათ, იყავით უნიღბოები, მართლები, სიყვარულით ემსახურეთ თქვენს ხალხს და ქვეყანას!
თამუნა კვინიკაძე