"ეროსის სუფრების გაშლა უყვარდა, ის და სესილია მეზობლები იყვნენ. მათი ურთიერთობა ცალკე სპექტაკლი იყო. სესილია აგიჟებდა, ეუბნებოდა, შენ სოფლის არტისტი ხარ, მთელი ქვეყანა გიცნობსო. თეატრში დაბრუნებაზე სესილია ასე გვპასუხობდა - "ჩემი დრო წავიდაო"
"ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი ადამიანი ყოფილა და დღესაც არის, რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. იმ ემოციების "ფეიერვერკი", რომელიც ამ ადამიანებთან ურთიერთობისას მქონდა, არასდროს დამავიწყდება", - ამბობს მსახიობი რამაზ იოსელიანი.
- ბავშვობის პერიოდიდან დავიწყებ და ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს გავიხსენებ. ეს ადამიანი გახლდათ მარგო ბალიევა, გულისხმიერებით, იშვიათი უნარებით გამორჩეული მასწავლებელი. რამდენად დიდი ადამიანი იყო, ამის გასააზრებლად მხოლოდ ერთი ეპიზოდის გახსენებაც კი საკმარისია. დედა რომ გარდამეცვალა, 32 წლის ვიყავი, სკოლა 15 წლის დამთავრებული მქონდა, მაგრამ ეს ამბავი რომ გაიგო, 40 დღე გვერდიდან არ მომშორებია, ყოველდღე მოდიოდა და მივლიდა, როგორც შვილს.
სკოლაში ყოფნისას ლიტერატურა, პოეზია ისე შეგვასწავლა და შეგვაყვარა, ყველა მისი გაკვეთილი დაუვიწყარი და უზომოდ საინტერესო იყო. ბევრი თაობა გაზარდა, ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა, მასთან მოსწავლეები თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დადიოდნენ და ამეცადინებდა. არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ამ პიროვნებასთან ურთიერთობა ჰქონდა და მისადმი მადლიერების განცდა არ გასჩენოდა. მარტო ის ფაქტი, რომ მე არ მიმატოვა, რამდენ რამეს ამბობს მასზე... იმ დღეებში უფრო ლიტერატურასა და ცხოვრებაზე ვლაპარაკობდით. იმ თემაზე საუბარს, რომელიც ჩემი უდიდესი ტკივილი იყო, ვერიდებოდით. ცდილობდა, დანაკარგი სითბოთი შეევსო და დიდი ტკივილი შეძლებისდაგვარად შეემსუბუქებინა.
მისი მოსწავლე გახლდათ აწ გარდაცვლილი რეჟისორი დავით ანდღულაძეც, მასთან ემზადებოდა და ვიცი, დათოსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

არასდროს დამავიწყდება იმ დღეებში მიხეილ თუმანიშვილის მიერ გამოხატული თანაგრძნობა. ის ყოველდღე პანაშვიდებზე მოდიოდა, გვერდიდან არ მომშორებია. დედას დაკრძალვა ხუთშაბათ დღეს იყო, იმ წლებში თეატრში სპექტაკლებს მხოლოდ პარასკევს, შაბათს და კვირას ვთამაშობდით. პანაშვიდზე მოსულმა მითხრა, რამაზ, თუ გინდა, დედის დაკრძალვის შემდეგ სპექტაკლს დაგინიშნავო. კი, მინდა-მეთქი ვუთხარი და ბატონმა მიშამ სიტყვა შეასრულა. ხუთშაბათს დედა დავკრძალე, შაბათს კი სპექტაკლში ვითამაშე და ის გასვლა სცენაზე ჩემთვის შვება იყო, დაუვიწყარ ემოციაზე მეტი. ედუარდო დე ფილიპოს პიესის მიხედვით დადგმულ კომედიურ სპექტაკლში "ცილინდრი" ვითამაშე.
დიდი ტკივილის განცდის დროს ადამიანები ხშირად იკეტებიან, ახლობლებსაც კი აღარ ეკონტაქტებიან. არადა, ძალიან საჭიროა გვერდით ვიღაც გყავდეს. ბატონი მიშა უზომოდ თბილი და ყურადღებიანი იყო.
არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც პირველად სცენაზე გენიალური ვასო გოძიაშვილი ვნახე. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, შოკი იყო. მაშინ ბავშვი ვიყავი, ის ლუარსაბის როლს თამაშობდა სპექტაკლში "კაცია-ადამიანი?!", დარეჯანი მარინე თბილელი გახლდათ. შემდეგ "ვოდევილებში" ვნახე, ეს სპექტაკლი 50-ჯერ მაინც მაქვს ნანახი. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და სპექტაკლიდან ნაწყვეტებს ბავშვები სკოლში ვთამაშობდით, გოძიაშვილს ვბაძავდით. შემდეგ სხვა სპექტაკლებში ვნახე და ყოველ ჯერზე ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ამ არტისტს საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონდა, იცით რამდენნაირ ხასიათს თამაშობდა და ყველა პერსონაჟი, როგორი ცოცხალი და ნამდვილი იყო? ეს ერთი კაცი უამრავ განსხვავებულ სახეს უდიდესი ოსტატობით ქმნიდა.
პირველ კურსზე ვიყავი, ბატონი ვასო რომ გარდაიცვალა, თუმცა არაერთ გენილაური მსახიობთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა. არასდროს დამავიწყდება საუბრები ეროსი მანჯგალაძესთან, მარინე თბილელთან, გოგი გეგეჭკორთან...
ეროსი საოცარი ადამიანი გახლდათ, გარდა იმისა, რომ გენიალური იყო თავის პროფესიაში, უნიკალური იყო როგორც პიროვნება, უზომოდ თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი. წლების განმავლობაში, კინომსახიობთა თეატრს ხელმძღვანელობდა და თითოეულ ჩვენგანზე გადაყოლილი იყო. ვისაც რა პრობლემა ჰქონდა, ყველაფერს აგვარებდა და ამას ზოგჯერ ისე ოსტატურად აკეთებდა, ვერც ვიგებდით, რომ ეროსის გაკეთებული იყო.
ჩემი რამდენიმე ახლობელი ეროსის განუყრელი მეგობარი იყო, მასთან იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ. მეც ხშირად ვყოფილვარ ჩეხურ ლუდზე მიწვეული. ეროსის სუფრების გაშლა უყვარდა, ის და სესილია თაყაიშვილი მეზობლები იყვნენ. ერთხელ ვთხოვეთ, ქალბატონი სესილიაც დაეპატიჟა. აი, მათი ურთიერთობა კი მართლა ცალკე სპექტაკლი იყო. ეროსის სესილია აგიჟებდა, ეუბნებოდა, შენ სოფლის არტისტი ხარ, მთელი ქვეყანა გიცნობსო და მერე იქ მყოფთა გასაგონად დააყოლებდა, ამას ბაზარში ყველაფერს უფასოდ აძლევენო. ეროსიც იუმორით პასუხობდა... ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. სესილიას ყოველთვის მენტორული ტონი ჰქონდა, ვიღაცას სულ ტუქსავდა და სულ სიგარეტს ითხოვდა, "მომეცი პაპიროსი", "ერთი პაპიროსი მომაწევინე", მოწევის განსხვავებული მანერა ჰქონდა - აფუილებდა. პაპიროსს წაუკიდებდა და გკითხავდა, მომიყევი ერთი თეატრში რა ხდებოდა? ყველაფერი აინტერესებდა.
მიშა თუმანიშვილმა და თეატრის მსახიობებმაც რამდენჯერმე ვთხოვეთ, ქალბატონო სესილია, მოდით რა ჩვენთან თეატრში ითამაშეთ! ყოველ ჯერზე მისი პასუხი იყო "ჩემი დრო წავიდა".
- ასე რატომ თვლიდა?
- ჩაძიების შემდეგ დააყოლებდა, მე სხვა ენაზე ვთამაშობ სხვა ენაზე ვლაპარაკობ, თქვენ - სხვა ენაზე, ასე რომ ჩემი დრო აღარ არისო. იმ ეპოქის არტისტებს თავის პროფესიისადმი განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. დღეს ასე აღარ არის, სამწუხაროდ.
- რა იყო ეს "განსხვავებულობა"?
- მახსოვს, ეროსის თავის როლები ბლოკნოტში ეწერა და იმ ბლოკნოტს სულ გულის ჯიბით დაატარებდა, როცა არ უნდა შეხვედროდი. როლს ბლოკნოტში თავის ხელით გადაწერდა ხოლმე. როცა ის როლზე მუშაობდა, სულ იმ პერსონაჟზე ფიქრობდა ქუჩაში, სახლში, თეატრში, დღეც, ღამეც... ამბობდა, პერსონაჟი შენი ნაწილი უნდა გახდესო.
- ეროსისგან რა ისწავლეთ?
- პროფესიის სიყვარული და თავდადება. ნეტავი მისი ნახევარი თავდადება გვქონდეს დღეს მსახიობებს, რაც ეროსის და მის თაობას ჰქონდა.
- ის თავდადება დღეს რატომ აღარ არის, რა ახსნას უძებნით?
- ეს პროფესია ბევრი მსახიობისთვის აღარ არის, ან ვეღარ არის ერთადერთი და განუმეორებელი. ყოფითმა პრობლემებმა შთანთქა, წაიღო ეს თავდადება.
- ყოფითი პრობლემები მაშინაც იყო...
- ის ხელფასები, რომელიც მაშინ იყო, მეტ-ნაკლებად ჰყოფნიდათ ადამიანებს. დღეს ყველა მსახიობი დამატებით სამსახურზე ფიქრობს, თვიდან თვემდე ოჯახი ხომ უნდა უზრუნველყო, თავი გაიტანო. ჩვენი ყოველდღიურობა შეცვლილია, ისეთი ურთიერთობებიც აღარ არის, ადამიანები ერთმანეთისადმი გავცივდით. მაშინ თბილისი ერთი ოჯახივით ცხოვრობდა, რუსთაველზე რომ გაგევლო, მინიმუმ 1 საათი მაინც გიწევდა გაჩერება, უამრავი ნაცნობი და ახლობელი შეგხვდებოდა, ილაპარაკებდი, მოიკითხავდი, მოგიკითხავდა, ერთმანეთს მოეფერებოდით და ახლა რა ხდება? მთელ პროსპექტს ისე ჩაივლი, შეიძლება ერთი ნაცნობიც კი აღარ შეგხვდეს. თბილისმა ძველი პეწი დაკარგა, გაცივდა. ამ ქალაქში ადამიანური სიცივე არასდროს ყოფილა. ადრე სხვადასხვა თეატრების მსახიობები ერთმანეთთან მეგობრობდნენ, ერთმანეთის სპექტაკლებზე დადიოდნენ, შემოქმედებითი პროცესი თეატრს მიღმა შეხვედრებშიც გრძელდებოდა. დღეს ამის ფუფუნება აღარ არის. სამწუხაროდ, ახლა სხვადასხვა თეატრის არტისტები ერთმანეთს აღარ სცნობენ, ჩვენ კი ერთი ოჯახი ვიყავით.
მე, ნინელი ჭანკვეტაძე, მანანა ბერიკაშვილი, გოგა მარგველაშვილი, მამუკა არეშიძე, ლევან უჩანეიშვილი, ნატაშა შენგელაია ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. ყველაფერი, რაც ჩემს წინა ცხოვრებაში, წინა საუკუნეში იყო, ძალიან კარგი იყო. ის ურთიერთპატივისცემა, რაც მაშინ ერთმანეთის მიმართ არსებობდა, ძალიან მენატრება.
მაშინ ჩვენზე უფროსი მსახიობი თეატრში რომ შემოვიდოდა, ფეხზე ვდგებოდით და ვეგებებოდით. ახლა თეატრში რომ შევდივარ და იქ დამწყები მსახიობები სხედან, ისე შემოგხედავენ, ლამის ბოდიში მოვუხადო, უკაცრავად, რომ შემოვედი-მეთქი. ეს ხომ მონობა არ არის, ეს ურთიერთობაა, უფროსის პატივისცემაა, რომელიც დაიკარგა. სამსახიობო სკოლა აღარ არის და ვინ უნდა ასწავლოს?
თამუნა კვინიკაძე