"ზოგჯერ ვხუმრობ, ქართული ტურიზმის ნინო როტა ვარ-მეთქი“
ხალასი იუმორით ცნობილი ჟურნალისტი და მსახიობი დათო ლიკლიკაძე მესამე პროფესიას ეუფლება და ამტკიცებს, რომ ტურისტული კომპანიები მასზე ნადირობენ. რა კურიოზები გადახდა თავს მისთვის უცხო სფეროში, ამის თაობაზე ჩვეული ენაკვიმატობით გვიამბობს:
- ტურიზმის სფეროში სრულიად შემთხვევით მოვხვდი: 2018 თუ 2019 წელი იდგა. ერთ-ერთი კომპანიის პრესსამსახურში ჩემი მეგობარი მუშაობდა, რომელმაც მოულოდნელად დამირეკა და მითხრა, გადავწყვიტეთ, სტამბოლის ტური გავაკეთოთ და შენ მოგიწვიოთ, როგორც გიდიო. თავიდან შევიცხადე, ეს ჩემთვის უცხო საქმეა-მეთქი, ამიტომ, ყვარყვარესავით ვიმეორებდი, არა ვარ მე ის კაცი-მეთქი. ისე მოხდა, რომ ჩემს ტურზე ყველა ბილეთი უცბად გაიყიდა. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, სტამბოლიდან დავბრუნდი და უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, ამ საქმეს ისე ხომ არ შევხედო, როგორც ბიზნესს-მეთქი. ორ კვირაში ბუდაპეშტის ტურიც დაიგეგმა, ბილეთები ორ საათში გაიყიდა, ამის შემდეგ ჩემზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. ზოგჯერ ვხუმრობ, ქართული ტურიზმის ნინო როტა ვარ-მეთქი: ფელინი, პაზოლინი და სხვა ცნობილი რეჟისორები რიგში იდგნენ, რომ ნინო როტას მათი ფილმებისთვს მუსიკა დაეწერა, ტურისტული კომპანიებიც სწორედ ასე ცდილობენ, რომ მათთან ვითანამშრომლო. დიდი ჯგუფები გვიგროვდება, ყოფილა შემთხვევა, როცა სამი თვითმფრინავით წავსულვართ სტამბოლში, დუბაისა და ევროპის სხვადასხვა ქალაქში.
თავიდან ამ ტურებს მართლა იუმორით ვუყურებდი, მაგრამ ახლა სერიოზულ საქმედ მექცა, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. იმ ადგილის ისტორია უნდა იცოდე, სადაც ადამიანი მიგყავს. რა თქმა უნდა, იუმორიც მეშველება: აღარც მახსოვს, რამდენჯერ მაქვს ნანახი აია-სოფია და რომის კოლიზეუმი, მაგრამ თითოეულ დანახვაზე, ვაიმე-მეთქი, რომ შემოვძახებ, აღტაცებული ვუყურებ და ლამის მიწაზე თავს ვურტყამ, ზოგს ჰგონია, იქ პირველად ვარ. ეს აუცილებელია: ყოველ ჯერზე თუ არ აღფრთოვანდი და ტურისტების ემოციები არ გაიზიარე, არაფერი გამოგივა და ტური ჩაგივარდება. მე სულ პატარა რამეზეც შემიძლია გახარება, აღფრთოვანება და კარგი განწყობის შექმნა, რაც ტურისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
- ალბათ, ტურებში ბევრი სახალისო და საინტერესო ამბავი გადაგხდენიათ.
- ყველაზე სახალისო ამბავი რომში გადამხდა: კოლიზეუმის წინ გლადიატორების ფორმაში გამოწყობილი ხალხი დგას. მაშინ ჯერ ახალბედა ვიყავი და ერთმა მათგანმა, ფოტო-ფოტოო, რომ დამიძახა, ვიფიქრე, ჩემთან ფოტოს გადაღება უნდა-მეთქი. მივედი და დიდი სიამოვნებით გადავიღე. ორი წამიც არ გასულა და, 2 ევრო მომეციო, გამომიცხადა. რა ორ ევროს მთხოვ, მე გადავიღე ფოტო თუ შენ-მეთქი, გავუბრაზდი "გლადიატორს". ჯობია, გადაიხადო ეგ ორი ევრო, მაინც არ მოგეშვებაო, მირჩიეს იქ მდგომმა ნაცნობებმა, მაგრამ იმ დასაღუპავ "გლადიატორებს" ხელიდან როგორღაც დავუსხლტი. გამომეკიდნენ და მეც გავრბივარ, რაც შემიძლია... ცხადია, ამ ორთაბრძოლაში მე დავმარცხდი და მერე მეგობრები ხუმრობდნენ, ვხედავთ, რომის მთავარ მოედანზე ლიკლიკაძე გარბის და უკან ორი კბილებამდე შეიარაღებული გლადიატორი მისდევს, შუბებით და ფარებითო. ხალხს ეგონა, ფილმს ვიღებდით და ყველა ფოტოებს გვიღებდა.
დიდ გაუგებრობაში აღმოვჩნდი სტამბოლშიც - იქ ქუჩაში ნაყინის გამყიდველი ბიჭები დგანან, ჯერ რაღაც შოუს გიტარებენ და ნაყინს მერე გაძლევენ. ერთმა ბიჭმა, რომელსაც თურქული ქუდი ეხურა და ნამდვილ თურქს ჰგავდა, დაგვიძახა, ქართველებო, ქართველებო, აქეთ მოდითო. შევხედე იმ ბიჭს და ლაზი მეგონა. მოგეხსენებათ, თურქეთში მაჰმადიანი ქართველები ბლომად არიან. შემოვესიეთ იმ ბიჭს და ერთი ამბავი ავტეხე: მოდით, ნახეთ ხვიჩას და გოჩას "ბიძაშვილი", მისი დიდი ბაბუა, ალბათ, სტამბოლის ბაზარზე გაყიდეს-მეთქი. ტურის მონაწილეებს ცრემლები მოსდით და ყველა წუხს, რომ ასეთი კარგი ბიჭი უკვე გათურქებულია. მან კი, არც აცივა, არც აცხელა, მომიბრუნდა და მითხრა: რავა ვერ მიცანი, ლიკლიკაძე, მე ტყიბულელი ხვიჩაია ვარ, ბანაკში შენი მოსწავლე ვიყავიო. შენ გადაგიშენდა მომგონი, შენი გულისთვის რამხელა სცენები დავდგი, უცხო მიწაზე ქართველი ვიპოვე-მეთქი, ძალიან ვუსაყვედურე. ამ ამბავზე მერე ბევრი ვიცინეთ.
ისევ სტამბოლში, აია-სოფიას ტაძარში ვართ. ტურში ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე ერთი "გენიოსა", რომელიც ჩამჭრელ შეკითხვებს გისვამს. ვუყვები აია-სოფიაზე, ღვთისმშობლის საოცარ ფრესკაზე, რომლის ანალოგი გელათში გვაქვს. ვთქვი, რომ ეს ფრესკები ერთ ეპოქაშია შექმნილი, რომ დავით აღმაშენებლის მამიდამ, მართა-მარიამმა, დავითს სპეციალურად გამოუგზავნა ხელოსნები და კირითხუროები. მოკლედ, ერთ ამბავში ვარ და ერთი მეკითხება, ეს მოზაიკა რამდენი კენჭისაგან შედგებაო. არც დავფიქრებულვარ, უცბად ვუთხარი - 4750 კენჭისგან-მეთქი. მიყურებს, ვუყურებ, თან ფრესკას ახედავს... ვერაფერი მითხრა, ალბათ, მიხვდა, რომ უადგილო შეკითხვა დამისვა, რომლის პასუხი თავადაც არ იცოდა.
- უცხოეთში ქართველები როგორ გხვდებიან?
- ისინი ყველგან მხვდებიან და ყოველთვის თბილად მეგებებიან. განსაკუთრებით, რომსა და ათენში არიან ბლომად. ამ ზაფხულს ერევანში ჯეილოს კონცერტი რომ იყო, ტური მქონდა. იმ დღეს ლამის მთელი საქართველო ერევანში იყო ჩასული. ყველა ქართულად ლაპარაკობდა - ბარში, მაღაზიაში, ავტობუსში, ქუჩაში და მეც ვხუმრობდი, სომხურის გაგონება მომენატრა, რა ამბავია ამდენი ქართველი-მეთქი.
ძალიან კარგად მახსენდება შრი-ლანკის, ტაილანდის და სინგაპურის ტურები, მაგრამ სინგაპურში უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდით: იქ მოსაწევი ადგილები შენობებში კი არა, ქალაქშია. ამიტომ, ვისაც სიგარეტის მოწევა უნდოდა, მოსაწევ ადგილთან ან ტაქსით, ან სხვა ტრანსპორტით მიდიოდა.
ტაილანდის ტურში ერთი მორწმუნე ქალი გვახლდა. მარხვა იყო და ამბობდა, ჩემმა მოძღვარმა თევზის ჭამის კურთხევა მომცაო. ერთ-ერთ რესტორანში ბაყაყის კერძი მოგვიტანეს და იმ ქალმა მოძღვარს დაურეკა, რომ მისგან კურთხევა აეღო. ცოტა ხნის შემდეგ მეორე რესტორანში გველი მოგვიტანეს და მაშინ კი შევიცხადე, არიქა, ისევ არ დარეკოს, თორემ გადარევს მამაოს-მეთქი.
რაც შეეხება შრი-ლანკას, იქ ადგილობრივი გიდი დაგვახვედრეს, რომელიც 12 დღის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებია. სასწაული ბიჭი იყო, ბუდიზმზე ისეთი შთაგონებით გველაპარაკებოდა, რომ თავისი სარწმუნოება შეგვაყვარა. დროზე რომ არ წამოვსულიყავით, უკვე მეშინოდა, რამდენიმე თანამგზავრი ბუდიზმის მიმდევარი არ გახდეს-მეთქი.
- ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ ტურის დროს?
- ფრენის შიში არა მაქვს, მაგრამ ტურბულენტურ ზონაში რომ შევალთ და თვითმფრინავი ძიგძიგს იწყებს, ლამის გული გამიჩერდეს. ამ დროს სულ დაძაბული ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ, ძალისძალად ვიცინი, ტურისტები რომ არ შევაშინო. იმათ ვამშვიდებ, მაგრამ მათზე მეტად მე მეშინია.
და ბოლოს, ყველაზე მეტად რა მომწონს: ზამთარში აქ რომ ცივა, ყინვაა, ამ დროს მე დუბაიში ან რომელიმე თბილ ქვეყანაში მივდივარ, ზღვაზე ფოტოებს ვიღებ და რამდენიმე დღით ზაფხულში ვბრუნდები. ამ საქმეს მართლაც აქვს ის ხიბლი, რომელმაც ძალიან ჩამითრია და დამაინტერესა.
ხათუნა ჩიგოგიძე