წყალტუბოს მიტოვებული მარგალიტი
"მახსოვს ხორაგაული - სევდიანი სადგური..." - გალაკტიონ ტაბიძის ეს ლექსი შემთხვევით წამომიტივტივდა, როდესაც წყალტუბოს რკინიგზის სადგური ვნახე. რა თქმა უნდა, ყველას არ ემახსოვრება წყალტუბოს რკინიგზის სადგური, მაგრამ უფროს თაობას, ალბათ, უეჭველად უნახავს, როგორ მიდი-მოდიოდნენ მატარებლები ამ სადგურის წინ თავიანთი უჩინო და ჩინიანი მგზავრებით, რომლებიც აქ საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან მოემგზავრებოდნენ, თანაც, განა უბრალოდ მოემგზავრებოდნენ... სადგურში, სადაც ახლა არც ერთი მატარებელი აღარ დგას, მატარებელთა რიგი ათასობით მგზავრს ელოდა. "განსაკუთრებულებს" კი იქვე მიწისქვეშა თავშესაფრებშიც ჰქონდათ ადგილი, ხომ შეიძლება "დამპალ ამერიკას" ცუდ ხასიათზე გამოეღვიძა და რუსი გენერლებისთვის ბომბები მაინცდამაინც წყალტუბში დაეშინა! კი, ესეც იყო გათვალისწინებული. დღეს კი, ალბათ, უკვე აღარც არის ის ხალხი, ვინც ამ თავშესაფრების პოტენციალი იცის. სამაგიეროდ, ყველამ იცის და ხედავს წყალტუბოს რკინიგზის სადგურს, რომელსაც სილამაზით ბადალი, ალბათ, ძნელად მოეპოვება: საბჭოთა დამსვენებლების კომფორტისათვის აგებული შენობა წყალტუბოს მიტოვებული მარგალიტია, რომელიც თვალს იტაცებს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიდა ინტერიერითაც.
წყალტუბოს სადგური გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა და 90-იან წლებამდე იმუშავა, ვიდრე იქ ყოფილ საბჭოთა გენერლებს ფეხი არ ამოეკვეთათ, მათ საამებლად აშენებული რკინიგზის სადგური კი წყალტუბოელებს დარჩათ. ნოდარ ხარაზიშვილს სევდიან სადგურზე იმედით ვესაუბრეთ:

- ბატონო ნოდარ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ პატარა ქალაქის ეს ბრწყინვალე ნაგებობა ასე განადგურდებოდა.
- ეს სადგური წყალტუბოს მარგალიტია. ასე იყო, არის და იქნება, თუკი ვანდალებივით არ მოვიქეცით და ბოლომდე არ დავანგრევთ. ეს შენობა ერთხანს აღადგინეს და გაალამაზეს, მაგრამ მატარებლები აღარ დადიან, ფუნქცია აღარ აქვს და ისევ ინგერვა. როგორ არ შეიძლება სადგურს რაიმე ფუნქცია მოუფიქრონ, მაგრამ მაგას აქაურები ვერ მოვაგვარებთ და კი ინგრევა უპატრონობით.
- მართალია, რომ სადგურთან ახლოს რამდენიმე საომარი თავშესაფარი იყო?
- ტყუილი რატომ უნდა იყოს. მთელი საბჭოთა კავშირის გენერლობა წყალტუბოში ისვენებდა და მათ გადასარჩენად ააშენეს ეგ თავშესაფრები. განა მარტო სადგურთან იყო. რუსეთი ომის ქვეყანაა, თავის გენერლებს ისე უფრთილდებოდნენ, როგორც ჩვენ ოქროს!
- რას მკურნალობდენ ის გენერლები წყალტუბოში?
- სახსრებს... ხალხი ახლაც მაგიტომ მოდის აქ. ჩვენს წყალს ძალა კი არ დაჰკარგვია, ისევ აქვს.

- ანუ კურორტი მუშაობს?
- როგორ არ მუშაობს. მაგ საქმეში ქუთაისელმა ებრაელებმა ძალიან გვიშველეს, განსაკუთრებით იმ წლებში, როდესაც წყალტუბოს ნგრევა დაიწყო. გამოჯანმრთელების გამოცდილება ჰქონდათ და თავისიანებს უბიძგეს ისრაელიდან, წადით და წყალტუბოში დაისვენეთ, შეუფასებელიაო. ხალხიც მოდიოდა და ახლაც მოდის. კავკასიელები სულ დადიან, აზერბაიჯანელები და სომხებიც, რუსები ნაკლებად, სამაგიეროდ, უცხოელები გამოჩნდნენ. თავად გვეუბნებიან, ისე მოგვიხდა თქვენი წყალი, აწი სულ მანდ ვივლითო.
- დაე იარონ, ეგებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინ მაინც მოიფიქროს და სადგურს ფუნქცია მიანიჭოს. როგორც ადამიანი ვერ ცხოვრობს დიდი ხნით უმოქმედობით, ისე ვერ ცხოვრობენ შენობები და კვდებიან. მე მინდა ეს სილამაზე არ მოკვდეს.
- ჩვენც ეგ გვინდა. ჩვენი ლამაზი წყალტუბო მაგ სადგურის გარეშე თითქოს არაფერია. უცხოელებმა აქაურობაზე ფილმი გადაიღეს და სადგური რომ ნახეს, გაგიჟდნენ, ეს რა გიქნიათ, ჩვენ კი ხმას ვერ ვიღებდით სირცხვილით. ახლა ამასვე ვეტყვი ხელისუფლებას - რას შვრებით! ჩვენი მატარებელიც ჩაივლის ოდესღაც, იმდენი მაინც როგორ არ უნდა მოვასწროთ, შთამომავალმა ჭიქა რომ ასწიოს და ჩვენი ერთი კარგი საქმე მაინც გაიხსენოს. თქვე კაი ხალხო, ერთად მაინც მოვიფიქროთ რაიმე ასეთი სილამაზის გადასარჩენად და ეგებ ჩვენც გადავრჩეთ შთამომავლებისგან აუგად მოხსენიებას.