ქალებზე ძალადობა ისევ უმძიმესი პრობლემაა - კვირის პალიტრა

ქალებზე ძალადობა ისევ უმძიმესი პრობლემაა

ამ დღეებშიც ფემიციდის ორი უმძიმესი ფაქტი მოხდა. კლინიკაში გარდაიცვალა­ 34 წლის თათია ლომინაძე, რომელსაც სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი ჰქონდა. ის ყოფილმა ქმარმა ჯერ ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ სახეში მჟავა შეასხა და ბენზინით აალებული ნივთით ცეცხლი წაუკიდა. გასულ კვირას კი კახეთში 73 წლის კაცმა 53 წლის ცოლი მოკლა. ორივე შემთხვევაში ითქვა, რომ მოძალადეებზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული, თუმცა მსხვერპლები ამან ვერ დაიცვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ქალებზე ძალადობის ფაქტებზე გაცემულია 404 შემაკავებელი ორდერი. 2024 წელს 1629 პირზე გაიცა შემაკავებელი ორდერი. წელს, ივნისამდე, განსაკუთრებით 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებზე იძალადეს და 234 ქალს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი. ამ ასაკის 234 მოძალადე მამაკაცს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. 18-დან 24 წლამდე ასაკის 76 ქალს აქვს მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ამ ასაკის 48 მოძალადეს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი; მსხვერპლის სტატუსი აქვს 45-დან 60 წლამდე ასაკის 42 ქალს და ამავე ასაკის 70 მამაკაცს გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი; 61 წლის ზემოთ 14 ქალს აქვს მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ამ ასაკის 10 მამაკაცზეა გაცემული შემაკავებელი ორდერი. ამავე სტატისტიკის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი გამოწერილია 20 ქალზე. მათი უმრავლესობა, 14 ქალი, 25-დან 44 წლამდე ასაკისაა.

ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბოლო დროს სახელმწიფომ შეასუსტა ძალადობის მსხვერპლთა დაცვა. მოძალადეების უმრავლესობა საპატიმროს 2000-3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ტოვებს.

გოგა ხატიაშვილი, უფლებადამც­ველი:

- ბატონო გოგა, კასპში სადისტურად მოკლული თათია ლომინაძის ყოფილ ქმარზე, ზურაბ ბურდულზე გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ახლახან კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც მეზობლები ამბობენ, მოკლული თამარ დენტოშვილი ძალადობის მსხვერპლი იყო და ამაზე ინფორმაცია ჰქონდათ სამართალდამცავებსაც, შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს მოძალადისგან?

- თუ დასტურდება, რომ ამ ფემიციდამდე მსხვერპლს მიმართული ჰქონდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, რომ ძალადობის მსხვერპლია და ამის შემდეგ ძალადობა დასრულდა ადამიანის მკვლელობით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებითა და სტანდარტებით, საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

გამოდის, ამ სტანდარტის თანახმად, სახელმწიფომ იცოდა საფრთხის შესახებ, მაგრამ ვერ მიიღო სათანადო ზომები, რათა ფემიციდის ფაქტები თავიდან აეცილებინა.

წინა წლებშიც იყო არაერთი საქმე, როდესაც სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირების მიუხედავად, მძიმე შემთხვევები თავიდან ვერ იქნა არიდებული. ფემიციდის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ სახელმწიფომ დაარღვია თავისი ვალდებულება. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე მინიმუმ 11 ოფიციალური შეტყობინება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში და არაეფექტიანი ზომების გატარების, ან ამ ზომების გაუტარებლობის გამო უმძიმესი შედეგი ვერ იქნა აცილებული და ყველა ამგვარ საქმეში სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი აქვს დარღვევა.

ბოლო წლებში სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის ოჯახში ძალადობამ დაკარგა პრიორიტეტი. მათთვის ეს არ აღიქმება სათანადო სერიოზულობით და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით გვაქვს მსხვერპლის დაცვისა და დახმარების მექანიზმები, სამართალდამცავი ორგანოები არ ან არაეფექტიანად იყენებენ, რაც შემდგომში ფატალურ შედეგებს იწვევს და პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება სახელმწიფოს. ბოლო დროს სწორედ ამ მიდგომამ გააუარესა ქალებსა და ოჯახებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და შემთხვევები. ფაქტობრივად, მიმდინარე წელი ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე იყო, თითქმის თვე არ გავა, არათუ ერთი, არამედ ორი-სამი ასეთი ფაქტი არ მოხდეს, რაც მთლიანად სახელმწიფოს არაეფექტურ მუშაობას მიეწერება.

034d0000-0aff-0242-d978-08dad2e698d6-w408-r0-s-1760302012.jpg

- შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს?

- შემაკავებელი ორდერი არის მსხვერპლთა დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და არა ერთადერთი.

არსებული გამოცდილება ადასტურებს, რომ შემაკავებელი ორდერი უფრო ეფექტიანია დაბალი ხარისხის, დაბალი ინტენსივობის ძალადობის დროს. ძალადობის სხვადასხვა ფორმა არსებობს, ამიტომაც ყველა შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი ვერ იცავს მსხვერპლს. მაგალითად, ექიმთან მივდივართ, ექიმი ჯერ ანალიზებს ჩაგვიტარებს, შეაფასებს ჩვენს მდგომარეობას და მერე ნიშნავს მკურნალობას, რომელიც ინდივიდუალურია, პაციენტზე მორგებული. ზუსტად ანალოგიური პრინციპი მოქმედებს აქაც - პოლიციელი ვალდებულია, შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რისკები და იმის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, შემაკავებელი ორდერი გასცეს მხოლოდ თუ ელექტრონული სამაჯურიც გაუკეთდეს მოძალადეს, და ამ ყველაფერთან ერთად გამოძიება დაიწყოს თუ არა. ამიტომ საკითხავია, რატომ დაკმაყოფილდა პოლიციის თანამშრომელი მხოლოდ შემაკავებელი ორდერით და საჭირო იყო თუ არა სხვა დამატებითი საშუალებები. შემაკავებელი ორდერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ თუ არსებობს სერიოზული რისკები, ბუნებრივია, შემაკავებელი ორდერი ვერაფერს გახდება, ამიტომ შემაკავებელ ორდერს, იმაზე მეტი ტვირთი არ უნდა დავაკისროთ, რისი აწევაც არ შეუძლია. ეს შემთხვევები გვაფიქრებინებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა ის დაცვის ღონისძიებები არ გამოიყენა, რის შესაძლებლობასაც მას აძლევდა კანონმდებლობა. გასაგებია, რომ პოლიციელს დისკომფორტს უქმნის ის, რომ გამოიყენოს ელექტრონული სამაჯური, რომელიც მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ელექტრონული ზედამხედველობა შემაკავებელ ორდერთან ერთად გამოიყენება და უფრო ეფექტიანი გახადა მსხვერპლის დაცვა. უბრალოდ, არის ერთი მომენტი -

ელექტრონული სამაჯურის გამოსაყენებლად საჭიროა მსხვერპლის თანხმობა, თუ ის თანხმობას არ აცხადებს, პოლიციელი მას ვერ გამოიყენებს. ხშირად არაინფორმირებულობის ან არასწორი ინფორმაციის ქონის გამო მსხვერპლი უარს ამბობს ელექტრონული სამაჯურის გამოყენებაზე.

- მსხვერპლს რა დისკომფორტს უქმნის ის, რომ მოძალადე ელექტრონული სამაჯურით ივლის, რატომ უნდა თქვას უარი?

- არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, უბრალოდ, ზოგჯერ მსხვერპლს აქვს არასწორი წარმოდგენა ამის შესახებ და პოლიცია ვალდებულია მას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია. ზოგჯერ პოლიცია განზრახ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის მსხვერპლს, რათა ის იძულებული გახდეს უარი თქვას. მაგალითად, მომისმენია, თითქოს თუ მოძალადე ელექტრონულ სამაჯურს გამოიყენებს, შეიძლება რაღაც დაავადება გაუჩნდეს მსხვერპლს, ან კიდევ ვიღაც უთვალთვალებს და აკონტროლებს მის პირად ცხოვრებას. ბუნებრივია, როდესაც მსხვერპლის აქვს ამგვარი წარმოდგენა, უარს იტყვის.

- როცა პოლიცია მოძალადისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთებას გადაწყვეტს, მას ევალება მოძალადის გაკონტროლება და ეს უქმნის პოლიციელებს დისკომფორტს, რადგან არ სურთ კუდში სდიონ მოძალადეს?

- არა, ამის გაკონტროლება პოლიციას არ უწევს.

"112~-ის სამსახურში შექმნილია მონიტორინგის ცენტრი და მათი თანამშრომლები ახდენენ მონიტორინგს. თუ ისეთი განსაკუთრებული სიტუაციაა, რომ უცებ საფრთხე გაჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ გადაამისამართებენ საქმეს პოლიციაში. უბრალოდ, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები სჭირდება.

ამ დროს მოსამართლეებზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, რადგან ზედამხედველობის თაობაზე გადაწყვეტილებას შსს-ს თანამშრომელი იღებს, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება სასამართლოში მიდის დასამტკიცებლად. საბოლოოდ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, ადამიანს ზედამხედველობა დარჩეს თუ არა. პოლიციას ევალება, გარდა იმისა, რომ ტექნიკურად უნდა აღჭურვოს მხარეები სათანადო მოწყობილობით, არამედ ევალება ისიც, რომ ეს დოკუმენტი სასამართლოში წაიღოს, დაამტკიცოს, რომ ამის გამოყენება აუცილებელია და სამართლებრივად გააგრძელოს საქმეზე მუშაობა.

082a5434-1024x683-1760302012.jpg

- ადვოკატები ხშირად არიან უკმაყოფილო მოსამართლეების გადაწყვეტილებებით, რადგან სასამართლო უკვე აღარ უსჯის პატიმრობას მოძალადეს და იფარგლებიან 2000 ან 3000-ლარიანი გირაოთი. ასეთი მიდგომაც ხომ არ ახალისებს მოძალადეებს?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რისკები და საფრთხეები ყველა ორგანომ შეაფასოს. ეს იქნება გამომძიებელი, პროკურორი თუ მოსამართლე. ბუნებრივია,

როდესაც მოსამართლე სათანადოდ ვერ აფასებს რისკებსა და საფრთხეებს, კვლავ პოტენციურ საფრთხეს უქმნის მსხვერპლი ქალის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მან ისეთი ღონისძიება გამოიყენა, რომელიც არ იყო ძალადობის პრევენციის გარანტია. ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი სისტემა განიცდის კრახს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, რისკები ყველა ეტაპზე შეფასდეს და ამის შესაბამისად დაიგეგმოს რა ტიპის დაცვისა და დახმარების მექანიზმები უნდა იქნეს გამოყენებული.

- რა არის გამოსავალი, რომ არ იყოს ასეთი უმძიმესი ვითარება?

- გენდერული უთანასწორობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს ძალადობისთვის. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ზიანის მომტანი გენდერული სტერეოტიპების შეცვლასა და აღმოფხვრაზე; მეორე - მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება, მათ შორის საზოგადოების ინფორმირებულობა, პროფესიონალიზმი, კვალიფიკაციის ამაღლება, გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარება მოძალადეებთან, რომლებიც ძალადობის ჩამდენ რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან. ეს პირდაპირ წერია კანონში, მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების, ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური გაძლიერება და უკვე მოგვიანებით მომხდარ შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება.

იმის გამო, რომ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი სისტემური პრობლემაა, ამიტომ დაშვებული შეცდომა მარტო იმ საქმეს კი არ ვნებს, არამედ სხვა მსხვერპლებსაც დუმილისკენ უბიძგებს.

ჩვენთან პრევენციული პოლიტიკა თითქმის არ არსებობს, რეაგირება უეფექტოა და ასეთი მძიმე შემთხვევებიც სწორედ ამიტომ ხდება.

ელისო რუხაძე, ქალთა უფლებადამცევლი, ადვოკატი:

- სახელმწიფო ტოლერანტულია მოძალადეების მიმართ და უმეტეს შემთხვევაში მათ არ უსჯიან პატიმრობას, მხოლოდ დაბალ გირაოს უწესებენ, რომლის გადახდა ძალიან მარტივია მათთვის. მერე მოძალადე ზემოქმედებას ახდენს მსხვერპლზე და აჩუმებს. მსხვერპლიც ხედავს, რომ მას სახელმწიფო ვერ იცავს და გაჩუმებულია, არ მიდის პოლიციაში საჩივრის დასაწერად, რადგან ამის ცუდი გამოცდილება აქვს. ისიც ფაქტია, რომ შემაკავებელი ორდერი ხშირად ვერ იცავს მსხვერპლს მომეტებული რისკებისგან. ამიტომაც გვაქვს თვითმკვლელობის ბევრი საქმე. არის შემთხვევები, როცა ბავშვებმაც ვერ გაუძლეს ოჯახში ძალადობას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები პრევენციისთვის. თუნდაც აღკვეთის ღონისძიების სწორად შერჩევით. ჩემი აზრით, აუცილებელია მოძალადეების ელექტრონული სამაჯურით აღჭურვა. ელექტრონული სამაჯურის დამაგრებამდე მსხვერპლის პროფესიონალურად გამოკითხვაა საჭირო სპეციალური კითხვარების მიხედვით და სწორედ ამის საფუძველზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

პოლიციის განყოფილებებში მისულ მსხვერპლს ეუბნებიან, მოდი, მსუბუქად შევავსოთ ეს ანკეტა, ნაკლებ კითხვაზე ვუპასუხოთ, დადებითადო, ვინაიდან ელექტრონული სამაჯურის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას სჭირდება მაღალი ქულები, შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

ეს არის გამოსავალი, მაგრამ არ უნდათ, რადგან მოძალადეზე ზედამხედველობა საკმაოდ შრომატევადია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მოძალადესაც დიდ დისკომფორტს უქმნის ელექტრონული სამაჯური. მას აკვირდებიან, სად მიდის, რას აკეთებს, ვის ხვდება. ამით ახსენებს სახელმწიფო, რომ მოძალადეა და თუ არ გამოსწორდება, სამაჯურს ვერ მოიშორებს. სამაჯური ძალიან კარგი საშუალებაა პრევენციისთვის. მე არ მახსოვს სამაჯურშებმულ პირს მკვლელობა ჩაედინოს. ამიტომ ელექტრონული სამაჯური ფემიციდის თავიდან აცილების უალტერნატოვო გზაა.

როდის შეიძლება გაუკეთდეს მოძალადეს ელექტრონული სამაჯური და როგორ იცავს ის მსხვერპლს?

ელექტრონული ზედამხედველობა არის პოლიციელის მიერ დაწესებული ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება, რომელიც აკონტროლებს მოძალადის მსხვერპლთან მიახლოებას. ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და ასევე მისი მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს. ელექტრონული ზედამხედველობა წყდება შემაკავებელი ორდერის ამოწურვის შემდეგ.

კანონმდებლობის თანახმად, ყველა მოძალადე, რომელსაც გამოეწერება შემაკავებელი ორდერი, არ ექვემდებარება ელექტრონულ ზედამხედველობას. ელექტრონული ზედამხედველობა წესდება განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე და ამასთანავე, ელექტრონულ ზედამხედველობაზე არის მსხვერპლის თანხმობა. ძალადობის განმეორების საფრთხეს პოლიციელი აფასებს რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. კითხვარი, რომელიც შემაკავებელი ორდერის გამოწერასა და ელექტრონულ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი, სულ 19 კითხვისგან შედგება. ჯამში 15 ქულის დაგროვების შემთხვევაში პოლიციელს აქვს ვალდებულება, რომ შეადგინოს ელექტრონულ ზედამხედველობაზე ოქმი. თუკი ქულათა რაოდენობა 10-დან 15-მდეა, პოლიციელი გადაწყვეტს, უნდა დაწესდეს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა მოძალადეზე. თუკი პასუხების ჯამი 10 ქულაზე ნაკლებია, ელექტრონული ზედამხედველობა არ წესდება.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების გადაწყვეტილებას აუცილებლად უნდა ახლდეს მსხვერპლის თანხმობაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედამხედველობა არ დაწესდება. ამის შემდეგ მხარეები, მსხვერპლიცა და მოძალადეც, აღიჭურვებიან შესაბამისი მოწყობილობებით. მოძალადეს წვივზე უმაგრდება ელექტროსამაჯური და ამასთანავე გადაეცემა მიმღები მოწყობილობა. მსგავსი ტიპის მიმღები მოწყობილობა გადაეცემა მსხვერპლსაც. პოლიციის ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ ოქმი მომდევნო 24 საათის განმავლობაში იგზავნება სასამართლოში, რომელიც მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში, თუკი არ დაამტკიცებს ოქმს, ელექტრონული სამაჯური იხსნება და ზედამხედველობა წყდება.

ეს მოწყობილობა ითვლის მსხვერპლსა და მოძალადეს შორის არსებულ დისტანციას და მსხვერპლს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მოძალადის მოახლოებას. მსხვერპლის მიმღებ აპარატს აქვს დახმარების ღილაკის ფუნქცია. დახმარების ღილაკის გააქტიურების შემთხვევაში, განგაშის სიგნალი იგზავნება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში. ელექტრონული ზედამხედველობის დროს კონტროლი მსხვერპლსა და მოძალადეზე ხდება 24 საათის განმავლობაში. მათ გადაადგილებას თვალყურს ადევნებს "112~-ში განთავსებული მონიტორინგის სამსახური. "112~-ისგან სიგნალი მისდის მსხვერპლსა და მოძალადეს იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადე, თუნდაც შემთხვევით, აღმოჩნდება მსხვერპლთან 500-მეტრიან რადიუსში. კანონმდებლობით დადგენილია სტატიკური და დინამიკური საგანგაშო ზონები. სტატიკური საგანგაშო/ბუფერული ზონა გულისხმობს წინასწარ მითითებულ ადგილებს, როგორიცაა სახლი, სამსახური, ხოლო დინამიკური საგანგაშო ზონაა მსხვერპლის გადაადგილებისას მისი ადგილმდებარეობის შესაბამისად წარმოქმნილი გეოგრაფიული ზონა. ბუფერულ ან საგანგაშო ზონებში მოხვედრისთანავე, მოძალადე "112~-ის თანამშრომლის მიერ იღებს გაფრთხილებას ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვების შესახებ და ის ვალდებულია, დატოვოს ტერიტორია.

როგორც იურისტები ამბობენ, ელექტრონული სამაჯური მსხვერპლს 100%-ით იცავს მოძალადისგან. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ელექტრონულ ზედამხედველობას მინიმუმამდე დაჰყავს ძალადობის განმეორების რისკი.