"მფრინავი ხატის მისტიკური ამბავი პირველად ჟან შარდენმა ჩაწერა... ზურაბ კიკნაძე წერს, "ეს მაშინ ხდება, როცა სიწმინდეს აღარ მოსწონს თავისი "საარსო ადგილი". რაღაც მიზეზით აფრენილა და მაღალ კლდეზე დაბრძანებულა"
"შალიანმა ჯილდოდ მიღებული ჯვარცმის ხატი სვანეთში წაიღო, მაგრამ თურმე ერთი ქალი შესჩენია და შალიანი ღამით თავისთან დაუტოვებია, კალელებმა - განრისხებულმა ქმარმა და თანასოფლელებმა ხატი წაართვეს"
სვანეთი იდუმალებით მოცული მხარეა, სადაც მითები, ლეგენდები და რეალობა იმდენად შესისხლხორცებია ერთმანეთს, რომ ძნელია გაარჩიო, სად მთავრდება რეალობა და სად იწყება მითი. სწორედ აქ, მაღალი კლდის ქიმზე, კალას სალოცავში ინახება შალიანის ხატი - სვანეთის ერთ-ერთი უმთავრესი სიწმინდე და საფიცარი, რომელიც განთქმულია თავისი ძლიერებით. შალიანი ბიზანტიური სანაწილე ხატია. როგორც სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი რუსუდან ჯაფარიძე ამბობს, ხატში ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი იყო დაბრძანებული. თუმცა XIX საუკუნეში, როდესაც მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი სვანეთში მოგზაურობდა, ეს ნაწილი უკვე აღარ ჩანდა. მომინანქრებული ხატი შემკულია ძვირფასი ქვებით. მასზე გამოსახულია მაცხოვრის ჯვარცმა, წმინდა კონსტანტინე და ელენე და ჯოჯოხეთის წარტყვევნის სცენა. შალიანის ხატი იმდენად დიდი სიწმინდეა, რომ მისი ნახვის უფლება ყველას არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხატი ხელოვნებათმცოდნეების მიერაა აღწერილი, საზოგადოებას მისი ხილვის საშუალება არ ეძლევა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მისტიკას, რომელიც ამ უძველეს საგანძურს გარს აკრავს.
ლეგენდები შალიანის შესახებ
ხატის სახელწოდება უკავშირდება სვან შალიანს, რომელმაც ჯვარცმის გამოსახულებიანი ხატი სწრაფად შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიიღო.
დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის ჩაწერილი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ, სოფელ ზეგანში, იფარის საზოგადოებაში მცხოვრები შალიანის შვილს, ერთ დღეს სამწყემსურში ყოფნისას ძროხისთვის მინდორში ნაპოვნი ქვა უსვრია, ქვას ტყვიასავით გაუხვრეტია ძროხა და იქვე მოუკლავს. შალიანს მოუნახავს ეს ქვა და მჭედლისთვის ცელი გამოუჭედინებია, რომლისთვისაც ფოლადის ნაცვლად ეს ქვა ჩაუტანებია.
დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის ჩაწერილი ვერსიით, იმ დროს სვანებს იმერეთის მეფისთვის გეგუთის ვრცელი მინდორი ერთ დღეში უნდა მოემკათ. შალიანი მეფესთან მისულა: "თუ ამ მინდორს მარტო მოვთიბავ, რასაც ვისურვებ, მაჩუქე". მეფე დათანხმდა. შალიანმა ცელი ცხენის კუდზე მოაბა და საღამოსთვის მთელი მინდორი მოთიბა. ჯილდოდ კი ჯვარცმის ხატი ითხოვა და სვანეთში წაიღო, მაგრამ თურმე ერთი ქალი შესჩენია და შალიანი ღამით თავისთან დაუტოვებია, კალელებმა - განრისხებულმა ქმარმა და თანასოფლელებმა ხატი წაართვეს და მონასტერში დააბრძანეს.
ამ ვერსიის თანახმად, შალიანის ხატის სვანეთში მიბრძანებისას წმინდა კვირიკეს მონასტერი უკვე აშენებული ყოფილა. თუმცა ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებით, სწორედ შალიანის ხატისთვის ააგეს კალას ლაგურკა.
სვანებმა ვერ გადაწყვიტეს, სად დაესვენებინათ სიწმინდე, ამიტომ უღელში ხარები შეაბეს, ხატი ბოძზე დაამაგრეს და გაუშვეს. ხარებმა გადალახეს ენგური და მთის წვერზე, დღევანდელი ლაგურკას ადგილას გაჩერდნენ. სვანებმაც სწორედ იქ ააგეს ეკლესია და ხატიც იქ დაასვენეს.
შალიანის ხატს მითური ამბავიც მიეწერება: ცოცხალ არსებასავით ფრენას იწყებს. როგორც ზურაბ კიკნაძე წერს, "ეს მაშინ ხდება, როცა სიწმინდეს აღარ მოსწონს თავისი „საარსო ადგილი". თავდაპირველად შალიანის ხატი სოფელ ზეგნის ეკლესიაში ყოფილა დასვენებული, მაგრამ რაღაც მიზეზით აფრენილა და მაღალ კლდეზე დაბრძანებულა. სწორედ ამ ადგილას ააშენეს კალელებმა ეკლესია და ლაგურკა უწოდეს.
მფრინავი ხატის მისტიკური ამბავი პირველად ფრანგმა მოგზაურმა შარდენმა ჩაწერა ხეთის მთავარანგელოზის ხატზე, რომელიც ეკლესიის მახლობლად ჭაობიანი ადგილიდან ბაყაყების გამაყრუებელ ყიყინს შეუწუხებია და მთის წვერზე გაქცეულა.
ქვემოსვანური ლეგენდა
ეკა ჯკუასელს, სამეცნიერო ნაშრომში, შალიანის ხატის შესახებ მოყვანილი აქვს ქვემო სვანური გადმოცემა. ხატი თავდაპირველად სოფელ ფხუტრერის ეკლესიაში იყო დაბრძანებული. ლეგენდის თანახმად, ყოველ გაზაფხულზე ამ ადგილას ფურირემი თავის ნაშიერს ტოვებდა. თუმცა ერთ დღეს ხატი მოულოდნელად გაუჩინარდა. ეს ამბავი პირველად XIX საუკუნეში მოგზაურმა ალექსი სტოიანოვმა ჩაწერა. ლეგენდის მიხედვით, ხატი სკივრში ჩააბრძანეს, ჯაჭვებით დაამაგრეს და სამი მცველი დაუყენეს.
„შალიანის“ დაკარგული „ძმა“
სტოიანოვმა ფხუტრერში კიდევ ერთი უნიკალური ხატი იხილა, რომელსაც "მოჭქვილს"“ ანუ „"მოჭიქულს"“ ეძახდნენ. მას "შალიანის"“ ხატის„"ძმასაც"“ კი ეძახდნენ. ეს ხატიც იმდენად დიდ სიწმინდედ ითვლებოდა, რომ მისი მოხსენიება მოკლე ლოცვის დროსაც სავალდებულო ყოფილა. ხატი აღწერილი აქვს ხელოვნებათმცოდნე კიტი მაჩაბელს: "ხატი მარმარილოს ფირფიტებით ყოფილა დაყოფილი, რომელთა შორისაც ეტრატზე დახატული მინიატიურები იყო მოთავსებული, ეს ყველაფერი კი ზემოდან მინის ფირფიტებით იყო დაფარული, რის გამოც მას "მოჭიქული" ეწოდა". ისტორიკოსების აზრით, "მოჭქვილი" ხატის შესრულების მანერა ჩრდილოეთ იტალიისა და გერმანიის დეკორატიული ხელოვნების გავლენას განიცდის. შალიანის ხატის გარეგნული აღწერილობაც, რომელიც ასევე მომინანქრებული, მოჭედილი და ძვირფასი ქვებითაა შემკული, სწორედ ამავე სკოლების გავლენას მიეწერება. მაჩაბლის აზრით, ორივე ხატი, ისევე როგორც სხვა რელიკვიები (მაგალითად, ლატალის იანაშის ჯვარი და უშგულის მურყმერის ჯვარი) შესაძლოა ბიზანტიური ან იტალიური სკოლების გავლენითაა შექმნილი და თავდაპირველად სვანეთის ერთ ეკლესიაში იყო დავანებული, სანამ სხვადასხვა ადგილზე გადანაწილდებოდა.
შალიანის ხატის მცველები
შალიანის ხატს წელიწადში მხოლოდ ორჯერ თუ შეეხება კაცის ხელი: აღდგომის კვირის შაბათს და 28 ივლისს - კვირიკობის ("ლაგურკა"“) დღესასწაულზე. ამ დღეებში ხატზე ხელის ხლების უფლება რჩეულ პირებს, მოკილებს ანუ ტაძრის მცველებს ეძლევათ. მათ აღდგომის დამდეგ კვირას ირჩევენ. ამ დღეს "ლაგურკაში" თავს იყრის მთელი კალას თემი. რჩეულ პირებს უფლება აქვთ, შემდგომ აღდგომამდე მიხედონ და უპატრონონ მონასტერს.
აღდგომის კვირის შაბათს და კვირიკობის დღეობაზე შალიანის ხატს წყალში ავლებენ. ხატის ნაბანი წყალი წმინდად ითვლება და სასოებით ინახავენ სპილენძის სურაში, რომელიც სასანური ხელოვნების ნიმუშია. ხატისაგან განსხვავებით, რომელიც მუდმივად მონასტერში უნდა იყოს დაცული, წმინდა წყლით სავსე სურის ეკლესიიდან გატანა შესაძლებელია. განსაკუთრებულ შემთხვევებში მას სოფლიდან სოფელში ჩამოატარებენ და ფიცის დადებისას იყენებენ. წყალი მძიმე ავადმყოფებთან შინ მიაქვთ, ხოლო ვისაც ფეხზე დგომა შეუძლია, ის თავად ეახლება მონასტერს, სადაც ავადმყოფის "ამენით" დალოცვის რიტუალი სრულდება. ავადმყოფის პატრონი შეპირებული საკლავის გულ-ღვიძლს, სალოცავ პურებს - ლემზირებს და არყით სავსე დოქს დააწყობს ტაბლაზე, აანთებს სანთლებს და მლოცველებს შესთხოვს ავადმყოფის დალოცვას. ლოცვას ("ლიმზირი") გარშემო მყოფი ხალხის "ამენ" აგვირგვინებს.

ფიცი, როგორც სიმართლის გარანტია
ხშირად ფიცის დადებისას მთავარ როლს ხატის ნაბანი წყალი თამაშობდა. მას იმდენად დიდი ძალა ჰქონდა, რომ ბოროტმოქმედი ვერ გაბედავდა მისი თანდასწრებით ტყუილის თქმას. ამ ტრადიციის ძალაზე ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია 1912 წელს მოხდა. სვანეთში ქურდობა ძალიან მომრავლდა და ხალხი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეგნატე გაბლიანის ხელმძღვანელობით, 3000 სვანი შეიკრიბა „"ლაგურკაში" ბუგიდ ლიგურცამის“ (უძლიერესი ფიცის) დასადებად. ამბობენ, რომ ამ ფიცის დროს ბევრ ქურდს შიშისგან ტანი აუკანკალდა, შემდეგ კი ერთად აღმოაჩინეს 750-მდე ქურდობის ფაქტი და დაზარალებულებს ნაქურდალი დაუბრუნეს. ხალხმა ფიცი დადო, რომ 5 წლის განმავლობაში ქურდობას აღარ ჩაიდენდნენ. მართლაც, ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი ქურდობის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შალიანის ხატის ნაბანი წყლით დაფიცების წესზე საინტერესო ამბავს ჰყვება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის ღვთისმსახური, მამა იოსები.
"მედიატორები - სოფლის ყველაზე პატივსაცემი ადამიანები - მხარეებს ხატთან მიიყვანდნენ და სიმართლის თქმას აფიცებდნენ. მედიატორებიც იფიცებდნენ, რომ მიუკერძოებლები იქნებოდნენ. ღვთის შიში და რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ფიცი სიმართლის უძლიერეს გარანტიას წარმოადგენდა და კონფლიქტები მშვიდობიანად წყდებოდა".
ამ რწმენის ძალას კიდევ ერთი ისტორია ამტკიცებს: ერთხელ უკეთურმა ადამიანებმა ტაძრიდან სიწმინდეები მოიპარეს. სოფელმა ვერ გაარკვია, საით გაიქცნენ მძარცველები, მაგრამ მოხდა სასწაული - ისინი გზას ასცდნენ და კვლავ იმ ადგილას დაბრუნდნენ, საიდანაც სიწმინდე წაიღეს. დანაშაული საჯაროდ გამოაშკარავდა და მძარცველები ქვებით ჩაქოლეს.
კალას "ლაგურკა"
ციცაბო მთის წვერზე აგებული ტაძარი ზემო სვანეთის ერთ-ერთი გამორჩეული სალოცავია. სალოცავამდე გრძელი საცალფეხო ბილიკით მიდიხარ. შორიდან ისე ჩანს, გეგონება, ზედ ცის კამარაზე გამოუსახავს შემოქმედის ხელსო. მთა ხშირი წიწვოვანი ტყითაა დაფარული და სვანი იქ ხის ტოტსაც არ მოტეხს. ბართოლომეის (რუსი მოხელე და ნუმიზმატი), რომელმაც 1854 წელს სვანეთში იმოგზაურა, კალელებმა განუმარტეს, რომ საეკლესიო ტყით სარგებლობა მხოლოდ მონასტრის საჭიროებისთვის იყო შესაძლებელი.
ლაგურკა, როგორც სვანები კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის მონასტერს უწოდებენ, მეათე საუკუნის ქმნილებაა. ტაძრის სახელწოდება, "ლაგურკა", სიტყვა „"გურის"“ ფუძიდან მომდინარეობს. სვანურად "გური" წმინდა ადგილს ნიშნავს. კალის "ლაგურკა" XVIII საუკუნის დამლევამდე მოქმედებდა, როგორც დედათა მონასტერი. მონასტერში მოღვაწეობდნენ არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოშობის სასულიერო პირები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის და თვით სამეფო დინასტიის წარმომადგენლებიც კი. ლაგურკის მონასტერში მონაზვნად შემდგარა იმერეთის მეფის ასული თეკლა, რომელიც, როგორც ჩანს, იყო "იმერთა მეფის ბაგრატის ასული თინათი, იგი 1704 წელს ეკურთხა მოლოზნად".
შორენა მერკვილაძე