„უშგული ჩემი გულია“ - კვირის პალიტრა

„უშგული ჩემი გულია“

შხარას კალთებზე შეფენილი მისტიკური უშგულის თემი თავისი ხუთი სოფლით (ჩაჟაში, ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ლამჯურიში) 2200მ-მდე სიმაღლიდან მართლაც რომ ღმერთის და კაცის ერთობლივი ქმნილებაა. ამიტომაც იყო, უშგულის სოფელი ჩაჟაში იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში რომ მოხვდა. საოცარი ხედები, სვანური კოშკები, უძველესი ტაძრები, თამარ მეფის საზაფხულო და ზამთრის რეზიდენციები უშგულის სავიზიტო ბარათებია...

უშგულის სახელმწიფო ეთნოგრაფიული მუზეუმის მცველი ნანული ჭელიძე-რატიანი პროფესიით ფილოლოგი და პედაგოგია. ამბობს, უფალმა დამაჯილდოვა,­ რომ ჩვენს სიწმინდეებს ვდარაჯობო. როცა მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე, სვანებმა მითხრეს, ნანული უშგუ­ლის სული და გულიაო... ის პირველი იყო, ვინც მშობლიურ სოფელში ტურისტული ბიზნესი წამოიწყო, მისი სასტუმრო“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სვანეთში და ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს მასპინძლობს. ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის დახმარებით ნანული ჭელიძემ კულინარიული მასტერკლასებისთვის სპეციალური სივრცე შექმნა და სვანეთის ყოფა-ცხოვრებით დაინტერესებულ ტურისტებს `ამეცადინებს~. უშგულიდან წასულებს კი სვანურ ზღაპარში უკან დაბრუნების სურვილს უმძაფრებს.

img-20251002-wa0000-1760303557.jpg

- უშგულში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც აქ დავამთავრე. შემდეგ თბილისში პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. დამთავრებისთანავე სოფელს დავუბრუნდი და მას მერე უშგულში ვარ. ვისაც აქ საგვარეულო კოშკი აქვს, აქაურია, ასე ვამბობთ უშგულელები. ჭელიძეებს კოშკიც გვაქვს და ეკლესიაც (წმინდა ბარბარეს სახელობის). ეს არის იმის მამტკიცებელი, რომ ჭელიძეები ძირძველი სვანები ვართ. რაჭველ ჭელიძეებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ წარმოშობით უშგულელები არიან. მასწავლებლობის პარალელურად, 30 წელია უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვმუშაობ. 7 ეკლესიის საგანძური გვაქვს გამოფენილი და უფალმა დამაჯილდოვა, რომ ჩვენს სიწმინდეებს ვდარაჯობ.

სამწუხაროდ კოშკში მესამე წელია წვიმა ჩამოდის. ამის გამო წელს მუზეუმი დავკეტე, ჩამონგრევის საშიშროებაა, იატა­კიც მოძრაობს და დიდი ჯგუფი შემოსვლის შემთხვევაში, შეიძლება ჩატყდეს. ახალი მუზეუმის აშენებას გვპირდებიან და დიდი იმედი მაქვს, მუზეუმი ისეთივე იქნება, როგორიც მესტიაშია.

რამდენიმე წლის წინ უშგულში მამა იონამ ეკლესია გახსნა. ბევრი რამ წარმართულიც გვქონდა და ეკლესიურად ცხოვრება მამა იონამ გვასწავლა. ჩვენს ლამარიის ტაძარს, ალბათ, ანალოგი არა აქვს საქართველოში, ულამაზესია შხარას ფონზე წამომართული მე-10 საუკუნის ძეგლი.

უშგული ისტორიული სოფელია. ლეგენდის თანახმად, აქ თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო. უშგულისთვის დიდი მიღწევა იქნება საბაგიროს გახსნა, რითაც თამარის საზაფხულო კოშკზეც კი იქნება შესაძლებელი ასვლა. უშგულს იქიდან რომ გადმოხედავ, ზღაპარში გეგონება თავი. ჩაჟაში (უშგულის თემის ცენტრი) იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის­ ნუსხაში შეიტანა, უშგულის თემის სოფლებიდან სწორედ აქაა შემორჩენილი ყველაზე მეტი სვანური კოშკი.

სოფლის ახალგაზრდობის ინიციატივით და მთავრობის დახმარებით რამდენიმე კოშკი გადავარჩინეთ. გეგმაშია რამდენიმე სვანური მაჩუბის (სვანური სახლის პირველი სართული) აღდგენა. დღესდღეობით უშგულში 33 კოშკია, არადა, 200-მდე ყოფილა. ამ კოშკებიდან ზოგი დაინგრა, ზოგიც დაანგრია ხალხმა, როცა სახლების აშენება დაიწყო. მაგალითად, თამარ მეფის საზამთრო რეზიდენციის ადგილას 4 კოშკი კომუნისტებმა დაანგრიეს და ფერმა ააშენეს.

სვანეთში გვარს თუ ბევრი კოშკი ჰქონდა, ეს გვარის სიძლიერეზე მიანიშნებდა. უშგულში ტყუპი კოშკები (რომელთაც ანალოგი არა აქვს) რატიანებისაა. უშგული, რატიანების, ხაჭვანების, ჭელიძეების, ნიჟარაძეებისა და კაკრიაშვილების სოფელია. არის გვარები, რომლებიც აქ აღარ ცხოვრობენ, მაგრამ წარმოშობით უშგულიდან არიან, მაგალითად, დავითულიანები, ასათიანები (ასათიანებს აქ ეკლესიაც აქვთ)... უშგულში დღეს მუდმივად 75 კომლი ცხოვრობს.

მე მურყმელში ვცხოვრობ, 1987 წლის დიდთოვლობამ ჩემი ახლობლები, 7 ჭელიძე იმსხვერპლა. მაშინ ვინც გადარჩა, იმ ღამით 40 კაცი ჩვენს კოშკს აფარებდა თავს. სტიქიის შემდეგ მოსახლეობა ზოგი გარდაბანში, თეთრწყაროსა და ჭივჭავში გადაასახლეს. მაშინ ჩემმა მამამთილმა, ანზორ რატიანმა, გამოუცხადა სოფელს, ერთი კაციც რომ დარჩეს უშგულში, იმ ერთი კაცის ექიმი ვიქნებიო. დღესდღეობით უშგული რომ არსებობს, ჩემი მამამთილის დამსახურებაა. ის სამი ათეული წელი ემსახურა სოფელს. თავდაპირველად, ლენტეხის რაიონში გაუშვეს ექიმად, მერე ქუთაისში დაიბარეს, ოთხოთახიანი სახლის გასაღები მისცეს, მაგრამ უკან დააბრუნა, არ მინდა ბინა, უშგულში მინდა წასვლა, ჩემს სოფელს ექიმი არა ჰყავსო. ლენტეხიდან წამოვიდა და უშგულში ჯერ ამბულატორია გახსნა, მერე 10-საწოლიანი საავადმყოფო, სიცოცხლის ბოლომდე თავის ხალხს ემსახურა - მშობიარესაც იღებდა, სტომატოლოგიც იყო, ქირურგიც, ტრავმატოლოგიც და თერაპევტიც. ასეთი ადამიანი საუკუნეში ერთი თუ დაიბადება. სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა... ძალიან მინდა მამამთილის სახელზე საქველმოქმედო აფთიაქი გავხსნა. სოფელში თუ ვინმეს რამე გაუჭირდა, წამალი იქნება, გადასხმა, მინდა უსასყიდლოდ მივაწოდო.

მეუღლე სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა, ოთხი შვილი გვყავს, ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი. ჩემი მული, ნონა რატიანი, უშგულის სკოლის დირექტორია. სამწუხაროდ, მთის სოფლები დაიცალა, მაგრამ ეს უშგულზე, ასე თუ ისე, არ ითქმის.

ადრე თუ 3 საათი სჭირდებოდა მესტიაში ჩასვლას, მას შემდეგ, რაც გზა გაკეთდა 40 წუთში ჩავდივართ. ზამთარში 3-4 ოჯახი ვიღებთ ტურისტებს. როცა ყინვა დაიწყება, წყალს ყველა ვერ ინარჩუნებს, მილები იყინება, ტურისტს კი წყალი უნდა და კომფორტი.

მას შემდეგ, რაც სასტუმრო გავაკეთე­, სკოლას თავი დავანებე. 2020 წელს ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ დაფინანსებულ `გრეტას~ პროექტში მივიღე მონაწილეობა, კონკურსში გავიმარჯვე -9.500 ევროთი დამაფინანსეს, რითაც ინვენტარი შევიძინე და უცხოელებისთვის კულინარიულ მასტერკლასებს ვატარებ. ზოგჯერ ძროხის ჩამოსაწველადაც მიმყავს, აინტერესებთ ყველის ამოყვანა, სულგუნის გაკეთება, საზოგადოდ, სვანური ყოფა-ცხოვრება.

2 წელი ჩემს სასტუმროში კანადელი ტონი ჰანმერი უსასყიდლოდ ცხოვრობდა. სამაგიეროდ სკოლაში ბავშვებს ინგლისურს უსასყიდლოდ ასწავლიდა. მერე ტონიმ ეცერში სახლი იყიდა და სასტუმრო გახსნა. კანადელ კაცს ქართველი ცოლი ჰყავს და თან პედაგოგობს. რატიანი ვარო და თავის გვარ-სახელს ასეც წერს - ტონი ჰანმერ-რატიანი.

უშგულში ელექტროგაყვანილობის ახალი ბოძები დადგეს და იმედი მაქვს, ზამთარში უშუქობა არ შეგვაწუხებს. ახლა ყველაზე ძალიან კოშკების გადახურვა გვეჩქარება, რადგან მალე დაზამთრდება. გვაქვს სიახლეც - კალა-უშგულის მონაკვეთზე გვირაბი კეთდება, რაც დიდი შვება იქნება სოფლისთვის. მამამთილმა დამიბარა, უშგული არ მიატოვო, ნახე, რა ცხოვრება მოვა უშგულშიო... არც მიმიტოვებია და არც ვაპირებ, უშგული ხომ ჩემი გულია.